in

ეილინ გრეი: ინდუსტრიული დიზაინის ლეგენდა

ეილინ გრეი 1878 წელს ირლანდიაში დაიბადა. მან სამხატვრო განათლება ჯერ ლონდონში, შემდეგ კი პარიზში მიიღო, ამ უკანასკნელში კი მან ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა.

2009 წელს Christie’s აუქციონზე Yves Saint Laurent-ის და Pierre Berger-ის კოლექცია გაიყიდა. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ლოტი ეილინ გრეის სავარძელი Dragons იყო. ის $28 მილიონად გაიყიდა – XX საუკუნის ავეჯისთვის ასეთი თანხა აქამდე არავის გადაუხდია. ხისგან და ტყავისგან დამზადებული სავარძელი, კრიტიკოსების აზრით, უფრო სიმბოლისტურ სკულპტურას ჰგავს, ვიდრე ინტერიერისთვის განკუთვნილ ნივთს. გრეიმ მის დამზადებას ორი წელი მოანდომა.

სავარძელი Dragons
სავარძლები Bibendum

გრეი შეძლებული ოჯახიდან იყო და ეს მდგომარეობა მას თავისუფლებით უზრუნველყოფდა. იგი ბევრს მუშაობდა, მაგრამ მისი თვითმიზანი შემოსავლის გამომუშავება არ იყო.

თუმცა, 20 წლის ასაკში მან სწავლა ლონდონის ხელოვნების სკოლაში – Slade-ში დაიწყო. ეს საგანმანათლებლო დაწესებულება მაღალ საზოგადოებაში არც თუ ისე ღირსეული რეპუტაციით სარგებლობდა, რადგან იქ ქალები და კაცები ერთად სწავლობდნენ.

1902 წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში გაემგზავრა და სამუდამოდ იქ დარჩა. ხატვაში დახელოვნების დროს ეილინის მიზანი მხატვრობა არ ყოფილა, თუმცა იმ დროს ქალებს დიზაინსა და არქიტექტურას არ ასწავლიდნენ.

ეილინ გრეი საკუთარ ბინაში ბონაპარტის ქუჩაზე, გადაღებულია 1970 წელს

მან ავეჯის დამზადება თავისით, ყოველგვარი სპეციალური განათლების გარეშე დაიწყო. ჯერ კიდევ ლონდონში ყოფნისას ის შორეული აღმოსავლური ლაქირების ტექნიკის შესწავლით დაინტერესდა: იგი ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში მასტერკლასებს დაესწრო. პარიზში მან იაპონელი ოსტატი – ლაქი სეიზო სუგავარა გაიცნო და მასთან ერთად საერთო სახელოსნოც კი გახსნა.

1913 წელს, Salon des Arts Décoratifs-ში გამოფენილი გრეის ნამუშევრებმა ჟაკ დუკეტის – მოდის დიდებული დიზაინერის ყურადღება მიიპყრო. მან ეილინისგან რამდენიმე ნივთი შეიძინა და მის შემდეგ დიზაინერის შემოქმედებით პარიზის ბომონდის სხვა წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ.

მალე გრეიმ პოპულარობა მოიპოვა, როგორც ექსტრავაგანტურმა ექსცენტრიკოსმა. მაგრამ მას არ აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ სხვები მასზე. სანამ საფრანგეთი არტ დეკოზე გიჟდებოდა, გრეი უკვე მოდერნიზმზე ფიქრობდა. 1919 წელს პარიზელმა მილიონერმა – მატიე ლევიმ თავისი ბინის გაფორმება გრეის დაავალა.

მატიე ლევის აპარტამენტები დე ლოტას ქუჩაზე

ეილინმა ინტერიერი ნულიდან პირველად შექმნა. ხუთწლიანი მუშაობა ტრიუმფით დაგვირგვინდა: რადიკალურმა და ექსტრავაგანტურმა ინტერიერმა, რომელიც უმცირეს დეტალებამდე იყო გააზრებული, მაღალი საზოგადოება დაიპყრო. მის შესახებ Times და Guardian წერდა.

