in

Reflect Architecture-ს მიერ ჩატარებული რენოვაციის პროექტი – “Walker House”

Banner M2
Banner M2

არქიტექტურულმა სტუდიამ  Reflect Architecture კანადაში, ტორონტოში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახისთვის სახლის რენოვაციაზე იზრუნა, რომელიც უამრავი ორიგინალური დეტალით გამოირჩევა და საერთო ჯამში, მრავალფეროვანი, საინტერესო პროექტია.

პროექტი თავიდან ბოლომდე ოჯახის ცხოვრების სტილზეა მორგებული. მათი სურვილით, სახლს თავისუფალი სივრცეები უნდა ჰქონოდა – მთელი ინტერიერი ერთი ორგანიზმი უნდა ყოფილიყო და არა ერთმანეთისგან განცალკევებული, დაშორებული ოთახებისგან შემდგარი უსიცოცხლო შენობა.

სახლის ინტერიერის ცენტრალურ ნაწილში ცისფერი სასრიალოა განთავსებული, რომელიც პროექტის სახასიათო დეტალად გადაიქცა. ის Reflect Architecture-ის არქიტექტორებმა სპეციალურად შექმნეს, რათა ქვედა სართული გაეხალისებინათ და მისი დამახასიათებელი „სარდაფისეული“ ატმოსფერო გაექროთ. სასრიალოს ფართო ხვრელის საშუალებით ქვედა სართულზე მზის სინათლეც აღწევს.

„ორივე მშობელი ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ანტრეპრენერია, რომლებიც ბავშვების მენტალური სიჯანსაღისთვის თამაშსა და გართობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. აქედან გამომდინარე, მათი სახლის დიზაინის მორგება ამ მსოფლმხედველობისთვის გვსურდა,“-აცხადებს Reflect Architecture-ის მთავარი არქიტექტორი, ტრევორ უოლესი (Trevor Wallace).

განახლებამდე სახლი სამ სართულად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეული მკაცრად იყო იზოლირებული – სამივე სართული ინდივიდუალურად ქირავდებოდა. რენოვაციის შედეგად პირველი და მეორე სართულები გაერთიანდა, მესამე სართული კი კვლავ შეიძლება გაქირავდეს, რადგან ის იზოლირებულია ოჯახის ყოველდღიური ხმაურისგან.

წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომელთა საძინებელი ოთახები ადრინდელი სარდაფის ტერიტორიაზეა განთავსებული სამ სააბაზანოსა და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახთან ერთად. მშობლების საძინებელი, მისაღებ სივრცესთან ერთად, ზედა სართულზე გვხვდება.

ორი სართულის დასაკავშირებლად სასრიალოს გარდა დასაკეცი ხის კიბეც გამოიყენება, რომელიც სპეციალურად შერჩეული განათებებითაა ხაზგასმული. სახლში ხის იატაკები და თეთრი ფერი დომინირებს, თუმცა აქა-იქ შევხვდებით კაშკარა ფერებსაც, მაგალითად, ლურჯ ავეჯს სამზარეულო სივრცეში.

ზედა სართულის დარჩენილი ნაწილი საერთო სივრცედაა ქცეული. აქ განთავსებულია მშობლების სამუშაო კაბინეტი და სამხრეთ მხარეს მიმართული გაერთიანებული სასადილო, სამზარეულო და სასტუმრო ოთახები.

რაც შეეხება ფასადს, რენოვაციის შედეგად შეტანილი ცვლილებები მარტივადაა თვალშისაცემი – ის განახლებულია მეტალის პანელებით, ხის ლუვრისეული ჩუქურთმებითა და ასევე ხის, თუმცა შედარებით მუქი საფარველით, რომელიც დამუშავებულია იაპონური შუ სუგი ბანის (shou sugi ban) ტექნიკით.

ფოტოგრაფი: Riley Snelling.

#სადვიცხოვრო: აპარტამენტები ქინგ დევიდში

Lalique – ფრანგული არტ დეკოს პიონერი ბრენდის ისტორია