in

2026 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდენციები IPS-თან ერთად — ინტერვიუ დიზაინერ ნინო გოგილიძესთან

ინტერიერის დიზაინი მუდმივად იცვლება — ახალი მასალები, ტექნოლოგიები და ცხოვრების სტილის ცვლილება სივრცის აღქმასა და დაგეგმვასაც გარდაქმნის. თუმცა, ბოლო წლებში ერთ საინტერესო პროცესს ვაკვირდებით: დიზაინი თანდათან შორდება სწრაფად ცვალებად ტრენდებს და უფრო მეტად ორიენტირდება ადამიანზე, მის გამოცდილებასა და სივრცის ავთენტურ ხასიათზე.

რა მიმართულებით ვითარდება თანამედროვე ინტერიერი, რომელი მასალები და ფერები ხდება აქტუალური და რამდენად ახლოს არის ქართული დიზაინის სფერო მსოფლიო ტენდენციებთან — ამ საკითხებზე დიზაინერ ნინო გოგილიძეს ვესაუბრეთ. ინტერვიუში ის საუბრობს 2026 წლის ინტერიერის დიზაინის მთავარ მიმართულებებზე, სივრცის პერსონალიზაციის მნიშვნელობასა და იმ პრინციპებზე, რომლებიც ინტერიერს დროის მიმართ მდგრადსა და აქტუალურს ხდის.

ნინო გოგილიძე

ნინო, როგორ იცვლება ინტერიერის დიზაინი 2026 წელს? რომელი ესთეტიკური და ფუნქციური მიმართულებები დომინირებს და რას უნდა ელოდოს მომხმარებელი?

2026 წლის ინტერიერის დიზაინი სულ უფრო შორდება სწრაფად ცვალებად ტენდენციებს და მეტად ორიენტირდება სივრცის ხასიათსა და ადამიანურ გამოცდილებაზე. თუ წინა წლებში ხშირად დომინირებდა მინიმალიზმი და ვიზუალური სიმარტივე, დღეს დიზაინი უფრო თბილი და პერსონალური ხდება.

თანამედროვე ინტერიერში მნიშვნელოვანი ხდება ფუნქციური მოქნილობა, ბუნებრივ გარემოსთან კავშირი და ემოციური კომფორტი. დიზაინი აღარ არის მხოლოდ ვიზუალური კომპოზიცია — სწორედ ამიტომ, 2026 წლის ტენდენციებში უფრო ხშირად გვხვდება ბუნებრივი მასალები, ტაქტილური ზედაპირები და სივრცეები, რომლებიც ადაპტირდება სხვადასხვა ცხოვრების სცენართან.

მომხმარებელს ვურჩევდი, მეტად კონცენტრირდეს საკუთარ იდენტობაზე.  ნივთები, რომლებიც ოჯახურ ან პერსონალურ ისტორიებს ატარებს, განსაკუთრებულ ხიბლს მატებს სივრცეებს. ისტორია და გამოცდილება არის ის, რაც არ მეორდება. სწორედ ამიტომ, თუ ასეთი ნივთები არსებობს, მათი ინტერიერში ინტეგრირება სივრცეს უფრო ავთენტურ და პერსონალურ ხასიათს აძლევს.

ამას გარდა, ნივთებისა და მასალებისთვის „მეორე სიცოცხლის“ მიცემა ეხმიანება დღევანდელი მსოფლიოს მნიშვნელოვან ტენდენციებს — მდგრად დიზაინს, მდგრად არქიტექტურას.

რა ტიპის მასალები და ტექსტურებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი?

თანამედროვე ინტერიერში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მასალებს, რომლებიც სივრცეს მატერიალურ სიღრმესა და ბუნებრივობას ანიჭებს. ქვა, ხე, კერამიკა და მეტალი ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ როგორც უბრალოდ მასალა, არამედ როგორც ინტერიერის არქიტექტურული ელემენტი.

