in ,

ბინა ფრანგული ნოტებით ავლაბარში – სტუმრად კაწია აბსანძესთან

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ ავლაბარში, კვეზერელი კოპაძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 150 კვადრატული მეტრია. ამ ულამაზესი სივრცის მეპატრონე ბევრისთვის ნაცნობი კაწია აბსანძეა, რომელიც პროფესიით მარკეტერი, ქოუჩი და ციფრული მარკეტინგის ექსპერტია.

კაწიას საქმიანობა უკავშირდება სტუმარმასპინძლობის (Hospitality) სფეროს. მას ისეთ ბრენდებთან აქვს მუშაობის გამოცდილება, როგორიცაა ინტერკონტინენტალი (CROWNE PLAZA BORJOMI ), მერიოტი ( Le Méridien Batumi ) და გოგა მაისურაძის მიერ შექმნილი ‘ლოპოტა სპა რეზორტი“. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, აღნიშნულ კომპანიებთან მას საკმაოდ დიდი დოზით ჰქონდა შეხება და მათზე დაკვირვების შესაძლებლობა. ამას გარდა, კაწია ჩართული იყო სხვადასხვა დიზაინერებთან ურთიერთობაში, რაც მისთვის ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა.

ჩემი კარიერიდან გამომდინარე, გამუდმებით მიწევს შეხება სხვადასხვა დიზაინერებთან. ესთეტი ვარ, მიყვარს ფერთა გამები, მათი ფსიქოლოგია. თუ გადახედავთ ჩემს უსაყვარლეს კომპანიას – Marklab-ს და ჩემ მიერ შექმნილ ციფრულ ედიტორიალს Innerblomm-ს, თქვენ დაინახავთ ჰაეროვან და ფერად ფიდს. საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ამ ყველაფერს და ძალიან ბევრს ვკითხულობ სხვადასხვა ტენდენციებზე, რადგან დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება.”

ამ ბინაში კაწია სულ რამდენიმე ხნის წინ გადმოვიდა. როგორც თავად გვიამბობს, საცხოვრებელი სივრცე უკვე აშენებულ მდგომარეობაში შეიძინა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ის სრულიად ახლიდან შექმნა, ვინაიდან ბინას ტოტალური ტრანსფორმაცია ჩაუტარა და ყველაფერი შეცვალა, გარდა ერთი კედლისა, რომელიც უცვლელი დატოვა.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, კაწიას უმთავრესი სურვილი იყო, რომ სივრცე ყოფილიყო კომფორტული, მყუდრო და ჰაეროვანი. ამ ამოცანის მიღწევაში კი მას დიზაინერები – სალომე აბესაძე და ლიკა გელიაშვილი დაეხმარნენ.

მინდოდა ოთახების სწორად დაგეგმარება და სივრცის ეფექტურად ათვისება, რაც სალომესა და ლიკას ძალიან კარგად გამოუვიდათ. ისინი ყველა საკითხში ბოლომდე იყვნენ ჩართულები, დაწყებული ელექტრობით, დამთავრებული რემონტის წვრილმანებით. მათი ხედვით შეიქმნა თითოეული დეტალი, რომლებიც ვფიქრობ, იდეალურად ეხამება ერთმანეთს”.

პროექტის ავტორებმა გამოიყენეს ისეთი მასალები, როგორიცაა ხე, რკინა და ნატურალური ქსოვილები ხავერდისა და ტილოს სახით. ინტერიერში დომინირებს თეთრი ფერი და აქ საკმაოდ მკაფიოდ იგრძნობა ფრანგული ნოტები მოდერნისტული დეტალებითა და დახვეწილი აქსესუარებით. ყურადღებას იქცევს განათების ელემენტები, რომლებიც დიზაინერებმა საგულდაგულოდ სწორედ ამ სივრცისთვის შეარჩიეს.

ბინაში ასევე გვხვდება გემოვნებიანი ხელოვნების ნიმუშები. მათი უმეტესობა თანამედროვე ქართველ არტისტებს ეკუთვნის. როგორც კაწია გვიამბობს, მათ შერჩევაში მას თეა გოგუაძე ეხმარებოდა “რიჩ არტ ვიზუალიდან”.

ბევრი რენდერი გამოვიარეთ და საბოლოოდ ეს შედეგი მივიღეთ. მომწონს ჩემი ინტერიერი. ეს ოთახები ჩემი პირადი გაზაფხულია, აქ მუდამ ტრიალებს გაზაფხულის სურნელი,“- კაწია აბსანძე

პროექტის ავტორები: სალომე აბესაძე და ლიკა გელიაშვილი

საერთო ფართობი: 150 კვ.მ

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

 

 

“რივერსაიდმა” ახალი ტიპის ვორქრუმი გახსნა!

ფერთა წრე და ელფერების შეხამების სქემები ინტერიერში