in

ახალი ქართული ლანდშაფტების შექმნის ხელოვნება – ინტერვიუ სტუდია Ruderal-ის დამფუძნებელ სარა კოულსთან

Alliance Group
Alliance Group

ტერმინი “ლანდშაფტის დიზაინი” დღეს ბევრისთვის არის ცნობილი და შესაბამისად, მისი მნიშვნელობაც ნათელია. თუმცა, როდესაც საქმე “ლანდშაფტის არქიტექტურას” ეხება, აქ ხშირად ჩნდება კითხვის ნიშნები. მაინც რას გულისხმობს ეს სფერო და როგორია მისი თავისებურებები? სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გაესაუბრა Homeis.ge სარა კოულსს, ლანდშაფტის არქიტექტორსა და ქართულ-ამერიკული სტუდია Ruderal-ის დამფუძნებელს.

სარა კოულსი. ფოტოს ავტორი: გიორგი ქობალია

სარა, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როდის დაინტერესდით პირველად არქიტექტურით და რა გზა გაიარეთ პროფესიონალად ჩამოყალიბებამდე? 

ბევრი სხვა ლანდშაფტის არქიტექტორის მსგავსად, ამ სფეროში მას შემდეგ აღმოვჩნდი, რაც სხვადასხვა ტიპის სამუშაო გამოცდილება მივიღე. თავდაპირველად მე შევისწავლე ხაზვა, სკულპტურა და მეტალზე მუშაობა კალიფორნიის ხელოვნების სკოლაში (CCAC). სწორედ ამ პერიოდში არტისტმა პოშუ ვანგმა (Poshu Wang) გამაცნო ისეთი ხელოვანები, როგორებიც არიან ნენსი ჰოლთი (Nancy Holt) და მერი მისი (Mary Miss), ასევე კრიტიკოსები – ლუსი ლიპარდი (Lucy Lippard) და მივონ კვონი (Miwon Kwon). 90-იან წლებში სხვადასხვა პოზიციებზე ვიმუშავე სან ფრანცისკოში: ასისტენტი ანიმაციის დარგში, ტრიკოტაჟის წარმოებაში, მულტიმედია დიზაინერად და ველო კურიერად.

როგორც კურიერს, მე ძალიან ახლო შეხება მქონდა ქალაქთან – ხალხთან, მცენარეებთან, პარკებთან, ტოპოგრაფიასთან, ამინდთან… მახსოვს, როგორ მიმქონდა ნახაზები ლანდშაფტის არქიტექტორებთან და შემდგომ უკვე ვხედავდი ამ პროექტებს მშენებლობის პროცესში ქალაქის სხვადასხვა წერტილში. ამ ყველაფრის ხილვა იყო საოცარი გამოცდილება – თუ როგორ გარდაიქმნება სამხედრო და ინდუსტრიული ზონები ურბანულ პარკებად.

31 წლის ასაკში მე ჩავაბარე ჰარვარდის ლანდშაფტის არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამაზე კემბრიჯში. ჩვენს კურსდამთავრებულთა შორის ბევრი წამყვანი პროფესიონალი იყო: მარტა შვარცი (Martha Schwartz), მაიკლ ვან ვალკენბურგი (Michael Van Valkenburgh,) გარი ჰილდერბრანდი (Gary Hilderbrand) და ჯორჯ ჰარგრივსი (George Hargreaves).

მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ ვმუშაობდი უბადლო მასწავლებელთან და ბრწყინვალე დიზაინერთან, ტომ ლიდერთან (Tom Leader ) ერთად  სხვადასხვა პროექტებზე. ამავე პერიოდში გაღვივდა ჩემი ინტერესი რუდერალური მცერარეებისა და ურბანული ეკოლოგიის მიმართ.

