სინათლე, როგორც დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, „SHRE Studio“-მ ახალი ფორმით გააცოცხლა და შექმნა სანათის დიზაინი სახელწოდებით “Moono”, რომელიც არამარტო ფუნქციურია, არამედ სივრცეს განსაკუთრებულ განწყობას სძენს. ინოვაციური სანათი, რომელიც 2 წლის მანძილზე იქმნებოდა, ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ მექანიკურად შეუცვალონ მას დიზაინი და განათების ინტენსივობა. ახალი დიზაინის კონცეფციაზე, იდეის განვითარებასა და შემოქმედებით პროცესზე დღეს „SHRE Studio“-ს თანადამფუძნებელი, დიზაინერი და იდეის ავტორი, ივა მაზმანიშვილი გვესაუბრება.
როგორ გაჩნდა Moono-ს სანათის დიზაინის იდეა?
ინტერიერი არის სივრცე, რომელიც მუდმივად გვთავაზობს განვითარების ახალ შესაძლებლობებს. მიუხედავად ბაზრის მრავალფეროვნებისა, ყოველთვის რჩება ადგილი ნივთებისთვის, რომლებიც ჯერ არავის შეუქმნია. Moono სწორედ ასეთი თავისუფალი სივრციდან დაიბადა.
ვფიქრობ, იდეები ხშირად არა თანმიმდევრულად, არამედ იმპულსურად და ინტუიციურად იბადება. როგორც ფილმის ბოლო კადრი ავლენს მის მთლიან შინაარსს, ისე პირველად სანათის ბოლო ფორმა დავინახეთ და აქედან დაიწყო ყველაფერი. ასე გაჩნდა Moono: სლაიდური სანათი, რომლის ფორმაც და სახელიც მთვარის ცვალებად ბუნებას ეხმიანება.
ქვედა ხის მოძრავი ელემენტი სხვადასხვა მიმართულებით შუქს აირეკლავს და სანათის ვიზუალს ცვლის, რაც მას არა მხოლოდ ფუნქციურ, არამედ არტ ობიექტადაც აქცევს.
პროექტზე ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. შევქმენით არაერთი პროტოტიპი, ვცდიდით მასალებს და წარმოების გზებს, რათა შეგვექმნა ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი და ქართული პროდუქტი, რომელსაც გლობალური პოტენციალი ექნებოდა.
რა იყო მთავარი შთაგონება დიზაინის შექმნისას?
შთაგონებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გონება იყოს კონცენტრირებული შექმნის პროცესზე. შემდეგ საჭიროა გონების სიმშვიდე და მომენტის დაჭერა. საკმარისია, იდეის მცირე ფრაგმენტი დაინახო, რომ იდეა თავად შეისხამს ფრთებს.
იდეები მუდამ პატარა ფრაგმენტებად მოდის.. მნიშვნელოვანია თუ რამდენად განვითარებულია თვალი და აღქმის სიღრმე, რომ მარტივად მოხდეს სინთეზი, საიდანაც იბადება ნამდვილად ახალი ქმნილებები.
Moono სწორედ ასეთი სინთეზია: ფუნქციური, ცვალებადი, ინტუიციური. მას შეუძლია იყოს სამუშაო მაგიდის სანათი ან სივრცის მთავარი შუქის ფორმა — ყველაფერი დამოკიდებულია მის ცვალებადობაზე და ადამიანის საჭიროებაზე.. Moono არ არის მხოლოდ დიზაინ პროდუქტი — ის გამოცდილებაა, რომელიც შენთან ერთად ცოცხლდება და ახალ ფორმებს იძენს.
დიზაინის პროცესის დასაწყისში როგორ ხედავდით ამ ობიექტს და რამდენად შეიცვალა კონცეფცია საბოლოო ეტაპზე?
Moono-ს ძირითადი იდეა თავიდანვე მკაფიო იყო და პროცესში არსებითად არ შეცვლილა. ცვლილებები შეეხო მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზებს: გზადაგზა აღმოჩენილ გამოწვევებს ახალი დიზაინ გადაწყვეტებით ვუპასუხეთ. მაგალითად, დამრგვალებული დაბოლოებებით არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ტექნიკური სირთულეებიც გადაიჭრა.
ასევე საინტერესოა სლაიდური მექანიზმი — მის გამართულად მუშაობასა და დიზაინის სილამაზეს შორის სწორი ბალანსი მუდმივ შრომას ითხოვდა. აუცილებელი იყო, რომ დიზაინის ესთეტიკური მხარე არ დაკარგულიყო ტექნიკური შეზღუდვების გამო. საბოლოოდ, ტექნიკურ და შემოქმედებით პროცესებს შორის დაბალანსებულმა ურთიერთქმედებამ პროდუქტს სრულყოფილი სახე მისცა.
