in

თეთრი სახლის 2023 წლის საშობაო მორთულობა – ჯილ ბაიდენის სადღესასწაულო დეკორი

პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, თეთრი სახლი შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დეკორაციებით მორთო. სახლის გაფორმებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო. ამ წლის დეკორაციების თემაა – „ჩვენ ადამიანები“.

„ღირებულებები, რომლებიც გვაკავშირებს, შეგიძლიათ თქვენს ირგვლივ იპოვოთ, შესაძლებლობების რწმენა, ოპტიმიზმი და ერთიანობა. თითოეული ოთახით ჩვენ გამოვხატავთ იმას, რაც დღესასწაულის განმავლობაში გვაერთიანებს.“ – განაცხადა პირველმა ლედიმ.

თემის სათაური, „ჩვენ ადამიანები“, აღმოსავლეთ ნაწილის შესასვლელშია განთავსებული. ბიბლიოთეკაში კი 1845 წელს დაბეჭდილი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლია გამოფენილი.

თეთრი სახლის ტერიტორიაზე 77 ნაძვის ხე, 25 გვირგვინი და 83 615- ზე მეტი სადღესასწაულო განათებაა დამონტაჟებული.

მთავარი ნაძვის ხე მოთავსებულია ე.წ ლურჯ ოთახში, სადაც ყოველ წელს ხდება ჭაღის დემონტაჟი, რათა ნაძვის ხე დაიდგას.  ხე 5მ სიგრძისაა და მორთულია აშშ-ს ყველა შტატის ოფიციალური ფრინველის ხელნაკეთი გამოსახულებით.

დეკორში გამოყენებულია ბაიდენის ოჯახის ტრადიციული ელემენტებიც. სასადილო ოთახში, პრეზიდენტ აბრამ ლინკოლნის პორტრეტის ქვეშ, ბუხრის თავზე, ჩამოკიდებულია ბაიდენის საოჯახო წინდები, რომლებიც ფორთოხლითაა შევსებული – ეს დეკორაცია პირველი ლედის ბებიის ტრადიციაა.

ოთახში ხეები მორთულია 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის მოსწავლეების ავტოპორტრეტებით, რათა „ბავშვები საკუთარ თავს ხედავდნენ“ – აცხადებს თეთრი სახლი.

დეკორაციაში გამოყენებული ოქროს ვარსკვლავები კი პატივისცემის გამოხატულების სიმბოლოა დაღუპული ამერიკელი სამხედროების მიმართ.

ე.წ ფაიფურის ოთახში განთავსებულია თეთრი სახლის ოფიციალური საშობაო ორნამენტი,  პატარა ნაძვის ხე კი მწვანე ოთახშია მოთავსებული.

ხეები მორთულია ბარათებითა და მოხალისეების მიერ ხელნაწერი რეცეპტებით.

წითელ ოთახში გამოყენებულია სანთლის კოშკის დეკორაცია, რომელსაც წითელი და ყვითელი ორქიდეები ამშვენებს.

მთელი დიზაინის კონცეფცია ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა თავი მნიშვნელოვნად იგრძნონ. პირველი ლედისთვის უმთავრესი იყო მათ დეკორაციაში საკუთარი თავი დაენახათ.

დენიელ ბერნჰემი — XX საუკუნის ამერიკის გამორჩეული არქიტექტორი

ძველი ბინის სრული ტრანსფორმაცია ვაკეში – ნინო დვალის ინტერიერი