Night mode

თამარ თავართქილაძის თვალით დანახული ბუნების არქიტექტურა

თამარ თავართქილაძის თვალით დანახული ბუნების არქიტექტურა
ფონტის ზომა


თამარ თავართქილაძე ქართველი ლანდშაფტის არქიტექტორია, რომელმაც საკუთარი კარიერის განმავლობაში უამრავი ქართველი დამკვეთის ეზოსა თუ ბაღს შემატა ხალისი, სიმწვანე და დახვეწილობა. საქართველოში ლანდშაფტის არქიტექტურა არაა ფართოდ გავრცელებული და მასზე საზოგადოებამ ბევრი არ იცის, თუმცა, როგორც თამარი იხსენებს, ბავშვობიდან იცოდა, რომ თავის მომავალს ბაღების დიზაინს დაუკავშირებდა. Homeis.ge-სთან ინტერვიუში თამარი გვესაუბრა ლანდშაფტის არქიტექტურაზე, მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ტექნიკასა და სხვა საინტერესო თემებზე, რასაც უცვლელად გთავაზობთ.


გვიამბეთ თქვენს თავზე, როგორ გახდა ლანდშაფტის არქიტექტურა თქვენი პროფესია?

მე არქიტექტორების ოჯახში ვიზრდებოდი – დედაც და მამაც არქიტექტორები არიან,  მთელი ბავშვობა ვუყურებდი გაშლილ ფორმატებს, ნახაზებს…ასე რომ, ჩემთვის ეს გარემო ძალიან ორგანული იყო. ერთხელ, როცა პატარა ვიყავი, დილით ადრე გავიღვიძე, მივადექი მაგიდაზე გაშლილ მამას მიმდინარე პროექტს, შევყევი და სულ მოვხატე ბუჩქებით და ყვავილებით. მამამ რომ დაინახა, თავში ხელი შემოირტყა, მაგრამ ჩემი შეშინებული სახე შენიშნა თუ არა, ჩამეხუტა და მითხრა – „მამი, შენ მგონი ბაღების არქიტექტორი გამოხვალო…“ ჰოდა, არ ვიცი, მას შემდეგ სულ ვფიქრობდი, თითქოს ჩამებეჭდა თავში და ძალიან დავინტერესდი ამ პროფესიით – ასე გახდა ჩემი პროფესია ლანდშაფტის არქიტექტურა.

საქრთველოში ბევრ ლანდშაფტის არქიტექტორს ვერ ვხვდებით, აქ ეს სფერო ძალიან პოპულარული არაა. მოგვიყევით, რა არის ლანდშაფტის არქიტექტურა?

-ლანდშაფტის არქიტექტურა არის ბუნების არქიტექტურა, რომელიც ბევრ დისციპლინას მოიცავს. სივრცეების სწორად გადანაწილება მისი ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა,  ეს პროფესია გულისხმობს არსებული ბუნების მოვლას, შენარჩუნებას, განვითარებას  და ამის საფუძველზე ახლის შექმნას. თუკი შენობები ადამიანს სთავაზობს შეუქმნას მყუდრო და კომფორტული გარემო დახურულ სივრცეში, რომელიც იცავს ადამიანს ნეგატიურობისგან, ლანდშაფტის არქიტექტურა გვთავაზობს სწორედ ამ კომფორტის შექმნას ბუნებაში, რაც დიდ როლს ასრულებს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისევე გონებრივ განვითარებაზე. ეს მიმართულება ახდენს შენობებისა და ბუნების ინტეგრირებას, ჰარმონიულ შერწყმას, ორგანულისა და არაორგანულის დაბალანსებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი ქალაქებისთვის, როგორც კულტურული, ისე ეკოლოგიური მიმართულებით.

აღგვიწერეთ ლანდშაფტის არქიტექტურაზე მუშაობის პროცესი,რა ეტაპებისგან შედგება ის?

-პირველ რიგში აუცილებლად დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი კონკრეტული საპროექტო ადგილი და გარშემო სიტუაცია, დამკვეთის სურვილს უნდა ჩავწვდეთ მაქსიმალურად, გავიგოთ თუ რა უნდა მიიღოს თავისი ტერიტორიიდან, რომ ფუნქციური დატვირთვა სწორად განვსაზღვროთ და შემდეგ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სპეციალისტი სთავაზობს კონცეპტუალურ იდეა პროექტს, რომელიც შემდგომ დამკვეთის  ჩართულობით იხვეწება და ვიღებთ საბოლოოდ ლანდშაფტურ პროექტს.

