in

ინტერიერის დიზაინი, როგორც პერსონალური გამოცდილება სივრცეში – ინტერვიუ Alter Design-ის დამფუძნებლებთან

დღეს, როდესაც ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ხედვა, რომელიც დროს უძლებს – ფუნქციურობაზე, ინდივიდუალურობაზე და ავთენტურობაზე აგებული მიდგომა – სწორედ ასეთ პრინციპებზე დაფუძნებული სტუდიები ქმნიან სივრცეებს, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად შთამბეჭდავია, არამედ ინდივიდუალური ადამიანის ცხოვრების სტილს ასახავს. სივრცე, რომლის დაგეგმვაც ადამიანის მოსმენით იწყება, უდავოდ ერგება მის მოთხოვნილებებსა და სურვილებს, რაც თავის მხრივ, ამარტივებს მაცხოვრებლების ყოველდღიურობას და ამავდროულად, აყალიბებს ემოციურ კავშირს სივრცესთან. ასეთ შემთხვევაში ინტერიერი არა მხოლოდ სცდება ტენდენციებს, არამედ პერსონალურ გამოცდილებად იქცევა – ისტორიად, რომელიც წლების განმავლობაში ინარჩუნებს აქტუალობას.

სწორედ ამგვარ დიალოგს – სივრცის დიზაინსა და ადამიანის შინაგან სამყაროს შორის – ემყარება Alter Design-ის ფილოსოფია. სტუდიის დამფუძნებლები, ანი შერეზადაშვილი და ციცი ბოხუა გვიამბობენ სამუშაო და შემოქმედებით პროცესსა და მარადიული დიზაინის პრინციპებზე – როგორ იქცევა დიზაინერი დამკვეთის თანამოსაუბრედ და მისი ცხოვრების წესის, ჩვევებისა და ღირებულებების ანალიტიკოსად, ხოლო ინტერიერი – გარემოდ, რომელიც განსაკუთრებულ შინაგან ჰარმონიას სძენს ყოველდღიურ რიტუალს, დასვენებას, მუშაობასა თუ ურთიერთობებს.

ანი და ციცი, მოგვიყევით თქვენ შესახებ – როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით და როგორ გადაწყვიტეთ, ამ პროფესიას დაუფლებოდით?

ანი: ყოველთვის მაინტერესებდა და მომწონდა ეს სფერო. მახსოვს, ბავშვობაში ხშირად ვუცვლიდი ადგილს ავეჯს და ეს სიამოვნებას მანიჭებდა. უშუალოდ პროფესიის საფუძვლიანად შესწავლა მოგვიანებით დავიწყე, ამ დროს ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვმუშაობდი და მივხვდი, რომ ჩემი საქმე რუტინული გახდა და სიამოვნებას არ მანიჭებდა.

ციცი: ინტერიერის მიმართ ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა – ყოველთვის ვაკვირდებოდი ფერებს, ფაქტურებსა და ფორმებს – იმაზე ადრე, ვიდრე ვიცოდი, რომ ამას დიზაინი ერქვა.

გადაწყვეტილება კი მოგვიანებით ჩამოყალიბდა. საფრანგეთში ცხოვრების დროს მივხვდი, რომ ეს იყო სფერო, სადაც ყველაზე ავთენტურად შემეძლო საკუთარი თავის გამოხატვა.

გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ Alter Design-ის შექმნამდე – დიზაინის სფეროში მოღვაწეობის რა ეტაპები გაიარეთ, სანამ ისეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდით, როგორიცაა საკუთარი სტუდიის დაფუძნება?

ანი: Alter Design-მდე იყო პირადი პროექტები და სწავლა, რასაც საკმაოდ დიდი დრო დავუთმე. საკუთარი სტუდიის დაფუძნებას არ ვფიქრობდი სანამ ციცი არ დამიკავშირდა იდეით, რომ ერთად დაგვეწყო მუშაობა. ასე დაფუძნდა “ალტერ დიზაინ” სტუდია.

ციცი: Alter Design-მდე იყო სწავლა და მუშაობა პირად სივრცეებზე. ეს ეტაპი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ აქ გავაცნობიერე, რომ კარგი ინტერიერი იწყება ადამიანის გაგებით და არა მხოლოდ ესთეტიკით.

როდის და როგორ გადაიკვეთა თქვენი კარიერული გზები? რა იყო ერთობლივი მუშაობის გადაწყვეტილების საფუძველი – ანუ როგორ შეიქმნა სტუდია Alter Design-ი? და რატომ ეს სახელწოდება?

შესაძლოა ბანალურად ჟღერს, მაგრამ პირველად რომ შევხვდით, ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს დიდი ხანია ვიცნობდით ერთმანეთს. ჩვენი ხედვა და იდეები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ მუშაობის პროცესიც ძალიან სასიამოვნოა და ყველაფერს ძალიან ამარტივებს. სტუდიის სახელს რაც შეეხება, ჩვენი იდეაც ეს იყო, რომ ალტერნატიული, განსხვავებული შეგვეთავაზებინა დამკვეთისთვის, სწორედ ასე გაჩნდა სახელიც – Alter Design-ი.

