in

ისტორიული იდენტობა თანამედროვე ინტერპრეტაციით — ROOM DESIGN STUDIO-ს პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ისტორიული არქიტექტურის თანამედროვე საჭიროებებთან ადაპტირება ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ინტერიერის დიზაინში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არა მხოლოდ არქიტექტურულად ღირებულ შენობას, არამედ ქვეყნის კულტურულ და აკადემიურ მეხსიერებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სივრცეს ეხება. ასეთ გარემოში ახალი ინტერვენცია ერთდროულად მოითხოვს არსებული იდენტობის მიმართ სიფრთხილეს და სრულიად ახალი ფუნქციური, ტექნოლოგიური თუ სივრცითი მოთხოვნების გათვალისწინებას.

სწორედ ასეთი ამოცანის წინაშე იდგა „რუმ დიზაინ სტუდიო“ / ROOM DESIGN STUDIO თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის #107, #108 და #115 აუდიტორიების პროექტირება-დიზაინის პროცესში. პროექტის მიზანი სამი განსხვავებული დანიშნულების სივრცის თანამედროვე, მრავალფუნქციურ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოდ გარდაქმნა იყო ისე, რომ ინტერიერს უნივერსიტეტის ისტორიულ არქიტექტურასთან და მისთვის დამახასიათებელ აკადემიურ ატმოსფეროსთან კავშირი არ დაეკარგა.

სამივე აუდიტორია დამოუკიდებელი კონცეფციით შეიქმნა. #107 საკონფერენციო და წარმომადგენლობით ფუნქციას პასუხობს და მისი ინტერიერის ერთ-ერთ მთავარ საწყის წერტილად არსებული ისტორიული ფრესკა იქცა; #108 აკადემიური საბჭოს სხდომებისთვის განკუთვნილი სივრცეა, რომელშიც კლასიკური დიზაინერული ენა, ხის პანელები და კესონური ჭერი უნივერსიტეტის ისტორიულ იდენტობას აგრძელებს; #115 კი უფრო თანამედროვე ხასიათის შეხვედრების სივრცეა, სადაც განათება, აკუსტიკა და ტექნოლოგიური სისტემები ერთიან არქიტექტურულ კომპოზიციად არის გააზრებული.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ის ელემენტებია, რომლებიც ინტერიერის ვიზუალურ მხარეს სცდება. სივრცითი დაგეგმარება, ერგონომიკა, ხილვადობა, აკუსტიკური პანელები და ფარდები, სპეციალური იატაკის საფარები, მრავალდონიანი განათება, აუდიო და საპრეზენტაციო სისტემები — თითოეული გადაწყვეტა აუდიტორიების მრავალფეროვანი სცენარით გამოყენებას ემსახურება. მასალებისა და ცალკეული ინტერიერის ელემენტების შერჩევის პროცესში  “რუმ დიზაინ სტუდიო” ფუნქციონირებს როგორც პროფესიული დიზაინის სტუდიო და მჭიდროდ თანამშრომლობს საკუთარ ბრენდ პლატფორმასთან — „გალერეა რუმ დიზაინთან“ / ROOM DESIGN GALLERY,, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვუზრუნველვყოთ ნებისმიერი სირთულის პროექტის სრულყოფილი იმპლემენტაცია.

როგორ შეიძლება ისტორიულ გარემოში თანამედროვე ინტერიერის შექმნა ისე, რომ ახალმა დიზაინმა არსებული არქიტექტურა არ გადაფაროს? რა პრინციპებით განისაზღვრა სამი სრულიად განსხვავებული აუდიტორიის სივრცითი და ვიზუალური კონცეფცია და რა როლი შეასრულა აკუსტიკამ, განათებამ, მასალებმა და ტექნოლოგიურმა ინტეგრაციამ საბოლოო შედეგში? პროექტის შექმნის პროცესსა და მის მთავარ გამოწვევებზე ROOM DESIGN STUDIO-ს ინტერიერის დიზაინის ხელმძღვანელი – გრიგოლ სააკაშვილი გვესაუბრება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის #107, #108 და #115 აუდიტორიების პროექტზე მუშაობის დაწყებისას რა ამოცანა დაგისახათ უნივერსიტეტმა და როგორ ჩამოაყალიბეთ პროექტის მთავარი კონცეფცია?

მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი არა მხოლოდ საქართველოს პირველი უნივერსიტეტის მთავარი შენობაა, არამედ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული, კულტურული და აკადემიური მემკვიდრეობის ნაწილია. ეს არის სივრცე, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უმასპინძლა მეცნიერების, განათლებისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არაერთ მოვლენას. სწორედ ამიტომ, ასეთ შენობაში ნებისმიერი ინტერვენცია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული — აუცილებელია შენარჩუნდეს მისი ისტორიული იდენტობა, არქიტექტურული ღირებულება და ის განსაკუთრებული აკადემიური ატმოსფერო, რომელიც ამ სივრცეს წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა.

