in

ლითონის მომთვინიერებელი – ინტერვიუ მარიამ კარბაიასთან, რომელიც იდეას ფორმად აქცევს

ინდუსტრიული ეპოქის შემდეგ, როცა წარმოება მასშტაბურ პროცესად გადაიქცა და ნივთები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, დიზაინმა ერთგვარი პარადოქსი განიცადა — რაც უფრო გამარტივდა შექმნის პროცესი, მით მეტად დაკარგა ობიექტმა ინდივიდუალური ხასიათი. სწორედ ამ ფონზე გაჩნდა ახალი მოთხოვნა: ნივთები, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციას ასრულებს, არამედ საკუთარ ისტორიასაც ატარებს. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით აშკარაა თანამედროვე ინტერიერში, სადაც სივრცე აღარ არის მხოლოდ ვიზუალური კომპოზიცია — ის ადამიანის გამოცდილების გაგრძელებად იქცევა.

ამ კონტექსტში ხელნაკეთი ობიექტები და მასალასთან უშუალო მუშაობა ახალ მნიშვნელობას იძენს. ისინი გვახსენებს პროცესს, შრომას და გადაწყვეტილებებს, რომლებიც თითოეულ დეტალშია ჩადებული. როდესაც დიზაინერი თავად ეხება მასალას, მუშაობს მასთან და ფორმას საკუთარი ხელით აძლევს, საბოლოო შედეგიც უფრო გულწრფელი და პერსონალური ხდება. სწორედ აქ იკვეთება ის მნიშვნელოვანი გარდატეხა, რომელიც თანამედროვე დიზაინში ხდება — ტექნოლოგიასა და ხელოსნობას შორის ბალანსის ძიება, სადაც ერთის გარეშე მეორე სრულყოფილი აღარ არის.

გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ძვირფასია სწორედ ის ნიმუშები, რომელთაც ადამიანის ხელი ამჩნევია. ასეთი ობიექტები – ჭურჭლიდან ავეჯამდე – ნებისმიერ მასშტაბში იტევს ისტორიას, გამბედაობასა და, რაც მთავარია, ხელწერას. სწორედ ხელსაქმისა და ხელოვნების ურთიერთობის გადააზრებას ცდილობს მარიამ კარბაია, სერტიფიცირებული შემდუღებელი და KARBA Factory-ის დამფუძნებელი. მას შემდეგ, რაც მან ლითონის შედუღება შეისწავლა, ეს საქმიანობა მისთვის თვითგამოხატვის საშუალებად იქცა და დიზაინის შექმნის უსასრულო თავისუფლება მიანიჭა.

ინტერვიუში მარიამი გვიამბობს საკუთარ გამოცდილებასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ამ პროფესიამ დაანახა – როგორ იქცა ერთი შეხედვით მკაცრი და ტექნიკური საქმიანობა შემოქმედებით ენად, რა როლს თამაშობს მასალასთან უშუალო დიალოგი იდეის ფორმირებაში და როგორ იბადება ნამუშევარი, რომელიც ერთდროულად ფუნქციურიც არის და ემოციურად დატვირთულიც. ეს არის ისტორია მუდმივ ძიებაზე, განვითარებასა და იმ ინდივიდუალურობაზე, რომელსაც ერთი ადამიანის უნიკალური ისტორია ქმნის.

მარიამ, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როგორ დაინტერესდით დიზაინით და როდის გადაწყვიტეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა ამ სფეროში?

ბავშვობიდან აქტიური და ცნობისმოყვარე ვიყავი. არასდროს მიზიდავდა რუტინული საქმიანობა. ყოველთვის ვცდილობდი, შემოქმედებით სფეროში მეპოვა საკუთარი თავი. განსაკუთრებულად მიყვარს ქაოსი და მისი ორგანიზებულ ფორმაში გადაყვანა, რაღაცის შექმნა და გარდაქმნა.

რაც თავი მახსოვს, დიზაინის მიმართულებით ხშირად ვეხმარებოდი მამას მუშაობის პროცესში – ის მეკითხებოდა, როგორ შეგვეძლო კონკრეტული დიზაინის განსხვავებულად გაკეთება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

პანდემიის პერიოდში კი განსაკუთრებულად გამიღრმავდა ინტერესი შედუღების პროფესიის მიმართ, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს პროფესიულ გზაზე და საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი მიმართულება.

ლითონის შემდუღებელი მკაცრად ტექნიკური პროფესიაა, რომელიც მეტწილად ფიზიკურ შრომას მოითხოვს. როგორ იქცა ეს საქმიანობა თქვენთვის თვითგამოხატვისა და შემოქმედების საშუალებად?

ნამდვილად რთული და ფიზიკურად დატვირთული პროფესიაა, თუმცა სწორედ ამ სირთულემ და შექმნის პროცესისადმი ინტერესმა გამიჩინა სურვილი, კიდევ უფრო მეტად დავუფლებოდი ამ საქმეს და პროფესიულად განვვითარებულიყავი.

