საბჭოთა კავშირის პერიოდის არქიტექტურული მემკვიდრეობა საქართველოში დღემდე არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. ეს გასაგებიცაა – საბჭოთა წარსული მხოლოდ კონკრეტულ ეპოქაში შექმნილი შენობებისა და ურბანული ცვლილებების ერთობლიობა არ არის. ის უკავშირდება პოლიტიკურ რეჟიმს, იდეოლოგიურ კონტროლს, კულტურულ შეზღუდვებსა და ისტორიულ გამოცდილებას, რომლის შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის. სწორედ ამიტომ, საბჭოთა პერიოდის ნაგებობების შეფასება ხშირად მათი შექმნის პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტით იწყება და ზოგჯერ ამავე კონტექსტით სრულდება.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ დღეს აღნიშნული არქიტექტურის ღირებულება ბევრისთვის ეჭვის საგანია და ამგვარი გულგრილობისგან მათი განადგურებაც ბუნებრივი მოვლენაა. ისევე, როგორც გასულ საუკუნეში არსებობდა აუცილებლობა ისეთი ძეგლების მნიშვნელობის საზოგადოებისთვის შეხსენებისა, როგორებიცაა რუსთაველის თეატრი ან ოპერისა და ბალეტის თეატრი, დღესაც მიზნად უნდა ვისახავდეთ საბჭოთა პერიოდის დანატოვრის ხელახალ შეფასებასა და ანალიზს. თუმცა, წარსულის გააზრება მხოლოდ მის უარყოფით ან დადებით შეფასებამდე არ უნდა დავიყვანოთ. ამ ეპოქაში შექმნილი კულტურა ახლებურ მიდგომას მოითხოვს – ისეთს, როგორც ჩვენს საუკუნესა და თანამედროვე ღირებულებებს შეესაბამება.
საბჭოთა პერიოდში საქართველოში არაერთი არქიტექტურული ნამუშევარი შეიქმნა, რომელთა კულტურული თუ მხატვრული ღირებულება მხოლოდ მათი დროით ან თავდაპირველი დანიშნულებით არ განისაზღვრება – განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ეს შენობებიც ქართველი არქიტექტორების შექმნილია და ნათლად აღწერს იმდროინდელი ქართული საზოგადოების აზროვნებას. ისინი ასახავს ადგილობრივი არქიტექტორების პროფესიულ ძიებებს, საერთაშორისო ტენდენციებთან კავშირსა და იმ მცდელობებს, რომლებსაც ზოგჯერ მკაცრი იდეოლოგიური ჩარჩოების პირობებშიც კი განსხვავებული არქიტექტურული ენის ჩამოყალიბება შეეძლო.
1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ე.წ. „დათბობის“ პერიოდში, შედარებითი „თავისუფლების“ გარკვეულ დაშვებასთან ერთად არქიტექტურაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. 1955 წელს მიღებულმა დადგენილებამ არქიტექტურასა და მშენებლობაში დეკორატიული „ზედმეტობების“ (სტალინური ამპირისთვის დამახასიათებელი დეკორის, არქიტექტურული და მხატვრული დეტალების სიუხვის, ძვირადღირებული მასალის გამოყენების) შემცირებას დაუჭირა მხარი. არქიტექტურა უნდა ყოფილიყო უბრალო და იაფი, რამაც უფრო ფუნქციური, რაციონალური და თანამედროვე ფორმების გავრცელებას შეუწყო ხელი ანუ გეზი სამყაროსა და ფორმის მოდერნისტული აღქმისკენ შემოაბრუნა. ამგვარად, სტალინური არქიტექტურის პომპეზურობა და სიმძიმე გეომეტრიულმა, სადა მოხაზულობებმა ჩაანაცვლა.
ამავე დროს, საბჭოთა სივრცეში თანდათან უფრო ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო არქიტექტურული იდეები, რომლებიც დასავლურ მოდერნიზმს უკავშირდებოდა. მსოფლიოში არსებული ახალი არქიტექტურული პროექტების შესახებ უცხოეთიდან შემოჟონილმა ინფორმაციამ არქიტექტორებს შედარებითი თავისუფლების შეგრძნება მოუტანა, რამაც სიახლეებისკენ სწრაფვა გააღვივა. ამ პროცესმა ქართულ არქიტექტურაზეც იმოქმედა და ისეთი ნაგებობების შექმნას შეუწყო ხელი, რომელთა ფორმა, კონსტრუქცია და სივრცითი გადაწყვეტები იმ პერიოდისთვის თამამი და ხშირად ექსპერიმენტულიც იყო – ახლა არქიტექტორებს შეეძლოთ ის გაეკეთებინათ, რაც აქამდე აკრძალული ჰქონდათ.