2007 წლიდან ვეწეოდი ასისტენტ-პროფესორის საქმიანობას ოჰაიოში, ნოლტონის სკოლაში (Knowlton School) . 2010 წელს კი ჩემმა ხელოვნების ისტორიის პროფესორმა CCAC-დან მიმიწვია თბილისის Artesterium-ის გამოფენაზე. ისევე როგორც ბევრი სხვა არტისტი, მე გაოცებული დავრჩი საქართველოს ლანდშაფტით, ისტორიით, ეკოლოგითა და ცვლილებების სწრაფი ტემპით. მაშინ ლაშა მამალაძესთან ერთად შევიმუშავეთ გენერალური გეგმა “არტ ვილა გარიყულასთვის”. მოგვიანებით კი მე საქართველოში დავბრუნდი როგორც ფულბრაიტის სტიპენდიატი და ვასწავლიდი ლანდშაფტისა და დიზაინის მიმართულებით. ამ ეტაპზე ვაგრძელებ პროექტებზე მუშაობას საქართველოში.

თქვენი სპეციალობაა ლანდშაფტის არქიტექტურა. გვიამბეთ ამ სფეროს თავისებურებებზე.

მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის დისციპლინა, რომელიც ფოკუსირდება იმ ჩარევაზე, რაც მიწაზე ხორციელდება. ეს მატერიალური სფეროა იმ გაგებით, რომ ჩვენ ვცვლით ტოპოგრაფიას, წყლის ნაკადის მიმართულებას, ვჭრით გამხმარ და დაავადებულ ხეებს და ვრგავთ ახალ მცენარეებს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა მასშტაბით – დაწყებული პატარა მონაკვეთის გამწვანებით ქუჩაში, დამთავრებული საცხოვრებელი სახლის ბაღით, გენერალური გეგმით ან სულაც ლანდშაფტის ეკოლოებზე, რომლებიც კვეთენ ქვეყნის საზღვრებს. ჩვენი საქმე ეფუძნება იმ ცოდნასა და უნარებს, რასაც ვიღებთ ველური ბუნების ბიოლოგებისგან, სოციალური და გენდერული საკითხების სპეციალისტებისგან, არქიტექტორებისგან, ურბანული დიზაინერებისგან, ინჟინრებისგან და ა.შ.

როგორც არქეოლოგები, ჩვენც – ლანდშაფტის არქიტექტორები, პირველ რიგში, ვნახულობთ საპროექტო ადგილს, ხოლო შემდგომ ვსწავლობთ მის ისტორიულ რუკებს, რათა გავიგოთ, თუ რა ტიპის ცხოვრების წესმა, საქმიანობის ხასიათმა და სხვა პირობებმა იქონია გავლენა მიწაზე, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ. ჩვენ ვსაზღვრავთ გზების, ბაღების, სახნავ-სათესი მიწებისა და მდინარეების ნაკვალევს. ის, თუ როგორ დავინახავთ და გავიაზრებთ მოცემულ ლანდშაფტს, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენს საქმეში.

ლანდშაფტის არქიტექტორებს გააჩნიათ ცოდნა აღნიშნული სფეროს ისტორიასა და თეორიაში, დიზაინში, ტოპოგრაფიაში, ხაზვასა და ბუნებრივ სისტემებში. და რა თქმა უნდა, ლანდშაფტის დიზაინერი ფლობს ცოდნას მცენარეების განხრით – მათი სახეობებისა და გავრცელების არეალის შესახებ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებში ლანდშაფტის დიზაინის შესწავლა ამ ფორმით ინტეგრირებულად იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად, სტუდენტებს უწევთ ამ მხრივ განათლების მიღება აშშ-ი, ევროპასა ან აზიაში.

ტაბახმელას რეზიდენციის გეგმა. Ruderal-ის დიზაინერების მიერ შეიქმნა სკულპტურული ტოპოგრაფია თამაშის, სადილისა და გართობის ზონებით, რომელიც ერწყმის ლანდშაფტის მიმდებარე რელიეფს

როგორ შეიქმნა თქვენი სტუდია „Ruderal“?

