ინტერიერის დაგეგმვისას ფერების არჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, ბევრი უსაფრთხო გზას ირჩევს — თეთრ, ნაცრისფერ და კრემისფერ ტონებს, რომლებიც მარტივად ერგება თითქმის ნებისმიერ სივრცეს. თუმცა, არსებობს ინტერიერები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებს და გვაჩვენებს, რომ სწორედ ფერს შეუძლია სივრცეს ინდივიდუალობა, ხასიათი და ემოცია შესძინოს.

ამჯერად სამი ქართული პროექტი შევარჩიეთ, რომლებშიც დიზაინერებმა ფერი მხოლოდ დეკორატიულ ელემენტად კი არ გამოიყენეს, არამედ მთელი კონცეფციის მთავარ ნაწილად აქციეს.
ბინა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე

ნინო არევაძის პროექტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფერთან ექსპერიმენტი ყოველთვის ხმამაღალ გადაწყვეტილებებს არ მოითხოვს — ზოგჯერ რამდენიმე კარგად გააზრებული აქცენტიც საკმარისია, რათა ინტერიერმა სრულიად განსხვავებული ემოცია აღძრას. ამ შემთხვევაში დიზაინერმა მშვიდ, ნათელ ბაზას მრავალფეროვანი ტექსტილის, ხელოვნების ნიმუშებისა და საგულდაგულოდ შერჩეული დეკორის საშუალებით შესძინა სიცოცხლე. მდოგვისფერი, ლურჯი, მწვანე და ტერაკოტისფერი აქცენტები სივრცეში ბუნებრივად ნაწილდება და ინტერიერს სიღრმესა და ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს, თანაც ისე, რომ საერთო კომპოზიცია მსუბუქი და ჰარმონიული რჩება. ეს პროექტი კიდევ ერთი
ბინა ავლაბარში

სრულიად განსხვავებული განწყობაა დეა მამაიაშვილის პროექტში, სადაც ინტერიერის მთავარი გმირი ღრმა ლურჯი ფერია. ის გვხვდება როგორც ავეჯში, ისე კედლებისა და დეტალების გადაწყვეტაში და ქმნის ინტერიერს, რომელსაც გამორჩეული ხასიათი აქვს. მიუხედავად ასეთი აქტიური ფერის გამოყენებისა, სივრცე ჰარმონიულად და დაბალანსებულად გამოიყურება, რაც სწორად შერჩეული მასალებისა და ნეიტრალური ფონების დამსახურებაა.
ბინა ნუცუბიძეზე

ფერის გამოყენების კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია Of a Home Studio-ს ნამუშევარი ნუცუბიძეზე. აქ სხვადასხვა ტონი ერთმანეთთან თავისუფლად თანაარსებობს, თუმცა საბოლოოდ ინტერიერი ქაოსურად კი არა, ენერგიულად და ცოცხლად აღიქმება. სწორედ ასეთი პროექტები აჩვენებს, რომ ფერებთან ექსპერიმენტი მხოლოდ გაბედულებას კი არა, სწორ კომპოზიციურ ხედვასაც მოითხოვს.
ამ სამი პროექტის საერთო იდეა ერთია — ფერი არ არის ის ელემენტი, რომელსაც მხოლოდ მცირე აქცენტისთვის უნდა ვიყენებდეთ. სწორად გააზრებული პალიტრა ინტერიერის მთავარი იდენტობა შეიძლება გახდეს. ზოგჯერ სწორედ ერთი თამამი გადაწყვეტილება ქმნის იმ სივრცეს, რომელიც წლების შემდეგაც ისეთივე საინტერესო რჩება, როგორც მისი დასრულების დღეს.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილია, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხევს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2 -ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საიტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა “გაბედეს” წარმდგენია m2





