in

მარსელ ბროიერის საკულტო ნამუშევარი — სკამი Wassily

მარსელ ბროიერმა მსოფლიოში უამრავი ადამიანი მოხიბლა თავისი შესანიშნავი არქიტექტურით, (მათ შორის არის Whitney Museum of American Art ნიუ-იორკში) და, რა თქმა უნდა, საკულტო ავეჯით.

სკამი Wassily (B3), როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, 1928 წელს არის შექმნილი და მარსელის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად დიზაინს წარმოადგენს. მოდელის თავდაპირველი ვერსია ტილოსა და ფოლადისგან იყო დამზადებული ისევე, როგორც მარსელის ბევრი სკამი. Wassily-ის დიდება არ გამქრალა მას შემდეგ, რაც ის Thonet-მა პირველად გამოუშვა. როგორც თავად ავტორმა აღნიშნა, ეს იყო მისი „ყველაზე ექსტრემალური, ნაკლებად მხატვრული, ყველაზე ლოგიკური, ნაკლებად მყუდრო და ყველაზე მექანიკური ნამუშევარი“.

მიუხედავად ამ საკმაოდ მკაცრი აღწერილობისა, Wassily მაინც XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი იყო. ბევრი წყარო ირწმუნება, რომ ეს მოდელი შთაგონებული იყო რუსი მოდერნისტი მხატვრის, აბსტრაქციზმის პიონერის — ვასილი კანდინსკის მიერ, რომელიც გერმანიის ბაუჰაუსის სკოლაში მარსელთან ერთად ასწავლიდა. სკამის დასრულებიდან მალევე ასლი აღმოჩნდა კანდინსკის მოდერნისტულ სახლში, დესაუში, ბაუჰაუსის სკოლის კამპუსში, რომელიც სკოლის დამფუძნებელმა — არქიტექტორმა ვოლტერ გროპიუსმა დააპროექტა.

1920-იან და 30-იან წლებში მაღალი საზურგის მქონე პოპულარული ინგლისური სავარძლებისგან განსხვავებით, Wassily, ან Club Chair, როგორც მას ასევე უწოდებენ, შიგთავსს არ შეიცავს. ერთადერთი ქსოვილი იყო სელი, რომელიც მისი საყრდენებისთვის გამოიყენებოდა.

Wassily-ის იდეა მარსელს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თავისი ველოსიპედის სახელურს დახედა. ფოლადის მილისებური სახელურები მსუბუქი და ელასტიკური, თუმცა ასევე ძალიან ძლიერი იყო. საბოლოოდ Wassily-ის ორი ვერსია შეიქმნა — დასაკეცი და ფიქსირებული. ახლა ამ მოდელში ერთმანეთთან შერწყმულია ლითონი და ტყავი, ის არქიტექტორებსა და დიზაინერებს შორის პოპულარულ არჩევანს წარმოადგენს.

ინტერიერის დიზაინერი — ლუსი მარჩიკის ბაბუა ბრიტანეთის ველოსიპედისტთა გუნდის კაპიტანი იყო მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე, მოგვიანებით მან ველოსიპედების მწარმოებელი კომპანია დააარსა. დიზაინერი იხსენებს, რომ Wasilly პირველად თინეიჯერობის ასაკში ნახა, როდესაც ბაბუის კაბინეტში შევიდა. თუმცა მან იმ დროს არ იცოდა, ვინ დააპროექტა ეს მოდელი ან რა იყო ავტორის შთაგონება. ლუსის თქმით, ეს სკამი მისი ყველა დროის ფავორიტია. იგი ამბობს, რომ სკამი მოდერნისტული მოძრაობის სინონიმად იქცა. ინტერიერის დიზაინერის თქმით, Wasilly, კუთხოვანი ფორმის მიუხედავად, ძალიან კომფორტულია.

მარსელ ბროიერი

როდესაც მარსელ ბროიერმა 1937 წელს ვოლტერ გროპიუსის მოწვევით ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა, მისი არქიტექტურისა და ავეჯის აღიარება ექსპონენციურად გაიზარდა. როგორც ბევრი საკულტო დიზაინი, რომელიც გამოშვების დროს რევოლუციურად გამოიყურებოდა , Wassily Chair რჩება ჭეშმარიტად თანამედროვე დიზაინად, მიუხედავად იმისა, რომ ის 100 წლის იუბილეს უახლოვდება.

შექმენი შენი ოცნების სააბაზანო VitrA Georgia-სა და Merlons-თან ერთად

როგორ დავმალო ტელევიზორი მისაღებ ოთახში — რამდენიმე ჭკვიანური იდეა