in

მოძრავი კონდიციონერის დადებითი და უარყოფითი მხარეები

სახლის კონდიცირება ცხელ დღეებში აუცილებელია. სტანდარტული, კედელზე დასამონტაჟებელი კონდიციონერის გარდა, თანამედროვე ბაზარი პორტატიულ სისტემებსაც გვთავაზობს, რომლებიც ბევრად უფრო კომფორტულია, რადგან მონტაჟი არ სჭირდება. მოძრავი კონდიციონერი თავისუფლად მოძრაობს ოთახიდან ოთახში. მისი წაღება ქალაქგარეთ, დასასვენებლადაც შეგიძლიათ, რაც საკმაოდ მოსახერხებელია. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, დღეს პორტატიული კონდიციონერის მახასიათებლებს გაგაცნობთ.

უპირატესობები:

მონტაჟი არ სჭირდება. სტანდარტული კონდიციონერისგან განსხვავებით, მოძრავი კონდიციონერი არ მონტაჟდება, შესაბამისად, სპეციალური დენის წყაროსა და კანალიზაციის გაყვანა ან კედლის გახვრეტა არ დაგჭირდებათ. ამგვარი მოდელის განთავსებას ნებისმიერ ადგილას შეძლებთ. იგი მარტივად უერთდება დენის წყაროს, რაც ასევე უდიდეს კომფორტს ქმნის.

მოქნილია. ხშირად კედლის კონდიციონერი ისეთ ადგილზეა დამონტაჟებული, რომ სრულყოფილად მხოლოდ კონკრეტულ ზონებს აგრილებს, სახლის დანარჩენი ნაწილი კი საკმარისად არ გრილდება. პორტატიული კონდიციონერი ამ პრობლემას მოგიგვარებთ და მარტივი გადაადგილების საშუალებით სახლის ყველა ნაწილში იდეალურ პირობებს შექმნის იმისათვის, რომ ზაფხულის ცხელმა დღეებმა არ შეგაწუხოთ.  

მისი ღირებულება, სტანდარტულ კონდიციონერთან შედარებით, ნაკლებია. მრავალფეროვანი არჩევანიდან გამომდინარე, არსებობს განსხვავებული ზომის მოდელები, მათი ფასი კი, ხშირ შემთხვევაში, სტანდარტულ კონდიციონერებზე ბევრად ნაკლებია. ამავე დროს, ვინაიდან ასეთ მოდელებს მონტაჟი არ სჭირდება, ზოგავთ დამატებით ხარჯებსაც.

ინტერიერს არ აუშნოებს. ხშირად კედლის კონდიციონერი საერთო კონცეფციიდან ამოვარდნილია და მიმზიდველ ინტერიერს აუშნოებს. მისგან განსხვავებით, მოძრავი კონდიციონერი ინტერიერის ერთიანობას არ არღვევს. ის, ისევე, როგორც სახლის სხვა წვრილი ტექნიკა, გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ შეინახოთ.

ნაკლოვანებები:

საკმაოდ ხმაურიანია. მოძრავი კონდიციონერი, სტანდარტულ კონდიციონერებთან შედარებით, უფრო ხმაურიანია, შესაბამისად, გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. ამიტომ, თუ მის შეძენას გადაწყვეტთ, ეს არცთუ ისე სასიამოვნო დეტალი წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ.

ზრდის ელექტროენერგიის ხარჯს. პორტატიული კონდიციონერი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე სტანდარტული მოდელი, რადგან მას არ აქვს გარე ბლოკი: პროდუქტი მცირე რაოდენობით თბილ ჰაერს გამოყოფს, რომელიც სივრცის გაგრილების პროცესს ანელებს. სწორედ ამიტომ, იგი დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, რათა სასურველ ტემპერატურას მიაღწიოს, რაც, ბუნებრივია, კომუნალურ ხარჯებს ზრდის.

რეგულარულად სჭირდება წყლის ავზის დაცლა. შეიძლება არცთუ ისე სასიამოვნო იყოს კონდიციონერის ავზის რეგულარულად დაცლა იმ წყლისგან, რომელიც გაგრილების დროს მასში გროვდება. აუცილებელია, ამგვარ მოდელს მუდმივად მიაქციოთ ყურადღება.

დიდი ოთახის გასაგრილებლად არცთუ ისე ეფექტურია. პორტატიული კონდიციონერის ყველაზე დიდი ნაკლოვანება ისაა, რომ  დიდი ფართობის მქონე სივრცის გასაგრილებლად არაეფექტურია, ამიტომ მის შეძენამდე ეს გარემოებაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

ღირებულება

განსხვავებული სიმძლავრისა და ზომის მოძრავ კონდიციონერს განსხვავებული ღირებულებაა აქვს, მისი საშუალო ფასი  500-დან 1600 ლარამდე მერყეობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

Pekin House — მინიმალისტური სახლი ახალგაზრდა ოჯახისთვის

ღია ფერების ჰარმონიული ნაზავით შექმნილი ინტერიერი ლისზე – ნინო მოსეშვილის ნამუშევარი