როგორია Moono-ს ვიზუალური და ტექნიკური მახასიათებლები?
Moono-ი ტექნიკურად საკმაოდ რთული მექანიზმია, რადგან მისი კონსტრუქცია მთლიანად ხის მასალაშია შესრულებული. ხეს ბუნებრივად ახასიათებს შეკუმშვა და გაფართოება, რაც სლაიდურ მექანიზმში ცდომილებებს იწვევდა. მინიმალური გადახრის შემთხვევაშიც კი, იჭედებოდა და გარკვეულწილად, საფრთხეს უქმნიდა მთელ კონცეფციას.
გამოსავლის ძიების პროცესში შევიმუშავეთ ხის ლამინირების სპეციალური მეთოდი. ეს არის რთული და ხანგრძლივი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს ხის სტაბილურობას. პროცესი მოიცავს ბუნებრივად გამომშრალი მუხისა და კაკლის მასალის დამატებით გამოშრობას მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში, ტენიანობის შემოწმებას, 1 სმ სისქის ზოლებად დაჭრას, მათი ფენობრივად შეკვრას და საბოლოო ფორმის მიცემას. ყოველი ეტაპი ითვალისწინებს ზედმიწევნით კონტროლს ხის დაჭიმულობასა და სტაბილურობაზე.
საბოლოოდ, პროდუქტი არის მაღალი ხარისხის შინაარსობრივი ნაკეთობა, რომელშიც თითოეული დეტალი ორი წლის განმავლობაში იხვეწებოდა, რამაც მიგვიყვანა საუკეთესო შედეგამდე. Moono 2 ზომაშია ხელმისაწვდომი. ესენია 111 და 88 სანტიმეტრიანი სიგრძის მოდელები, რომელიც სიგრძეში სურვილისამებრ შეგვიძლია გავზარდოთ.
როგორ ურთიერთქმედებს ეს სანათი სივრცესთან – იყო თუ არა გათვალისწინებული კონკრეტული ტიპის ინტერიერი მისი დიზაინისას?
Moono-ს დიზაინი, რომელიც ორი ელემენტის კომბინაციას ეფუძნება, განკუთვნილია იყოს ცვალებადი და ადაპტირებადი სხვადასხვა ტიპის სივრცეებისთვის. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა უნივერსალური და ამავდროულად განსაკუთრებული პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა სტილისა და ხასიათის ინტერიერში ჰარმონიულად დაიმკვიდრებს საკუთარ ადგილს.
ამ ეტაპზე წარმოდგენილია რამდენიმე ფერისა და მასალის კომბინაცია: მუხა, კაკალი და მათი დამუშავებული ვერსიები. მომავალში კი ვგეგმავთ ახალი ფორმებისა და მასალების დამატებას, რომელთა რენდერებიც უკვე მზადაა და უახლოეს პერიოდში გავაზიარებთ.
როგორია სანათის სტრუქტურა და მასალების რა კომბინაციაა ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის?
Moono იქმნება საგულდაგულოდ შერჩეული, გამორჩეული ტექსტურის ხის ეკოლოგიურად სუფთა მასალით, რომლებიც მოპოვებულია მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვით. ჩვენთვის ხის ბუნებრივი სილამაზე და მისი ხასიათი არის პროდუქტის არსი, ამიტომ თითოეული დეტალი განსაკუთრებული ზრუნვით არის შერჩეული და დამუშავებული.
დიზაინი წარმოდგენილია რამდენიმე უნიკალური კომბინაციით:
1. მუხისა და კაკლის ჰარმონიული შერწყმა
2. კაკლის ორმაგი კომბინაცია, რომელიც გამოყოფს ხის თბილ და ღრმა ტონალობებს
3. შავად დამუშავებული მუხისა და კაკლის კომბინაცია, რომელსაც თანამედროვე ინტერიერებში განსაკუთრებულ ელეგანტურობას შემოაქვს
4. სრულად შავი ვერსია, რომელიც დეკორირებულია ფერადი მეტალის ელემენტებით – თითბრით, სპილენძით ან უჟანგავი ფოლადით, რაც ხაზს უსვამს მასალის ელეგანტურობასა და თანამედროვე დეტალების სინთეზს.
5. ასევე წარმოდგენილია ბუნებრივი ხის წმინდა ვერსია, რომელშიც არ არის გამოყენებული მეტალი. აქ გვხვდება მხოლოდ ხის ავთენტური ტექსტურა და სილამაზე, რომელიც თავისთავად მომხიბვლელია. ეს არის პირველადი ვერსია და ის ძალიან გვიყვარს.