სიტყვა „რუდერალური“ ნიშნავს ისეთს, რაც იზრდება და აღმოცენდება რაიმეს დარღვევის, განადგურების შემდეგ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარია სულის სიმტკიცესა და სიცოცხლისუნარიანობაზე კრიზისული პერიოდის შემდგომ. ეს სფერო ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო ჩემი კვლევებისა და სწავლების საგანი. თბილისმა კი იდეალური გარემო შემიქმნა სტუდიის შესაქმნელად. ყველაფერი ჩვენი პროექტებისა და მასში ჩართული ადამიანებით დაიწყო, მათ შორის არიან ჩემი ისეთი პარტნიორები, როგორიცაა გიორგი ნიშნიანიძე და ბენჟამინ ჰეკენბერგერი (Benjamin Hackenberger). ეს არის ყველაზე ენერგიის მომცემი ნაწილი ამ საქმეში – ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდიის ინტელექტუალური შესაძლებლობები. ესაა კოლექტივი, სადაც ყველა ერთმანეთს უზიარებს ახალ უნარებსა და ხედვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო ცდება ერთი კონკრეტული ადამიანის ცოდნასა და შეხედულებებს.

Ruderal-ის გუნდის წევრები

Ruderal-ის საქმიანობა დაიწყო „ველის“ გენერალური გეგმის შექმნით. ეს იყო პროექტი კახეთში, რომელზეც ორმა შესანიშნავმა ქალბატონმა იმუშავა: მარიამ კალანდაძემ (რომელიც ხელოვანი და კურატორი გახლავთ) და მარიამ მეღვინემ (“ჰარაკის” დამფუძნებელი და ჟურნალ „დე:ნოსტალგიას“ გამომცემელი). მათ გააჩნდათ გრძელვადიანი ხედვა ლანდშაფტის მიმართულებით, თუ როგორ შეექმნათ კულტურული ჰაბი, რომელიც გააერთიანებდა ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ხელოვნება, ეკოლოგია და საფესტივალო განწყობა. შესაბამისად, ჩვენ შევქმენით ბაღები, სადაც ახალი არქიტექტურა ინტეგრირდა იქ არსებულ ისტორიულ ლანდშაფტთან. ასევე შევიმუშავეთ მაფორმირებელი მცენარეების დიზაინი, რომელიც აღნიშნულ პროექტს გრძელვადიან იდენტობას ანიჭებს.

“მარნის ტევრის” კონცეპტუალური ფოტო. ბაკურციხე, “ველის” პროექტი (არქიტექტურა: ფაბრიციო კაროლა Fabrizo Carola))

აქვე უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ Ruderal-მა მუშაობა დაიწყო ლოქდაუნის პერიოდში, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია სტუდიის სამუშაო მიმართულებაზე. ჩვენ უფრო მეტი დრო გვქონდა იმისთვის, რომ გვემუშავა ჩვენი პრინციპების განვითარებაზე და სამუშაო მეთოდებზე, მაგრამ იზოლაციის წესები და შეზღუდვები, ბუნებრივია, გვზღუდავდა ბევრ საკითხში.

როგორ შეაფასებდით ურბანული დაგეგმარების სისტემას საქართველოში? რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში და როგორ გესახებათ ამ პრობლემების მოგვარების გზები?  

მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც მოკლებულია ყურადღებას თბილისის ურბანულ დაგეგმარებაში, არის ის თუ რა გავლენას იქონიებს მიმდინარე და მომავალი პროცესები გარეუბნებზე. როგორც ამერიკელი დიზაინერი, მე საკმაოდ კარგად ვიცნობ გარე უბნების სოციალურ, გეგმარებით და ეკოლოგიურ პრობლემებსა და პოტენციალს.

