in

საქართველოს უნივერსიტეტის სივრცის რედიზაინი ქართველი სტუდენტური ჯგუფის შესრულებით

Alliance Group
Alliance Group

სულ რამდენიმე ხნის წინ ქართველი სტუდენტების 4 კაციანმა ჯგუფმა (გვანცა მარგიანის, ანა კუბეციას, ნინა ავდალინისა და ვანო გვენცაძის შემადგენლობით) საზოგადოებას საკუთარი ნამუშევარი წარუდგინა. საუბარია საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლის მე6 სართულზე განთავსებული მარჯვენა ფლიგელის რედიზაინზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა არქიტექტორებმა მოცემული სტუდენტური სამუშაო სივრცის ხელახალი გადააზრება შემოგვთავაზეს. სწორედ ამ თემაზე გაესაუბრა ჟურნალი Homeis პროექტის ავტორებს:

“მოცემული ინტერიერის რედიზაინის მთავარი მიზანი იყო საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებისთვის სასწავლო გარემო გამხდარიყო შემეცნებითი, სასიამოვნო და, რაც მთავარია, არქიტექტურასთან მაქსიმალურად დაკავშირებული. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სტუდენტისთვის სწავლისთვისა და მოტივაციისთვის სასწავლო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვეცადეთ, რომ დიზაინი ყოფილიყო  სტუდენტზე მორგებული, განსხვავებული და მრავალფეროვანი.

უშუალოდ კონცეფციაზე რომ ვისაუბროთ, გვსურდა დიზაინით  ხაზი გაგვესვა მომავალი არქიტექტორებისთვის ესკიზირებისა და ჩანახატის მნიშვნელობისთვის, თუ რაოდენ გასათვალისწინებელია სივრცულ აზროვნებასთან ერთად საწყისი 2D განზომილების ეტაპიც. ამიტომ ვეცადეთ  დერეფანში შეგვექმნა ისეთი განწყობა, თითქოს თეთრ ფურცელზე შესრულებულ ჩანახატში ვაბიჯებთ და ვხვდებით ორგანზომილებიან სივრცეში.

სწორედ ამ ეფექტის გაძლიერებისთვის დომინანტ ფერებად გამოვიყენეთ მხოლოდ შავი და თეთრი. აღსანიშნავია, რომ კედლის მხატვრობა საკმაოდ დიდი დოზით ინტეგრირდა ინტერიერში, რომელიც ასევე ჩვენი გუნდის მიერაა შესრულებული. გარდა კედლის მხატვრობისა, რაც, რა თქმა უნდა, აძლიერებს სკეტჩის ეფექტს,  ვეცადეთ, რომ ინტერიერში გამოყენებული მოცულობითი ობიექტები გამხდარიყო მაქსიმალურად 2D ვიზუალური ეფექტის მქონე, რათა არ დაერღვია ჩვენი მთავარი ჩანაფიქრი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სართულზე მოხვედრისთანავე ვხვდებით დაჟანგული  ფირფიტებით მოპირკეთებულ ლიფტის ჩარჩოებს; კუთხოვან თაღს, რომელიც ასევე მასიური ჟანგის ფირფიტებისგანაა შექმნილი. ეს გადაწყვეტა კი  ამ სართულზე არსებული არქეოლოგიის ფაკულტეტის შინაარსს ეხმიანება და გამოხატავს მის არქიტექტურასთან მჭიდრო კავშირს.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ვინტაჟურ ელემენტებს, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდება დეკორის სახით და კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს  და საინტერესოს ხდის ინტერიერს.

აუდიტორიების სივრცეები კი საერთო ხასიათის გათვალისწინებით ფერითი აქცენტური დეტალებით გამოირჩევა, კომპოზიციურ დომინაციას ინაწილებს მხოლოდ სამი ძირითადი ფერი. ამ გადაწყვეტით მონოქრომატული  ორგანზომილებიანი სივრციდან   ხის პორტალებით  ვხვდებით მეორე მხარეს მიმალული აუდიტორიების RGB ვერსიებში,” – გვანცა მარგიანი, ანა კუბეცია, ნინა ავდალინი და ვანო გვენცაძე

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ჩემი პირველი ბინა – რა უნდა გავითვალისწინო?

მისტერ Doodle-ს $1.5 მილიონის ღირებულების სახლი, რომელიც ნახატებით არის დაფარული