in

ღია ფერების ჰარმონიული ნაზავით შექმნილი ინტერიერი ლისზე – ნინო მოსეშვილის ნამუშევარი

დღეს ლისის ტბის შემოგარენში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მოგიყვებით, რომლის ინტერიერზე დიზაინერმა ნინო მოსეშვილმა იმუშავა. ამ კომფორტული, მიმზიდველი და მყუდრო პროექტის საცხოვრებელი ფართი 95 მ2-ია. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, დამკვეთს სურდა, ღია ფერების დომინირებითა და ფერადი აქცენტებით თანამედროვე, კომფორტული, განსხვავებული და ამავე დროს, შთამბეჭდავი გარემო შეექმნა. მეპატრონის სურვილით, სამუშაო შესრულდა მაღალი ხარისხის მასალით. აღსანიშნავია ისიც, რომ დამკვეთი მარტივად იღებდა განსხვავებულ, ახალ იდეებს, რამაც ინტერიერის ორიგინალურობა განაპირობა.

თავდაპირველი ჩანაფიქრის თანახმად, საქმიანი, თანამედროვე და ენერგიული ადამიანისათვის შეიქმნა დამახასიათებელი დეტალებითა და ნივთებით გაფორმებული სივრცე. პროექტი მოიცავს ორ საძინებელს, ორ აბაზანას, გაერთიანებულ სამზარეულოსა და მისაღებს, ასევე, პატარა დამხმარე ოთახს, რომელშიც სამრეცხაო/საკუჭნაო განთავსდა. დიზაინერის თქმით, ბინის მთავარი უპირატესობა დიდი ტერასაა, რომლიდანაც თბილისის პანორამული ხედი იშლება. უნდა ითქვას ისიც, რომ გეგმარება რადიკალურად არ შეცვლილა, თუმცა, მცირე ცვლილებების შედეგად, სივრცის ყველა ნაწილი ფუნქციური გახდა.

პროექტზე მუშაობისას გამოყენებული თითოეული დეტალი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და მშვიდ გარემოს ქმნის. ამგვარი ბალანსის მაგალითია კლასიკური წყობის იატაკი და მკაცრი, გეომეტრიული ფორმის ჭაღი, ასევე, რბილი, მომრგვალებული ფორმების მქონე ავეჯი და სრულიად თანამედროვე, მინიმალისტური სამზარეულო. საინტერესო აქცენტი შემოაქვს რადიატორებსაც. ამ სკულპტურული ფორმის ოთახის დეკორზე რთულად თუ ვინმე იფიქრებს, რომ რადიატორია.

პროექტში გამოყენებულია მაღალი ხარიხის მასალა – იტალიური ბრენდის ფილები, შემრევები, სამზარეულო, ავეჯი და განათება – რაც სახლის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.

კედელზე ძირითადად თეთრი ფონი გვხვდება, რომელიც ავეჯისა და აქსესუარების ფერადი დეტალებითაა შევსებული. მისაღები სივრცე საკმაოდ მდიდრული და ელეგანტურია. ყურადღებას იქცევს ორიგინალური ფორმის ფერადი ავეჯიც, რომელიც პატარა მრგვალ მაგიდებს ჰარმონიულად ერწყმის. აღსანიშნავია ტელევიზორის ზონაც, რომელიც მყუდრო გარემოს ქმნის განტვირთვისა და დასვენებისთვის. განსაკუთრებული აქცენტები შემოაქვს ოქროსფერ დეტალებს და საუცხოო ჭაღს, რომელიც ოთახის ერთ-ერთი მთავარი დეკორია. თვალშისაცემია დეკორატიული რადიატორებიც, რომლებიც მნახველის ყურადღებას მაშინვე იქცევს. მთელ კედელზე დამონტაჟებული კარი და ფანჯრები უხვ ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს და ოთახს მეტ მოცულობას ანიჭებს.

თეთრი ფერი ჭარბობს სასადილო და სამზარეულო ზონაშიც, თუმცა აქ სითეთრე ოქროსფერი დეტალებით და ჭაღითაა დაბალანსებული. ფერთა ამგვარ შეხამებას ოთახში საოცარი სიმშვიდის განცდა და სისადავის ეფექტი შეაქვს. სასადილო და სამზარეულო გადატვირთული არ არის, რის გამოც ამ ნაწილში მინიმალისტური სტილი იქმნება.

თბილი და ნაზი ფერებია გამოყენებული საძინებლებშიც. ერთ-ერთში, აქცენტის სახით, ვხვდებით ვარდისფერ და ნაცრისფერ ტონალობას, რომელიც ოთახს უფრო მრავალფეროვანს ხდის და მას სახასიათო იერს სძენს. მეორე საძინებელი უფრო კლასიკური სტილისაა. ის მკაცრი, სოლიდური ელემენტებითაა სავსე, თუმცა, ამის მიუხედავად, სისადავე და სინაზე აქაც შენარჩუნებულია.

არანაკლებ მიმზიდველი და საინტერესოა სააბაზანო სივრცეები. ერთ-ერთში, ჰიგიენურ კუთხესთან ერთად, საშხაპე ადგილიცაა გამოყოფილი. ინტერიერი რძისფრის, ცისფრისა და ოქროსფრის კომბინაციითაა შექმნილი.

მეორე აბაზანაში სააბაზანო სივრცეა მოწყობილი. აქ შავი ტონალობა ჭარბობს, რაც კონტრასტულ იერს ჰმატებს ამ ზონას.

სახლის განსაკუთრებული ნაწილია ტერასა, რომელიც დასვენებისთვის იდეალური ადგილია. აქედან თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბობაა შესაძლებელი.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესში განსაკუთრებული სირთულე და დაბრკოლება არ შეხვედრია, რადგან დამკვეთთან თანამშრომლობა თითოეულ ეტაპზე იდეალურად წარიმართა. ამის წყალობით, გეგმა ზუსტად ჩანაფიქრის მიხედვით განხორციელდა. როგორც თავად ამბობს, პროექტის ინტერიერის კონცეფცია სიმსუბუქისა და სიძლიერის სადა, ლაკონიურ ნაზავს ეფუძნება. სახლი თანამედროვე, აქტიური ადამიანისთვისაა განკუთვნილი, რომელსაც სახლის სიმყუდროვით ტკბობაც უყვარს და სტუმრების მიღებაც.

პროექტის ავტორი: ნინო მოსეშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Alcove“

გამოყენებული მასალები:

სამზარეულო: ბრენდი – „Arrital“,  შოურუმი – „Alcove“

იატაკის საფარი:  ბრენდი – „Berti“, შოურუმი – „Alcove“

აბაზანის ფილები: ბრენდი – „41zero42“, „mosaico+“, შოურუმი – „Alcove“

ავეჯი: ბრენდი – „Ex-t“, „Karol“, შოურუმი – „Alcove“

შემრევები: ბრენდი – „Ex-t“, „Daniel Rubinetterie“, შოურუმი – „Alcove“

განათება: ბრენდები – „Nemo Lighting“, „Cattelani&Smith“, „Lodes“, შოურუმი – „Alcove“

ავეჯი: ბრენდი – „Amura Lab“, „Meridiani“, „Alivar Mvseum“, „BD Barcelona Design“, „Baker Furniture“, „Pianca“, შოურუმი – „Alcove“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: ბილი ბილიხოძე

მოძრავი კონდიციონერის დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა უნდა გავითვალისწინოთ ელექტროენერგიის გაყვანის დროს – რჩევები „საქკაბელისგან“