თბილისის მზარდი გარეუბნები (განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც მაღალ დონეზეა განლაგებული) ნიშნავს უფრო მეტ ტრანსპორტს, მეტ დაბინძურებას და მეტ პრობლემას პარკირების კუთხით ქალაქის ცენტრში. პირადად მე ბაგებში ვცხოვრობ, სადაც არ არის ტროტუარები ან პარკები და სადაც გვხვდება საკმაოდ საშიში და გადატვირთული წყნეთის გზა. ახლა მერია აშენებს ახალ გზას, რომელიც ხიდით დაუკავშირდება „მაღლივის“ ტერიტორიას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისიც გადაიტვირთება. იგივე სიტუაცია მეორდება ლისზე, ტაბახმელაში, შინდისსა და საგურამოში.

ამ გარეუბნებს აკლია ინფრასტრუქტურა – გზები, სკოლები, პარკები, ტროტუარები და ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სამოქალაქო, ჯანდაცვის, სამსახურეობრივ და სავაჭრო ობიექტებთან. შესაბამისად, ახლა აქ მცხოვრები ხალხი იძულებულია იაროს ქალაქის ცენტრში საბაზისო საჭიროებების გამო. ამას გარდა, წყალშეუღწევი ზედაპირების მოჭარბებული რაოდენობა ამ ადგილებში ქმნის წყალდიდობის დიდ საფრთხეს თბილისისთვის.

Ruderal-ში ჩვენ ვმუშაობთ გარეუბნებზე და პერიფერიულ არეალზე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქალაქთაშორისო ტრამვაისა და ველო ტრასების გაცოცხლება, მომცრო ზომის ქალაქის ცენტრებისა და მათთან მომიჯნავე ყოფილი ინდუსტრიული ზონების აშენება და ე.წ. „ტრანზიტზე ორიენტირებული განვითარება (TODs).“ ჩვენი სურვილია, ვიმუშაოთ მაცხოვრებლებთან, დეველოპერებთან, მუნიციპალური სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რათა მიღებულ იქნას კანონი გეგმარებასთან დაკავშირებით გარეუბნებში და სასოფლო რაიონებში, რაც შესაძლებელს გახდის, შენარჩუნდეს ლანდშაფტის მთავარი მახასიათებლები – ტყეები, მდელოები, ბილიკები და წყლის კალაპოტები, რომლებიც ხშირად წაშლილია დაუფიქრებელი და ქაოსური განვითარების ტემპის გამო. ასევე აუცილებელია წყლის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი გარემო და შევამციროთ წყალდიდობის რისკი.

მთაწმინდის ურბანული ტყე შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ აერთიანებენ ლანდშაფტის არქიტექტორები რელიეფის ანალიტიკურ, ეკოლოგიურ და ესთეტიკურ ასპექტებს იმისთვის, რომ შექმნან უფრო ჯანსაღი გარემო როგორც ადამიანებისთვის, ასევე ველური ბუნებისთვის. ჩვენი დიდი სურვილია, კიდევ განვახორციელოთ მსგავსი მასშტაბური გავლენის მქონე პროექტები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

თქვენ მუშაობთ თბილისის ურბანული ტყის პროექტზე. გვიამბეთ ტყის დიზაინის შესახებ. როგორია თქვენი სტრატეგია და ინსტრუმენტები ბიომრავალფეროვნების გასაზრდელად და კლიმატური ცვლილებების შესამსუბუქებლად?

1960-იან წლებში საბჭოთა სპეციალისტებმა თბილისის გარშემო მდებარე მაღლობები დაფარეს ისეთი დიდი რაოდენობის მონოკულტურით, როგორიც არის Pinus nigra ანუ შავი ფიჭვი. ეს იყო ხეების საფარი, რომელიც ხელს უწყობდა თბილისის გაგრილებას და მტვრის დონის შემცირებას. დღეს ეს ფიჭვები ხმება სხვადასხვა დაავადების, სასოფლო-სამეურნეო მავნებლებისა და კლიმატური ცვლილებების გამო.