საქართველოში მოდერნიზმი მხოლოდ დასავლური არქიტექტურული პრინციპების პირდაპირი გადმოტანა არ ყოფილა. ადგილობრივი არქიტექტორები საერთაშორისო ტენდენციებს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას, გარემოსა და კულტურულ კონტექსტს უკავშირებდნენ. შედეგად მივიღეთ ნაგებობები, რომლებშიც მკაფიო გეომეტრიული ფორმები, მასშტაბური კონსტრუქციები, ღია სივრცეები, ბეტონი და მინა ზოგჯერ ადგილობრივ მასალებთან, მოზაიკასთან, რელიეფურ დეკორთან ან ქართული არქიტექტურული ტრადიციების ინტერპრეტაციასთან ერთიანდებოდა. ამგვარად, ქართული მოდერნიზმი ერთიანი და ერთგვაროვანი სტილი არ არის – ის სხვადასხვა არქიტექტურული მიდგომისა და შემოქმედებითი ძიების ერთობლიობას წარმოადგენს.

დღეს ამ პერიოდის ნაგებობების მიმართ ინტერესის დაბრუნება მხოლოდ ნოსტალგიით არ აიხსნება. მათი ხელახლა აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიაზროთ ჩვენი ქალაქების განვითარების ისტორია, არქიტექტურული აზროვნების ცვლილებები და ის პროფესიული მემკვიდრეობა, რომელიც თანამედროვე არქიტექტურისთვისაც მნიშვნელოვანია. ამასთან, საკითხი მხოლოდ ესთეტიკურ შეფასებას არ ეხება: ბევრი შენობა თავდაპირველ ფუნქციას აღარ ასრულებს, ზოგი დაზიანებულია, ზოგი გადაკეთების ან დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ მემკვიდრეობას კრიტიკულად, მაგრამ ობიექტურად შევხედოთ – გავიაზროთ მისი ისტორიული კონტექსტი და ამავდროულად დავინახოთ ის არქიტექტურული ღირებულება, რომლის შენარჩუნებაც აუცილებელია.
ქართული მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუშები
ექსპო ჯორჯია – საგამოფენო არქიტექტურა, როგორც ეპოქის ანარეკლი
თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო კომპლექსი საბჭოთა პერიოდის მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი უნიკალური და მნიშვნელოვანი მაგალითია. კომპლექსის მშენებლობა არქიტექტორ ლევან მამალაძის პროექტით 1960-იან წლებში დაიწყო და 1971 წლამდე გაგრძელდა. თავდაპირველად ის მეურნეობის, მრეწველობის, მეცნიერებისა და კულტურის მიღწევათა გამოფენის ფუნქციას ასრულებდა – წარმოადგენდა სივრცეს, სადაც საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკური, სამრეწველო და ტექნოლოგიური მიღწევები უნდა წარმოჩენილიყო.
კომპლექსის არქიტექტურულ ღირებულებას მხოლოდ ცალკეული პავილიონების იერსახით ვერ განვსაზღვრავთ – მისი დაგეგმარება, შენობების ურთიერთგანლაგება, გამწვანებული ტერიტორიები, ღია სივრცეები და დეკორატიული ელემენტები – ლანდშაფტური და მონუმენტური არქიტექტურის ჰარმონიულ ანსამბლს ქმნის. პავილიონების არქიტექტურაში გვხვდება მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი მკაფიო ფორმები და დიდი მინის ზედაპირები, ხოლო მოზაიკები და მხატვრული ნამუშევრები კომპლექსს ადგილობრივ უნიკალურ ხასიათს ანიჭებს.
„ექსპო ჯორჯია“ განსაკუთრებით საინტერესოა იმითაც, რომ მისი არქიტექტურა ერთდროულად ასახავს საბჭოთა საგამოფენო კულტურის იდეოლოგიურ დანიშნულებას და იმ შემოქმედებით შესაძლებლობებს, რომლებიც ამ ტიპის სივრცეების შექმნისას არსებობდა. დღეს კომპლექსი არა მხოლოდ საგამოფენო, საზოგადოებრივი სივრცეა, არამედ ის მნიშვნელოვან სარეკრეაციო და სოციალურ ფუნქციას ასრულებს, რაც მას ქალაქის განვითარების ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად აქცევს.
თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი – არქიტექტურა, როგორც ინტელექტუალური თამაში
ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი 1973 წელს გაიხსნა. ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილისა და გერმანე ღუდუშაურის პროექტით შექმნილი შენობა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის პატივსაცემად აიგო. შენობის პროექტირება 1965 წელს დაიწყო და მისი მთავარი სირთულე ორი განსხვავებული სპორტის – ჭადრაკისა და ალპინიზმის – ერთ საზოგადოებრივ სივრცეში იდეურად და ფუნქციურად გაერთიანება იყო. არქიტექტორებს უნდა შეექმნათ გამართული და ამავდროულად ორიგინალური ნაგებობა, რომელსაც თანამედროვე არქიტექტურაში პირდაპირი ანალოგი არ ჰქონდა.
