ავლაბარში მდებარე ეს 60 მ² ბინა არქიტექტურული მინიმალიზმის მკაფიო მაგალითია — ინტერიერი, სადაც ფორმა, ფუნქცია და სივრცის აღქმა ერთმანეთთან ზუსტად გათვლილი ურთიერთობით ერთიანდება. პროექტზე დეა მამაიაშვილმა იმუშავა და მთავარი ამოცანაც თავიდანვე მკაფიო იყო: შეექმნა სივრცე, რომელიც სრულად უპასუხებდა ერთი მუდმივი მაცხოვრებლის — მამაკაცი დამკვეთის ცხოვრების სტილს, ხასიათსა და ყოველდღიურ მოთხოვნებს.

ინტერიერის კონცეფცია არ ეფუძნებოდა სწრაფად ცვალებად ტენდენციებს ან დროებითი ეფექტის შექმნას. პირიქით — მთავარი აქცენტი გაკეთდა პრაქტიკულობაზე, რაციონალიზმსა და ხარისხზე. დამკვეთის სურვილი იყო მინიმალისტური, არქიტექტურული და მკაფიო ხაზებზე აგებული გარემო, სადაც საერთო სივრცეებში გამოყენებული ცივი ტონალობები ბინას ვიზუალურად უფრო ფართოსა და თავისუფალს გახდიდა. პროექტზე მუშაობისას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ბიუჯეტთან რაციონალურ დამოკიდებულებასაც — თითოეული გადაწყვეტილება არგუმენტირებული და ფუნქციური უნდა ყოფილიყო.
ამ მიდგომამ განსაზღვრა ინტერიერის მთავარი ხასიათიც — სივრცეში მაქსიმალურად შემცირდა „ვიზუალური ხმაური“. დეა მამაიაშვილმა ამისთვის გამოიყენა ფარული კარები, სრულად ჩაშენებული ტექნიკა და კედლის პანელებთან ერთ სიბრტყეში გადაწყვეტილი სათავსოები, რის შედეგადაც ინტერიერი ერთიან, სუფთა და უწყვეტ მოცულობად აღიქმება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვერტიკალურ ელემენტებსაც — მათ შორის განათებას, რაც დაბალი ჭერის პირობებში, სივრცეს სიმაღლის შეგრძნებას მატებს და ინტერიერს დამატებით დინამიკას სძენს.
დეკორი აქ თითქმის არ გვხვდება — ყოველ ნივთს თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვს. დიზაინერის თქმით, “დეკორი დეკორისთვის” მიდგომა ამ პროექტში სრულიად მიუღებელი იყო. გამონაკლისს მხოლოდ ნამუშევრები და განათებები წარმოადგენს, რომლებიც სივრცეში ემოციურ და ვიზუალურ აქცენტებს ქმნიან.
ინტერიერის მთავარი აქცენტი ლურჯი მონოლითური ბლოკია, რომლის ირგვლივაც მთლიანად აეწყო ბინის დანარჩენი სივრცეები. ეს ელემენტი არა მხოლოდ ფერად აქცენტად მუშაობს, არამედ კომპოზიციურ ცენტრსაც ქმნის და ინტერიერს მკაფიო იდენტობას ანიჭებს. ამავე დროს, სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი განათების სისტემაა — სხვადასხვა ტიპისა და სცენარის განათებები ინტერიერში რიტმს, მოძრაობასა და ნავიგაციის შეგრძნებას ქმნის. ისინი ერთმანეთთან აკავშირებს სივრცეებს და სხვადასხვა განწყობისა თუ აქტივობისთვის განსხვავებულ ატმოსფეროს აყალიბებს.
მასალებისა და ფერების მხრივ ინტერიერი კონტრასტებზეა აგებული — ცივი და თბილი ტონები, გლუვი და ტექსტურული ზედაპირები, მონოლითური და მსუბუქი ელემენტები ერთმანეთთან დაბალანსებულ ურთიერთობაში არსებობს. სწორედ ეს ბალანსი აძლევს სივრცეს იმ სიზუსტესა და სიმშვიდეს, რომელიც მთლიან ინტერიერს ახასიათებს.
საბოლოოდ, ბინა მხოლოდ მინიმალისტური ინტერიერი არ არის — ის ზუსტად მორგებული საცხოვრებელი გარემოა, სადაც ყოველი დეტალი კონკრეტულ საჭიროებას პასუხობს. დეა მამაიაშვილის პროექტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ფუნქციური დაგეგმარების, სწორი პროპორციებისა და განათების დახმარებით, მცირე ფართობის ბინა ვიზუალურად ბევრად ფართო, დახვეწილი და არქიტექტურულად ძლიერი გახდეს.
პროექტის ავტორი: დეა მამაიაშვილი
დიზაინ სტუდია: IDEAS
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილია, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხევს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2 -ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საიტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა “გაბედეს” წარმდგენია m2
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

























