თბილისში, 2026 წლის 16 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე საგამოფენო სივრცეში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით „უძლურნი ჯაგერნაუტის ბურუსში”, რომელიც გერმანელი მხატვრის, კეტე კოლვიცის (1867-1945) ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენა ასევე მოიცავს პედაგოგიურ კვლევას და სტუდიურ პრაქტიკას. ეს არის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა ქართული რეალობისთვის, რადგან კოლვიცის გრაფიკული ნამუშევრები თბილისში პირველად გამოიფინება და ადგილობრივ აუდიტორიას მის შემოქმედებასთან გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ხუთი გრაფიკული ნამუშევარი 1899-1910 წლებშია შექმნილი — ეპოქაში, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ მოახლოებული ისტორიული კატასტროფების მოლოდინში ცხოვრობდა. ეს ნამუშევრები არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური გამოცდილებით: ისინი ერთდროულად ატარებს ესთეტიკურ, პედაგოგიურ და კრიტიკულ ფუნქციებს, რაც მათ განსაკუთრებით აქტუალურ კონტექსტში აყენებს თანამედროვე მაყურებლისთვის.
კეტე კოლვიცის შემოქმედება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თავისი სოციალური შინაარსით. მხატვარმა ცხოვრება მიუძღვნა იმ ადამიანების შესახებ ხელოვნების შექმნას, რომელთა ტანჯვაც ხშირად უხილავი რჩებოდა ძალაუფლების მქონეთათვის. ბერლინის მუშათა კლასის ყოველდღიურობასთან უშუალო კავშირმა მისი ვიზუალური ენა გაამდიდრა და მის ნამუშევრებს სიმძაფრე და ემოციური სიღრმე შესძინა. კოლვიცისთვის სილამაზე არასოდეს ყოფილა მხოლოდ ესთეტიკური კატეგორია — ის იყო სიმართლის, ღირსებისა და ტკივილის გამოხატვის ფორმა.
ექსპოზიცია ე.წ. „საგანმანათლებლო კოლექციის“ ნაწილია, რომელიც არა მუზეუმის სტატიკური არქივისთვის, არამედ ცოცხალი დიალოგისთვის არის შექმნილი. კოლექცია უკვე სამი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა ამერიკაში და ახლა თბილისში აგრძელებს თავის გზას — როგორც სივრცე დაკვირვებისთვის, ინტერპრეტაციისთვის და აზრის ფორმირებისთვის.
გამოფენის კურატორია ერნესტ ა. ბრაიანტ IIII — ინტერდისციპლინარული მხატვარი და პედაგოგი, რომლის პრაქტიკა აერთიანებს სახელოსნოს, საგანმანათლებლო და საგამოფენო სივრცეებს. მისი კურატორული მიდგომა ეფუძნება იდეას, რომ ხელოვნების ნამუშევარი შეიძლება იქცეს ტექსტად, რომელიც ახალი აზროვნებისა და დისკუსიის საფუძველს ქმნის.
პროექტი ხორციელდება პლატფორმა Criticism + Value-სა და TIMM Architecture-ის თანამშრომლობით.
CRITICISM + VALUE (C+V)-ის შესახებ:
C+V ერნესტ ა. ბრაიანტ III-მ 2020 წელს დაიწყო, როგორც დისკუსიების სერია, რომელიც ერთ ძირითად საკითხს იკვლევდა: რას იტყოდა ხელოვნების ნამუშევარი, ლაპარაკი რომ შეეძლოს? C+V დროთა განმავლობაში საუბრების სერიიდან ექსპერიმენტულ, პერფორმატიულ ლექცია-ინტერვიუების პრაქტიკად გადაიქცა. დისკუსიებში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოსახულებები და ხმის მეფინგი თანადროულ ხელოვანებასა და წარსული ეპოქის ნამუშევრებს შორის დიალოგის შესაძლებლლბას ქმნის, რომელიც სხვა შემთხვევაში ვერ შედგებოდა.
კრიტიკული კვლევის და ექსპერიმენტული თამაშის ეს მიდგომა აცოცხლებს ფიზიკურ სივრცეს. CRITICISM + VALUE, ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და თანამედროვე ხელოვნების სივრცე, რომელიც თბილისში, კოტე აფხაზის 18/2-ში მდებარეობს, ისეთ გამოფენებს, პერფორმანსებსა და საკურატორო პროექტებს დაეთმობა, რომლებიც გალერეას როგორც სახელოსნოსა და სასწავლო სივრცის გაგრძელებას განიხილავენ. სივრცე თანამედროვე ხელოვნების, არქიტექტურის, პედაგოგიკისა და კრიტიკული აზროვნების გადაკვეთაზე ფუნქციონირებს და განთავსებულია TIMM ARCHITECTURE-ის შეხვედრების ოთახში. ეს არის გამოფენების, ხელოვნებისა და არქიტექტურის ურთიერთობის შესახებ დისკუსიების ადგილი, რომელიც აერთიანებს ობიექტებს, იდეებსა და დამსწრე საზოგადოებას ისეთ კონფიგურაციაში, რომელიც იშვიათად გვხვდება ტრადიციულ საგამოფენო სივრცეებში.
————————————————————————————————————————————-
თანმდევი ღონისძიებები:
23 მაისი, 2026 18:30 > ფეიქრები (1927), რეჟ. ფრედერიკ ზელნიკი
30 მაისი, 2026 18:30 > მეტროპოლისი (1927), რეჟ. ფრიც ლანგი
6 ივნისი, 2026 18:30 > ლექცია და საუბარი მხატვარ ვეინი ჰოჯთან
13 ივნისი, 2026 18:30 > ლექცია და საუბარი კურატორ ერნესტ ა. ბრაიანტ III-თან
მისამართი: კოტე აფხაზის ქ. 18/2, თბილისი, საქართველო
16 მაისი – 16 ივნისი, 2026
გახსნა: 16 მაისი, 2026 | 18:00 – 21:00
ყველა ღონისძიება უფასოა