აქტუალურია ზედაპირები, რომლებიც ბუნებრივ სტრუქტურებს იმეორებს და სივრცეში ტაქტილურ და ვიზუალურ მრავალფეროვნებას ქმნის. ამის საინტერესო მაგალითია Atlas Concorde-ის ახალი კოლექცია Nyra, რომელიც ქვის ტექსტურას თანამედროვე ინტერპრეტაციით  წარმოგვიდგენს. კოლექციის ზედაპირებში შეიმჩნევა მინერალური ჩანართები, ფაქიზი ვენები და მრავალშრიანი ტექსტურა, რაც სივრცეს ბუნებრივ დინამიკასა და სიღრმეს მატებს.

რას იტყვით ფერთა პალიტრაზე 2026-ში — რა იცვლება? რომელი ტონები მოდის წინა ფლანგზე?

2026 წლის ფერთა პალიტრა აშკარად უბრუნდება ბუნებრივ, ე.წ. მიწიერ ტონებს. ინტერიერში სულ უფრო ხშირად გვხვდება თბილი ნეიტრალები, ღრმა ყავისფერი, ტერაკოტა, ზეთისხილისფერი მწვანე და რბილი ქვიშისფერი ტონები.

ამ ფერებს ემატება უფრო გამოკვეთილი აქცენტები — ღრმა ლურჯი, ღვინისფერი და მინერალური ნაცრისფერი. ასეთი პალიტრა ინტერიერს ანიჭებს სიმშვიდესა და სტაბილურობას, რაც თანამედროვე ცხოვრების რიტმში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა, რომ მისი ინტერიერი ტენდენციებსაც მიყვებოდეს, მაგრამ მალე მობეზრდებადი არ იყოს? რა პრინციპები ეხმარება ინტერიერს დარჩეს აქტუალური?

ინტერიერის შექმნისას მნიშვნელოვანი პრინციპია დროის მიმართ მდგრადი დიზაინი. ტრენდები შეიძლება საინტერესო შთაგონება იყოს, თუმცა ინტერიერის საფუძველი ყოველთვის უნდა იყოს ხარისხიანი მასალები, ნეიტრალური ფერები და კარგად გააზრებული სივრცითი გადაწყვეტა.

ტრენდული ელემენტები უმჯობესია შემოვიდეს დეტალების სახით — განათებით, ტექსტილით, დეკორით ან ავეჯის გარკვეული ელემენტებით. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, სივრცე დარჩეს აქტუალური წლების განმავლობაში და არ დაკარგოს საკუთარი იდენტობა.

რამდენად ფეხს უწყობს ქართული ბაზარი მსოფლიო ტენდენციებს?

ბოლო წლებში ქართული დიზაინის სფერო საკმაოდ აქტიურად არის დაკავშირებული საერთაშორისო დიზაინ პროცესებთან. მასალების, ტექნოლოგიებისა და ბრენდების ხელმისაწვდომობამ ქართულ ბაზარს მისცა შესაძლებლობა, თითქმის პარალელურად განვითარდეს გლობალურ ტენდენციებთან.

ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობა და ადგილობრივი ეთნიკური ესთეტიკა საშუალებას გვაძლევს, საერთაშორისო ტენდენციებთან დიალოგში შევქმნათ ავთენტური და გამორჩეული ინტერიერის ენა.

ვფიქრობ, ყველა დროის გამოწვევა ამ ამოცანის დასახვა და ამოხსნაა. ქართულ დიზაინს აქვს პოტენციალი, საპატიო ადგილი დაიკავოს მსოფლიო მიმდინარეობების გვერდით.

Atlas Concorde-ის უახლესი კოლექციები IPS-ის შოურუმშია წარმოდგენილი. სხვა პარტნიორი ბრენდებისა და შესრულებული პროექტების დათვალიერებას კი IPS-ის ვებ-გვერდზე შეძლებთ.

[R]

დიზაინი ხელოვნებისა და ყოველდღიურობის ზღვარზე – ინტერვიუ სანდრო ლომინაშვილთან

ინტერიერის დიზაინი, როგორც პერსონალური გამოცდილება სივრცეში – ინტერვიუ Alter Design-ის დამფუძნებლებთან