in ,

ძველებური ბინა განახლებული დიზაინით საბურთალოზე – სტუდია Function-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ეს ბინა საბურთალოზე, 1950-60-იან წლებში აშენებულ ხუთ სართულიან კორპუსში მდებარეობს და მისი რენოვაციის პროექტი არქიტექტურისა და ინტერიერის სტუდია Function-ს ეკუთვნის. სივრცე 115 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასში გვხვდება ორი საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი. ბინა გამჭოლია და მას აქვს ტერასა ეზოს მხარეს და პატარა აივანი ქუჩის მხარეს.

სახლის აშენებიდან დღემდე, როგორც ბევრმა ძველმა კორპუსმა, ამ შენობამაც სახე შეიცვალა. შესაბამისად, შეცვლილია ბინის თავდაპირველი გეგმარება. გვიანი მიშენებების შედეგად, გაჩნდა დიდი ტერასა და არასტანდარტული საცხოვრებელი ოთახები.

ბინის გეგმარება

პროექტირების პროცესში ბინა ისე გადაგეგმარდა, რომ ყველა ოთახი კომფორტულ და ფუნქციურ სივრცედ გადაკეთდა. მაგალითად, უფანჯრო სასტუმრო ოთახი, რომელიც ბინის ყველაზე დიდ ადგილს იკავებდა, რჩებოდა უსარგებლოდ, ამიტომ ახალი გეგმარების თანახმად, ის გადაიქცა სამზარეულოდ და შეუერთდა ახალ, ვიტრაჟიან მისაღებ სივრცეს. რაც შეეხება საძინებელ ოთახებს, ორივეს აქვს საკუთარი საზაფხულო ფართი,’ – გვიამბობენ დიზაინერები

სამზარეულოში, მისაღებსა და საძინებელ ოთახებში შენარჩუნებულია ხის იატაკი, რომელსაც განსხვავებული და საინტერესო წყობა აქვს, ხოლო შემოსასვლელი ოთახის და სველი წერტილის იატაკები მოპირკეთებულია ფერადი კერამიკული ფილებით.

ინტერიერში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამზარეულო სარკის ფასადით და გრძელი მაგიდით, რომელიც თავისი ზომისა და წონიდან გამომდინარე ადგილზე მოეწყო. ლითონის კარკასში ჩამოსხმულია დეკორატიული ცემენტი ბუნებრივი ქვებით.

მეტი სიმყუდროვისთვის, მისაღებ ოთახში დიდი ვიტრაჟი დაფარულია ხის ჟალუზებით. მისაღები და საძინებელი ოთახები კი ერთმანეთისგან გამოყოფილია დეკორატიული წითელი ვიტრაჟით. ინტერიერი დატვირთულია წიგნებითა და მოგზაურობის დროს შეძენილი პოსტერებით, რომელიც ბინას გამორჩეულ ხასიათს სძენს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია განათება. ბინაში ხშირად გამოყენებული სარკის ფასადები კარგად ირეკლავს მზის სხივებს, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი განათებისა და ჩრდილების ცვლილებას დღის სხვადასხვა მონაკვეთში.

ავტორების თანახმად, მოცემულ პროექტში მათი მთავარი ჩანაფიქრი იყო, რომ ძველისა და ახლის შერწყმის შედეგად, შექმნილიყო სრულიად ახალი საცხოვრებელი სივრცე, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან წარმატებულად განხორციელდა.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

 

შუშის სახლი ჩიკაგოს შემოგარენში

5 ყველაზე გავრცელებული ფერი მისაღები ოთახისთვის