in

ცოცხალი ლანდშაფტის ფილოსოფია – ინტერვიუ ანა დავრიშაშვილთან

ლანდშაფტის დიზაინი მხოლოდ მცენარეების შერჩევა და ესთეტიკური სივრცეების შექმნა არ არის. ის ბუნებასა და ადამიანს შორის დიალოგია, სადაც თითოეულ გადაწყვეტილებას შეუძლია გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ გარემოს ვიზუალზე, არამედ იმ ეკოსისტემაზეც, რომლის ნაწილიც თავად ვართ. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ლანდშაფტის დიზაინი სულ უფრო მეტად სცდება დეკორატიულ ფუნქციას და პასუხისმგებლობის, მდგრადობისა და ბუნებრივი პროცესების პატივისცემის ენაზე იწყებს საუბარს.

დღეს, როდესაც ქალაქები სწრაფად ფართოვდება და ბუნებრივი ეკოსისტემები სულ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ ექცევა, ლანდშაფტის დიზაინერის როლიც იცვლება. ეს პროფესია პასუხისმგებლობას მოითხოვს იმ ცოცხალი სისტემების წინაშე, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ გარემოს ქმნის. სწორედ ამიტომ, ყოველი პროექტი შეიძლება იქცეს არა მხოლოდ დიზაინის, არამედ ბუნებასთან თანაარსებობის გააზრებულ მაგალითად.

ლანდშაფტის დიზაინერი ანა დავრიშაშვილი სწორედ ამ ხედვით ქმნის საკუთარ პროექტებს. მისთვის ყოველი სივრცე უკვე არსებული ისტორიის გაგრძელებაა, სადაც დიზაინერის მთავარი ამოცანა ბუნების შეცვლა კი არა, მისი მოსმენა და გააზრებაა. ინტერვიუში ანა გვიყვება პროფესიულ გზაზე, შემოქმედებით პროცესზე, მდგრადი დიზაინის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო და მისი ბუნებრივი ლანდშაფტები დგას.

ანა, როგორ დაიწყო თქვენი ინტერესი ლანდშაფტის დიზაინის მიმართ და როდის მიხვდით, რომ ეს თქვენი პროფესია უნდა გამხდარიყო?

ბუნება ჩემთვის არასდროს ყოფილა მხოლოდ ლამაზი ხედი. ის იყო ცოცხალი სამყარო, სადაც ყველაფერს თავისი როლი ჰქონდა და არაფერი არსებობდა შემთხვევით. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მიზიდავდა არა მცენარეების დეკორატიულობა, არამედ ის უხილავი კავშირები, რომლებიც ნიადაგს, წყალს, მწერებს, ფრინველებსა და ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომ ჩემთვის ლანდშაფტის დიზაინი არ არის მხოლოდ ესთეტიკა. ეს არის პასუხისმგებლობა ცოცხალი სისტემების მიმართ. ეს არის მცდელობა, შევქმნა სივრცეები, სადაც ადამიანი ბუნების სტუმარი კი არ არის, არამედ მისი ნაწილი. ლანდშაფტის დიზაინი ის იშვიათი სფეროა, სადაც ხელოვნება და ეკოლოგია ერთმანეთს ხვდება, ან სულ მცირე, სადაც ამის შანსი არსებობს.

გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ – როგორ განვითარდა თქვენი პროფესიული პრაქტიკა? რა ეტაპებმა განსაზღვრა თქვენი დღევანდელი ხედვა?

კარიერის დასაწყისში მეც ვსწავლობდი ფორმებს, ფერებს, კომპოზიციებს და ვიზუალურ ეფექტს. თუმცა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყველაზე წარმატებული პროექტი ის არ არის, სადაც დიზაინერის ხელი ყველაზე მეტად ჩანს, არამედ ის, სადაც ბუნება თავისუფლად აგრძელებს არსებობას. დღეს ყოველი ახალი სივრცის წინ საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას: რა იყო აქ ჩემამდე? რომელი მცენარეები იზრდებოდა, რა ცხოველები ან მწერები იყენებდნენ ამ ადგილს? ამ კითხვებზე პასუხები ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ესკიზი. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დიზაინერის ნამდვილი ოსტატობა არის არა ახლის თავსმოხვევა, არამედ არსებულის წაკითხვის უნარი.

გაგვიზიარეთ თქვენი შემოქმედებითი პროცესი. როდესაც ახალ პროექტზე მუშაობას იწყებთ, რა არის თქვენთვის პირველი ნაბიჯები და როგორ ვითარდება კონცეფცია იდეიდან შესრულებამდე?

