in

მრავალფეროვნება, როგორც არქიტექტურული მეთოდი – ინტერვიუ dotarchitects-ის დამფუძნებლებთან

არქიტექტურული სტუდია, რომელიც სამი განსხვავებული პერსპექტივის მქონე პროფესიონალისგან შედგება, ბუნებრივად იქცევა იდეების ცოცხალ პლატფორმად, სადაც თითოეული წევრის ინდივიდუალური ხედვა საერთო შედეგის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ანის, ლილისა და მარიამის შემთხვევაში, ეს მრავალფეროვნება მხოლოდ სტილისტურ განსხვავებებში არ გამოიხატება – ის მოიცავს აზროვნების, აღქმისა და პრობლემების გადაჭრის სრულიად განსხვავებულ გზებს, რაც თითოეულ პროექტს უფრო სიღრმისეულსა და მრავალშრიანს ხდის.

ინტერვიუში, არქიტექტურული სტუდიის, dotarchitects-ის დამფუძნებლები – ანი ეძგვერაძე, ლილი ჯოხაძე და მარიამ გონგლაძე – გვიამბობენ სამუშაო პროცესის, საკუთარი ღირებულებებისა და ხედვის შესახებ. მათი თანამშრომლობა მუდმივი დიალოგის, დისკუსიისა და იდეების გაცვლის პროცესზეა აგებული. ერთი და იმავე ამოცანის მიმართ განსხვავებულ ხედვებს ხშირად ახალ, მოულოდნელ გადაწყვეტებამდე მიჰყავს გუნდი. სწორედ ამ პროცესში იკვეთება ის ბალანსი, რომელშიც ინდივიდუალიზმი არ იკარგება და გარდაიქმნება საერთო არქიტექტურულ ენად.

მათი მიდგომა ეფუძნება კონტექსტის სიღრმისეულ გააზრებასა და სივრცისადმი ემპათიურ დამოკიდებულებას. თითოეული პროექტი მათთვის უნიკალური ამოცანაა, რომელიც ითხოვს არა მხოლოდ ესთეტიკურ გადაწყვეტას, არამედ ფუნქციურ, სოციალურ და გარემოსთან ჰარმონიულ თანხვედრას. სწორედ ამ გააზრებული პროცესის შესახებ გვიამბობენ დღეს ჩვენი რესპონდენტები. 

ანი, ლილი და მარიამ, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როდის და როგორ დაინტერესდით არქიტექტურით?

ანი: ესთეტიკა ბავშვობიდანვე ჩემი უდიდესი ინტერესისა და გატაცების საგანი იყო. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი პროფესიული არჩევანი აუცილებლად დაუკავშირდებოდა კრეატიულ სფეროს – ისეთ გარემოს, სადაც საკუთარი ხედვისა და ფანტაზიის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა მექნებოდა.

არქიტექტურა და დიზაინი სწორედ ის სივრცეა, რომელიც მაძლევს საშუალებას, ჩემი შინაგანი, წარმოსახვითი სამყარო გარეთ, ხელშესახებ და დიდ მასშტაბებში გადმოვიტანო. ჩემთვის ეს შემოქმედებითი პროცესი ერთგვარი თერაპია და დოფამინის უდიდესი წყაროა.

ლილი: ყოველთვის მიზიდავდა, როგორც შემოქმედებითი, ისე ტექნიკური სფეროები და მიზიდავდა ამოცანების გადაწყვეტის პროცესი. განსაკუთრებით მაინტერესებდა, როგორ თავსდება სხვადასხვა ელემენტი საერთო სისტემაში. სწორედ ამ ტიპის აზროვნებას მოითხოვს არქიტექტურა. თითოეული პროექტი ერთგვარი ფაზლია, სადაც სივრცის, ფუნქციის, ემოციებისა და კონტექსტის სწორად დაკავშირება განსაზღვრავს შედეგს. ყველაზე მეტად მიზიდავს პროექტის იდეის ეტაპიდან სრულყოფილ ფორმამდე განვითარება.

ამასთან, ქართულ რეალობაში ვხედავდი, როგორ იცვლებოდა ისტორიული გარემო სწრაფი ურბანიზაციის პირობებში, რამაც დამატებით გამიჩინა ინტერესი არქიტექტურის მიმართ, როგორც დისციპლინის, რომელიც სივრცესთან ერთად კულტურულ და სოციალურ კონტექსტსაც აყალიბებს.

