in

ინტერიერი, რომელმაც დროს გაუძლო – ანკა მანჯგალაძის ბინა აბაშიძის ქუჩაზე

ანკა მანჯგალაძე პროფესიით არქიტექტორია. მან წლების წინ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, თუმცა, დღეს ის ისევ სტუდენტია და ამჯერად ფსიქოთერაპევტის პროფესიას ეუფლება.

Tbc Insurance
Tbc Insurance

სახლი, რომელშიც ჩვენი დღევანდელი მასპინძელი ცხოვრობს 7 წლის შვილთან ერთად, თბილისში მდებარეობს და ის 90იან წლებში ანკას მამამ, არქიტექტორმა მიტო მანჯგალაძემ დააშენა როგორც სახელოსნო. დღეს ანკა მანჯგალაძე აქ საკუთარ ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ამ ულამაზეს სივრცეზე გვიამბობს:

“90-იანების თბილისში ეს ბინა “ნათელი წერტილი” იყო ჩვენს ცხოვრებაში. ქალაქში, სადაც სრული სიბნელე სუფევდა იმ პერიოდში, ეს სივრცე ბევრი საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანის თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. მახსოვს, მამაჩემს მასალები და საყოფაცხოვრებო ნივთები ძირითადად დუბაიდან ჩამოჰქონდა, რადგან აქ დიდად არაფერი იშოვებოდა. იმ დროს ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პრიორიტეტული ამოცანა დენის გენერატორების დამონტაჟება, მზის სისტემის წყლის ავზები და გათბობის სისტემა იყო. ახლა რომ ვიხსენებ, ეს იმხელა ზომის დანადგარები იყო, ალბათ, დღეს ჰესებსაც უფრო პატარა აგრეგატები უდგათ.

მას შემდეგ, რაც ამ ბინაში მე და ჩემი ოჯახი გადმოვედით, დიდად არაფერი შემიცვლია. პირველ რიგში, ბინის გეგმარება ძალიან კომფორტულია. ამასთანავე, ბევრი დეტალი ფუნქციონალურად გამართლებულია, მაგრამ რაც მთავარია, სწორედ ამ ნივთებშია ბინის მთავარი ხიბლი. მაგალითად, ჩემი საყვარელი მაცივარი “National”, რომელიც კედელშია ჩაშენებული. ეს ბრენდი მგონი, აღარც არსებობს და ალბათ, სანამ არ “მოკვდება”, ამ მაცივარს არცერთ თანამედროვე და ძვირადღირებულ ტექნიკაზე არ გავცვლი.

რაც შეეხება ინტერიერს, მგონია, რომ ის ახლაც ძალიან გემოვნებიანი, ხარისხიანი, თანამედროვე და აქტუალურია. მითუმეტეს, რომ ტრენდებისა და კოლექტიური ცნობიერებით გავრცელებული ტენდენციების მოყვარული არ ვარ და ვთვლი, რომ როგორც ყველაფერში, ისევე ინტერიერში, ინდივიდუალური ხასიათი, განწყობა და სული ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია.

ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ სტუმრების მიღება და დროის სასიამოვნოდ გატარება. მეც ყოველთვის სიამოვნებით ვაწყობ წვეულებებს და ვმასპინძლობ ჩემს მეგობრებს. პანდემიაში კიდევ უფრო დავაფასე ეს სახლი და მადლიერების გრძნობა მაქვს, როდესაც ამ ჩაკეტილ გარემოში სახლმა სკოლა, ინსტიტუტი, სკეიტ პარკი, ფეხბურთის მოედანი და სავარჯიშო დარბაზი შეგვიცვალა. ბოლო ორი წლის მანძილზე მართლაც ყველა კუთხე გამოვიყენეთ მაქსიმალურად.

ჩემთვის ამ სახლში “საყვარელი კუთხე” განწყობისა და ამოცანის მიხედვით იცვლება. ვფიქრობ, გამიჭირდება ერთი გამორჩეული ზონის ან ოთახის დასახელება, ვინაიდან ბავშვობიდან დღემდე ამ სივრცესთან ბევრი სასიამოვნო და მრავალფეროვანი მოგონება მაკავშირებს. მახსოვს, როდესაც მამა ამ ბინას აშენებდა, მე და დედას გვიმალავდა, რადგან უნდოდა, რომ დასრულებული გვენახა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ მოვითმინეთ და ერთ ღამეს ავიპარეთ სანახავად. მეორე დღეს კი აღმოჩნდა, რომ თურმე, იმ დღეს ლაქი ახალი წასმული იყო და მე და დედას იატაკზე ჩვენი ფეხების კვალი დაგვიტოვებია.”

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

განათების დიზაინი როგორც “შუქით სივრცის შექმნა” – ინტერვიუ გიორგი მაღრაძესთან

მსოფლიოს უმაღლესი ცათაბჯენები – ტოპ 24 ნაგებობა