in

საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტურისა და ეკოლოგიის ასოციაცია IFLA Europe-ის შუალედური წევრი გახდა — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

თანამედროვე ქალაქების განვითარებაში ლანდშაფტის არქიტექტურა სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. პარკების, ქუჩების, სანაპიროების, საცხოვრებელი უბნებისა თუ ბუნებრივი ტერიტორიების გააზრებული დაგეგმვა პირდაპირ უკავშირდება ცხოვრების ხარისხს, ეკოლოგიურ მდგრადობასა და ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში საქართველოს უფრო აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც სფეროს განვითარებისთვის, ისე ქართული გამოცდილების ევროპულ პლატფორმაზე წარმოსაჩენად.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ AGLAE (Association of Georgian Landscape Architecture and Ecology) — საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტურისა და ეკოლოგიის ასოციაცია — IFLA Europe-ის შუალედური წევრი გახდა. IFLA (International Federation of Landscape Architects) Europe ლანდშაფტის არქიტექტორთა საერთაშორისო ფედერაციის ევროპული რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც ეროვნული პროფესიული ასოციაციების გაერთიანებით ლანდშაფტის არქიტექტურის საერთო ხმას წარმოადგენს ევროპულ დონეზე. მისი საქმიანობა პროფესიის, განათლებისა და პროფესიული პრაქტიკის განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ევროპული ლანდშაფტის პოლიტიკის პროცესებში მონაწილეობას მოიცავს.

AGLAE-ს გაწევრიანებით ქართული ლანდშაფტის არქიტექტურის პროფესიული საზოგადოება ევროპულ ქსელში ოფიციალურად ერთვება. თუმცა რას გულისხმობს „შუალედური წევრის“ სტატუსი პრაქტიკაში, რა ახალი შესაძლებლობები ჩნდება საქართველოსთვის და რა კონკრეტულ ცვლილებებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ თანამშრომლობამ — სწორედ ის საკითხებია, რომელთა მნიშვნელობაც ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ ფორმულირებას სცდება.

რას შეცვლის ეს თანამშრომლობა ქართველი პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის? რა გზა უნდა გაიაროს AGLAE-მ სრულუფლებიანი წევრობის მოსაპოვებლად და როგორ შეიძლება საერთაშორისო კავშირები საქართველოში რეალურ პროფესიულ თუ საგანმანათლებლო ცვლილებებად გარდაიქმნას? ამ თემებზე Homeis.ge AGLAE-ს პრეზიდენტს, ლანდშაფტის არქიტექტორ ნინო შენგელიას ესაუბრა.

შუაში: ნინო შენგელია

რა მიზნით მიგიწვიეს IFLA Europe-ის კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაზე? რა იყო ამ ვიზიტის მთავარი შედეგი AGLAE-სთვის?

IFLA Europe-ის 2026 წლის კონფერენციაზე, რომელიც რიგაში გაიმართა, მიწვეული ვიყავი სპიკერად, ასევე AGLAE-ის წარმომადგენლად IFLA Europe-ის გენერალურ ასამბლეაზე.

კონფერენციაზე წარვადგინე პრეზენტაცია — „ადგილის მეხსიერების კითხვა“ (Reading Place Memory) — რომელიც ეფუძნებოდა ჩვენი კომპანიის, Shengelia Landscape Architects-ის (SLA), პროექტებზე დაკვირვების შედეგად მიღებულ გამოცდილებას. მოხსენებაში ყურადღება გავამახვილე იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადგილის ისტორიის, კულტურული, ეკოლოგიური კონტექსტისა და მეხსიერების წაკითხვა თანამედროვე ლანდშაფტის არქიტექტურის პროექტირების პროცესში.

გენერალურ ასამბლეაზე კი ჩემი მთავარი ამოცანა იყო AGLAE-ის — საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტურისა და ეკოლოგიის ასოციაციის — წარდგენა. AGLAE უკვე დაახლოებით ათი წელია თანამშრომლობს IFLA-სთან და ამ პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად ვითარდებოდა ჩვენი პროფესიული კავშირი ევროპულ ორგანიზაციასთან. ამ ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად, AGLAE წარდგენილი იყო IFLA Europe-ის Interim Member-ად ასარჩევად.

კენჭისყრის შედეგად AGLAE ერთხმად აირჩიეს Interim Member-ად, რასაც დელეგატების თბილი მილოცვა და მხარდაჭერა მოჰყვა. ეს იყო ჩვენი ევროპულ პროფესიულ სივრცეში ჩართულობის ახალი ეტაპის დასაწყისი.

რას გულისხმობსშუალედური წევრისსტატუსი პრაქტიკაშირა შესაძლებლობებს აძლევს ის AGLAE- და რა გზა რჩება გასავლელი სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად?

 ამ ეტაპზე ჩვენ უკვე IFLA Europe-ის პროფესიული ოჯახის წევრები ვართ. Interim Member-ის სტატუსი გვაძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ჩავერთოთ ორგანიზაციის საქმიანობასა და პროცესებში და ვიყოთ ამ ევროპული პროფესიული ქსელის ნაწილი. განსხვავება ის არის, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს ხმის უფლება და ჩვენი წარმომადგენლები ვერ იყრიან კენჭს Executive Council-ში და ვერ აირჩევიან მის წევრებად. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, ეს კავშირი აქტიურ პროფესიულ თანამშრომლობად ვაქციოთ და მომავალში სრულუფლებიანი წევრობის ეტაპამდეც მივიდეთ.

რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ წევრობამ ქართველ ლანდშაფტის არქიტექტორებსა და სტუდენტებსგანათლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების კუთხით?

