in

კომფორტული ბინა მსუბუქი დიზაინით ჭავჭავაძის გამზირზე – სტუდია Due-ს ნამუშევარი

საცხოვრებელი ბინა, რომელიც ჭავჭავაძეზე მდებარეობს, 80 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მის დიზაინზე სტუდია Due-მ იმუშავა. პროექტი სახელწოდებით LINEAR მინიმალიზმის სამ ძირითად მახასიათებელს ეფუძნება – სუფთა ხაზები, მინიმალური დეკორი და სადა ფერთა პალიტრა. „კომფორტი საბაზისოა, განტვირთვა და პრაქტიკულობა კი ის, რაც თანამედროვე ადამიანს მის შესაქმნელად სჭირდება,” – აღნიშნავენ პროექტის ავტორები. მოცემული ინტერიერი სწორედ ამ პრინციპულ საჭიროებებს პასუხობს და მაცხოვრებლებისთვის საკმაოდ კომფორტულ გარემოს ქმნის.

ბინაში თითოეული ზედაპირი გლუვია და არცერთი მასალა არაა გამოკვეთილი, რაც ბინის საერთო ხასიათს კიდევ უფრო ჰაეროვანს ხდის. კედელში ჩასმული ალუმინის ზოლები განათებებით კი ამ სიმსუბუქეს მეტ დინამიკურობას ანიჭებს.

დიზაინერების განმარტებით, სახლის მცირე კვადრატულობამ, წინააღმდეგობის ნაცვლად, მათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა, რომ სივრცე პრაქტიკულად აეთვისებინათ. სასადილო ზონასა და სამზარეულოს შორის არსებულმა პატარა კუნძულმა ერთდროულად ტიხრისა და სათავსოების ფუნქცია შეასრულა. ხოლო ორი პასტელური ფერის – ღია და შედარებით მუქი კაკაოსფრის გადათამაშებით და ფორმების სწორხაზოვნებით, შეიქმნა საინტერესო დიზაინ სივრცე ზედმეტი გადატვირთვის გარეშე.

კონტრასტის მისაღებად და ბინისთვის მრავალფეროვანი სახის მისაცემად, სივრცეში მწვანე ფერი ინტეგრირდა მცენარეებისა და მწვანე რბილი ავეჯის სახით, რომელთაც გონება ასოციაციურად, ბუნების საწყისებთან მიჰყავს და გარემოში ჰარმონია და სიმშვიდე შემოაქვს.

რაც შეეხება გეგმარებას, ბინაში ვხვდებით გაერთიანებულ მისაღებს, სასადილოსა და სამზარეულო სივრცეს. კედლებზე გამოყენებული კრემისფერი ტონალობა და ღია ხისფერი იატაკი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის და მშვიდ, მყუდრო გარემოს აყალიბებს.

განსხვავებული აქცენტების შესაქმნელად, ყურადღება გამახვილებულია მუქი ფერთა გამის ავეჯზე, რაც საცხოვრებელს სახასიათოს სტილსა და მომხიბვლელ იერს ანიჭებს. მისაღებ სივრცეში განსაკუთრებით თვალშისაცემი დიდი ზომის მუქი, მწვანე ფერის დივანია, რომელიც მაცხოვრებლების კომფორტთან ერთად, ინტერიერის მიმზიდველობასაც უზრუნველყოფს და მას უფრო მყუდროს ხდის. კედელზე არსებულ ხის სათავსოებზე განლაგებულია სხვადასხვა დიზაინ ობიექტები და აქსესუარები. მიუხედავად მათი მცირე მოცულობისა, სწორი გეგმარების წყალობით, საკმაოდ ტევადი და კომპაქტური თაროები მიიღება და წარმოიქმნება დამატებითი ადგილი სხვადასხვა ნივთის შესანახად.

სასადილო ზონაში განთავსებულია მუქი და ღია კაკაოსფერი მაგიდა და სკამები, რომელთა სინთეზის სახით სივრცეში ელეგანტური შტრიხები შემოდის. ამავდროულად, ეს ზონა ერთგვარ კონტრასტს  ქმნის და სამზარეულოს დომინანტურ თეთრ ფერს ემიჯნება.

სამზარეულო სადა და გემოვნებიანი სტილით გამოირჩევა. მასში საინტერესოდ ინტეგრირებული ხის დეტალები კი მისაღებში განთავსებული სათავსოების დიზაინს ეხმიანება.

ბინის ერთ-ერთ მთავარ ღირსებას განათების თამაში და სანათების ორიგინალური დიზაინი წარმოადგენს. ამ მხრივ ინტერიერში არაერთი საინტერესო განათების ობიექტი გვხვდება, რომლებიც სივრცეს თანამედროვე და ტრენდულ ელფერს სძენენ.

აღსანიშნავია თეთრი დამალული კარები შავი დეტალებით, რაც სივრცეს ერთიან, ჰარმონიულ მთლიანობად აქცევს, მას მეტ სიმსუბუქეს ანიჭებს და უწყვეტი ზედაპირის ეფექტს ქმნის.

აბაზანა ბინის ერთ-ერთი ელეგანტური და დახვეწილი ნაწილია, რომელიც მდიდრულ და თანამედროვე სტილს ქმნის. ამ შემთხვევაშიც განათება წამყვან როლს თამაშობს და მას ავეჯსა და სარკის მიღმაც ვხვდებით, რაც საკმაოდ ინტიმურ, მყუდრო და სასიამოვნო გარემოს აყალიბებს. ხის დეტალები კი ბინაში არსებულ დანარჩენ ავეჯს ეხმიანება და ერთიან, მიმზიდველ სურათს განაპირობებს.

საძინებელი ოთახი არ არის გადატვირთული ავეჯითა და აქსესუარებით, რათა მაცხოვრებელმა თავი მაქსიმალურად მშვიდად იგრძნოს და დაძაბული დღის შემდეგ განტვირთვის საშუალება მიეცეთ. თეთრი ფერის მაგიდის სანათი კი განსაკუთრებულ ხიბლს სძენს გარემოს და საძინებელი ზონისთვის აუცილებელ ინტიმურ ატმოსფეროს წარმოშობს.

პროექტის ავტორების აზრით, მოცემულ პროექტს LINEAR მაცხოვრებლის საბაზისო მოთხოვნილებები დახვეწილ და პრაქტიკულ დიზაინში გადმოაქვს და ქმნის სივრცეს, რომელშიც დატვირთული დღის შემდეგ შესვლისას სიმსუბუქე იგრძნობა. ინტერიერში სადა და ღია ტონალობები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. ელეგანტურ სივრცეში დომინანტურ როლს განათება ასრულებს და ბინის ინდივიდუალურ ხასიათს განსაზღვრავს. ხის მასალებისა და გამწვანების გამოყენება კი ბუნების სიახლოვის განცდას აძლიერებს და გარემოს აჯანსაღებს. რაც მეტად მნიშვნელოვანია, ბინა საკმაოდ კომფორტულია და ის მთლიანად ერგება მაცხოვრებელთა საჭიროებებს.

პროექტის ავტორი: დიზაინ სტუდია: Due

5 ხრიკი, რომელიც სივრცის ვიზუალურად გაზრდაში დაგეხმარებათ

როდის უნდა გავარემონტოთ ახალაშენებული ბინა და რა კავშირშია შენობის “დაჯდომა”?