in

რა ელის ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობას ფოთში? – “სითი სტუდია 9” ქალაქის ახალ გენერალურ გეგმაზე მუშაობს

მდინარე რიონს, პალიასტომის ტბასა და შავ ზღვას შორის მოქცეული კოლხური ქალაქი ფაზისი, რომელსაც დღეს ფოთს ვუწოდებთ, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის თვითმხილველია. მისი ნავსადგური ანტიკური სამყაროდან დღემდე მასპინძლობდა მრავალი იმპერიისა თუ სახელმწიფოს ხომალდს და გასაკვირი არ არის, რომ დღეს უკვე ქალაქის სიმბოლოდ სწორედ შუქურა იქცა, რომელიც მეზღვაურებს საუკუნეზე მეტია ემსახურება.

ფოთი ჯერ მეთექვსმეტე საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა, შემდეგ კი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესული, პორტად გამოცხადდა. თუმცა, ქალაქის ჭაობიანი მიწები არც მაცხოვრებლებს იზიდავდა და არც მოგზაურებს. ფოთის გამოცოცხლება ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც იგი ქალაქის მერად აირჩიეს, ფოთმა სრულად შეიცვალა იერსახე.

ნიკო ნიკოლაძემ ეკონომიკური ღონისძიებებისა და ნავსადგურის რეკონსტრუქციის გარდა, მიზნად დაისახა ქალაქის ახალი გეგმის მიხედვით კეთილმოწყობა, რომლის შედგენაში გერმანელი არქიტექტორი, ედმუნდ ფრიკი იღებდა მონაწილეობას. ფოთის რადიალური ქალაქგეგმარება სწორედ მათ განსაზღვრეს და შექმნეს სახასიათო და შეუცვლელი ურბანული სივრცე. ნიკო ნიკოლაძის ფოთი დღესაც გამოირჩევა სიმყუდროვით, რომელიც ქალაქის ატმოსფეროს უნიკალურს ხდის.

ფოთის სამხრეთ-აღმოსავლეთი. ფოტო გადაღებულია საკათედრო ტაძრის გუმბათიდან. 1907 წელი. ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია. © საქართველოს ეროვნული არქივი
ფოთის ჩრდილო-დასავლეთი. ფოტო გადაღებულია საკათედრო ტაძრის გუმბათიდან 1907 წელი. ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია. © საქართველოს ეროვნული არქივი
ფოთის გეგმის ნაწილი, ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ადგილის მითითებით, 1896 წელი, 1 დეკემბერი. © საქართველოს ეროვნული არქივი

დროის მსვლელობასთან ერთად, ბუნებრივია, იცვლება ყოველდღიურობაც და საზოგადოების მოთხოვნილებებიც. მიუხედავად იმისა, რომ ფოთი ყოველთვის ჩაფიქრებული იყო, როგორც პორტი, დღეს ნათლად ჩანს მისი საკურორტო პოტენციალის ხელახალი აღმოჩენის აუცილებლობა. ზღვის სანაპირო, სუბტროპიკული ჰავა, ტბები, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქალაქის ისტორია – ეს ის მნიშვნელოვანი დეტალებია, რომლებიც არც ერთ დამსვენებელს არ დატოვებს გულგრილს. თუმცა, ამ სიმდიდრით ტკბობისთვის ქალაქი ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განიცდის.

სწორედ ფოთის ახალი გენერალური გეგმის შემუშავების პროცესშია “სტუდია 9”-ს გუნდი “სითი ინსტიტუტი საქართველოსთან” ერთად, რომელმაც სიღრმისეული კვლევის შედეგად ქალაქის განვითარების სრულიად ახალი და მოულოდნელი პერსპექტივები დაინახა. პროექტში სხვადასხვა მიმართულებით ჩართულნი არიან პოლონელი და უკრაიანელი სტუმრებიც. შედეგად, ფოთი აღარ განიხილება მხოლოდ როგორც სატრანსპორტო კვანძი, არამედ როგორც ადგილი, რომელსაც შეუძლია საკუთარი იდენტობის ახალი, უფრო მრავალშრიანი ფორმით წარმოჩენა.

