სივრცის განათების ხელოვნება და სინათლის დაგეგმარება ინტერიერის დიზაინის უმნიშვნელოვანეს ნაწილის შეადგენს. სინათლეს ხშირად „უხმო არქიტექტორსაც“ უწოდებენ, რადგან ის ძლიერად ზემოქმედებს სივრცის აღქმაზე.
სინათლის ისტორია გამოქვაბულიდან იწყება, როდესაც პირველყოფილი ადამიანები ცეცხლით ცდილობდნენ გათბობას და განათებას. შუა საუკუნეებიდან გაჩნდა ლამპრები, ყალიბები და გარდა გათბობა-განათებისა, მსგავს სანათებს ინტერიერის გალამაზების ფუნქციაც შეემატა.
ინდუსტრიულმა რევოლუციამ კი ხელოვნური განათების დანადგარების მასობრივ წარმოებას შეუწყო ხელი. დროთა განმავლობაში ხელოვნურმა განათებამ ფუნქციურთან ერთად, ესთეტიკური მნიშვნელობა შეიძინა და არქიტექტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
მსოფლიოში წამყვან დიზაინერებს მრავალი ფორმის, სტილისა და ფუნქციის სანათი აქვთ შექმნილი, რომელიც ინტერიერს განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს.
„დიზაინი განათების გარეშე არაფერია. სინათლე აძლევს საგნებს სიცოცხლეს,“ – ფილიპ სტარკი.
განსაკუთრებით საინტერესოა სკანდინავიური განათების ისტორია, რომლის უდიდესი ნაწილი დანიას უკავშირდება. წარმოუდგენელია კოპენჰაგენის ინტერიერები ულამაზესი სანათების გარეშე. ამ მრავალფეროვნების ერთ-ერთ მიზეზად დანიაში მზის დეფიციტიც სახელდება. სწორედ კლიმატმა გააჩინა ინტერიერში “მზის შემოტანის” საჭიროება და დანიელი დიზაინერების მიზანიც ბუნებრივი სინათლის სახლში გადმოტანა გახდა.
ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი მზის დეფიციტი ნაკლებად არის, თუმცა განათების დიზაინის მნიშვნელობას ეს ფაქტი არ აკნინებს და სწორედ ამიტომ, ინტერიერში განათების სწორად დაგეგმვის კულტურა სულ უფრო აქტუალური ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დარგის სპეციალისტს, ლიკა ნეჟინსკაიას გავესაუბრეთ, რომელიც გვიამბობს თუ როდის და როგორ უნდა დაიგეგმოს ხელოვნური განათება ინტერიერში.
ლიკა, გაგვიზიარეთ, რა ეტაპზე უნდა დაიგეგმოს განათების დიზაინი ინტერიერში?
განათების დიზაინი ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. თავისი ფუნქციური დატვირთვის გარდა, კარგად დაგეგმილი განათების პროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გარემოს, სივრცის აღქმას, ვიზუალურ კომფორტს, ადამიანების შრომისუნარიანობას და სივრცის მაქსიმალურ პოტენციალს ავლენს.
განათების დიზაინერის ჩართულობა აუცილებელია ინტერიერის დიზაინის სტადიაზე, დაგეგმარების და ავეჯის განლაგების შემდგომ, მაგრამ აუცილებლად საინჟინრო პროექტის დაწყებამდეც.
საწყის ეტაპებზე განათების დიზაინერის ჩართულობას აქვს რამდენიმე უპირატესობა:
- პროექტისთვის საუკეთესო და მაქსიმალურად მორგებული სტრატეგიის არჩევა.
- განათების პროექტის ინტეგრირება სივრცის საინჟინრო და მართვის სისტემებში.
- განათების პროექტის მომზადება გვაძლევს საშუალებას ეფექტურად ვმართოთ პროექტის ბიუჯეტი, ავარჩიოთ და გამოვიყენოთ მაქსიმალურად მორგებული და სწორი საინჟინრო და დიზაინერული გადაწყვეტილებები.
რას ნიშნავს სწორად შესრულებული განათების პროექტი?
განათების პროექტი მოიცავს რამდენიმე ეტაპს. პირველ რიგში, უნდა იყოს შესწავლილი სივრცე, მისი თავისებურებები, შეზღუდვები და უპირატესობები. უნდა იყოს დაგეგმილი სივრცის ფუნქციები და დატვირთულობა. ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შემუშავდება განათების კონცეფცია, ხოლო შემდგომ – მართვის სტრატეგია.
ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორი მიმართულების და მეთოდების განსაზღვრა. ამის შემდეგ რჩება ტექნიკური სამუშაოები: პროგრამული გათვლა, ნახაზებისა და ცხრილების მომზადება.

რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომები განათების დაგეგმვისას?
ყველაზე ხშირია სანათების გადაჭარბებული რაოდენობა და ე.წ. გადანათებული სივრცე. უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც განათების ნაკლებობა, ასევე განათების ზედმეტობაც ქმნის დისკომფორტს.
უნდა მივაქციოთ ყურადღება სანათების მახასიათებლებს, ავარჩიოთ სწორი ოპტიკა, გაშლილი განათების წყაროები საერთო განათებისთვის, ვიწრო და მიმართულ-აქცენტური სამუშაო განათებისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია განათების ფერი. თბილი ნათება რეკომენდებულია მყუდრო საცხოვრებელ ინტერიერებში. ნეიტრალური – სამუშაო და საბაზისო სივრცეებში.