 

საიდან იღებთ შტაგონების წყაროს?

-ბევრი რამე შეიძლება იყოს ინსპირაცია, ხან  თვითონ დამკვეთი, შევხედავ თუ არა უკვე ჩემს გონებაში იხატება მისი ბაღი, მაგრამ ყველაზე მეტად თვითონ ბუნება – ის მკარნახობს, რა უნდა შევქმნა… მისი სიყვარული და მისი შეგრძნება ხდება ჩემთვის ინსპირაცია…

რა არის მთავარი გამოწვევები ლანდშაფტის არქიტექტურაზე მუშაობისას?

-საკუთარი თავის განვითარება, შეცდომების გაანალიზება, სირთულეების გადაწყვეტა, რომელიც ახლავს ამ სფეროში მუშაობას, თანამედროვე ტენდეციებში მუდმივად ქექვა და პროფესიული ზრდა, არასდროს უნდა ჩათვალო, რომ ისწავლე და მორჩა!

თქვენი აზრით, რატომ არის საჭირო ლანდშაფტის დიზაინზე დიდი ყურადღების გამახვილება და რა კუთხით ეხმარება ამ დარგის პროფესიონალი დამკვეთს?

-ლანდშაფტის დიზაინერი/არქიტექტორი ყოველთვის წინასწარ შეისწავლის კონკრეტული ადგილის შესაძლებლობებს, რის მიხედვითაც აგეგმარებს ტერიტორიას, თავიდანვე სწორად დაგეგმილი პროექტი მინიმუმამდე ამცირებს გაუთვალისწინებელ პრობლემებს და ხარჯებს, ფურცელზევე წყდება სამუშაო გრაფიკი, დამკვეთმა პროექტის საშუალებით  ზუსტად იცის რა შედეგს უნდა ელოდოს და რა ბიუჯეტი სჭირდება ამისთვის.

პანდემიისგან გამოწვეულმა თვითიზოლაციამ როგორი გავლენა იმოქმედა თქვენს შემოქმედებაზე? ახალი პერსპექტივით ხომ არ შეხედეთ გამოწვევებს?

-სხვათაშორის, ჩემდა გასაკვირად, ძალიან იმატა მოთხოვნამ ამ მიმართულებით. ამ პერიოდმა გამოიწვია სერიოზული გადაფასებები და ადამიანებმა სხვანაირად გაიაზრეს ბუნების აუცილებლობა, მთელი ჩემი სამუშაო პრაქტიკის მანძილზე (რომელიც არც ისე პატარაა) არ გამიკეთებია იმდენი დეკორატიული ბოსტნის პროექტი, რაც ამ პერიოდში ვაკეთე. მუშაობის მხრივ მე ნამდვილად საინტერესო და აქტიური პერიოდი მქონდა პანდემიის პერიოდში.

-მოგვიყევით თქვენს რომელიმე პროექტზე. რითია ის საინტერესო?

-ყოველთვის მიჭირს ჩემი პროექტების გამოყოფა, ყველა მათგანი ინდივიდუალურია და საინტერესო, ყველა მათგანი განსხვავებულია, ისევე, როგორც მათი მესაკუთრეები. ჩემთვის ამოცანა შესრულებულია, როდესაც დამკვეთი არ ასრულებს ჩემთან ურთიერთობას, როდესაც წლების მანძილზე მეხმიანებიან სხვადასხვა ცვლილებების განხორციელების მიზნით, ან ხშირად ისევ რაღაც ახლის შესაქმნელად. ეს ნიშნავს, რომ მე მათი ნდობა მოვიპოვე, აი ეს არის ჩემთვის დასტური სწორად შესრულებული სამუშაოსი. ყველა ჩემ ახალ პროექტს ვუყურებ როგორც ჩემ სახეს, როგორც ჩემ რეკლამას, ასე რომ ვცდილობ ყველა ჯერზე მაქსიმალურად დავიხარჯო.