მილანის დიზაინის კვირეული უკვე დიდი ხანია იქცა სივრცედ, სადაც თანამედროვე დიზაინის ყველაზე საინტერესო იდეები, ექსპერიმენტები და კულტურული კონტექსტები იკვეთება. ბოლო წლებში კი ამ საერთაშორისო დიალოგში სულ უფრო თვალსაჩინოდ ჩნდება ქართული დიზაინიც. სწორედ ამ კონტექსტში წარადგინა Rooms Studio-მ Convey-ის პლატფორმაზე ინსტალაცია „Untitled Transformation“ — ექსპოზიცია, რომელიც არა მხოლოდ ობიექტების კოლექციას, არამედ ტრანსფორმაციის, მატერიალურობისა და აზრობრივი თავისუფლების კვლევას წარმოადგენდა. პროექტი 1958 წლის მოდერნისტულ შენობაში, მცირე და ვიწრო საგამოფენო სივრცისთვის შეიქმნა და მისი კონცეფციაც სწორედ ამ არქიტექტურულ მოცემულობაზე პასუხად განვითარდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ტიპის ობიექტები – ახალი სკამები, ჭერის სანათი, თარო, ჭადრაკის დაფა და სხვა ფუნქციური ელემენტები. ნამუშევრებში გამოყენებული იყო ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა კონცეპტუალურად დაკავშირებული მასალები, როგორიცაა თაბაშირი, მეტალი, ძველი სახატავი ტილო, ალუმინი და ხე.

„გვაინტერესებდა, ზოგადად, საწყის მდგომარეობასთან დაბრუნება, ფუნდამენტური მასალების გამოყენება და ამ ვიწრო სივრციდან აზრობრივად გასვლის მცდელობა.
ინსტალაციის მთავარი გამაერთიანებელი თემა იყო ფიქრის თავისუფლება, ფიზიკური და აზრობრივი ცვლილება, გარდაქმნა. გვაინტერესებდა „კანის გამოცვლის“ იდეა – ფორმის, მასალისა და ადამიანის მუდმივი ტრანსფორმაცია, დაფარულსა და გაშიშვლებულს შორის კონტრასტი, საწყისისა და საკუთარი თავის ძიება. მაგალითად, ახალი მეტალის სკამების სერიაში ნაწილი ძველი სახატავი ტილოთი იყო დაფარული და შეფუთული, ნაწილი კი თანდათან შიშვლდებოდა, ან პირიქით – იფარებოდა და თითქოს რბილდებოდა მისი მკაცრი მეტალის სტრუქტურა.

ნაჩვენები ობიექტების ნაწილი ჩვენი „ქუჩის სერიების“ გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ობიექტებს ურბანული დაკვირვებებისა და ყოველდღიური ვიზუალური გამოცდილებების საფუძველზე ვქმნით. ასევე დავუბრუნდით ჭადრაკის თემას, რომელიც ჩვენს ადრეულ ნამუშევრებში აბსტრაქტული პროპორციებითა და უტრირებული ფორმებით იყო წარმოდგენილი. ამჯერად კი თაბაშირის, როგორც ექსპერიმენტული მასალის, გამოყენებით შევქმენით ფუნქციური ჭადრაკის ნაკრები – ფიგურების დიზაინი განვითარდა ადრე აღმოჩენილი არქიტექტურული ფორმების მასშტაბის ცვლილებით.
მთლიანობაში, გამოფენა უფრო პროცესს ასახავდა, ვიდრე კონკრეტული პასუხების ძიებას. ვეცადეთ, ამ ვიწრო სივრცეში ფიზიკურად გადმოგვეცა აზროვნების ფორმა, რომელიც შეიძლება უსასრულო და გარკვეულწილად სიურეალისტურ მდგომარეობადაც იქცეს,“ – Rooms Studio
პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქაოსის მოწესრიგება და ბალანსის პოვნა ობიექტებს შორის არსებულ კავშირებში. ამ კავშირების გაღრმავებასა და ინსტალაციის ერთიან კონცეპტუალურ სტრუქტურად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადრიანნა გლავიანოს ფოტოებმა, რომლებიც ექსპოზიციის ნაწილად იყო წარმოდგენილი. ფოტოები თბილისის გამორჩეულ ინტერიერებს ასახავდა და მათი დეტალები ახალი კოლექციისთვის ერთგვარ შთაგონების წყაროდაც იქცა.

შედეგად, ინსტალაციას ვიზიტორები აღწერდნენ როგორც სივრცეს, რომელიც გარკვეულწილად მედიტაციურ გამოცდილებას ქმნის. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ Rooms Studio-ს პრაქტიკა საერთაშორისო აუდიტორიისთვის უკვე კარგად ნაცნობია და ეს გამოფენა მათთვის აღიქმებოდა, როგორც აქამდე განვითარებული იდეების ბუნებრივი გაგრძელება.

მილანის ინსტალაციამ სტუდიისთვის არაერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გააჩინა. კვირის განმავლობაში მას ბევრი პროფესიონალი და დაინტერესებული სტუმარი ეწვია, რასაც უკვე მოჰყვა კონკრეტული სამომავლო გეგმებიც – მათ შორის, სოლო გამოფენა პარიზში, გალერეა Services Continu-ში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს მილანის დიზაინის კვირეულზე სხვა ქართველი დიზაინერებიც იყვნენ წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო ამყარებს ქართული დიზაინის პოზიციას საერთაშორისო კონტექსტში. როგორც ჩანს, ბოლო წლებში ამ მიმართულებით ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა – საერთაშორისო აუდიტორია უკვე უკეთ იცნობს ქართულ დიზაინს და უფრო აქტიურად გამოხატავს ინტერესს ქვეყნისა და აქ შექმნილი ნამუშევრების მიმართ.

გამოფენის ფოტოები გადაღებულია ადრიანა გლავიანოს მიერ
პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის Rooms Studio მადლობას უხდის პარტნიორებს: სარაჯიშვილი, სასტუმრო სტამბა, არკ ჟურნალი.