მარიამი: ბავშვობაში ხატვითა და მაკეტების აწყობით ვიყავი გატაცებული, ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს მომავალ საქმიანობას დიზაინისა და, ზოგადად, შემოქმედებით სფეროს დავუკავშირებდი. არქიტექტურით მოგვიანებით დავინტერესდი, როცა დავინახე, რომ ეს პროფესია ერთდროულად აერთიანებდა როგორც ტექნიკურ და ლოგიკურ, ისე კრეატიულ მხარეს.

ალბათ სწორედ ეს მრავალფეროვნება აღმოჩნდა ჩემთვის ყველაზე საინტერესო. ყოველთვის მიჭირდა საკუთარი თავის მხოლოდ ერთ მიმართულებაში მოქცევა, ხოლო არქიტექტურა, თავისი მულტიდისციპლინური ბუნებით, მაძლევდა შესაძლებლობას, სხვადასხვა ინტერესები ერთ სივრცეში გამეერთიანებინა.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი თბილისში

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილების შესახებ სტუდიის დაფუძნებამდე – რამ ჩამოაყალიბა თქვენი არქიტექტურული ხედვა?

ანი: ჩემი არქიტექტურული ხედვა, პირველ რიგში, გარემოზე მუდმივი დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბდა. ყოველდღიური სივრცეებიც კი ჩემთვის მუდმივად სხვადასხვა ფერისა და განწყობის მატარებელია. მიყვარს ახალი დეტალების აღმოჩენა და იმაზე დაკვირვება, თუ რამხელა გავლენას ახდენს განათება და კონტექსტი თითოეულ ობიექტზე.

უშუალოდ არქიტექტურასთან პირველი პროფესიული შეხება უნივერსიტეტში მქონდა, სადაც აუცილებელი ტექნიკური უნარები ავითვისე. თუმცა, ჩემს ხედვაზე უდიდესი გავლენა იქონია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიისა და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობამ. ამას დაემატა თბილისსა და ბერლინში დაგროვებული სამუშაო გამოცდილება, რამაც საშუალება მომცა, კარგად გავცნობოდი წამყვანი ოფისების „შიდა სამზარეულოს“. იქ არაერთ განსხვავებულ პროექტზე მომიწია მუშაობა, რამაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო გააფართოვა ჩემი პროფესიული პერსპექტივა და დამეხმარა საკუთარი სტილის ფორმირებაში.

ლილი: ჩემი პროფესიული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება აკადემიურ გარემოში დაიწყო. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში თეორიულ განათლებასთან ერთად, ადრეული ეტაპიდანვე ჩავერთე პრაქტიკულ საქმიანობაში და კარიერა საქართველოს წამყვან არქიტექტურულ სტუდიებში სტაჟირებით დავიწყე. წლების განმავლობაში მომეცა შესაძლებლობა, ეტაპობრივად განმევითარებინა როგორც ესთეტიკური ხედვა, ისე ტექნიკური ცოდნა და მემუშავა მრავალფეროვან პროექტებზე.

არქიტექტურულ კონკურსებში მონაწილეობა ამ გამოცდილებას კიდევ ერთ განზომილებას მატებს, შეზღუდულ დროში კომპლექსური ამოცანების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტა ჩემთვის პროფესიული ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

დროთა განმავლობაში გამიჩნდა სურვილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ამეღო და საკუთარი ხედვით შემექმნა პროექტები. სწორედ ამან განაპირობა ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ სტუდიის დაფუძნება. დღეს კი ვცდილობთ, კოლაბორაციული პრაქტიკით შევქმნათ გარემო, რომელიც კონტექსტზეა მორგებული, ფუნქციურად გამართული და ხანგრძლივად მდგრადია.

მარიამი: სტუდიის დაფუძნებამდე მრავალფეროვანმა პროფესიულმა გამოცდილებამ ჩემს არქიტექტურულ ხედვაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილებასთან ერთად, არქიტექტურა სრულიად განსხვავებულ ჭრილში დამანახა, როგორც ცალკეული ობიექტის, ისე ქალაქისა და ურბანული სივრცის დონეზე.

დღეს განსაკუთრებით ურბანული დიზაინით ვარ დაინტერესებული და სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელე სწავლა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამაზე.

პარალელურად, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ვორქშოფებსა და კონკურსებში მონაწილეობა. ამ პროცესმა საშუალება მომცა, ახლოდან გავცნობოდი განსხვავებულ კულტურულ თუ არქიტექტურულ მიდგომებს და ნათლად დამენახა, რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის კავშირი კონტექსტსა და ადამიანების ყოველდღიურობასთან.