პროექტზე მუშაობის დაწყებისას ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, შეგვექმნა ისეთი ინტერიერი, რომელიც პატივს სცემდა ამ ისტორიულ მემკვიდრეობას, თუმცა ამავდროულად სრულად პასუხობდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. დღეს მსგავსი აუდიტორიები აღარ წარმოადგენს მხოლოდ სასწავლო სივრცეს — ისინი გამოიყენება საერთაშორისო კონფერენციებისთვის, ოფიციალური შეხვედრებისთვის, სამეცნიერო ფორუმებისთვის, დელეგაციების მისაღებად და მაღალი დონის ღონისძიებებისთვის. შესაბამისად, თითოეული გადაწყვეტილება მივიღეთ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო საკონფერენციო სივრცეების პროექტირებისას — ფუნქციონალურობის, ერგონომიკის, აკუსტიკის, ტექნოლოგიური ინტეგრაციისა და სივრცითი დაგეგმარების მიმართულებით.

სწორედ ამ ხედვამ განსაზღვრა სამივე აუდიტორიის კონცეფცია. ჩვენი მიზანი არ ყოფილა მხოლოდ ინტერიერის განახლება — გვინდოდა ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე დიზაინის ისეთი ბალანსის შექმნა, რომელიც უნივერსიტეტის ღირსეულ წარსულს წარმოაჩენდა და ამავდროულად მას საერთაშორისო დონის ღონისძიებების მასპინძლობისთვის სრულ მზადყოფნაში მოიყვანდა.

#107 საკონფერენციო აუდიტორია

სამივე აუდიტორია განსხვავებულ ფუნქციას ემსახურება. როგორ აისახა ეს ინტერიერის დიზაინში და რა პრინციპებით განასხვავეთ თითოეული სივრცის კონცეფცია?

სამივე აუდიტორიას განსხვავებული ფუნქცია ჰქონდა, ამიტომ თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალური დიზაინ-კონცეფცია შევიმუშავეთ. პროექტირებისას ყურადღება გავამახვილეთ სივრცით დაგეგმარებაზე, ავეჯის განლაგებაზე, განათებაზე, აკუსტიკასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციაზე, რათა თითოეული სივრცე სრულად მორგებული ყოფილიყო მის დანიშნულებაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ #107 საკონფერენციო აუდიტორია განკუთვნილია საკონფერენციო, საპრეზენტაციო და წარმომადგენლობითი ფუნქციებისთვის, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა თანამედროვე, სოლიდური და აკადემიური ხასიათის ინტერიერი, რომელიც სრულად უპასუხებდა ოფიციალური შეხვედრების, საერთაშორისო ღონისძიებებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობის მოთხოვნებს. პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ისტორიული ფრესკის წარმოჩენას, რის გამოც ინტერიერის თითოეული ელემენტი სწორედ მის გარშემო ჩამოვაყალიბეთ.

კონცეფციის შესაბამისად შევარჩიეთ აკუსტიკური შპალერი, აკუსტიკური ფარდები, დეკორატიული განათება და სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი U-ფორმის საკონფერენციო მაგიდა. ასევე, #107 და #108 აუდიტორიებისთვის „გალერეა რუმ დიზაინის“ ევროპული ბრენდების პორტფელიდან შეირჩა დანიური პრემიუმ ბრენდის რბილი იატაკის საფარი, რომელიც მაღალი ცვეთაგამძლეობით, აკუსტიკური მახასიათებლებითა და პრემიუმ ვიზუალური ხარისხით სრულყოფილად ავსებს მსგავსი მასშტაბისა და საერთაშორისო სტანდარტების წარმომადგენლობით სივრცეებს.

#115 შეხვედრების ოთახის პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თითოეული ადგილის ხილვადობას, ერგონომიკას და თავისუფალ გადაადგილებას. აუდიტორია აღჭურვილია ულტრათანამედროვე ინტეგრირებული აუდიო სისტემით, თანამედროვე პრეზენტაციის ინფრასტრუქტურითა და მრავალდონიანი განათებით, რაც უზრუნველყოფს სივრცის ეფექტურ და კომფორტულ გამოყენებას. ინტერიერს გამორჩეულ იერს ანიჭებს გალერეა რუმ დიზაინის სპეციალურად შერჩეული ფრანგული წარმოების, პრემიუმ კლასის, აკუსტიკური შპალერები.