2020 წელს განვითარებისა და გარემოს დაცვის ფონდის ექსპერტებთან ერთად ჩვენ დავიწყეთ ახალი ტყის დიზაინის შექმნის პროცესი მთაწმინდაზე, რაც მიზნად ისახავს გამხმარი ფიჭვების ჩანაცვლებას. ურბანული ტყეების დარგვისა და დაცვის სურვილი განპირობებულია როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური ღირებულებებით. აღნიშნული პროექტისთვის ჩვენ დავნერგეთ ციფრული მუშაობის პროცესი, რათა გეგმაში შეგვეტანა ეკოლოგიური და ესთეტიკური პრინციპები. ამჟამად პროექტი განხორციელების ფაზაშია ნარიყალასა და ოქროყანაში.

ნარიყალას ქედის ტყის გეგმა. რენდერი ასახავს გაზაფხულის ფერებს

პროექტის პირველი ფაზა მოიცავდა მონაცემების შეგროვებასა და შესწავლას გეოლოგებისა და ველური ბუნების ბიოლოგების მიერ. ამ სპეციალისტების მიერ ჩატარდა ტრადიციული კვლევა და შემდგომ მათ მოგვაწოდეს იქ არსებული გარემოსა და ბოლოდროინდელი კლიმატური ცვლილებების ხარისხობრივი ანალიზი. ამის შემდეგ ჩვენ შევადარეთ ეს მონაცემები ჩვენ მიერ ადგილზე ჩატარებულ დაკვირვებებს.

მომდევნო ეტაპზე ჩვენ განვსაზღვრეთ ტყეებისთვის საჭირო ტიპური პირობები და გამოვიყენეთ გეო-სივრცული (GIS) მონაცემები იმისთვის, რომ დაგვედგინა, თუ რომელი იყო დასარგავად გამოსადეგი ადგილები, რაც ვარგისი იქნებოდა ტყის გასაშენებლად. შემდგომ ჩვენ შევადარეთ ტყეებისთვის საჭირო  ტიპური პირობები ამ დასარგავად ვარგის ადგილებს, რომლებიც გახდნენ ახალი ტყეების ცენტრები. ჩვენი სამუშაოს ძირითად ნაწილს წარმოადგენდა დიდი მოცულობის ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავება, ხეებისა და ბუჩქნარების მონაკვეთების შემუშავება და საბოლოო ჯამში, ახალი მცენარეებისთვის კონკრეტული ადგილმდებარეობების შერჩევა.

თითოეული ეს მონაკვეთი მოიცავს მცენარეთა სახეობების უნიკალურ კომბინაციას. აქ გვხვდება ისეთი ადგილები, როგორიც არის მაგალითად, „ხილის კორომი“ ან „ნუშის კორომი“, რომლებიც მოგვცემს მკვეთრი ფერის ყვავილებს გაზაფხულზე, ხოლო ზაფხულსა და შემოდგომაზე – ხილის სიმრავლეს. ასევე არის „ხევის ტყისა“ და “ნეკერჩხლის ბუჩქნარის” ზონები, რომლებიც კონკრეტული ტენიანი ფერდობების წყალობით ქმნიან მნიშვნელოვან ეკოტონებს – ეკოლოგიურად გარდამავალ ზონებს სხვადასხვა ტიპის ტყეებსა და გაშლილ სტეპებს შორის. თითოეული ტყის მონაკვეთი გამდიდრებულია სხვადასხვა ტიპის მცენარეებითა და ჯიშებით, რაც უზრუნველყოფს ვიზუალურად საინტერესო სანახაობას ოთხივე სეზონზე.

პარამეტრული მოდელირების ინსტრუმენტის, Grasshopper-ის საშუალებით ჩვენ შევქმენით სხვადასხვა სახეობების კონკურენციის აბსტრაქტული მოდელი. მაშინ, როცა ტყის სიხშირე რჩება უცვლელი, ტყის შემადგენლობა შეიცვლება დროთა განმავლობაში.

