in ,

განათების დიზაინი როგორც “შუქით სივრცის შექმნა” – ინტერვიუ გიორგი მაღრაძესთან

Alliance Group
Alliance Group

საკმაოდ დიდი ხანია გავცდით იმ პერიოდს, როცა განათება თვალისთვის უჩვეულო რამ იყო – ახლა ის ყველგანაა, ყველა სივრცესა თუ ქუჩაზე. დიახ, სინათლეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აღვიქვამთ, თუმცა, ამავდროულად, ის ხელოვნების განუყოფელი ნაწილიცაა. განათების ხელოვნება განათების დიზაინერების საქმეა – მათ ნამდვილად შეიძლება ეწოდოთ ხელოვანები. ახლა სწორედ ასეთ ქართველ ხელოვანზე, გიორგი მაღრაძეზე უნდა გიამბოთ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამ პროფილით საფრანგეთში მუშაობს.

“მხატვარი, სხვადასხვა მედიაში მომუშავე ხელოვანი – როგორც ქართულ სახელოვნებო სივრცეში მიცნობენ, თუმცა, რამდენიმე წელია – ასევე განათების დიზაინერი,” – ასე ახასიათებს საკუთარ თავს გიორგი. ბავშვობაში ის ბევრს ხატავდა და, როგორც თვითონ ამბობს, მის დღევანდელ პროფესიასთან ამას დიდი კავშირი აქვს – “ის, რასაც მე დღეს ვაკეთებ, არის სინათლის შექმნის ხელოვნება.”

Light Cube (2019) Art project Glass Cube organized by Dedicace Gallery (Tbilisi, Georgia) Material : LED panels, fog machine, metal construction, transparent film.

ხატვამ გიორგი თბილისის სამხატვრო აკადემიამდე მიიყვანა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის უშუალოდ ხატვით იყო გატაცებული, მან ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა.

CARTIER Boutique (Paris)- Lighting Design by studio Ponctuelle, architect Agence Moinard Bétaille (C) Photo Ponctuelle.

შემდეგ უკვე ერთი წლის განმავლობაში ვატო წერეთელის მიერ დაარსებულ თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA) სწავლობდა. ხოლო, მას შემდეგ, რაც განათებით სერიოზულად დაინტერესდა, 2018 წელს მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Politecnico di Milano) Lighting Design & LED Technology სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა.

CARTIER Boutique (Paris)- Lighting Design by studio Ponctuelle, architect Agence Moinard Bétaille (C) Photo Ponctuelle.

– დღეს ხართ განათების დიზაინერი – როდის დაიწყეთ ამ პროფილით საქმიანობა – გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები და როგორ გახსენდებათ ეს ყველაფერი?

საყვარელი საქმიანობის პოვნა და თან ისეთის, რომ პროფესიადაც იქცეს, არ არის მარტივი. როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში ჩართული ვიყავი სახელოვნებო პროცესებში.

სახელოსნოში მრავალი ძიების შემდეგ დამაინტერესა სინათლემ, როგორც “მასალამ” და გადავწყვიტე Light art-ის კეთება. მას შემდეგ, რაც გავარკვიე, რომ არსებობენ განათების დიზაინერები, რომლებიც ქმნიან განათებას შენობებისთვის და სხვადასხვა სივრცეებისთვის, მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მაინტერესებდა.

რადგან განათების დიზაინში ტექნიკური ცოდნა არ მქონდა და მხოლოდ თეორიული ცოდნით შემოვიფარგლებოდი, გადავწყვიტე, ისეთ ადგილას მესწავლა, სადაც დიდი ყურადღება მიექცეოდა ტექნიკურ ცოდნას და მეცნიერულ მხარეს.

ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ამისთვის Politecnico di Milano-ს სამაგისტრო პროგრამა Lighting Design & LED Technology შევარჩიე. დღეს, როცა უკვე ამ სფეროში ვმუშაობ, ძალიან მადგება განათების ფიზიკისა და მისი მახასიათებლების ტექნიკურად ცოდნა.