 ამ წევრობის მნიშვნელობა საბოლოოდ სწორედ იმით უნდა გაიზომოს, რა შესაძლებლობებს შექმნის ის ქართველი პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის. ეს შეიძლება გამოიხატოს ევროპულ პროფესიულ ქსელში ჩართულობაში, ცოდნისა და გამოცდილების გაცვლაში, საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებში, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების ევროპულ ინიციატივებთან დაკავშირებაში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება განათლებაა — გვინდა, ხელი შევუწყოთ ლანდშაფტის არქიტექტურის განათლების სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, მეტ ახალგაზრდას გავაცნოთ ამ პროფესიის რეალური არსი და ხელი შევუწყოთ იმას, რომ მათ საქართველოში მიიღონ ხარისხიანი და ღირსეული პროფესიული განათლება.

ჩვენი ერთ ერთი მიზანია, რომ ქართული ლანდშაფტის არქიტექტურის პროფესიული გარემო უფრო ხილული გახდეს საქართველოში და საერთაშორისო სივრცეში.

საქართველოში ლანდშაფტის არქიტექტურა ხშირად მხოლოდ გამწვანებასა და დეკორატიულ მოწყობასთან ასოცირდება. რა არის სინამდვილეში ამ პროფესიის როლი და როგორ შეიძლება IFLA Europe-თან თანამშრომლობამ ხელი შეუწყოს მის უკეთ გააზრებასა და გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში?

 საქართველოში ლანდშაფტის არქიტექტურა ხშირად მხოლოდ გამწვანებასა და დეკორატიულ მოწყობასთან ასოცირდება, თუმცა სინამდვილეში ეს ბევრად უფრო მასშტაბური პროფესიაა.

ლანდშაფტის არქიტექტორი გეგმავს, აპროექტებს და მართავს როგორც ბუნებრივ, ისე ადამიანის მიერ შექმნილ გარემოს. მისი ამოცანაა, სივრცე იყოს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციური, ეკოლოგიურად მდგრადი და ადამიანებისთვის ჯანსაღი და კომფორტული.

ლანდშაფტის არქიტექტურა მუშაობს ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობაზე — ქალაქებსა და სოფლებში, პარკებსა და საჯარო სივრცეებში, ისტორიულ და კულტურულ ლანდშაფტებში. თანამედროვე პროფესიის მნიშვნელოვანი ნაწილია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრაც — მაგალითად, დატბორვის რისკის შემცირება და წვიმის წყლის მართვა, ქალაქებში სიცხის ეფექტის შემცირება, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ეკოსისტემების მდგრადობის გაძლიერება.

ამ მიზნებისთვის ლანდშაფტის არქიტექტორები სულ უფრო ხშირად იყენებენ nature-based solutions-ს — ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბუნებრივ პროცესებსა და ეკოსისტემების შესაძლებლობებს იყენებენ გარემოს პრობლემების გადასაჭრელად.

ამიტომ ლანდშაფტის არქიტექტორი მხოლოდ მცენარეებს არ არჩევს და სივრცეს არ „ამწვანებს“ — ის მონაწილეობს იმ გარემოს დაგეგმვასა და შექმნაში, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ და ისვენებენ.

IFLA Europe-თან თანამშრომლობა დაგვეხმარება, საქართველოში ეს თანამედროვე პროფესიული ხედვა უფრო ფართოდ გავავრცელოთ და უკეთ დავანახოთ საზოგადოებას, რა როლი შეუძლია ლანდშაფტის არქიტექტურას ჩვენი ქალაქების, სოფლებისა და მთლიანად გარემოს განვითარებაში.

რა იქნება ამ წევრობის პირველი ხელშესახები შედეგებირა კონკრეტული პროექტების, საგანმანათლებლო ინიციატივების, საერთაშორისო პარტნიორობებისა თუ პროფესიული სტანდარტების დანერგვას გეგმავს AGLAE უახლოეს მომავალში?

 IFLA Europe-ის წევრობამ ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა და იმ მიმართულებების განხორციელებას, რომლებიც უკვე დაგეგმილი გვაქვს, დიდი ენთუზიაზმით გავაგრძელებთ.

ერთ-ერთი პირველი უშუალო შედეგი უკვე გვაქვს — ELASA (European Landscape Architecture Student Association), ევროპის ლანდშაფტის არქიტექტურის სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიან. 18 სექტემბერს დაგეგმილია მათთან შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებთან ფაბრიკაში. ვფიქრობთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი სტუდენტური და საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის მიმართულებით.

ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში საქართველოში, შესაბამისი ფორმატით, მოვაწყოთ შეხვედრები საერთაშორისო კოლეგებთან, მათ შორის IFLA-ის წევრებთან, და ეს პროფესიული გაცვლა რეგულარულ თანამშრომლობად ვაქციოთ.

ამასთან, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ქართულ უნივერსიტეტებთან, ვამზადებთ სტუდენტურ პრაქტიკულ ვორქშოფებსა და საჯარო ლექციების სერიას, ვიწყებთ მუშაობას ლანდშაფტის არქიტექტურის განათლების ეროვნული პროფესიული ჩარჩოს — subject benchmark-ის — განვითარებაზე და ვაძლიერებთ ევროპული ლანდშაფტის კონვენციის (European Landscape Convention) შესახებ პროფესიულ და საზოგადოებრივ დიალოგს.

ასევე ვაგრძელებთ Habitat.study-ის განვითარებას, როგორც პრაქტიკაზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლის პლატფორმას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საზღვარზე, რომელიც ბუნების მოყვარული ადამიანებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის შეხვედრისა და გამოცდილების გაზიარების სივრცედ იქცა.

მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორები თბილისში – რას უნდა ველოდოთ SHARE Georgia 2026-ზე?