ოქროყანას ტყის მონაკვეთების განვითარება დროის პერსპექტივაში

ამ ტიპის წესებზე დაფუძნებული მიდგომა მცენარეების მოშენებისადმი და სიმულაციები გვეხმარება, სწრაფად შევიმუშაოთ და შევაფასოთ მცენარეთა გეგმარება ეკოლოგიური და ესთეტიკური პარამეტრების გათვალისწინებით. ნარგავების გეგმარების წესები ასახავს მცენარეებისა და მცენარეთა თემის ქცევის მოდელსა და პრეფერენციებს და ასევე ტერიტორიაზე მანამდე არსებულ გეოლოგიურ პირობებს. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ მთის ქედი „შეგვეღება“ ხეებისა და ბუჩქნარების სხვადასხვა სახეობებით თვალწარმტაცი ვიზუალური ეფექტის მისაღწევად, ჩვენ შევქმენით და დავამუშავეთ მოცემული მონაკვეთები, რათა მიგვეღო ეკოლოგიური და ბიოლოგიური მრავალფეროვნება.

მას შემდეგ, რაც სასურველი „მოზაიკა“ შექმნილია ქედზე, ჩვენ ვქმნით ნარგავების ისეთ გეგმას, რომლის შესრულებას მარტივად შეძლებენ ადგილზე მომუშავე ჯგუფები. შესაბამისად, ტყის „კოდი“ მოიცავს ეკოლოგიურ, ესთეტიკურ და ლოგისტიკურ ცოდნას, რომელიც შესაძლოა ადაპტირდეს და გაიზარდოს მომავალი ინტერვენციების მეშვეობით.

ვისაუბროთ თქვენს სხვა პროექტებზე საქართველოში. რომელ მათგანს გამოყოფდით?   

ჩვენ გაგვიმართლა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გვემუშავა პროგრესულად მოაზროვნე მიწის მფლობელებთან, რომლებსაც სურთ საკუთარ მიწაში (და ზოგადად ქვეყანაში) ინვესტირება მომავალი თაობებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ გრძელვადიანი ლანდშაფტის პროექტი, რაც მოითხოვს საჭირო გეგმარებას, ინჟინერიასა და კვლევით სამუშაოებს, საკმაოდ ძვირადღირებულია.

სასტუმრო “ბოდბე”, სიღნაღი. სტუდია Ruderal-მა შეიმუშავა და მოაწყო ახალი ბილიკები, ტერასები და ბაღები. პროგრამა ასევე მოიცავს გარშემო ტყეების აღდგენას.

ერთ-ერთი მაგალითია სასტუმრო „ბოდბე“ სიღნაღში, სადაც დაახლოებით ორი წელი მოვანდომეთ ახალი ტოპოგრაფიის შექმნას. რამდენიმე წლის შემდეგ იქ ჩასული ადამიანები ჩათვლიან, რომ ეს ბუნებრივი კახეთის ლანდშაფტია, ვინაიდან ყველა საინჟინრო დეტალი დამალული იქნება ხეებისა და ბუჩქნარის უხვი საფარით.

სასტუმრო “ბოდბეს” ლანდშაფტის განივი ჭრილი, რომელიც ასახავს ბილიკს, გზას, სტადიონის ჩამოსაჯდომ ზონას და კედლებს. სტუდია Ruderal ახორციელებს კომპლექსურ ინჟინერიასა და ლანდშაფტის ვერტიკალურ გეგმარებას, რაც აერთიანებს ბუნებას ინფრასტრუქტურასთან, პროგრამირებასა და არქიტექტურასთან

ასევე გამოვყოფდი „არსენალის ოაზისის“ პროექტს თბილისის არქიტექტურული ბიენალესთვის, რომელმაც ჩვენს სტუდიას კარგი რეპუტაცია შესძინა კრეატიული კუთხით. ეს არის დაზიანებული წყლის მილის ირგვლივ შექმნილი პროექტი არსენალის ღია სივრცეში, ავლაბარში. ჩვენ დავამუშავეთ წყლის გარშემო არსებული მიწა, რათა შეგვექმნა ახალი საჯარო სივრცე და ველური ბუნებრივი გარემო ამ გავერანებულ ადგილზე. ეს პროექტი განაგრძობს განვითარებას და იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში მას კიდევ გაუჩნდება „შვილობილი“ პროექტები ველურ ურბანულ ლანდშაფტებში ქალაქის მასშტაბით.

