in

ფერთა წრე და ელფერების შეხამების სქემები ინტერიერში

ჰარმონიული და დასრულებული ინტერიერის შექმნისთვის ერთ-ერთი მთავარი პირობაა ფერების სწორი შეხამება. იმისთვის, რათა გავიგოთ როგორ ავარჩიოთ ფერები სწორად, აუცილებლად უნდა გავეცნოთ ფერთა წრეს, რომელიც ამ საკითხის საფუძვლიანი გაგების საშუალებას მოგვცემს.

ფერთა წრე დაყოფილია 12 სექტორად, სადაც ლურჯი, ყვითელი და წითელი ძირითადი ფერებია. ამ ფერებით, შავი და თეთრი ფერების მეშვეობით, მხატვარს  სხვა დანარჩენ ფერთა ვარიაცია შეუძლია მიიღოს. ნარინჯისფერი, იისფერი და მწვანე მეორადი ფერებია. ისინი ძირითადი ფერების შერევით მიიღება. მესამე რიგის ფერები კი ძირითადი ფერისა და მეორე რიგის ფერების შერევით მიიღება. თითოეულ ფერს, რომელიც წარმოდგენილია წრეზე, უამრავი ელფერი და ტონი აქვს.

განვიხილოთ ფერთა შეხამების ძირითადი სქემები

1.მონოქრომატული სქემა

ის დაფუძნებულია  ინტერიერში ერთი ძირითადი ფერის სხვადასხვა ელფერის გამოყენებაზე. სხვადასხვა ელფერი თეთრის, შავისა და რუხი ფერების დამატებით მიიღება. ეს ითვლება კლასიკურ და ყველაზე მარტივ სქემად. საბოლოოდ, თქვენ ღებულობთ მშვიდ და ჰარმონიულ ინტერიერს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, აღნიშნულ სქემაში შეეცადეთ სხვადასხვა ტექსტურის შეთავსება.

ფერთა მონოქრომატული შეხამება შეიძლება იყოს როგორც თბილი, ასევე ცივი. ცივი ფერები ინტერიერს უფრო მოდუნებულს, მშვიდსა და ასევე ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს. ხოლო თბილი ფერები მომცროს, ნათელსა და ენერგიულს ხდის მას.

მშვიდი და მყუდრო სივრცის შექმნისთის ნეიტრალური ფერების რბილ, პასტელურ ელფერებთან ერთად გამოყენებაა შესაძლებელი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ოთახი დომინანტი ბეჟი ფერით, სადაც მეორადი ფერის როლს თეთრი შეასრულებს ღია ცისფერი აქცენტებით.

2.ანალოგური სქემა

ეს სქემა გულისხმობს ფერთა წრიდან ორი ან სამი მიმდებარე ფერის გამოყენებას, სადაც ერთი დომინირებს, დანარჩენები კი დამხმარე როლს ასრულებენ. ანალოგური სქემისთვის ცივი ან თბილი ფერები შეგიძლიათ ამოირჩიოთ. იმისთვის, რომ ინტერიერი დამთრგუნველი არ გამოვიდეს, ეს ფერები რაიმე ნეიტრალურ ფონზე, აქცენტების სახით გამოიყენება.

3.ანალოგური სქემა აქცენტებით

ამ შემთხვევაში გამოიყენება 2-3 ანალოგური ფერი, რომლებსაც კონტრასტული აქცენტი ემატება. ზემოთ მოცემულ სურათზე ძირითადი ფერის როლში ღია ლურჯია აღებული. ის ჩანს კედლებზე, ხოლო კონტრასტის სახით წითელი ტახტებია გამოყენებული.

4. კომპლემენტარული სქემა

კომპლემენტარული სქემა დაფუძნებულია ორ ფერზე, რომლებიც ფერთა წრეზე ერთმანეთის საპირისპიროდაა განლაგებული. თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენს ინტერიერში იყოს კონტრასტი ნეიტრალურ ფონზე აქცენტების სახით, ორი კომპლემენტარული ფერი აიღეთ.

უფრო მშვიდი ოთახისთვის გამოიყენეთ ერთი “ყრუ” ფერი ძირითადის როლში, ხოლო აქცენტებად გამოდგება საპირისპირო ფერი.

ეს იყო მოკლე გზამკვლევი, რომელიც დაგეხმაერბათ ფერების შერჩევაში თქვენი ინტერიერისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველა შესაძლო სქემა არ არის მოცემული, ეს ინფორმაცია ნამდვილად მოგცემთ საშუალებას, მოიფიქროთ საინტერესო წყობა ფერთა წრეზე და შეახამოთ ისინი თქვენი საცხოვრებელი სივრცისთვის.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბინა ფრანგული ნოტებით ავლაბარში – სტუმრად კაწია აბსანძესთან

მიკრო ბინა მკვეთრი აქცენტებით კიევში