Hôtel de la Marine (Paris)_ Lighting design of the courtyard by 8’18” 2021.

– კონკრეტულად რას ნიშნავს განათების დიზაინი, როგორც ცნება, და შემდეგ უკვე რას მოიცავს განათების დიზაინერის საქმიანობა?

განათების დიზაინი ფართო სფეროა. აქ შეიძლება იყოს კინოს, სასცენო, ფოტო და ასევე არქიტექტურული განათება. მე ვმუშაობ ამ უკანასკნელზე.

როცა ვამბობთ არქიტექტურული, ტერმინი ცდება მხოლოდ შენობის განათებას და იგი მოიცავს ასევე საჯარო სივრცეების, პარკების, ქუჩებისა და გზების განათებასაც კი.

შენობის და სივრცის დაპროექტებისას აუცილებელია სწორი განათების გათვალისწინება ადამიანის ვიზუალური კომფორტისა და გარემოსთან ჰარმონიის მისაღწევად. შუქი პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ბიოლოგიურ რითმზე. ამის გამო, მაგალითად საფრანგეთში, განათების დიზაინერი კონცეფციის ფაზაშივე ერთვება პროექტში და მიყვება ბოლომდე, დასრულების ფაზამდე. ეს არის თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია არქიტექტორთან და ტექნიკურ ჯგუფთან. შესაბამისად, სტუდიაში დამკვეთის გარდა, პირდაპირი კავშირი გვაქვს არქიტექტორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან.

განათების დიზაინერს ასევე უნდა ჰქონდეს ბაზარზე არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული განათებების (ნათურები, სანათი მოწყობილობები…) ფართო ცოდნა, რომ მისი დიზაინი იყოს უფრო მოქნილი და ყოველთვის უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ სტუდიაში მუდმივად ვცდით სხვადასხვა პროდუქციას, რათა ყოველთვის მზად ვიყოთ ახალი არქიტექტურული გამოწვევებისთვის.

ARCELOR HEADQUARTERS (2018) Atrium lighting for Arcelor Headquarters (Wilmotte & Associes Architectes) (Brussels,Belgium) Lighting Project & concept by Agency 8’18” Lumiére, Paris.

– გვიამბეთ თქვენთვის გამორჩეულ პროექტებზე, რომლებზეც გიმუშავიათ..

ჩემთვის გამორჩეული იყო უკვე ის ფაქტი, რომ მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სტაჟიორად მუშაობა დავიწყე ცნობილი პარიზული განათების დიზაინ სტუდია 8’18” ში. ამ პერიოდში ვმუშობდი ისეთ საინტერესო და გრანდიოზულ პროექტებზე, როგორიცაა Hôtel de la Marine (პარიზი), Champs de Mars (პარიზი) Tour d’Occitanie (ტულუზა), დეტროიტის ურბანული განათება და სხვა.

ახლახანს გაიხსნა ასევე პარფიუმერული კომპანია Guerlain-ის ბუტიკი პარიზის გალერი ლაფაიეტში, ესეც მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ერთ-ერთი პირველია, რომელიც ჩემი საფრანგეთიში მუშაობის დროს უკვე დასრულდა. პროექტების უმეტესობა ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია.

– განათების შექმნისას რა გაძლევთ შთაგონებას?

შთაგონების გამომწვევი მიზეზი ყოველთვის სხვადასხვაა. როგორც ხელოვნებაში, ისე დიზაინში ეს კომპლექსური ამბავია, არ არსებობს რაიმე დადგენილი წესი. შთაგონების წყარო შეიძლება უმნიშვნელო დეტალი იყოს ან უბრალოდ შენობის ისტორია. ზოგჯერ იდეა ჩვენ გარშემოა და ალბათ გამოცდილებაა საჭირო, რომ ის სწორად დავინახოთ.

