in ,

ტრიპლექსი ჭერის ჰამაკით რიგის ქუჩაზე – სტუდია Function-ის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ეს უმშვენიერესი სივრცე თბილისში, რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კუთხეში მდებარეობს. ბინის საერთო ფართობი 170 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მისი ინტერიერის დიზაინზე არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია Function-მა იმუშავა.

ბინა იყოფა ორ ნაწილად: საცხოვრებელ და სტუმრების მისაღებ ზონებად. სასტუმრო ოთახი განთავსებულია შენობის გუმბათში, რომლის სიმაღლე 10 მეტრია. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, გუმბათი დაეყოთ სამ დონედ: პირველი სართული არის მისაღები ოთახი და  სამზარეულო, მეორე – სამუშაო სივრცე, ხოლო მესამე სართული – მისაღები ზონა კინოჩვენების მოსაწყობად.

მეორე და მესამე სართულებს შორის მოწყობილია ჰამაკი, რომელიც ღია სივრცეს ქმნის ჭერში და პროექტს გამორჩეულ ხასიათს სძენს.

გარდა აღნიშნული სივრცეებისა, ბინაში ასევე გვხვდება ორი საძინებელი ოთახი, მათ შორის ერთი, საკუთარი სველი წერტილითა და გარდერობით.

ბინა არის გამჭოლი და განათებულია სამი მხრიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სივრცე განებივრებულია უხვი მზის სხივებით დღის ყველა მონაკვეთში, რაც მისი ბინადრებისთვის ნამდვილად გამორჩეულ და სასიამოვნო განწყობას ქმნის.

ჩვენი მიზანი  ფართის სრულად ათვისება და საცხოვრებლად კომფორტული გარემოს შექმნა იყო, როგორც მაცხოვრებლისთვის, ასევე სტუმრებისთვის. ამ ამოცანის მისაღწევად ბინა სრულად ხელახლა დავაგეგმარეთ. დაგვჭირდა კონსტრუქტორის ჩართვა, რომელმაც ტექნიკურად გამართა ჩვენი იდეები, რის შემდეგაც საკუთარი ძალებით მოვაწყვეთ ლითონისა და ხის კონსტრუქცია,” – გვიამბობენ სტუდია Function-ის წარმომადგენლები.

გამომდინარე იქიდან, რომ ბინის დიდ ნაწილში მოწყობილია იატაკის გათბობა, დიზაინერებმა მოსაპირკეთებლად ყველაზე გამართლებულ ვარიანტად ბეტონის დასხმა მიიჩნიეს. ბეტონისგან და ლითონის კონსტრუქციისგან შექმნილი ბრუტალური სივრცის გასახალისებლად კი მათ  ფერები, ხის ტექსტურა და გამწვანება გამოიყენეს.

რაც შეეხება ავეჯს, მისი დიდი ნაწილი საქართველოშია დამზადებული, ნაწილი კი – ჩამოტანილია ინდონეზიიდან, რაც სივრცეს საინტერესო ხასიათს სძენს. ინტერიერში ასევე ვხვდებით რესტავრირებულ ძველ ავეჯს, რომელიც კარგად ერგება არსებულ გარემოს.

პროექტის ავტორების თანახმად, საბოლოო ჯამში, მათ ყველა ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელება შეძლეს, რის შედეგადაც შეიქმნა კომფორტული, ნათელი და კარგად დასამახსოვრებელი ინტერიერი მკაცრად განსზღვრული ფუნქციური ზონებით, რომლებიც იდეალურად ერგება როგორც ოჯახის წევრების, ასევე სტუმრების საჭიროებებს.

არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია: Function

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

ინტერიერის დიზაინის არქიტექტურული მნიშვნელობა

როგორი იქნებოდა სახლი, რომელშიც სიამოვნებით იცხოვრებდით?