რა სძენს ნივთს უნიკალურ ხელწერას? სად მთავრდება პრაქტიკულობა და იწყება სენსორული გამოცდილება? ქართულმა ბრენდმა „ჰაერი“ ამ კითხვებზე პასუხი თავისი ნამუშევრებით იპოვა — უნიკალური მასალისგან ხელით შექმნილი სკულპტურული ობიექტები, რომლებიც ავეჯის და ხელოვნების საზღვარზე მოძრაობენ. თითოეული ნივთი ინდივიდუალურ ფორმასა და ტექსტურას ატარებს, ხოლო მასალის დამუშავების განსაკუთრებული ტექნიკა ქმნის მათ ფაქიზ, მაგრამ ძლიერ ხასიათს.
დღევანდელ ინტერვიუში ბრენდის დამფუძნებლები, ტაპო შოთაძე და ვანიკო მაჭავარიანი დეტალურად გვიამბობენ საკუთარი კომპანიის კონცეფციასა და მუშაობის სტილის შესახებ.
როგორ დაიბადა ბრენდი „ჰაერი“ და რა იყო მისი შექმნის მთავარი მოტივაცია? თქვენი დიზაინი ვიზუალურად თითქოს ჰაერივით მსუბუქია, თუმცა დამზადებულია მასიური მასალისგან. ეს ესთეტიკური კონცეფცია რამდენადაა დაკავშირებული ბრენდის სახელთან?
ბრენდი „ჰაერი“ დაიბადა იდეით, შეგვექმნა ნივთები, რომლებიც იქნებოდა ერთდროულად დეკორატიულიც და ფუნქციურიც — მაგიდები, ლარნაკები, თასები და სხვა. შთაგონება მოდის XVII–XVIII საუკუნეების ესთეტიკიდან და მისი თანამედროვე ინტერპრეტაციიდან.
სახელად „ჰაერი“ ავირჩიეთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფორმების ბუნებრიობა და სიმსუბუქე, მიუხედავად იმისა, რომ ნივთები მასიური მასალით მზადდება. მათი ფორმები მკაცრი და გეომეტრიული არ არის — პირიქით, რბილი და ასიმეტრიულია, რაც ამსუბუქებს საერთო ვიზუალს და ქმნის ჰაეროვნების შეგრძნებას.
თქვენს ნამუშევრებს აქვს მკვეთრად გამოხატული სკულპტურული ხასიათი — როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი ხელოვნებასა და დიზაინს შორის?
ჩვენთვის დიზაინსა და ხელოვნებას შორის მკვეთრი ზღვარი არ არსებობს. დიზაინი ხდება ხელოვნება მაშინ, როცა ფუნქციას ემატება ემოცია — ამ დროს ნივთი მხოლოდ პრაქტიკული აღარ არის, არამედ იძენს ხასიათს და აზრს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი პროდუქტები მზადდება სპეციალური ქვის მსგავსი მასალით. გვიამბეთ უფრო კონკრეტულად მის შესახებ.
Haeri-ის ნივთები მზადდება ხელით დამუშავებული კომპოზიტური მასალით — ეს არის მინერალური პიგმენტებისა და სპეციალური შემკვრელი ნივთიერებების ნაზავი.
ამ ელემენტების შერწყმით იქმნება ერთიანი სტრუქტურა, რომელიც ვიზუალურად ჰგავს ქვას, თუმცა მისი თვისებები — მაგალითად, დამუშავების სიგლუვე და ფერის კონტროლი — უფრო დიდ შემოქმედებით თავისუფლებას იძლევა, ვიდრე ნატურალური ქვა.
შეგიძლიათ მოგვიყვეთ უფრო დეტალურად ამ მასალის დამუშავების თქვენს ექსკლუზიურ ტექნიკაზე? რა არის ის, რაც ამ პროცესს გამორჩეულს ხდის?
მასალის დამუშავების ტექნიკა მთლიანად ჩვენ მიერაა შემუშავებული. ძირითადად არ ვიყენებთ ყალიბებს — თითოეული ნივთი იქმნება ხელით, ფენებად აგების მეთოდით. ეს გვაძლევს საშუალებას, ვაკონტროლოთ როგორც ფორმა, ისე ტექსტურა პროცესის ყველა ეტაპზე. შედეგად, თითოეული ნივთი გამოდის უნიკალური და ვიზუალურად განსხვავებული.
ხელით მუშაობა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია მეტ დროსა და ენერგიასთან — რატომაა თქვენთვის ეს პროცესი პრიორიტეტული და რა მატერიულ თუ ემოციურ ღირებულებას აძლევს ის საბოლოო პროდუქციას?
ხელით მუშაობა გვაძლევს საშუალებას, ვაკონტროლოთ ფორმა, ტექსტურა და ფერი ყოველ ეტაპზე. ეს პროცესი მეტ დროსა და ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ სწორედ ამის გამო ხდება თითოეული ნამუშევარი უნიკალური — მას აქვს ინდივიდუალური ხასიათი, რაც მექანიკური წარმოებისას იკარგება.
როგორ ირჩევთ ფორმებსა და ობიექტებს, რომლებსაც ქმნით? არსებობს თუ არა რაიმე შეზღუდვა მსგავსი ტიპის მასალით მუშაობისას?
ფორმებს ვქმნით უშუალოდ მუშაობის პროცესში, ხელით მოდელირებით — წინასწარ ესკიზებს იშვიათად მივმართავთ. ვიყენებთ რბილ, ბუნებრივად გამართულ ხაზებს, რაც საუკეთესოდ ერგება ჩვენს მასალას.
რაც შეეხება შეზღუდვებს, გარკვეული ზომისა და სიმაღლის ზღვარი არსებობს, რადგან მასალას აქვს წონისა და სიმტკიცის ბუნებრივი ლიმიტები. ამიტომაც თითოეული ფორმა ინდივიდუალურად ერგება მასალის შესაძლებლობებს.
რა გზავნილს ატარებს „ჰაერი“ — როგორც ფორმით, ასევე მასალით?
Haeri-ის დიზაინი ფოკუსირებულია ბუნებრივ ფორმებსა და პროცესში შექმნილ ტექსტურებზე. ჩვენი ნივთები ატარებს სიმარტივისა და უნიკალურობის განცდას.
მასალა, რომელიც ვიზუალურად ჰგავს ქვას, ასახავს წარსულს, ხოლო თანამედროვე ფორმები გამოხატავს აწმყოსა და მომავალს.
როგორია ბრენდის სამომავლო ხედვა? გეგმავთ მასალის ან დიზაინის მიმართულებით ექსპერიმენტებს?
მუშაობას ვაგრძელებთ მასალის განვითარებაზე და ყოველდღიურად ვატარებთ ექსპერიმენტებს სხვადასხვა ტიპის ტექსტურაზე, რომელთა ინტეგრირებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენს პროდუქციაში.
მომავალში კი გვსურს ვითანამშრომლოთ არქიტექტორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან და მივიღოთ მონაწილეობა უფრო მეტი საზოგადოებრივი სივრცის დიზაინში.