ხმის ჟღერადობის უზრუნველსაყოფად, დამატებით სპეციფიკაციად შეირჩა,  აკუსტიკური და არაალებადი (ცეცხლგამძლე) , თხელი და სქელი, აბრეშუმის და ხავერდის ფარდები.

#115 შეხვედრების ოთახი

“გალერეა რუმ დიზაინის” კონცეფცია აერთიანებს, შოურუმის და გალერეის ფორმატს — ეს არის სივრცე, სადაც წარმოდგენილია ევროპული პარტნიორი ექსკლუზიური ბრენდების ხელოვნების დონეზე აყვანილი პროდუქციის კატეგორიები., რაც ქმნის მაღალემოციურ გამოცდილებას და ამყარებს კავშირს მომხმარებელსა და ბრენდს შორის.

#108 აკადემიური საბჭოს სხდომების აუდიტორია განსაკუთრებულად გამორჩეულია კლასიკური, აკადემიური ხასიათით. რატომ შეარჩიეთ სწორედ ასეთი დიზაინერული ენა და როგორ მოახერხეთ ისტორიული არქიტექტურული იდენტობის თანამედროვე ფუნქციონალურობასთან შერწყმა?

#108 აკადემიური საბჭოს სხდომების აუდიტორიის დიზაინის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვენარჩუნებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული და წარმომადგენლობითი ხასიათი. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ კლასიკური, აკადემიური დიზაინერული ენა, რომელიც ბუნებრივად ერწყმის თანამედროვე ფუნქციონალურობას. ხის პანელები, კესონური ჭერი, განათება და პრემიუმ მასალები ქმნის ოფიციალურ და ელეგანტურ გარემოს, რომელიც სრულად შეესაბამება უნივერსიტეტის სტატუსსა და მნიშვნელობას.

#108 აუდიტორია

ამავდროულად, ვიზრუნეთ იმაზე, რომ სივრცე სრულად ყოფილიყო მორგებული თანამედროვე მოთხოვნებზე. აუდიტორია განკუთვნილია მენეჯმენტის შეხვედრების, საერთაშორისო დელეგაციების, პრეზენტაციების, კონფერენციებისა და სხვა წარმომადგენლობითი ღონისძიებების მასპინძლობისთვის. განსაკუთრებული ყურადღება, გარდა აკადემიური ხასიათის შექმნისა, დაეთმო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ინტეგრაციას — საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმა აუდიო სისტემა, ეკრანების განლაგება და მათი ხედვის კუთხეები, რათა აუდიტორიის ნებისმიერი ადგილიდან უზრუნველყოფილი ყოფილიყო ინფორმაციის სრულფასოვანი აღქმა. დამატებით ინტეგრირდა ინდივიდუალური პლანშეტები, რომლებიც სივრცის ფუნქციონალს მნიშვნელოვნად აფართოებს, ხოლო ინტერიერის კონცეფციის სრულყოფისთვის „გალერეა რუმ დიზაინის“  ევროპული, ექსკლუზიური ბრენდების პორტფოლიოდან სპეციალურად შეირჩა, პრემიუმ კლასის, უნივერსიტეტის ლოგოთი ბრენდირებული სავარძლები და კლასიკური Chester-ის ტიპის რბილი ავეჯი, რომელმაც სივრცის წარმომადგენლობითი ხასიათი კიდევ უფრო გამოკვეთა და ინტერიერის საერთო კონცეფცია ჰარმონიულად დაასრულა.

#108 აუდიტორია

როგორ იყო დაგეგმილი განათების სისტემა? რა როლი ენიჭება განათების დიზაინს სივრცის ფუნქციონალურობასა და ატმოსფეროს შექმნაში?

ამ პროექტში განათების დიზაინი მხოლოდ ვიზუალური ელემენტი არ ყოფილა — ის თითოეული აუდიტორიის ფუნქციისა და იდენტობის განუყოფელ ნაწილად განვიხილეთ. ჩვენი მიზანი იყო, განათებას ერთდროულად უზრუნველეყო კომფორტული სამუშაო გარემო, სწორი ვიზუალური აღქმა და თითოეული სივრცისთვის შესაბამისი ატმოსფერო. სწორედ ამიტომ, სამივე აუდიტორიისთვის განსხვავებული განათების კონცეფცია შევიმუშავეთ, რომელიც სრულად შეესაბამება მათ დანიშნულებას. კერძოდ:

#107 საკონფერენციო აუდიტორიაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კომპოზიციურ-დეკორატიულ განათებაზე, რომელიც ასევე “გალერეა რუმ დიზაინის ოფიციალურ პარტნიორ ბრენდებთან თანამშრომლობით, სპეციალურად ამ პროექტისთვის იქმნება, რომელიც თანხვედრაშია, როგორც ისტორიულ ფრესკასთან, ასევე საკონფერენციო ოვალური ფორმის მაგიდასთან, საფინალო კომპოზიცირი ჰარმონიისთვის.