Guerlain boutique (Galeries Lafayette. Paris). Lighting design by Voyons Voir. 2021.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ პროფესიაში რა არის ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი? ასევე, რა სირთულეებს მოიცავს განათების დიზაინზე მუშაობა?

განათების დიზაინერი უნდა ფლობდეს შუქის ბუნებას, ის ტექნიკური ცოდნის დახმარებით უნდა იყენებდეს შუქის ყველა მაგიურ ძალას.

ჩემთვის განათების დიზაინი ცდება პროდუქტის დიზაინსა და სანათების დამზადებას, ეს შუქით სივრცის შექმნაა, როგორც მაგალითად, სინათლის ხელოვან James Turrell-თან ვხვდებით. არქიტექტურული განათება და სინათლის ხელოვნება ახლოსაა ერთმანეთთან, რადგან ორივე სივრცეზე ორიენტირდება და არა – ობიექტზე.

დღევანდელი არქიტექტურული განათების ტრენდი მაქსიმალურად უარყოფს შუქის წყაროს ხილვადობას, დღეს უფრო მეტადაა მოთხოვნა უჩინარ ნათურებზე. შესაბამისად, ნაკლებია ინტერესი, თუ რა ფორმისაა იგი. სამაგიეროდ უფრო მეტად იზრდება ინტერესი წყაროდან წამოსული შუქის ხარისხსა და მის უნარებზე.

ვფიქრობ, ეს სწორი მიმართულებაა, რადგან თუ 50-60 იან წლებში, მაგალითად, იტალიურ დიზაინში, ყურადღება ექცეოდა ობიექტის ფერსა და ფორმას, დღეს განათების დიზაინი პოულობს მის ლოგიკურ ფუნქციას.

ასევე, ადამიანის კომფორტის ხარჯზე ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ გარემო, რომელსაც ხშირად ვაბინძურებთ არასწორად გამოყენებული და გაფლანგული შუქით (რასაც Light pollution-ს ვეძახით).

არასწორი განათების შედეგებიდან ალბათ ყველაზე თვალშისაცემია ვარსკვლავები, რომლებსაც ქალაქებიდან ვეღარ ვხედავთ. ეს გამოწვეულია დიდი რაოდენობით არასწორად მიმართული და გაფლანგული სინათლით, რომელიც ქალაქების გარშემო ფართო ნახევრსფეროებს ქმნის.

Guerlain boutique (Galeries Lafayette. Paris). Lighting design by Voyons Voir. 2021.

– ამჟამად რას საქმიანობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამჟამად ვმუშაობ განათების დიზაინ სტუდია Voyons Voir-ში, პარიზში.VV ალბათ ყველაზე დიდი სტუდიაა საფრანგეთში ამ სფეროში. ჩემი სამუშაო არეალი ამჯერად ძირითადად მოიცავს ისეთი ლუქს ბრენდების მაღაზიების დიზაინს, როგორიცაა Givenchy, Cartier, Guerlain, Jaeger-LeCoultre, Piaget და სხვა. სწორედ აქ გვჭირდება მაღალი ხარისხის განათების დიზაინის შექმნა, სიზუსტით და დეტალებზე აქცენტებით. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ გამოფენილი პროდუქციის ყველა მნიშვნელოვანი მხარე და ასევე შევინარჩუნოთ შემოსული სტუმრისა და დასაქმებული პერსონალის ვიზუალური კომფორტი. აღნიშნული გამოწვევები ორმაგად საინტერესოს ხდის სამუშაო პროცესს.

მომავალში, ვფიქრობ, დავუბრუნდე ცალკე მუშაობას. ეს მაშინ მოხდება, როდესაც მივიღებ იმ ცოდნას, რაც დიდ პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობას შემაძლებინებს და ამ შემთხვევაში ალბათ საკუთარი სტუდიის შექმნის აუცილებლობაც დადგება.

გერმანული ესთეტიკით შექმნილი ბინა ბერლინში

ინტერიერი, რომელმაც დროს გაუძლო – ანკა მანჯგალაძის ბინა აბაშიძის ქუჩაზე