in

ინტერიერის დიზაინის არქიტექტურული მნიშვნელობა

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი არსებითად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ნებისმიერ წარმატებულ პროექტში, ეს ორი დისციპლინა ჰარმონიულად მუშაობს. მაშინ, რატომ არსებობს ამ ორ სფეროს შორის ფარული მეტოქეობა?

No. 9 Rhapsody, 9 studio design group-ის ნამუშევარი, ჩინეთი, მე-8 წლიური A+ ჯილდოს ფინალისტი მცირე ოფისის ინტერიერის კატეოგირიაში

საქმე იმაშია, რომ ინტერიერის დიზაინერები და არქიტექტორები ათწლეულების (თუ საუკუნეების არა) განმავლობაში დიზაინის „წესების“ შესახებ კამათობენ და თითოეული თავის სისწორეშია დარწმუნებული. თუმცა, როგორც არქიტექტორები, ასევე ინტერიერის დიზაინერები, საბოლოოდ იწყებენ იმის აღიარებას, რომ ეს ორი სფერო, ჰარმონიული მოქმედებით, საოცარ შედეგებს აღწევს. დიდი არქიტექტურა ამაღლებს ინტერიერს, ხოლო დახვეწილი ინტერიერი აძლიერებს ჩაფიქრებულ არქიტექტურას.

Nil Dos House, Valentí Albareda Studio-ის ნამუშევარი, ესპანეთი, მე-9 წლიური A+ ჯილდოს პოპულარული არჩევანის გამარჯვებული მცირე საცხოვრებელი ინტერიერის კატეგორიაში

ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკას არ გულისხმობს. ტექნოლოგიების წყალობით, ბოლო წლებში ინტერიერის დიზაინის ფსიქოლოგიური ასპექტები უფრო ღრმად იქნა გამოკვლეული. ფუნქციურად წარმატებული სივრცეების შექმნაში ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის სტრატეგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. სხვადასხვა ინდუსტრიები და ინდივიდები ინტერიერის დიზაინერებს მიმართავენ იმისთვის, რომ, დიზაინის სტრატეგიების შედგენისას, საზოგადოების ჯანმრთელობისა და ბედნიერების მრავალი საკითხი გადაწყვიტონ. აქ გათვალისწინებულია ისეთი საკითხები, როგორიც არის, მაგალითად, მუშაობისთვის საჭირო განათების ოპტიმალური დონე ან შესაბამისი აკუსტიკის შექმნით შფოთვის შემცირება. ადამიანის ქცევის კვლევის წყალობით, ინტერიერის დიზაინის სფერო ჩამოყალიბდა დისციპლინად, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე და იმაზე, თუ რა გრძნობებს აღძრავს ჩვენში სივრცე.

ტექნოლოგიური მიღწევების წყალობით, ინტერიერის დიზაინის ფსიქოლოგია გახდა ნიუანსი, რომელიც არა მხოლოდ ინტერიერის დიზაინის ბრწყინვალე სტრატეგიას, არამედ თავიდანვე განსაკუთრებულ არქიტექტურულ მიდგომას მოითხოვს. წარსულში, საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ ორ მონათესავე დისციპლინას დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდნენ. თითოეულს აქვს საკუთარი – ხშირად წინააღმდეგობრივი მიზნები, თუმცა ერთი მეორეს გარეშე ვერ იარსებებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სფეროს წარმომადგენლებმა მეორის მნიშვნელობა გააცნობიერონ.

Xapo ბანკის სათავო ოფისი, Lagranja Design-ის ნამუშევარი, გიბრალტარი, მე-9 წლიური A+ ჯილდოს პოპულარული არჩევანის გამარჯვებული მცირე ოფისის ინტერიერის კატეგორიაში

საბედნიეროდ, პრაქტიკაში ვხედავთ გაერთიანებული დისციპლინების სტუდიების მნიშვნელოვან ზრდას. მსხვილ ფირმებსა თუ პატარა ოფისებში, დიზაინერების დივერსიფიცირებული გუნდი, რომელსაც პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე ოპერირება შეუძლია, სწრაფად იქცა უპირატეს მოდელად.

ასეთი მიდგომით მუშაობამ შესაძლებელი გახადა ცოდნის გაზიარება და დისციპლინებს შორის არსებული ბარიერების მოშლა, რის შედეგადაც, ამ ორი სფეროს წარმომადგენლებს შორის უკეთესი ურთიერთობების განვითარებას ჩაეყარა საფუძველი. შეიქმნა გამორჩეული პროექტები და ინტერიერის დიზაინერებს მიეცათ შესაძლებლობა, შეარყიონ წინასწარ ჩამოყალიბებული მცდარი წარმოდგენები, რომ მათი საქმიანობა, თითქოს, მხოლოდ ფარდებისა და ბალიშების შერჩევით შემოიფარგლება. მათ მიიღეს ის პატივისცემა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

 

წყარო: architizer

Kariouk Architects-ის გარემოსდაცვითი პროექტი – m.o.r.e.

ტრიპლექსი ჭერის ჰამაკით რიგის ქუჩაზე – სტუდია Function-ის ნამუშევარი