რაც შეეხება უშუალოდ პროფესიულ პრაქტიკას, საქართველოს წამყვან არქიტექტურულ კომპანიებში მუშაობამ იდეასა და რეალობას შორის ბალანსის დაცვა მასწავლა. ამ გამოცდილებამ მომცა როგორც ძლიერი ტექნიკური საფუძველი, ისე სხვადასხვა კონცეფციასა და მასშტაბის პროექტზე მუშაობის შესაძლებლობა. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიჩინა მოტივაცია, დამეწყო დამოუკიდებელი პრაქტიკა და კოლეგებთან ერთად არქიტექტურული სტუდია ჩამომეყალიბებინა. ეს კი, დიდ გამოწვევასთან ერთად, საინტერესო პროცესია და პროფესიულად მავითარებს.

მოგვიყევით, როგორ შეიქმნა სტუდია dotarchitects? კარიერის რა ეტაპზე გადაიკვეთა თქვენი გზები და რატომ გადაწყვიტეთ ერთ სამუშაო სივრცეში გაერთიანება?

ერთმანეთი სამუშაო გარემოში გავიცანით, სადაც ერთად გვიწევდა ყოველდღიურად სხვადასხვა პროექტზე მუშაობა. ძალიან მალე თანამშრომლობა ახლო მეგობრობაში გადაიზარდა. ჩვენი სტუდია კი ძალიან ბუნებრივად შეიქმნა: პირველი ეტაპი საერთაშორისო კონკურსში ერთად მონაწილეობა იყო. ამ პროცესში გავიაზრეთ, რომ ერთობლივი ძალებით საინტერესო შედეგების მიღწევა შეგვეძლო და ეს კონკურსის შედეგმაც დაგვიდასტურა. მალევე პირველი დამკვეთიც გამოჩნდა, რამაც საბოლოოდ, გვიბიძგა ჩვენი სტუდიის ჩამოყალიბებისაკენ.

რა ძირითად იდეებსა და პრინციპებს ეფუძნება თქვენი პროექტები და სამუშაო პროცესი?

ჩვენი სამუშაო პროცესი ინდივიდუალიზმსა და ავთენტურობას ეფუძნება. თითოეული პროექტის შექმნაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს გარემო,  თუ სად აშენდება კონკრეტული ობიექტი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოტივია, რომ შენობა გარემოს სიმბიოზურად შეერწყას და, ამავდროულად, ინდივიდუალიზმიც შეინარჩუნოს.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ნატახტარში

რა როლს თამაშობს თითოეული თქვენგანის ინდივიდუალური ხელწერა გუნდში? როგორ ახერხებთ საერთო სტილის მოძებნას და, ამავდროულად, საკუთარი ხედვის წარმოჩენას?

თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული ხედვა და პერსპექტივა შემოაქვს, სწორედ ამის სინთეზი აყალიბებს ჩვენს სამუშაო პროცესსა და შედეგს. სამივე განსხვავებული ადამიანები ვართ და ხშირად ერთსა და იმავე სივრცესა თუ ამოცანას სხვადასხვა კუთხით ვუყურებთ. საერთო სტილის ძიება ჩვენთვის არ ნიშნავს ინდივიდუალიზმის დაკარგვას ან ისეთ კომპრომისს, სადაც ვინმე საკუთარ ხედვას თმობს. პირიქით, ეს არის უწყვეტი დისკუსიის, იდეების გაცვლისა და ჯანსაღი კრიტიკის პროცესი.

dotarchitects ბერლინსა და თბილისში დაფუძნებული სტუდიაა. თქვენი  გამოცდილებით, რა ძირითადი განსხვავებებია საქართველოსა და საერთაშორისო არქიტექტურულ სამუშაო სივრცეს შორის?

ბერლინსა და თბილისში პარალელურად მუშაობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა, რადგან გვიწევს ორ სრულიად განსხვავებულ ეკოსისტემაში ნავიგაცია. ჩვენი დაკვირვებით, ძირითადი განსხვავებები რამდენიმე ასპექტში ვლინდება:

ევროპულ ბაზარზე, კონკრეტულად კი გერმანიაში, სამუშაო პროცესი უკიდურესად სტრუქტურირებულია. დიდია რეგულაციების, სტანდარტებისა (განსაკუთრებით მდგრადი განვითარებისა და ენერგოეფექტურობის კუთხით) და ბიუროკრატიის როლი. ყოველი ნაბიჯი წინასწარ, დეტალურადაა გათვლილი. საქართველოს ბაზარი კი ბევრად უფრო დინამიკური და ცვალებადია, რაც ხშირად მოითხოვს პროცესების მსვლელობისას სწრაფ ადაპტაციასა და მოქნილობას.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი

თქვენი შესრულებული პროექტებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? რით არის ის განსაკუთრებული?