ჩემთვის შედუღება მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის – ეს არის საშუალება, სხვადასხვა ლითონის მასალასთან და აპარატთან მუშაობით, იდეები რეალურ ფორმად ვაქციო. ეს მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი თავი გამოვხატო და თითოეულ ნამუშევარში საკუთარი ხედვა ჩავდო.

სწორედ ეს შემოქმედებითი მხარე გახდა მიზეზი, რის გამოც ეს პროფესია ჩემთვის თვითგამოხატვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად იქცა და ვფიქრობ, ამ პროცესის შედეგს ძალიან მალე ფართო საზოგადოებაც იხილავს.

როგორც სერტიფიცირებული შემდუღებელი ქალი საქართველოში, რა გამოწვევებს შეხვდით საქმიანობის დასაწყისში და როგორ აისახა ეს თქვენს პროფესიულ განვითარებაზე?

საქმიანობის დასაწყისში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულება. ბევრს უკვირდა და ხშირად არც სჯეროდათ, რომ ნამდვილად ამ სფეროში ვმუშაობდი.

თუმცა, უშუალოდ სამუშაო პროცესში ჩართულობისას მათი დამოკიდებულება სწრაფად იცვლებოდა. ხედავდნენ ჩემს ინტერესს, შრომას და სერიოზულ მიდგომას, რის შედეგადაც ხშირად მაძლევდნენ რჩევებს და საკუთარ გამოცდილებას მიზიარებდნენ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პროფესიული ზრდის პროცესში. დღეს უკვე სასიამოვნოა, რომ თავადაც მეკითხებიან აზრს.

აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო მამაჩემის მხარდაჭერა – მისი გვერდში დგომისა და გულშემატკივრობის გარეშე, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ასე ვერ განვითარდებოდა.

რა იყო თქვენთვის პირველი დიდი წარმატება ამ სფეროში და როგორ შეცვალა ამ მოვლენამ თქვენი კარიერა?

ყველა ჩემი პროექტი, დიდი თუ პატარა, ჩემთვის განსაკუთრებულია. თითოეულმა მათგანმა მნიშვნელოვანი გამოცდილება და განვითარების შესაძლებლობა მომცა, ამიტომ ერთ კონკრეტულს ვერ გამოვყოფ.

მიუხედავად ამისა, მქონია პროექტები, რომლებშიც სირთულეებსა და გამოწვევებს გადავაწყდი, რაც გარკვეულ ეტაპზე ხარისხზეც აისახა და შედეგი იმ დონეზე ვერ მივიღე, როგორც მინდოდა. თუმცა, სწორედ ასეთმა გამოცდილებამ მაიძულა, საკუთარ თავში მეტი ძალა და გამძლეობა მეპოვა, შემეცვალა მიდგომები და საბოლოოდ მიმეღწია იმ ხარისხისთვის, რაც ჩემთვის მისაღებია.

ვფიქრობ, სწორედ ამ სირთულეებმა ითამაშა დიდი როლი ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ამან მასწავლა, რომ არ გავჩერდე, მუდმივად ვეძებო ახალი გზები, ვისწავლო და გავიზარდო. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა.

გაგვიზიარეთ მეტი თქვენი შემოქმედებითი პროცესის შესახებ – რა სპეციფიკით გამოირჩევა უშუალოდ ლითონის მასალასთან ურთიერთობა და რა არის თქვენთვის ამ პროცესში ყველაზე მეტად მიმზიდველი?

ლითონთან მუშაობა ჩემთვის ერთდროულად დისციპლინაც არის და თავისუფლებაც. ეს მასალა მკაცრ წესებს ითხოვს – სიზუსტეს, ტექნიკურ ცოდნასა და ყურადღებას, თუმცა, ამავე დროს, გაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობას, მისცე ფორმა იდეებს და შექმნა რაღაც სრულიად უნიკალური.

ჩემი შემოქმედებითი პროცესი იწყება იდეით, რომელიც ხშირად კონკრეტული სივრციდან, საჭიროებიდან ან უბრალოდ შთაგონებიდან მოდის. შემდეგ მოდის დაგეგმვის ეტაპი – ფორმების გააზრება, დეტალების გათვლა და ტექნიკური მხარის სრულყოფა. თუმცა ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის, რომ ლითონი ერთდროულად მკაცრიც არის და დამყოლიც. თუ სწორად მიუდგები, შეგიძლია სრულიად განსხვავებული ხასიათი მისცე. ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი სწორედ ეს ტრანსფორმაციის პროცესია – როცა ცივი, უხეში მასალა იქცევა რაღაც ესთეტიკურ და ფუნქციურ ობიექტად, რომელსაც თავისი ისტორია და ხასიათი აქვს.

