in

10 საკულტო სკამი, რომელთა შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

ყველა დიზაინერი გადის სკამის დიზაინის გამოცდას და მისი ჩაბარება შეიძლება ბევრად უფრო რთული იყოს, ვიდრე რაიმე სხვა ობიექტის შექმნა, რადგან ახალი სკამის შექმნა ველოსიპედის ხელახლა გამოგონებას ჰგავს. სკამი თითოეული ჩვენგანის სახლში უბრალო, მაქსიმალურად ფუნქციონალური ნივთია. თუ ის მოუხერხებელი ან არაპრაქტიკულია, სილამაზე ამ ნაკლს ვერ გადაფარავს.

ერთ კაფეში (ეს იყო კაფეტერია მილანის ტრიენალეს მუზეუმში) ყველა ცნობილი სკამი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა დიზაინერების მიერ შეიქმნა, ერთ ოთახში შეაგროვეს. ვიზიტორებს შეეძლოთ თითოეულ მათგანზე დასხდომა, მათი შეფასება და შედარება. ასე რომ, სწრაფად გაირკვა, რომ ზოგიერთი სკამი მართლაც ერგონომიული და კომფორტულია, ზოგიერთი მოდელის შემქმნელმა კი სილამაზეს მსხვერპლად პრაქტიკულობა შესწირა.

დღეს 10 საკულტო სკამს შემოგთავაზებთ. ისინი დიზაინის ისტორიის ყველა სახელმძღვანელოშია შეტანილი, მათი საიმედოობა, ხარისხი და ფუნქციურობა კი დროში გამოცდილია (ასევე, ამ მოდელების ყალბ ვერსიებს ყველაზე ხშირად შეხვდებით).

სკამი Vienna – მიხაილ ტონეტი

არ არსებობს სხვა მასობრივი წარმოების პროდუქტი, რომელიც 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უცვლელად იწარმოება. ამიტომ, ეს მოდელი ჩვენს მიმოხილვაში პირველ ადგილს სამართლიანად იკავებს. იგი გერმანელმა ავეჯის მწარმოებელმა – მიხაილ ტონეტმა გამოიგონა. 1850 წელს 400 აბსოლუტურად იდენტური სკამისგან შემდგარი პირველი პარტია სახელწოდებით Model No1 მომხმარებელს ბუდაპეშტში გაუგზავნეს. 1859 წელს კი ტონეტის სკამებიდან ყველაზე ცნობილი მოდელი – No14 გამოჩნდა. ტონეტის ავეჯი არა მხოლოდ ყველაზე მსუბუქი და იაფი იყო მსოფლიო ბაზარზე, არამედ ყველაზე გამძლეც – ტონეტის სკამი ეიფელის კოშკიდან ჩამოვარდნის შემდეგაც კი უვნებელი გადარჩა.

სკამი Wishbone – ჰანს ვეგნერი

1943 წელს ვეგნერმა მუზეუმში მინგის ეპოქის ჩინური სკამი ნახა. მას ეს სკამი ისე შეუყვარდა, რომ სრულიად შეისწავლა ის და მის მოტივებზე შვიდი განსხვავებული მოდელი შექმნა. ერთ-ერთი მათგანია ცნობილი სკამი Wishbone, რომელსაც 1950 წლიდან Carl Hansen & Søn აწარმოებდა. სახელწოდება „Wishbone“ ფრინველის მკერდის ძვალს ნიშნავს. ეს დიზაინი არა მხოლოდ ორიგინალურად გამოიყურება, არამედ სტრუქტურის საიმედოობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

ჩარლზ და რეი იმსების პლასტმასის სკამი – DSW

მოდელის “DSW” (Dining (D) height, Side (S) chair, on Wood (W) base)დებიუტი 1948 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიერ ორგანიზებულ იაფი ავეჯის დიზაინის კონკურსის ფარგლებში შედგა. ეს იყო ისტორიაში პირველი პლასტმასის სკამი, რომელიც მასობრივად იწარმოებოდა. სავარძლის მთავარი ნაწილი დღესდღეობით პოლიპროპილენისგან მზადდება, სადგამი კი ნეკერჩხლისგან. მოდელი ბევრი ფერისაა და მისი საბავშვო ვერსიაც კი არსებობს.

ორიგინალ DSW-ს ახლა აწარმოებს მხოლოდ შვეიცარიული ბრენდი – Vitra, რომელმაც ევროპაში მისი ხელახალი გამოშვების უფლება ამერიკული ბრენდისგან – Herman Miller-ისგან შეიძინა.

სკამი Panton – ვერნერ პანტონი

ვერნერ პანტონის მიერ შექმნილი სკამი Panton უდავოდ XX საუკუნის სახეა (ისევე, როგორც იმსების DSW, ეს მოდელიც მსოფლიოში ყველაზე ხშირად ყალბდება). დიზაინერმა მასზე მუშაობა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 1960 წელს გამოჩდნენ ენთუზიასტები – მამა-შვილი ვილი და როლფ ფელბაუმები Vitra-დან, რომლებიც რევოლუციური მოდელის მასობრივ წარმოებაში ჩასაშვებად მზად აღმოჩნდნენ.

სკამი Series 7 – არნე იაკობსენი

ეს შესანიშნავი სკამი, რომელიც დანიური დიზაინის პიონერის – არნე იაკობსენის მიერ შეიქმნა, 1955 წლიდან დღემდე Fritz Hansen-ის ავეჯის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მოდელად ითვლება. Series 7 სკამის სხვადასხვა ფერის ვერსიები არსებობს, რაც მას ნებისმიერი ტიპის ინტერიერისთვის თითქმის უნივერსალურ გადაწყვეტად აქცევს.

თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე სკამი სხვადასხვა სახის შემოქმედებით ინტერპრეტაციას არაერთხელ დაექვემდებარა. მაგალითად, ირანში დაბადებულმა გერმანელმა დიზაინერმა – ლეილა პიედაეშმა, ტანსაცმლის ბრენდის – Lala Berlin-ის დამფუძნებელმა, 2017 წელს საკულტო მოდელს ხავერდის მასალა გადააკრა.

სკამი Louis Ghost – ფილიპ სტარკი

Louis Ghost, რომელიც 2000 წელს ფილიპ სტარკმა Kartell-ისთვის შექმნა, მაღალტექნოლოგიური ინოვაციებისა და ისტორიული სტილის პოსტმოდერნული ტრიუმფია. აქ სრულად ვლინდება სტარკის ცნობილი ირონია: გამჭვირვალე პოლიკარბონატისგან დამზადებული ობიექტი არის ლუი XV-ის სტილის კლასიკური პომპეზური სავარძლის პლასტმასის, დაბალბიუჯეტიანი ვერსია. მოდელი არანაკლებ ელეგანტურად გამოიყურება, მაგრამ პროტოტიპისგან განსხვავებით, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შიდა, ასევე, გარე სივრცეში. Louis Ghost არის მარტივი და ბრწყინვალე, ისევე როგორც ყველაფერი, რასაც სტარკი ქმნის.

სკამი 69 – ალვარ აალტო

1935 წელს შექმნილი სკამი 69 ალვარ აალტოს 1933 წლის საკულტო სამფეხა სკამის – Stool 60-ის პირდაპირი მემკვიდრეა, რომელიც დღემდე ფინური ბრენდის – Artek-ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია. 1920-იანი წლების ბოლოს აალტომ დაგრეხილი არყის ხის მასალით ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო, რამაც ავეჯის წარმოების უნიკალური პროცესის განვითარება გამოიწვია. მისი დახმარებით 50-ზე მეტი სხვადასხვა სახის ავეჯი შეიქმნა.

სკამი Tulip – ეერო სარინენი

ეერო სარინენის მიერ შექმნილი სკამი მოდერნიზმის ნიმუშია. მოდელი 1950-იანი წლების შუა პერიოდით თარიღდება. დიზაინერმა სადგამის ჩვეულებრივ ფორმაზე უარი თქვა და იგი გამარტივებული დიზაინით შეცვალა, რადგან სჯეროდა, რომ ის უფრო კომფორტული და ლამაზი იყო. ახლა, როგორც 1950-იან წლებში, სკამი Knoll-ის ბრენდის მიერ იწარმოება.

სკამი Tolixხავიერ პოჩარდი

ეს ლითონის სკამი დღეს შეგიძლიათ მსოფლიოს ყოველ მეათე საჯარო დაწესებულებაში იხილოთ. თუმცა, საყოველთაო პოპულარობისკენ მისი გზა გრძელი იყო. იგი შექმნა არა დიზაინერმა, არამედ ოსტატმა ექსპერიმენტატორმა – ხავიერ პოჩარდმა. XX საუკუნის დასაწყისში იგი რკინის გალვანიზაციის იდეით დაინტერესდა, მაგრამ მის განხორციელებას თითქმის 20 წელი დასჭირდა. 1930-იანი წლების ბოლოს მან კომპანია Tolix დააარსა და ადამიანებისთვის სხვადასხვა პროდუქციის წარმოება დაიწყო – დაწყებული ჩანგლებით, დამთავრებული ავეჯით. 1934 წელს A სერიის პირველი გალვანიზებული სკამი შეიქმნა. ლეგენდის თანახმად, ბრენდის წარმატება ტრანსატლანტიკური ლაინერისთვის („ნორმანდია“) განკუთვნილი შეკვეთის შემდეგ მოვიდა. გემის დაბრუნების შემდეგ პოჩარდის სკამები უკვე ოკეანის ორივე მხარეს იყო ცნობილი. სკამის მთავარი კლიენტები იყო და არის კაფეები, ბისტროები და ბარები. მოდელი ჯერ კიდევ ხელით მზადდება – მის შესაქმნელად 100-ზე მეტი სხვადასხვა მანიპულაციაა საჭირო.

სკამი Wiggle Side – ფრენკ გერი

ცნობილი სინუსოიდური სკამის ავტორი არის კანადელი არქიტექტორი ფრენკ გერი, რომელიც 1989 წელს პრიცკერის პრემიის ლაურეატი გახდა. 1972 წელს, პლასტმასის ალტერნატივის სახით, მუყაოს ავეჯზე მუშაობა დაიწყო, რომელიც მოგვიანებით სრულფასოვან Easy Edges სერიაში გადაიზარდა. არქიტექტორს უჩვეულო მასალებთან მუშაობისკენ მის ოფისთან ახლოს გადაყრილ სამრეწველო შეფუთვების გროვამ უბიძგა. მათი გამოყენებით ავტორი არქიტექტურულ მოდელებს ქმნიდა. რაც შეეხება Wiggle Side-ს, მიუხედავად ვიზუალური სიმსუბუქისა, ძლიერი და საიმედო დიზაინი ზრდასრული ადამიანის წონას ადვილად უძლებს. ლეგენდარული მოდელი Vitra-ს ქარხანაში მზადდება.

ტური ბრაის დალას ჰოვარდის ლოს-ანჯელესურ სახლში

როგორ ცხოვრობენ რიგითი სკანდინავიელები: შვედური ინტერიერის რამდენიმე შთამაგონებელი მაგალითი – #Homeisინსპირაცია