გასულ თვეში მილანის დიზაინის კვირეულმა კიდევ ერთხელ აქცია მილანი თანამედროვე დიზაინის გლობალურ ცენტრად. ეს მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს არქიტექტორებს, დიზაინერებს, ბრენდებსა და ხელოვანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, სადაც ყალიბდება და ვრცელდება დიზაინის უახლესი ტენდენციები. მისი მნიშვნელობა სცდება პროფესიულ წრეებს — კვირეული დიზაინის ინოვაციებს ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის და აქტიურ დისკუსიას უწყობს ხელს.
მილანის დიზაინის კვირეული ტრადიციულად ორ ძირითად ნაწილს აერთიანებს: Salone del Mobile-ს, რომელიც ფოკუსირებულია ავეჯსა და ინდუსტრიულ დიზაინზე და Fuorisalone-ს, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გამართულ ინსტალაციებსა და ექსპერიმენტულ პროექტებს მოიცავს. სწორედ ამ მრავალშრიანი სტრუქტურის წყალობით, ღონისძიება სცდება სტანდარტული გამოფენის ფორმატს და გარდაიქმნება იდეების გაცვლის, პროფესიული დიალოგისა და მომავლის დიზაინის მიმართულებების განსაზღვრის მნიშვნელოვან პლატფორმად.
ასეთ კონტექსტში ქართული დიზაინის გამოჩენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს არის შესაძლებლობა, რომ ადგილობრივმა შემოქმედებითმა პრაქტიკამ საკუთარი ხმა გლობალურ დისკურსში მკაფიოდ და თავდაჯერებულად წარმოაჩინოს. სწორედ ამ გარემოში წარადგინა ქართულმა დიზაინ სტუდიამ – Basetale–მა საკუთარი ნამუშევარი — დიზაინ ობიექტების კოლექცია „Gentle Set“-ი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული დიზაინი სულ უფრო აქტიურად და დამოუკიდებლად ერთვება საერთაშორისო პროცესებში.

კოლექცია „Gentle Set“-ი აგრძელებს სტუდიის წინა პროექტის, „Soft Steel“-ის ნარატივს და კონცენტრირებულია კონტრასტების კვლევაზე — ინდუსტრიული და დეკორატიული, სიმკაცრე და სიფაქიზე, ფუნქციური და ემოციური. პროექტის ცენტრალური იდეა მდგომარეობს ინდუსტრიული მასალის ტრანსფორმაციაში: მძიმე და ტექნიკური ელემენტები გარდაიქმნება ვიზუალურად მსუბუქ, ემოციურად დატვირთულ ფორმებად ისე, რომ მათი ფუნქციური ბუნება უცვლელი რჩება. ამ კონცეფციის ფარგლებში გამოყენებულია ინდუსტრიული ჭანჭიკები, რომლებზეც მინის ელემენტებია დამაგრებული, ხოლო კომპოზიციაში ჩართული ფერები — ლურჯი, ვარდისფერი და ღია ყვითელი — მატერიალურ სიმკაცრეს დამატებით სიფაქიზესა და თამაშის ელემენტს სძენს.
პარალელურად, პროექტში გაგრძელდა ექსპერიმენტი თაფლის ცვილთან: კედლის სანათთან ერთად, წარმოდგენილი იყო იატაკის სანათი, რომლის თავი მთლიანად ცვილისგან არის შექმნილი. შედეგად, კოლექცია იქცა სივრცედ, სადაც თანაარსებობს ურთიერთსაპირისპირო თვისებები — სიმტკიცე და სიმყიფე, მდგრადობა და სიფაქიზე, ინდუსტრიული და ორგანული.
პროექტის განხორციელება მრავალმხრივი კოლაბორაციების შედეგი იყო. მინის ელემენტები დაამზადა Meena Studio-მ, ხოლო ინსტალაციას თან ახლდა ნატა ვარაზის მიერ გადაღებული ვიდეო, რომლის მუსიკაც ნიკა გოგიაშვილმა შექმნა. ამ თანამშრომლობებმა პროექტს დამატებითი სიღრმე და მრავალმხრივი გამოცდილება შესძინა.
აღსანიშნავია, რომ კოლექციის თითოეული დეტალი ინტენსიურ შრომას მოითხოვდა — ავეჯზე 500 ჭანჭიკი ხელით დამაგრდა, ხოლო სრული ინსტალაცია ადგილზე აეწყო, რაც პროცესს განსაკუთრებულად შრომატევადსა და ამავდროულად მნიშვნელოვნად აქცევდა.

საერთაშორისო აუდიტორიასთან ურთიერთობამ პროექტს მნიშვნელოვანი რეფლექსიური განზომილება შესძინა. განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაცნობამ გამოავლინა, თუ რამდენად მრავალგვარად შეიძლება აღიქმებოდეს მასალა, ფორმა და ფუნქცია, და ამავე დროს, რამდენად უნივერსალურია ემოციური რეაქციები დიზაინზე. მიღებული უკუკავშირი განსაკუთრებით ეხებოდა ნამუშევრების ტაქტილურობას, მასალასთან ურთიერთობის ინტიმურობას და იმ ბალანსს, რომელსაც კოლექცია სიმტკიცესა და სირბილეს შორის ქმნის. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცვილისგან დამზადებულმა სანათმა, რომელიც ბევრისთვის სრულიად ახალ ხედვად აღიქმებოდა.
კოლექცია წარმოდგენილი იყო განსაკუთრებულ სივრცეში — Villa Pestarini-ში, რომელიც Franco Albini-ს ერთადერთი ვილაა მილანში და პირველად გაიხსნა ფართო აუდიტორიისთვის. ამ გარემომ ინსტალაციას დამატებითი ისტორიული და ატმოსფერული ფენა შემატა, ხოლო სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი გავლენიანი ფიგურები, როგორებიც არიან David Chipperfield, Nina Yashar და David Alhadeff.

“ქართული დიზაინის ადგილი საერთაშორისო კონტექსტში, განსაკუთრებით ისეთ პლატფორმაზე, როგორიცაა მილანის დიზაინის კვირეული, თანდათან უფრო გამოკვეთილი და საინტერესო ხდება. ის გამოირჩევა უნიკალური იდენტობით, სადაც ტრადიცია და თანამედროვე ხედვა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. სწორედ ეს კომბინაცია – ისტორიული მემკვიდრეობა, ხელსაქმის კულტურა და ახალი, ექსპერიმენტული მიდგომები – ქმნის განსხვავებულ ხმას. ავთენტურობა არის ის მთავარი პოზიცია რომლითაც ქართული დიზაინი დიდ ინტერესს იზიდავს,” – თინათინ ძირკვაძე და იკი ანთელავა, Basetale-ის თანადამფუძნებლები
პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის სტუდია მადლობას უხდის ნათია ჩაჩუას.