ფოთის განვითარების ეს ახალი ეტაპი სწორედ იმ გარდამტეხ მომენტს ასახავს, როდესაც ქალაქი საკუთარ ისტორიულ ფესვებსა და თანამედროვე მოთხოვნებს შორის ბალანსის პოვნას ცდილობს. რა პრინციპებზე ეყრდნობა ეს პროცესი, როგორ ყალიბდება ახალი ხედვა და რა რეალური ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს მას — ამ თემებზე გავესაუბრეთ “სითი სტუდია 9”-ს წარმომადგენლებს – “სტუდია 9”-ის დამფუძნებელ მამუკა ჩხაიძესა და “სითი ინსტიტუტი საქართველოს” პროექტის კოორდინატორსა და ქალაქმგეგმარებელს – ანდრო ქორთუას. მათი ხედვა ცხადყოფს, რომ ფოთი დღეს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტად არ განიხილება, არამედ როგორც კომპლექსური ურბანული სისტემა, რომელიც მომავალში სრულიად ახალ როლს შეიძენს.

ქალაქის ახალი ხედვა: პორტიდან მრავალფუნქციურ სისტემამდე

თანამედროვე ფოთის განვითარების აუცილებლობა ბუნებრივად გამომდინარეობს დროის მოთხოვნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ისტორიულად პორტის ფუნქციით არის განსაზღვრული, კვლევებმა აჩვენა, რომ მისი პოტენციალი გაცილებით ფართოა.

პორტი რჩება ქალაქის მთავარ ეკონომიკურ ძრავად და მისი მნიშვნელობა რეგიონულ მასშტაბსაც სცდება. თუმცა, მხოლოდ ერთ ფუნქციაზე დაყრდნობა ქალაქის მდგრად განვითარებას ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, გენერალური გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბდა ხედვა, რომლის მიხედვითაც ფოთი უნდა განვითარდეს როგორც დივერსიფიცირებული ფუნქციების ქალაქი.

ამ ხედვაში პორტსა და ლოჯისტიკასთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ტურიზმს, სანაპირო ზოლის განვითარებასა და სპორტულ ინფრასტრუქტურას. იგეგმება ფართომასშტაბიანი პროექტები — 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, იპოდრომი, წყალსათხილამურო სპორტის ინფრასტრუქტურა, დახურული სპორტული სივრცეები და სხვა ობიექტები. პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისტორიული ცენტრის განვითარებასა და ტურისტული მიზიდულობის ახალი კერების ჩამოყალიბებას.

როდესაც უკვე შეთანხმდება პროექტი, უფრო თამამად ვიტყვი, რა არის პროექტში ისეთი, რაც დღესდღეობით ფოთს არ აქვს, აკლია და მომავალში ექნება. მაგრამ ის, რაც ფოთს და ფოთელებს აწუხებდა, რომ იქნებ ზღვისკენ შემობრუნდეს ქალაქი, ზღვისკენ განვითარდეს ქალაქის მომავალი, სწორედ ამ მიმართულებით [პროექტში] ბევრი რამ არის გაკეთებული და ეს სურვილი იქნება დაკმაყოფილებული.“ – სტუდია 9-ის დამფუძნებელი მამუკა ჩხაიძე

მამუკა ჩხაიძე

ქალაქის ყოველდღიურობა: რა იცვლება ფოთელებისთვის

გენერალური გეგმის განხორციელება 10-15 წლიან პერსპექტივაზეა გათვლილი, თუმცა ცვლილებები უკვე დაწყებულია. მსგავსი პროექტების დაწყება, როგორც წესი, იწვევს სამშენებლო სექტორის გააქტიურებას და ეს პროცესი ფოთშიც შეიმჩნევა.

პროექტი მიზნად ისახავს ურბანული გარემოს ხარისხობრივ გაუმჯობესებას — გადაადგილების სისტემის მოწესრიგებას, ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შექმნას, თანამედროვე საცხოვრებელი ფონდის განვითარებას და ახალი ტურისტული სივრცეების ფორმირებას. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

ქალაქის სხვადასხვა უბანში იგეგმება მასშტაბური განახლებები — კუნძულის უბანში ახალი ბულვარი, პიაცა და ტურისტული ინფრასტრუქტურა, ახალი სამგზავრო და თევზსაჭერი პორტები. მალთაყვის ტერიტორიაზე კი შეიქმნება დიდი სუბტროპიკული პარკი და განახლებული სანაპირო სივრცეები.

2026 წელი: პროექტის ფინალური ეტაპი

გენერალური გეგმის სამუშაოები 2026 წელს გადადის საბოლოო ფაზაში. წლის დასაწყისში განხორციელდა კონცეფციების რევიზია, მასალების გადაგზავნა სახელმწიფო სტრუქტურებში და საჯარო განხილვები როგორც მერიაში, ისე სამოქალაქო სექტორთან.

მიღებული უკუკავშირის საფუძველზე განისაზღვრება საბოლოო მიმართულებები, რის შემდეგაც პროექტი შევა დასრულების ეტაპზე. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაგეგმილია აპრილი-მაისში დასრულდეს, რასაც მოყვება საბოლოო რევიზია და პროექტის დახურვა.