ჩემთვის პროექტი იწყება არა ფანქრით, არამედ დაკვირვებით. ჯერ ვცდილობ, გავიცნო ადგილი. ვაკვირდები რელიეფს, ნიადაგს, მზის მოძრაობას, ქარს, წყლის დინებას და იმასაც, თუ რა მცენარეები არსებობენ იქ ბუნებრივად. მხოლოდ ამის შემდეგ ჩნდება იდეა. ვცდილობ, დიზაინი გახდეს იმ ისტორიის გაგრძელება, რომელიც ამ მიწას უკვე აქვს და არა სრულიად ახალი სცენარი, რომელიც ძალით არის თავს მოხვეული. ბუნება საუკეთესო დიზაინერია და ჩემი ამოცანა ხშირად უფრო მისი მოსმენაა, ვიდრე მისი შეცვლა. ყოველთვის, რა თქმა უნდა, ამის შანსი არ მეძლევა, რადგან დამკვეთზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ თუ თავისუფალი არჩევანი მაქვს, ყოველთვის ვიყენებ. 

რას ნიშნავს თქვენთვის კარგად დაგეგმილი გარე სივრცე – რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი ლანდშაფტის დიზაინის პროექტი?

ჩემთვის წარმატებული პროექტი მხოლოდ ლამაზი ვერ იქნება. ის უნდა იყოს ფუნქციური, მდგრადი და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი. კარგი სივრცე უნდა ინარჩუნებდეს ბიომრავალფეროვნებას, ხელს უწყობდეს დამამტვერიანებლებს, იყენებდეს ადგილობრივ სახეობებს, სწორად მართავდეს წყალს და დროთა განმავლობაში უფრო მდიდარი ხდებოდეს, ვიდრე მისი შექმნის მომენტში იყო. თუ ბაღი მხოლოდ ადამიანისთვის არსებობს, ის არასრულფასოვანია. თუ იქ ადგილი აქვს ფუტკარს, პეპელას, ფრინველს და სხვა ცოცხალ არსებებს, მაშინ ის ნამდვილად ცოცხალი ლანდშაფტია. ადგილობრივი ჰაბიტატების მოფრთხილება დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია და თუ რა როლი აქვს ბაღს მათთვის, ეს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული დიზაინერს.

გარე სივრცე მუდმივად იცვლება სეზონების, კლიმატისა და დროის გავლენით. როგორ ითვალისწინებთ ამ დინამიკას დიზაინის პროცესში?

პროექტის დაწყებისას არ ვცდილობ შევქმნა ერთი იდეალური, უცვლელი სურათი. პირიქით, ვფიქრობ იმაზე, როგორ იცვლება სივრცე წლის განმავლობაში: როგორ იღვიძებს გაზაფხულზე, როგორ ინარჩუნებს სტრუქტურას ზაფხულში, როგორ იძენს ტექსტურას შემოდგომაზე და როგორ ინახავს თავის ჩონჩხს ზამთარში. ეს ციკლი ჩემთვის დიზაინის მთავარი ჩარჩოა. ლანდშაფტი ერთადერთი დიზაინია, რომელიც არ სრულდება შენი წასვლის შემდეგ. ხე, რომელსაც დღეს ვრგავთ, 20 წელიწადში სხვა სივრცეა. ამიტომ ვფიქრობ არა “გამზადებულ სურათზე”, არამედ პროცესზე. ჩემი საუკეთესო პროექტები ის არის, სადაც 5 ან 10 წლის შემდეგ ბუნება ჩემს ნამუშევარს “გააგრძელებს” თავისით, ორგანულად. ამ მიდგომით გარე სივრცე აღარ არის ფიქსირებული პროდუქტი, ის ხდება განვითარებადი ეკოსისტემა, რომელიც მუდმივად რეაგირებს გარემოზე და თავადაც მონაწილეობს ამ გარემოს ფორმირებაში.

როგორ ახერხებთ სივრცეში ბუნებისა და ადამიანის მოთხოვნების დაბალანსებას?