როგორ აღწერდით თქვენი სტუდიის დიზაინ-ფილოსოფიას – რა არის ის მთავარი პრინციპები, რომლებიც თითოეულ პროექტში აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ სივრცეს ჰქონდეს საკუთარი ხასიათი და იყოს მორგებული იმ ადამიანზე, ვინც იქ ცხოვრობს. ფუნქციურობა არის საფუძველი, ხოლო ვიზუალი – მისი ბუნებრივი გაგრძელება.

თქვენი შესრულებული პროექტებიდან რომელს გამოყოფდით, როგორც გარდამტეხს სტუდიის განვითარებისთვის და რატომ?

“Noblesse” – არტ გალერეა თბილისში იყო ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი, სადაც ინტერიერთან ერთად, ბრენდინგზეც ვიმუშავეთ. ეს სივრცე ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან მთლიანად ჩვენი ხედვის ერთიანი გამოხატვაა.

როგორ მუშაობთ კონცეფციის შექმნის ეტაპზე — რა არის ის საწყისი ფაქტორი, საიდანაც იწყება სივრცის დიზაინი: დამკვეთის ცხოვრება, არქიტექტურა, მასალები თუ სხვა რამ?

პროცესი იწყება დამკვეთის მოსმენით და მისი ცხოვრების სტილის გააზრებით. ამის შემდეგ ვქმნით ფუნქციურ და გააზრებულ გეგმას, რის საფუძველზეც ყალიბდება ვიზუალური კონცეფცია.

როგორ პოულობთ ბალანსს ესთეტიკასა და ფუნქციურობას შორის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამკვეთის მოთხოვნები და სივრცის შესაძლებლობები ერთმანეთს ეწინააღმდეგება?

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც ეს არის, რომ ვიპოვოთ “ოქროს შუალედი” დამკვეთის მოთხოვნასა და სივრცის შესაძლებლობას შორის ისე, რომ სივრცე იყოს ესტეთიკური და ფუნქციურიც. ამაში ძალიან გვეხმარება დამკვეთის მოსმენა, ანალიზი და ალტერნატივის შეთავაზება. ხშირად დამკვეთი კონკრეტულ დეტალს ითხოვს, მაგრამ რეალურად, ამ მოთხოვნის უკან დგას ემოცია ან ფუნქციური საჭიროება. მაგალითად, “მინდა მუქი კედლები” – შეიძლება ეს ასოცირდებოდეს სიმყუდროვის სურვილთან. შესაბამისად, როცა კარგად ვეცნობით დამკვეთის ხასიათსა და ცხოვრების სტილს, უფრო მარტივად ვპოულობთ გზას. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია დიალოგი და ნდობა – როდესაც დამკვეთი ხედავს, რომ მისი სურვილი გათვალისწინებულია, პროფესიულად გააზრებული გადაწყვეტილებაც ბუნებრივი და მისაღებია.

დღეს, როცა ინტერიერის დიზაინში ტენდენციები სწრაფად იცვლება, როგორ ახერხებთ, რომ თქვენმა პროექტებმა გაუძლოს დროს და არ გახდეს უბრალოდ “მოდური”?

ჩვენი მუშაობის პრინციპია, რომ დროებით ტენდენციაზე, მოდაზე არ ავაგოთ მთლიანი პროექტი. სწორი დაგეგმარება, ფუნქციური ზონირება, ხარისხიანი მასალები, ჰარმონიული ფერთა პალიტრა – ეს არის ის, რაც დროს ყოველთვის უძლებს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბალანსი ტენდენციებსა და კლასიკურ ელემენტებს შორის. აქტუალურ დეტალებს – მაგალითად, ტრენდულ ფერს, განათებას ან დეკორს – ვიყენებთ აქცენტის სახით. ასე, სურვილის შემთხვევაში, მათი შეცვლა მარტივად შეიძლება სივრცის სრული გადაკეთების გარეშე. თუ ინტერიერი მორგებულია ადამიანის ყოველდღიურ საჭიროებებსა და ხასიათზე, ის მოდაზე მეტად პერსონალურ ღირებულებას იძენს და სწორედ ეს არის დროის მიმართ ყველაზე გამძლე.

როგორ ხედავთ Alter Design-ის მომავალს — რა ტიპის პროექტები, მასშტაბი ან მიმართულებები გაინტერესებთ განსაკუთრებით უახლოეს წლებში?

Alter Design-ის მომავალს ვხედავთ, როგორც ეტაპობრივ, მაგრამ ამბიციურ განვითარებას ხარისხზე ორიენტირებულ და კონცეპტუალურად ძლიერ პროექტებზე ფოკუსირებით. ბრენდს, რომელიც ქმნის არა უბრალოდ ლამაზ ინტერიერებს, არამედ სივრცეებს, რომლებიც ისტორიას ყვება და დროს უძლებს.

2026 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები IPS-თან ერთად — ინტერვიუ დიზაინერ ნინო გოგილიძესთან

დიზაინი, კომფორტი და ევროპული ელეგანტურობა – რა შეგიძლიათ აღმოაჩინოთ „ლაქშერის“ შოურუმში