თქვენი გამოცდილებით, როგორ განსაზღვრავს პროდუქტის მასალა საბოლოო ობიექტის ფუნქციასა და ესთეტიკას? როგორ არის შესაძლებელი ამ ორ ფაქტორს შორის ბალანსის დაჭერა?

პროდუქტის მასალა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს როგორც მის ფუნქციას, ასევე ესთეტიკას. ლითონი, მაგალითად, თავისთავად ასოცირდება სიმტკიცესთან, გამძლეობასთან და სტრუქტურულ სიზუსტესთან, თუმცა სწორად დამუშავების შემთხვევაში, შეუძლია იყოს ძალიან დახვეწილი და ვიზუალურად მსუბუქიც.

ჩემთვის მასალასთან მუშაობა იწყება მისი შესაძლებლობებისა და „ხასიათის“ გააზრებით – რა შეუძლია მას ტექნიკურად და რას გვაძლევს ვიზუალურად. სწორედ აქედან მოდის გადაწყვეტილებები ფორმაზე, ტექსტურასა და დეტალებზე. ფუნქციასა და ესთეტიკას შორის ბალანსის დაჭერა ჩემთვის ნიშნავს, რომ დიზაინი არ უნდა იყოს მხოლოდ ლამაზი ან მხოლოდ პრაქტიკული, ის უნდა აერთიანებდეს ორივეს. თითოეული დეტალი უნდა ემსახურებოდეს როგორც გამოყენების კომფორტს, ისე ვიზუალურ მთლიანობას. ამ ბალანსის მისაღწევად მნიშვნელოვანია გამოცდილება, ექსპერიმენტი და მასალისადმი პატივისცემა – როცა ზუსტად იცი, სად უნდა „შეაკავო“ ფორმა და სად მისცე თავისუფლება. სწორედ ამ პროცესში იქმნება ნამუშევარი, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ემოციურ კავშირსაც ქმნის ადამიანთან.

როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა თქვენს პროფესიაში ზღვარი ხელოსნობასა და ხელოვნებას შორის?

ვფიქრობ, ხელოსნობასა და ხელოვნებას შორის მკაცრი ზღვარი რეალურად არ არსებობს, ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ხელოსნობა არის საფუძველი – ცოდნა, ტექნიკა, სიზუსტე და გამოცდილება, რომლის გარეშე ვერ შეიქმნება ხარისხიანი ნამუშევარი. ხოლო ხელოვნება იწყება იქ, სადაც ამ ტექნიკას ემატება ინდივიდუალური ხედვა, ემოცია და იდეა. ჩემთვის ეს ორი ერთმანეთის გაგრძელებაა. როცა კარგად ფლობ ხელობას, გეძლევა თავისუფლება, რომ ის გადააქციო თვითგამოხატვის ფორმად. სწორედ ამ დროს ტექნიკური პროცესი გადადის შემოქმედებითში და ნამუშევარიც მხოლოდ ფუნქციური ობიექტი აღარ არის, მას უკვე აქვს ხასიათი და საკუთარი ისტორია. ამიტომ ვფიქრობ, ზღვარი პირობითია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეგიძლია ტექნიკა გადააქციო იდეად და იდეა ფორმად.

როგორ ხედავთ თქვენს მომავალსა და ამ სფეროს განვითარებას საქართველოში – თქვენი აზრით, რა პოტენციალი აქვს ხელსაქმისა და დიზაინის გადაკვეთის ამ მიმართულებას?

ჩემს მომავალს ვხედავ მუდმივ განვითარებაში როგორც ტექნიკური, ისე შემოქმედებითი მიმართულებით. მინდა, კიდევ უფრო გავაფართოვო ჩემი შესაძლებლობები, ვიმუშავო უფრო მასშტაბურ და საინტერესო პროექტებზე და შევქმნა ნამუშევრები, რომლებიც არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ გამორჩეული დიზაინის მატარებელიც იქნება.

რაც შეეხება ამ სფეროს განვითარებას საქართველოში, ვფიქრობ, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ბოლო წლებში აშკარად გაიზარდა ინტერესი ხელნაკეთი, ხარისხიანი და ინდივიდუალურ დიზაინზე დაფუძნებული პროდუქტის მიმართ. ადამიანები უფრო მეტად აფასებენ უნიკალურობას და ისტორიას, რაც თითოეულ ნამუშევარს ახლავს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო ამ ცვლილების ნაწილი, შევიტანო ჩემი წვლილი ამ სფეროს განვითარებაში და შევქმნა პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზეც და მის ფარგლებს გარეთაც ღირსეულად იქნება წარმოდგენილი. 

წითელი, თეთრი და მწვანე – ბინა ვაკეში 3 ფერის კონცეფციით

რა ელის ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობას ფოთში? – “სითი სტუდია 9” ქალაქის ახალ გენერალურ გეგმაზე მუშაობს