თანამშრომლობა როგორც მთავარი ინსტრუმენტი

პროექტზე მუშაობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სხვადასხვა მხარის — საპროექტო ჯგუფის, ქალაქის მმართველობისა და საზოგადოების — ეფექტიანი თანამშრომლობა დასახელდა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ჩართულობას, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს პროექტის რეალურ განხორციელებადობას.

აქტიური კომუნიკაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა ინფორმაციის შეგროვება როგორც ოფიციალური წყაროებიდან, ისე მოქალაქეებისგან, რაც საბოლოო ხედვის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული მერიის სხვადასხვა სამსახურებიც, განსაკუთრებით არქიტექტურის სამსახური.

საზოგადოების როლი ქალაქის განვითარებაში

პროექტის საწყის ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოების ინფორმირებასა და ჩართულობას. შეხვედრები გაიმართა როგორც პროფესიულ ჯგუფებთან, ისე მოქალაქეებთან, რაც პროექტისადმი ნდობის გაზრდასა და ინფორმაციის გაცვლას უწყობდა ხელს.

საჯარო განხილვებისა და სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა კონკრეტული ტექნიკური და ურბანული საკითხები — მიწის ნაკვეთების გამოყენება, ინფრასტრუქტურა, სანაპიროს განვითარება და ტურისტული ზონების ფორმირება. განსაკუთრებით აღსანიშნავია საზოგადოების მაღალი ინტერესი, რაც გამოიხატა დეტალური კითხვებითა და აქტიური მონაწილეობით.

„საზოგადოების მხრიდან ჩართულობა მუდმივად ხდებოდა. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მიგვეღო საზოგადოებისგან ინფორმაცია, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ქალაქი და გაგვეგო მათი სურვილები. პირდაპირი კონტაქტი საზოგადოებასთან გვეხმარება საქმის კარგად გაკეთებაში. საბოლოო ჯამში, მაქსიმალურად ამოწურულია ის სურვილები, რომელიც ქალაქს გააჩნდა.“ – სტუდია 9-ის დამფუძნებელი მამუკა ჩხაიძე

ფოთის მომავალი: სანაპირო, სპორტი და ტურიზმი

გენერალური გეგმის მთავარი აქცენტი სანაპირო ზოლის განვითარებაა. მალთაყვის უბანში იგეგმება მასშტაბური საცხოვრებელი და ტურისტული განაშენიანება, რომელიც მოიცავს ასობით ჰექტარს და აერთიანებს რეკრეაციულ სივრცეებს, სპორტულ ინფრასტრუქტურასა და მაღალი კლასის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსებს.

ქალაქის სანაპიროს გასწვრივ განვითარდება უწყვეტი ბულვარი, რომელიც დააკავშირებს სხვადასხვა უბანს და შექმნის ერთიან ურბანულ ქსელს. განსაკუთრებული როლი ენიჭება ოქროს ტბას, რომელიც გადაიქცევა წყალ-სათხილამურო სპორტის მნიშვნელოვან ცენტრად.

პროექტი ასევე მოიცავს ახალი ბიზნეს ცენტრის განვითარებას, ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციას და ტურისტული სივრცეების ფორმირებას ძველი ფოთის ტერიტორიაზე. იგეგმება არსებული სტადიონის გადატანა და მის ადგილას პიაცის მოწყობა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა კუნძულის უბანში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მოიცავს იახტ-კლუბს, სამგზავრო და თევზსაჭერ პორტებს. ეს ცვლილება ფოთის ფუნქციას მნიშვნელოვნად გააფართოებს და მას ლოგისტიკურ ცენტრთან ერთად ტურისტულ და რეკრეაციულ ქალაქადაც აქცევს.

მალთაყვის ტერიტორიაზე დაგეგმილია სპორტული ჰაბის განვითარება, სადაც განთავსდება 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, სპორტული კომპლექსები, კულტურის ცენტრი, ყინულის მოედანი და სხვადასხვა ტიპის სასტუმროები. ტერიტორია მოიცავს როგორც დაბალსართულიან, ისე მაღალსართულიან განაშენიანებას, რაც სხვადასხვა ტიპის ინვესტიციებს მოიზიდავს.

საბოლოოდ, სანაპირო ზოლის განვითარება, მრავალფუნქციური ურბანული სტრუქტურა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ფოთს შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ქალაქად აქცევს.

ლითონის მომთვინიერებელი – ინტერვიუ მარიამ კარბაიასთან, რომელიც იდეას ფორმად აქცევს

პატარა ბინა ბარათაშვილის ქუჩაზე – ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი