in ,

მიკრო სამზარეულო ძველ თბილისში – რუსუდან თუმანიშვილის მიერ შესრულებული გარდასახვა

სამზარეულო, რომელიც დღეს უნდა გაგაცნოთ, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარე სახლშია განთავსებული. სახლს თბილისური ტრადიციული სტილისთვის დამახასიათებელი რამდენიმე უპირატესობა გააჩნია – მისი კედლები აგურისგანაა დამზადებული, ჭერი კი ქალაქური ბინის კვალობაზე, შედარებით მაღალია. თუმცა მას ერთი თავისებურება გამოარჩევს, რამაც სახლის რენოვაციისას საკმაოდ დიდი გამოწვევა წარმოადგინა – სამზარეულო ძალიან პატარაა, მისი ფართი სულ რაღაც 3.6 კვადრატული მეტრია. ამ სივრცეში უნდა ჩატეულიყო სახლის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო სამზარეულოს აღჭურვილობა და სათავსოები. ამასთან ერთად, რენოვაციისას ოთახის ვიზუალური მხარეც პრიორიტეტული იყო. სწორედ ასეთი დავალება მიიღო ინტერიერის დიზაინერმა – რუსუდან თუმანიშვილმა – “მთავარი არხის” ერთ-ერთ გადაცემაში, რომელსაც ძალიან წარმატებულად გაუმკლავდა.

Banner M2
Banner M2
სამზარეულო რენოვაციამდე

რუსუდანი მიიჩნევდა, რომ სამზარეულოს მაღალი ჭერი დიდი უპირატესობა იყო, ვინაიდან სათავსოები, რომელთა არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია სამზარეულოში, სიმაღლეზე, ნიშებში განთავსდებოდა. ამასთან ერთად, ბინის რენოვაციამდე სამზარეულოში იატაკი სხვადასხვა მასალისგან იყო დამზადებული, რაც სივრცეს ვიზუალურად აპატარავებდა, ამიტომ რუსას აზრით, ეს უნდა გამოსწორებულიყო. დიზაინერმა ოთახის დიდად გამოსაჩენად ღია ფერების გამოყენება გადაწყვიტა.

სამზარეულო რენოვაციის შემდეგ

რენოვაციის პირველი ეტაპი ოთახის სრული დემონტაჟი იყო. ამ პროცესის შემდეგ დიზაინერმა სამზარეულოსთვის ფილებისა და სხვა მასალების მოძიება დაიწყო. სამზარეულოს ზომებიდან გამომდინარე, რუსას აზრით, ყველა მასალა მინიატურული უნდა ყოფილიყო, რათა საბოლოო ჯამში, ოთახი ბევრად ფართო გამოჩენილიყო, ვიდრე ის რეალურად არის. „ვიზუალი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ესთეტიკის გარდა, არსებობს საჭიროებაც“, – აღნიშნავს რუსუდანი. სამზარეულო უნდა ყოფილიყო ფუნქციონალური, სახლის მეპატრონეებს აქ კერძების მომზაება და საჭირო ნივთების განთავსება სრულფასოვნად უნდა შეძლებოდათ.

რენოვაციამდე

ოთახის დემონტაჟისას ძველი ბინისთვის დამახასიათებელი რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა. მაგალითად, იატაკის ქვეშ აღმოჩნდა ცარიელი ადგილი, რომელიც შევსებას საჭიროებდა და ორმოს მიაგავდა. ამ მოულოდნელი სიახლეების გამო დიზაინერს ოთახის გეგმარების შეცვლა მოუწია. ენერგოეფექტურობისა და კომუნიკაციების დაფარვის გამო ასევე გადაიწყვიტა ჭერის 30-40 სანტიმენტრით შემცირება. გათბობის ქვაბის შეძლებისდაგვარად დასაფარად რუსამ ნიშა გამოიყენა და მისი მილი ფანჯრის ნაცვლად გასასვლელისკენ მიმართა.

შემდეგი ეტაპი ელექტროგაყვანილობის სქემის შედგენა, მისი განაწილება და გათბობის სისტემის შერჩევა-დამონტაჟება იყო. სამზარეულოსთვის რუსამ შეარჩია პიტნისფერი, ღია აგურისფერი და თეთრი ფერები, რომელთა ნაზავი კონტრასტულ, თუმცა ჰარმონიულ ინტერიერს ქმნის. ამასთან ერთად, ოთახში განთავსდა ქვის ნიჟარა, ალუმინის კარ-ფანჯარა, კედლები შეიმოსა თაბაშირ-მუყაოს ფილებით. სამზარეულოსა და შემოსასვლელი ოთახის გასამიჯნად დიზაინერმა დეკორატიული ტიხარი გამოიყენა. სახლისთვის შეიქმნა მდფ-ის მასალის, იტალიური, ეკომეგობრული საღებავით შეღებილი სამზარეულოს ავეჯი.

სამზარეულოს თავდაპირველი და საბოლოო ვიზუალური ეფექტი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ფერთა იდილიური კომბინაციის, თანამედროვე ტექნიკის, ჭკვიანური და ეფექტური დაგეგმარების, პროექტში მცენარეების ჩართვის, ვერტიკალურად გამოყენებული სივრცისა და დიზაინერის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების შედეგად სამზარეულო დამატყვევებელი შთაბეჭდილების მომხდენია ნებისმიერ დამთვალიერებელზე.

ფოტოგრაფი: ბილი ბილიხოძე

რენოვაცია, როგორც ავეჯისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების ხელოვნება – ინტერვიუ ტასო რაზმაძესთან

“Miniforms” – იტალიური ესთეტიკის მატარებელი დახვეწილი ბრენდი