წარმატებით შთაგონებულმა გრეიმ თავის შეყვარებულთან – რუმინელ არქიტექტორთან და კრიტიკოსთან – ჟან ბადოვიჩთან ერთად მაღაზია Galerie Jean Désert გახსნა. მაგრამ იქ წარმოდგენილი ავეჯი კარგად არ იყიდებოდა, მეორე მხრივ, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალიჩები აბსტრაქტული ნახატებით. გრეიმ მათ დასამზადებლად სახელოსნო ჯერ კიდევ 1909 წელს თავის ამერიკელ მეგობართან – ეველინ უაილდთან ერთად გახსნა. ისინი ჩრდილოეთ აფრიკაში ერთად გაემგზავრნენ და იქ ხალიჩების ქსოვის გაკვეთილები გაიარეს.

ხალიჩა Castellar, 1925–1937 წწ., ახლა ხელახლა უშვებს Classicon

1920-იანი წლების დასაწყისში გრეიმ დაამზადა მრავალი შირმა, რომელიც ლაქირებული მბრუნავი ბლოკებისგან შედგებოდა. ასე რომ, მან ფუნდამენტურად ახალი ავეჯი შექმნა – „გარდამავალი ბმული“ ავეჯიდან არქიტექტურამდე. „შირმები იყო ჩემი პროტესტის ფორმა არტ დეკოს წინააღმდეგ“ – თქვა მან მოგვიანებით. 1920-იანი წლების შუა პერიოდისთვის ის უკვე ამზადებდა ავეჯს ძირითადად საკუთარი თავისთვის და მისი შემოქმედების დამფასებლებისთვის.

ბადოვიჩთან ერთად მან როკბრუნში საკუთარი სახლის – ვილა E1027-ის შენება დაიწყო. არქიტექტურაში გამოუცდელმა გრეიმ ინტუიციურად მოდერნისტული ესთეტიკის მოდელი შექმნა.

ინტერიერში ყველაფერი პატარა დეტალებამდე იყო გააზრებული: ჩაშენებული თაროები და კარადები, გასაშლელი მაგიდები, მბრუნავი სარკეები, შირმები და ა. შ. გრეი სიმბოლიზმით აღარ იყო გატაცებული – მოხერხებულობაზე და მრავალმხრივობაზე ფიქრობდა.

1932 წელს იგი სახლიდან წავიდა – თან მხოლოდ ტანსაცმელი და მაგიდა E1027 წაიღო. შემდეგ მან კიდევ ერთი ვილა Tempe à Pailla მენტონში ააშენა.

Tempe à Pailla

როდესაც ომის შემდეგ გრეი საფრანგეთში დაბრუნდა, გაირკვა, რომ მისი სახლები და ბინები გაძარცვული იყო, მისი შემოქმედების დიდი ნაწილი კი – განადგურებული. იგი მშვიდად ცხოვრობდა მანამ, სანამ 1968 წელს არქიტექტურის ცნობილი ისტორიკოსი – ჯოზეფ რიკვერტი მის შესახებ სტატიას დაწერდა. დაიწყო გამოფენები, გრეის მოსაწვევები მოსდიოდა, ნივთები აუქციონზე გამოჩნდა. თუმცა ეილინი, რომელიც უკვე 90 წელს იყო გადაცილებული, ამ აურზაურს თავისი ჩვეული არისტოკრატული გულგრილობით შეხვდა. აუქციონებზე დამყარებული რეკორდები მას არ აღელვებდა – გრეიმ საკუთარი თავის ფასი კარგად იცოდა.

ხალიჩა St. Tropez

ტორშერი Roattino, რომელიც ეილინ გრეის მიერ ჯერ კიდევ 1931 წელს შეიქმნა, თანამედროვე დიზაინის ობიექტების ფონზე არ იკარგება

ერთ სართულიანი თანამედროვე სახლი მუხათწყაროში – სალომე გოგიჩაიშვილის ნამუშევარი

6 კომპანია თბილისში, სადაც ხის ავეჯს დაგიმზადებენ