“არსენალის ოაზისის” გეგმა, რომელიც აჩვენებს წყლის ახალ არხს ტერიტორიაზე

რა არის ის მთავარი გამოწვევები, რასაც თქვენ აწყდებით სამუშაო პროცესში? 

როგორც ახალი სტუდია ბაზარზე, ჩვენ მრავალ გამოწვევას ვაწყდებით, მათ შორის დაბალ ცნობადობას ამ პროფესიის შესახებ. უმეტესობამ არც კი იცის, რომ ეს პროფესია არსებობს. საკმაოდ რთულია კადრების მოძიება, ვინაიდან ჩვენ გვიწევს არქიტექტორების გადამზადება ლანდშაფტის დიზაინის ტექნიკური და ლექსიკური კუთხით. მესამე პრობლემა არის მიწოდების ჯაჭვი – ძალიან ცოტა სანერგე არსებობს, სადაც ის ჯიშებია ხელმისაწვდომი, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ პროექტებში. საქართველოს აქვს შესანიშნავი მიწა და წყლის რესურსი მყარი მერქნიანი ხეებისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ამ ყველაფერზე ძალიან დაბალია მოთხოვნა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ამ რეალობის შეცვლას.

და ბოლოს, როგორ შეაჯამებთ თქვენს საქმიანობას?

ჩვენი საქმე გულისხმობს ახალი ქართული ლანდშაფტების შექმნას. საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებიც აერთიანებს ადგილობრივ, ენდემურ ჯიშებსა და კულტურებს და მოიცავს სრულიად საქართველოს, დაწყებული შავი ზღვის სანაპიროდან, დასრულებული რაჭის მთებით. ჩვენ ვსწავლობთ ძველ ფოტოებსა და არქივებს, რათა გავიგოთ, თუ რა იყო დარგული ნახევარი საუკუნის წინ და თავიდან შევქმნათ ნარგავების გეგმა დღევანდელი დღისთვის.

სახვითი ხელოვნება ლანდშაფტზე მუშაობის კიდევ ერთ რესურსს წარმოადგენს ჩვენთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ქართველი პეიზაჟისტი-მხატვრების, ელენე ახვლედიანისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრები, რომლებიც ასახავენ ურთიერთკავშირს კულტურასა და ბუნებას შორის მრავალფეროვანი მოხატულობით, სივრცეებით, ტექსტურებითა და ფერებით, რაც საბოლოო ჯამში, ქართულ ლანდშაფტს წარმოგვიდგენს. ასევე ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით თანამედროვე ხელოვანებსა და არქიტექტორებს, რომლებსაც გააჩნიათ კრიტიკული და გამჭრიახი ხედვა ურბანული და სოფლის ლანდშაფტებისა. ესენი არიან ნანა ჭიჭუა, გიო სუმბაძე, მამუკა ჯაფარიძე, გიგი შუკაკიძე, ვანო ქსნელაშვილი, ნათელა გრიგაშვილი და კურატორები მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე.

რომ შევაჯამოთ, Ruderal წარმოადგენს სტუდიას, რომლის მიზნია დანაწევრებული კულტურული და ეკოლოგიური ურთიერთობების ხელახლა დაკავშირება ერთმანეთთან და ახალი მომავლის ერთობლივად შექმნა.

გარეკანის ფოტო: სერა ძნელაძე

ორშვილიანი ოჯახის ბინა შვედეთში

“ალიზი დეველოპმენტის” ახალი გაყიდვების ოფისის ინტერიერზე – DODO Designs-მა იმუშავა