ასევე ხშირია შეცდომები სიმძლავრისა და სინესტის დაცვასთან დაკავშირებით. უნდა დაანგარიშდეს სიმძლავრე და შეირჩეს სწორი სინესტისგან დაცვის დონე. მაგალითად, IP აბაზანისთვის, ხოლო ბაღისთვის – IP65 დაცვის დონის მქონე სანათები.
ამას გარდა, არ უნდა შემოვიფარგლოთ ერთი განათების ტიპით, უმჯობესია გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის, ოპტიკის სანათები. მაგალითად, მისაღებ ოთახში საერთო განათებისთვის გამოვიყენოთ თბილი გაშლილი განათების წყარო, მაგიდის თავზე ჩამოვკიდოთ მიმართული ჭაღი ძალიან თბილი განათების ფერით. საწერ მაგიდაზე დავდგათ ნეიტრალური განათების ფერის სანათი საკითხავად ან სამუშაოდ. თაროებზე გამოვიყენოთ დეკორატიულ-აქცენტური განათებისთვის წერტილოვანი, ან ლენტური სანათი. სხვადასხვა განათების წყაროების კომბინაციებით მივიღებთ განსხვავებულ და მრავალფეროვან გარემოს.

როგორ უნდა დაბალანსდეს ხელოვნური შუქი და ბუნებრივი სინათლე ერთ სივრცეში სწორად?
ამისთვის საჭიროა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი განათება. სამუშაო სივრცეები უნდა განლაგდეს ფანჯრებთან ახლოს და გათვალისწინებულ იქნას ფარდები და საჩრდილობლები, რომ უფრო კომფორტულად მოვიხმაროთ დღის შუქი.
გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის განათების წყაროები: საერთო განათება, ზოგადი განათება, მიმართული განათება და აქცენტური განათება დეკორატიული დანიშნულებით.
განათების გაანგარიშება უნდა გაკეთდეს იმგვარად, რომ არ იყოს გათვალისწინებული ფანჯრებიდან შემოსული შუქი, მაგრამ საჭიროა მართვის სისტემის, სენსორების დამონტაჟება. მათი მონაცემების მიხედვით სისტემა დაარეგულირებს სანათების სიმძლავრეს. თუ დღეა და უხვი ბუნებრივი განათება შემოდის ოთახში, ხელოვნური განათების წყაროების სიმძლავრე დაწეული იქნება, საღამოს კი როცა ნაკლებია შუქი, სიმძლავრე იმატებს.
გვიამბეთ 2025 წლის ტენდენციებზე
წელსაც, ისევე როგორც ბოლო წლებში, ძალიან აქტუალურია ეკო გადაწყვეტილები, გარემოს დაცვა და განათების დაბინძურების შემცირება. ამ პრობლემას რამდენიმე მიმართულებით ვებრძვით:
ვიყენებთ ჭკვიანი განათების მართვის სისტემას. ერთი და იგივე სანათებით შეგვიძლია მეტი განათების სცენარის მიღება და ელექტროენერგიის დაზოგვა.
ჩვენ დღის დიდ მანძილს ვატარებთ ხელოვნური განათების ქვეშ, რამაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის შრომისუნარიანობასა და ჯანმრთელობაზე, მელატონინის გამოყოფასა და ბიოლოგიურ რითმებზე. ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება რეგულირებადი თეთრი განათების სისტემებით, სადაც ხელოვნური განათების ფერი იმეორებს დღის მანძილზე ბუნებრივის ფერის ცვლილებას, ხელს უწყობს მელატონინის გამოყოფას და ბიოლოგიური რითმების მოწესრიგებას.
ძალიან პოპულარული ხდება პორტატიული, დატენვადი სანათები. ისინი აქტიურად გამოიყენება, როცა გვჭირდება აქცენტური ან სამუშაო განათება და არ გვაქვს ელექტროენერგიის წყარო (მაგალითად, კითხვისას ან ვახშმის დროს).
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სანათების დიზაინი. მე ვხედავ ორ მიმართულებას: ან შეუმჩნეველი, დამალული სანათი (როცა ვხედავთ განათებულ სივრცეს და ვერ ვხედავთ განათების წყაროს) და მეორე ეს არის სანათი, როგორც არტ ობიექტი. მსხვილი ზომა, არასტანდარტული გეომეტრიული ფორმები, ბუნებრივი მასალები, ალუმინი, ხე…
დაბოლოს, რა ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებები არსებობს განათების მიმართულებით?
პირველ რიგში, უნდა გამოვიყენოთ ხარისხიანი LED სანათები და სისტემები, რომლებიც იმუშავებს დიდი ხნის მანძილზე და არ მოითხოვს ხშირ მომსახურებას, გამოცვლას და უტილიზაციას .
ვეთანამშრომლოთ ცნობილ და კარგი რეპუტაციის მქონე ქარხნებს, რომელთა პროდუქცია არის წარმოებული ნორმების გათვალისწინებით და წარმოების პროცესი არ აზიანებს გარემოს.
შევამციროთ სანათების რაოდენობა და სიმძლავრე. გავაკეთოთ განათების პროექტი და გაანგარიშება სპეციალურ პროგრამაში, გამოვიყენოთ სწორი ოპტიკური მახასიათებლები. გამოვრიცხოთ ზედმეტი სანათები და გადამეტებული განათება.
არსებულ სივრცეებში ძველი ჰალოგენური ნათურები ჩავანაცვლოთ თანამედროვე LED მოდულებით, გამოვიყენოთ იგივე სანათის კორპუსი და გავახანგრძლივოთ მისი გამოყენების ციკლი.