ქრისტინე მორჩაძის მიერ შექმნილი ეს ინტერიერი ხასიათდება ფუნქციონალურობით, დახვეწილი სტილითა და ინდივიდუალიზმით. სივრცე ნათელია, მშვიდი ატმოსფერო კი გამოარჩევს მის თითოეულ პროექტს. ინტერიერში გამოყენებული პასტელური ფერები, რბილი ტექსტილი და დაბალანსებული განათება ქმნის კომფორტული ცხოვრების სტილს.
მთელ სივრცეში იგრძნობა ჰარმონია ესთეტიკასა და ფუნქციონალურობას შორის – დიზაინერმა ზუსტად იცის, როგორ გადაჭრას ცხოვრებისეული ამოცანები მარტივად და ელეგანტურად ისე, რომ მოერგოს დამკვეთის გემოვნებას. ბინის საერთო ფართი 129 კვ/მ-ია (შიდა საცხოვრებელი ფართი – 104,8 კვ/მ). ბინის თავდაპირველი სტანდარტული გადანაწილება სივრცის უფუნქციო ათვისებას იწვევდა, ამიტომ მეპატრონესთან და მშენებელთან შეთანხმებით, მოხდა იმ კედლების დემონტაჟი, რომლებიც ფართის კარგად ათვისებას აბრკოლებდა. სწორმა გეგმარებამ, რამდენიმე კედლის დემონტაჟმა და კარგად გადანაწილებულმა ოთახებმა ფართს მეტი ელეგანტურობა და მოქნილობა შესძინა. ბინაში შესვლისთანავე ფართო ჰოლი მიმართულებას გვაძლევს და ერთგვარი მინიშნებაა, რომ საინტერესო საცხოვრებელია შექმნილი.
ყურადღებას იქცევს სამზარეულოს ზონა. თანამედროვე ტექნიკა სიმეტრიულად არის გადანაწილებული ავეჯში და დაყოფილია ზონებად, რომლებიც დამკვეთთან შეთანხმებით შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. მოსამზადებელი სივრცე, სადაც გაზის ზედაპირი ცენტრშია განლაგებული, ხოლო მარჯვნივ და მარცხნივ სამუშაო ზედაპირი კერძის კომფორტულად მომზადებისთვის არის გათვლილი. ზემოთ კი კარადები და გამწოვია დამონტაჟებული. 2.სამრეცხაო სივრცე – ნიჟარა დამონტაჟებულია კუნძულის უკიდურეს კუთხეში, რათა ამ სივრცის სრული დატვირთვა მეორე ნაწილში საუზმისთვის ყოფილიყო შესაძლებელი. 3.სათავსოების ზონა – სადაც დამონტაჟებულია მაცივარი და კარადები, ასევე გვხვდება ელ. ღუმელი და მიკროტალღური , რომელიც გაღებულ პოზიციაში ემთხვევა კუნძულის თავისუფალ ნაწილს, სადაც ცხელი კერძის გადმოღება და მოთავსება უსაფრთხოდაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი გათვლილია დიასახლისის მოძრაობის ტრაექტორიაზე. სამზარეულოს ნაწილი კარგად არის ინტეგრირებული მინიმალისტური კლასიკური ელემენტების ავეჯთან, რომელიც დამზადებულია შეღებილი “მდფ” მასალისგან, ინდივიდუალურად შექმნილი ამოფრეზვის ტექნიკით, ხოლო ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, ნაწილობრივ, გამოყენებულია ლამინატის მასალა. მქრალი ოქროსფერი სახელურები და ონკანი ტექნიკის სახელურების მსგავსად შეირჩა. ზედაპირის სახით მყარი კვარცია გამოყენებული. ცენტრალური კუნძულის თავზე დამონტაჟებული დეკორატიული ჭაღი ყურადღებას იქცევს თავისი მქრალი შუშებით, რომლებიც ღრუბლიდან წამოსული ფიფქების იმიტაციას ქმნის. განათების სწორი განაწილება სივრცეს თბილ და მყუდრო ხასიათს ანიჭებს.
მისაღები ოთახი ორგანულად ერწყმის საერთო სივრცეს და ქმნის მსუბუქად გადინებად გარემოს, რომელიც განკუთვნილია როგორც დასასვენებლად, ისე სტუმრების მისაღებად. ღია და თბილი ფერის ავეჯის ტონები, რბილი ტექსტილი და შერჩეული აქცენტები – მრგვალი ფორმები ან ბუხრის ზონა – სივრცეს სიმშვიდესა და სიმყუდროვეს მატებს. აქ კარგადაა ათვისებული დიდი კედელი, სადაც დამონტაჟებულია ტელევიზორი, ელექტრო ბუხარი და ირგვლივ კარადა დეკორატიული თაროებით. თაროებზე მოთავსებული დეტალები და ნივთები მეპატრონის ხასიათს ღიად წარმოაჩენს.
ბინაში 3 საძინებელი გვხვდება, საიდანაც ერთი ძირითადი საძინებელია აბაზანასთან ერთად, ხოლო დანარჩენი გათვლილია ორ გოგონაზე. მთავარი საძინებელი მიერთებულია კერძო სააბაზანოსთან, რომელსაც გამოყოფს მხოლოდ ფრანგული შუშით მოწყობილი სასრიალო კარი. ამ ინდივიდუალურ სააბაზანოში გვხდება პრემიუმ მასალებით შექმნილი ოთახი, სადაც განთავსებულია შუშით გამოყოფილი აბაზანა, საპირფარეშო და ნიჟარა. თემატურად აბაზანაშიც და საძინებელ სივრცეშიც დამონტაჟებულია დეკორატიული მცირე და დიდი ზომის ფოთლების შთაგონებით შექმნილი ჭაღები.
გოგონებისთვის განკუთვნილი საძინებლები მორგებულია მათ ინტერესებს. ეს ოთახები თავისი რბილი ტექსტურებითა და პასტელური პალიტრით ასახავს მოზარდი ადამიანის მინიმალიზმს. საწოლის თავი, კედლის მოლდინგები და მკვეთრი გეომეტრიული ხაზები იდეალურ ბალანსს ქმნის ფუნქციურობასა და სილამაზეს შორის.
ძირითადი სააბაზანო ოთახი მოწყობილია ლუქს სტანდარტებით. ხელნაკეთო მოზაიკა რომელიც გამოყენებულია საშხაპის სივრცეში ესპანური პრემიუმ მასალაა. საინტერესოა ამ მოზაიკის სწორად აწყობის საკითხი, რომელიც ქრისტინეს პროფესიონალი გუნდის და გადამზადებული ხელოსნების დამსახურებაა. ზომიერად ოქროსფერი დეტალები, მარმარილოს ტექსტურის კედლები და ნათელი, ბზინვარე ზედაპირები ქმნის სუფთა, ელეგანტურ და პრაქტიკულ გარემოს.
ინტერიერის დიზაინერი ქრისტინე მორჩაძე მუდმივად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებშიც წარმოდგენილია თანამედროვე ინტერიერის საინტერესო ნიმუშები, რომლებშიც ყოველი დეტალი გათვლილია როგორც ვიზუალურ ეფექტზე, ისე ყოველდღიურ კომფორტზე. დასამახსოვრებლად იგრძნობა პროფესიონალიზმი, ფაქიზი გემოვნება და სივრცის გონივრული დაგეგმვა, რაც საბოლოოდ ქმნის ჰარმონიულ, ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს.
პროექტის ავტორი: ქრისტინე მორჩაძე
დიზაინ სტუდია: KM Interior Design