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ჩვენი პირველი ინდივიდუალური სახლის პროექტია. ეს ჩვენთვის გარდამტეხი ეტაპი იყო, რადგან სწორედ აქ მოგვეცა საშუალება, ჩვენი თეორიული ხედვები და არქიტექტურული პრინციპები პირველად გვექცია ფიზიკურ, ხელშესახებ რეალობად.

ინდივიდუალურ საცხოვრებელზე მუშაობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და ემპათიას მოითხოვს, რადგან იქმნება არა უბრალოდ შენობა, არამედ კონკრეტული ადამიანების ყოველდღიური გარემო, მათი პირადი სივრცე, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გაატარონ. ეს პროექტი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მისი მიმდინარეობისას პრაქტიკაში გამოვცადეთ ჩვენი გუნდური დინამიკა – ვისწავლეთ, როგორ ვუსმინოთ დამკვეთს, როგორ წავიკითხოთ ადგილმდებარეობის კონტექსტი და როგორ ვიპოვოთ იდეალური ბალანსი ესთეტიკასა და ფუნქციურობას შორის.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი თელავში

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც პროექტირებისას აწყდებით და როგორ უმკლავდებით ამ სირთულეს?

პროექტირების პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საწყისი იდეისა და კონცეფციის შენარჩუნებაა, როდესაც პროექტი ესკიზიდან რეალიზაციის ფაზაში გადადის. ამ დროს თავს იჩენს უამრავი პრაქტიკული, ტექნიკური თუ სივრცითი ბარიერი. ხშირად რთულია სხვადასხვა საინჟინრო თუ კონსტრუქციული მოთხოვნების ისე ინტეგრირება, რომ არ დაიკარგოს ის მთავარი არქიტექტურული ღირებულება და ემოცია, რაც თავდაპირველად ჩავიფიქრეთ. ვცდილობთ, რომ წარმოქმნილი ტექნიკური დაბრკოლებები არა შეზღუდვად, არამედ ახალ შესაძლებლობად აღვიქვათ, რომელიც ხშირად ბევრად უფრო საინტერესო და ინოვაციური გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს.

ვილა საგურამოში

არქიტექტურა ხშირად ექცევა ბიუჯეტის, დამკვეთისა და რეგულაციების ჩარჩოებში. თქვენი აზრით, სად არის ბალანსი თვითგამოხატვასა და ამ შეზღუდვებს შორის?

ჩვენი აზრით, არქიტექტურა სწორედ შეზღუდვებთან მუშაობაა და არა მათგან გაქცევა. ბიუჯეტი, დამკვეთის სურვილები და სტრუქტურული რეგულაციები ქმნის იმ რეალურ ჩარჩოს, რომელშიც პროექტმა უნდა იარსებოს. თუ ამ ჩარჩოებს სწორად გავიაზრებთ, ისინი ხელისშემშლელი ფაქტორიდან შთაგონების წყაროდ იქცევა.

ბალანსის მიღწევა კი შესაძლებელია დიალოგით  დამკვეთთან და იმის დასაბუთებით, თუ რატომ არის ესა თუ ის არქიტექტურული გადაწყვეტილება საუკეთესო არა მხოლოდ ესთეტიკურად, არამედ პრაქტიკულადაც.

ვილა თბილისში

წარმოიდგინეთ, რომ ერთი პროექტით უნდა გამოხატოთ, თუ რას ნიშნავს თქვენთვის არქიტექტურა — არა როგორც პროფესია, არამედ როგორც პოზიცია სამყაროს მიმართ — როგორი იქნებოდა ის და რას ეტყოდით ამ პროექტით მომავალ თაობას?

ეს იქნებოდა აბსოლუტურად ღია, ადაპტირებადი და „ცოცხალი“ სივრცე, ნაგებობა, რომელშიც ბუნება და ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურა ერთმანეთს ისე ერწყმის, რომ ზღვარი მათ შორის, ფაქტობრივად, ქრება. პროექტი არ იქნებოდა სტატიკური; ის დაიტოვებდა თავისუფალ სივრცეს დროთა განმავლობაში ტრანსფორმაციისთვის, რათა ადამიანებმა საკუთარ საჭიროებებზე მორგება შეძლონ.

მომავალ თაობას, რომლის ნაწილადაც საკუთარ თავსაც ვთვლით, ვურჩევდით, იყვნენ გამოწვევებისთვის ღია და მიიღონ თამამი გადაწყვეტილებები, თუმცა მუდამ იმოქმედონ ემპათიითა და გარემოს წინაშე მაღალი პასუხისმგებლობით.

კეტე კოლვიცის ნამუშევრები თბილისში პირველად გამოიფინება

ანტიკვარული ნივთები ინტერიერში – რა უნდა გავითვალისწინოთ