ადამიანის მოთხოვნებისა და ბუნების დაბალანსება ჩემთვის არასოდეს ყოფილა ორი დაპირისპირებული მხარის შერიგება. ეს არის მცდელობა, გავიგოთ, სად მთავრდება მოკლევადიანი სურვილი და სად იწყება გრძელვადიანი პასუხისმგებლობა. პროექტი ჩვეულებრივ იწყება კონკრეტული მოთხოვნებით: ესთეტიკა, კომფორტი, ფუნქციური ზონები. ჩემი ამოცანაა ეს მოთხოვნები გადავიყვანო გადაწყვეტებში, რომლებიც ადგილზე არსებულ ეკოლოგიურ სისტემას არ აზიანებს და სადაც, შესაძლოა, აძლიერებს კიდეც. ამისთვის საჭიროა ორმაგი დიალოგი: კლიენტთანაც და თავად ადგილთანაც. ვაკვირდები რა შეუძლია სივრცეს რეალურად ატაროს, რა არის მისი ბუნებრივი ლოგიკა, რა რესურსი არსებობს უკვე და საჭიროებს პატივისცემას. ყველაზე მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება მაშინ, როცა კლიენტი თვითონ ხვდება, რომ ეკოლოგიურად სწორი არჩევანი კომპრომისი არ არის. პირიქით, ასეთი სივრცეები უფრო ცოცხალია, უფრო მრავალფეროვანი და დროთა განმავლობაში უფრო საინტერესო ხდება. იდეალური ბალანსი მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ ბუნებრივი სისტემები მის მოთხოვნებს არ ემსახურება ცალმხრივად. ისინი თანაარსებობენ ერთიან სტრუქტურაში.

თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ლანდშაფტის დიზაინში დღეს, განსაკუთრებით საქართველოს კონტექსტში?

ყველაზე დიდი გამოწვევა, ჩემი აზრით, ის არის, რომ ხშირად მწვანე სივრცეს ვზომავთ კვადრატული მეტრებით და არა ეკოლოგიური ღირებულებით. ვაშენებთ ახალ უბნებს, ვქმნით ინდივიდუალურ ბაღებს და პარალელურად ვანადგურებთ იმ ბუნებრივ სისტემებს, რომელთა აღდგენა ათწლეულებს ან საუკუნეებს მოითხოვს. როდესაც საფრთხე ექმნება დიღმის ჭალას, კრწანისის ტყე პარკს ან სხვა ბუნებრივ ტერიტორიებს, საქმე მხოლოდ ხეების დაკარგვას არ ეხება. ირღვევა ჰაბიტატები, ქრება სახეობები, წყდება ეკოლოგიური კავშირები და ქალაქი კარგავს საკუთარ ბუნებრივ თავდაცვის მექანიზმებს. თუ ამ პროცესს არ შევაჩერებთ, მომავალში შეიძლება გვქონდეს ბევრი ლამაზი კერძო ბაღი, მაგრამ ნაკლები ცოცხალი ქალაქი. ვფიქრობ, თანამედროვე ლანდშაფტის დიზაინერი ვალდებულია, ფართო მასშტაბით იაზროვნოს და დაიცვას არა მხოლოდ ერთი ნაკვეთი, არამედ მთლიანი ეკოსისტემა.

დაბოლოს, ლანდშაფტის დიზაინში სულ უფრო აქტუალურია მდგრადობის თემა. როგორ აისახება ეს თქვენს პროექტებში?

მდგრადობა ჩემთვის მოდური ტერმინი არ არის. ეს არის ეთიკური პოზიცია, რომელიც ყოველ პროექტში ჩანს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში: ადგილობრივი მცენარეები, წყლის ბუნებრივი ციკლის პატივისცემა, ჰაბიტატების შენარჩუნება და პირობების შექმნა და რაც მთავარია, მაქსიმალური თავშეკავება იქ, სადაც სისტემა უკვე კარგად მუშაობს. მაგრამ ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის.

ინდივიდუალური ბაღი ვერ გადაარჩენს ეკოსისტემას, თუ ქალაქი ანადგურებს დიღმის ჭალას და კრწანისის ტყეს. ეს ადგილები ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა ჩვენი ჩარევის გარეშე, განსაკუთრებით საუკუნეების დიღმის ჭალების ტერიტორია. მათი ღირებულება არ არის დეკორატიული, ის ფუნდამენტურია. ათასი “მდგრადი ეზო” ამ დანაკარგს ვერ ანაზღაურებს, რადგან ეკოლოგიური სისტემები მასშტაბზეა დამოკიდებული. ამიტომ ლანდშაფტის დიზაინერი დღეს მხოლოდ სივრცის შემქმნელი ვერ იქნება. ის უნდა იყოს ადვოკატი იმ ადგილებისთვის, რომლებსაც საკუთარი ხმა არ აქვთ.

მიკრო ბინები თბილისში – 7 პროექტი 37 კვადრატული მეტრიდან

არქიტექტურა დიზაინის მიღმა – ინტერვიუ ოთარ კუჭავასთან