თითოეულ ვერსიაში მეტალის დეტალები ლოგოზე და სპეციალურ ჩანართებში იცვლება დიზაინის მიხედვით, რაც ქმნის Moono-ს მრავალმხრივ დახვეწილ და ცოცხალ ხასიათს.
იყო თუ არა ტექნოლოგიური შეზღუდვები, რომლებმაც გავლენა მოახდინა საბოლოო დიზაინზე?
დიახ, ტექნოლოგიური შეზღუდვები ნამდვილად არსებობდა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა მთლიანი განვითარების პროცესისა.
ხშირად სწორედ ეს ტექნიკური გამოწვევები იქცეოდა დიზაინის დახვეწისა და ახალი გადაწყვეტების ძიების მთავარი მოტივატორად. საბოლოოდ, ეს შეზღუდვები არ იქცა დაბრკოლებად, პირიქით, ისინი გახდა ჩვენი გზის ნაწილი, რაც Moono-ს საბოლოო სახეს და განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს.
როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენ მიერ შექმნილი სანათის დიზაინს? რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა?
მჯერა, რომ ავტორის შეფასება ყოველთვის სუბიექტურია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ Moono-ს უნიკალურობა მრავალი შრისა და ძიების შედეგია. იდეის ჩასახვისთანავე დავიწყეთ საფუძვლიანი კვლევა, რათა გაგვერკვია, არსებობდა თუ არა ბაზარზე მსგავსი კონცეფცია ან მექანიკა. მიუხედავად გაფართოებული ძიებისა, მსგავს პროდუქციას ვერ მივაკვლიეთ, რამაც კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ Moono ბუნებრივად ავსებდა თავისუფალ სივრცეს თანამედროვე დიზაინში.
რა თქმა უნდა, არსებობდა შინაგანი სკეპტიციზმიც. სამყაროში, სადაც უკვე ასე ბევრი რამ არის შექმნილი, თავისთავად ჩნდება ეჭვი: ნუთუ მართლა შესაძლებელია რაიმე ახლის შექმნა? ეს გზა სწორედ ამიტომ მოითხოვს რწმენას საკუთარი ხედვისა და იმპულსისა.
Moono-ს შექმნის პროცესში ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ ეს იდეა თითქოს ჩემთან მოვიდა, როგორც რაღაც, რასაც აუცილებლად უნდა შეესხა ფრთები. ეს არ იყო მხოლოდ დიზაინის შექმნა, ეს იყო სივრცის გაჩენა იმ იდეისთვის, რომელსაც სურდა სინათლედ ქცევა.
ხესთან მუშაობის პროცესმა კიდევ უფრო გამიღრმავა ეს განცდა: ხე, როგორც ბუნების ძალა, ხელახლა იბადება ადამიანის ხელში, იღებს ახალ სიცოცხლეს და სინათლის მატარებელი ხდება.
ეს იყო ცოცხალი, მზარდი შემოქმედებითი პროცესი – ძიება, დაკვირვება და მცდელობა. ჩვენ კიდევ უფრო დავხვეწეთ ფორმა, რომელიც ნელ-ნელა იძენდა სრულყოფილ სახეს და ამ პროცესმა უამრავი ახალი ღრმა იდეა წარმოშვა და ერთ-ერთი პირველი არის moono. ის არის იდეა, რომელმაც ბუნებაში ახალი სიცოცხლე შეიძინა და რომელიც დღეს ახალი სინათლის წყაროდ გვევლინება.
გაქვთ თუ არა გეგმაში ამ პროდუქტის სერიული წარმოება ან საერთაშორისო ბაზარზე გატანა?
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში შექმნილი ყოველი ნამუშევარი არის სამყაროს განუყოფელი ნაწილი და უნდა ატარებდეს ქართული კულტურის სახელს მთელ დედამიწაზე.
საქართველო არის უზარმაზარი ცოდნისა და უნიკალური შემოქმედების წყარო. ჩვენ გვინდა, ეს ხედვა გაცილებით მეტ ადამიანს გავაცნოთ. ამიტომ, Moono-ს სერიული წარმოება ნამდვილად გვაქვს დაგეგმილი.
პირველი ლიმიტირებული რაოდენობა უნიკალურია და მოიცავს მხოლოდ 33 ერთეულს. ეს განსაკუთრებული გამოშვება განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, იყოს ამ ისტორიის საწყისის ნაწილი.
უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ სერიულ გამოშვებას და გაგიზიარებთ სხვა უნიკალურ მოდელებსაც, რომელთა თითოეული შრე ატარებს იმავე შთაგონებას და სიღრმეს, რაც პირველ ნამუშევარში დაიბადა. მათ შორისაა “Natura Flower” — MOONO-ს კონცეფციის გაგრძელება, წარმოდგენილი ჭერის, მაგიდისა და საკიდი განათების სახით.