სამსართულიანი შენობა დამრეცი რელიეფის მქონე პარკის გარემოს ორგანულად ერწყმის და თავისი მასშტაბითა და პროპორციებით მწვანე ლანდშაფტში ეფლობა. მისი ცენტრალური ნაწილი 520 მაყურებელზე გათვლილი დარბაზია, რომელსაც მეორე და მესამე სართულებზე გალერეები და ვესტიბიული მიუყვება. განსაკუთრებით საინტერესოა მოძრავი პანელების სისტემა, რომლის საშუალებითაც დარბაზი მესამე სართულის გალერას უკავშირდება და ბუნებრივ განათებასაც უზრუნველყოფს. პანელები საქართველოში იშვიათი ხის ინკრუსტაციის ტექნიკითაა შესრულებული და ჭადრაკის დაფის აბსტრაქტულ ასოციაციას ქმნის. ინტერიერში გამოყენებული ქვის მოპირკეთება და ფასადის დეკორატიული დეტალებიც შენობის მხატვრულ სახეს განსაზღვრავს.
ჭადრაკის სასახლე საინტერესოა იმით, რომ აქ მოდერნისტული არქიტექტურა მხოლოდ ფორმების ძიებით არ შემოიფარგლება – ის ფუნქციის, გარემოსა და მხატვრული გადაწყვეტის გააზრებულ ერთიანობას ქმნის. 2019 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მისი კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების საკითხზე მომზადებული კვლევითი პროექტი Getty Foundation-ის „Keeping It Modern“ ინიციატივის მხარდაჭერით განხორციელდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის ნაგებობები არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის კონტექსტშიც განიხილება.
ტელეგრაფის შენობა – არქიტექტურა, როგორც კავშირის სიმბოლო
თბილისის ცენტრალური ფოსტისა და ტელეგრაფის შენობა, რომელიც დღეს სასტუმრო „ტელეგრაფის“ სახელით არის ცნობილი, საბჭოთა პერიოდის ქართული მოდერნიზმის დახვეწილი ნიმუშია. შენობის პროექტი ქართველ არქიტექტორებს, ლადო ალექსი-მესხიშვილსა და თეიმურაზ მიქაშავიძეს ეკუთვნით. პროექტზე მუშაობა 1960-იან წლებში დაიწყო, ხოლო ნაგებობა 1970-იანი წლების ბოლოს დასრულდა. თავდაპირველად ის ქალაქის მთავარ საკომუნიკაციო ცენტრს წარმოადგენდა – ადგილს, საიდანაც თბილისი ქვეყნისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებს უკავშირდებოდა.
შენობა განსაკუთრებით გამოირჩევა მონუმენტური მასშტაბითა და მკაფიო გეომეტრიული ფორმებით. ფასადის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული სვეტებია, რომელთა მასიურობას მონუმენტური კარნიზები და მკაცრი კომპოზიცია კიდევ უფრო უსვამს ხაზს. შენობის არქიტეტქურა ითვალისწინებს მიმდებარე ურბანულ გარემოს და ქალაქის რელიეფსა და ქუჩების სტრუქტურას ერგება. ორმაგი ატრიუმები, სივრცითი გადაწყვეტები და ფასადის მასშტაბური ელემენტები ნაგებობას განსაკუთრებულ არქიტექტურულ ხასიათსა და უნიკალურ ესთეტიკას ანიჭებს.

ტელეგრაფის თავდაპირველი ფუნქცია დღეს აქტუალობას აღარ ინარჩუნებს – კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებმა ის ისტორიის ნაწილად აქცია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შენობამაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა. პირიქით, მისი ახალი დანიშნულებით ათვისება გვაჩვენებს, რომ არქიტექტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობა მხოლოდ თავდაპირველი ფუნქციის შენარჩუნებაზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, ისტორიული ნაგებობები თანამედროვე საჭიროებებს მოვარგოთ ისე, რომ არ დავკარგოთ მათი არქიტექტურული ხასიათი და კულტურული ღირებულება. სწორედ ამგვარი მიდგომა აძლევს მათ შესაძლებლობას, კვლავ გახდნენ ქალაქის აქტიური და ცოცხალი ნაწილი.
მემკვიდრეობა, რომელიც შენარჩუნებას საჭიროებს
საბჭოთა პერიოდის ქართული მოდერნიზმის არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ისეთი შენობების ხსენებას, როგორებიცაა საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტრო და თბილისის სპორტის სასახლე – სივრცისა და კონსტრუქციის ინოვაციური გააზრების მაგალითები; თბილისის მეტროს სადგურები თუ ავტობუსის გაჩერებები – მოდერნიზმი ყოველდღიურ ურბანულ გარემოში; სტადიონი „დინამო არენა“ – ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ ქცეული არქიტექტურა…
სია ძალიან ვრცელია, თუმცა ხშირად სათანადოდ შეუსწავლელია… მისი შეფასება არ გულისხმობს იმ პოლიტიკური სისტემის გამართლებას ან იმ ისტორიული გამოცდილების დავიწყებას, რომელშიც ეს ნაგებობები შეიქმნა. პირიქით, მათი გააზრება სწორედ წარსულის უფრო სრულყოფილად წაკითხვის შესაძლებლობას გვაძლევს – გვაჩვენებს, როგორ ვითარდებოდა არქიტექტურული აზროვნება რთულ პოლიტიკურ გარემოში და როგორ ახერხებდნენ ქართველი არქიტექტორები საკუთარი პროფესიული ენის ჩამოყალიბებას.