#108 აკადემიური საბჭოს სხდომების აუდიტორიაში, რომელიც კლასიკურ და აკადემიურ სტილშია გადაწყვეტილი, მიზანმიმართულად ავირჩიეთ უფრო თავშეკავებული და დახვეწილი განათების სისტემა. მარტივი, თუმცა ზუსტად გათვლილი განათების სცენარებით, ბუნებრივი ხის პანელების, კესონური ჭერისა და არქიტექტურული ელემენტების გამოკვეთით, შევძელით შეგვენარჩუნებინა სივრცის ისტორიული ხასიათი და ამავდროულად მიგვეღო თანამედროვე, პრესტიჟული და ოფიციალური გარემო.

#115 შეხვედრების ოთახში კი სრულიად განსხვავებული თანამედროვე კონცეფცია შევიმუშავეთ. სივრცის მთავარი ელემენტი გახდა დეკორატიული ჭერის პანელები, რომლებიც ერთდროულად ასრულებენ როგორც ესთეტიკურ, ისე აკუსტიკური პანელების ფუნქციას. მათთან ინტეგრირებულმა განათების სისტემამ შექმნა თანამედროვე, დინამიკური და ვიზუალურად გამორჩეული გარემო, რომელიც გათვლილია დაახლოებით 100 ადამიანის კომფორტულად მიღებასა და სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებების მასპინძლობაზე. შედეგად, მივიღეთ სივრცე, სადაც განათება, აკუსტიკა და ინტერიერის დიზაინი ერთიან სისტემად მუშაობს და უზრუნველყოფს როგორც ფუნქციურობას, ისე გამორჩეულ ვიზუალურ გამოცდილებას.

თქვენი შეფასებით, რას ნიშნავს მსგავსი მასშტაბის საზოგადოებრივი და წარმომადგენლობითი სივრცეების დიზაინის განხორციელება ROOM DESIGN STUDIO-სთვის და როგორ ასახავს ეს პროექტი სტუდიის პროფესიულ ხედვას?

ჩვენთვის მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის საზოგადოებრივი და წარმომადგენლობითი სივრცეების დიზაინის განხორციელება დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად კიდევ ერთი შესაძლებლობაა, პრაქტიკაში ვაჩვენოთ ჩვენი პროფესიული ხედვა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განხორციელებული ეს პროექტი ნათლად ასახავს ROOM DESIGN STUDIO-ს მიდგომას, რომლის მიხედვითაც ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ესთეტიკის შექმნა არ არის — ის ფუნქციონალურობის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ერგონომიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ერთიან სისტემად ჩამოყალიბებას გულისხმობს.

ROOM DESIGN STUDIO თავიდანვე ჩამოყალიბდა იმ იდეით, რომ არ შემოიფარგლოს მხოლოდ ცალკეული ინტერიერების პროექტირებით. ჩვენი პროფესიული ხედვა ორიენტირებულია მასშტაბურ, კომპლექსურ და გრძელვადიან პროექტებზე, სადაც დიზაინი წარმოადგენს არქიტექტურის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და მომხმარებლის გამოცდილების ერთიან სისტემას.

თითოეულ პროექტს ვუდგებით როგორც უნიკალურ ამოცანას, რომლის წარმატება ეფუძნება დეტალურ ანალიზს, ზუსტ დაგეგმვას, საერთაშორისო სტანდარტების დაცვასა და ყველა ეტაპის პროფესიონალურ იმპლემენტაციას.

აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ROOM DESIGN STUDIO მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ მომსახურებას — იდეიდან და კონცეფციის ფორმირებამდე, სივრცითი დაგეგმარების, ინტერიერის დიზაინისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებიდან დაწყებული, მასალების შერჩევით, ტექნიკური კოორდინაციითა და პროექტის სრულ რეალიზაციამდე.

ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ ისეთი სივრცეები, რომლებიც აერთიანებს ესთეტიკას, ფუნქციონალურობას, ტექნიკურ სრულყოფილებასა და ხანგრძლივ ღირებულებას. სწორედ ამ პრინციპებზეა დაფუძნებული ROOM DESIGN STUDIO-ს საქმიანობა და სწორედ ეს არის ჩვენი პროფესიული ხედვა — შევქმნათ სივრცეები, რომლებიც არა მხოლოდ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს, არამედ მომავალშიც ინარჩუნებს საკუთარ მნიშვნელობასა და ხარისხს.

[R]

ინდივიდუალური სტილით შექმნილი სახლი წყნეთში – ანა მოსიძის ინტერიერი

ვიქტორიანული არქიტექტურა თანამედროვე ხედვით