in

რთული კონფიგურაციის მქონე სახლის ტრანსფორმაცია ფუნქციონალურ საცხოვრებლად — გიორგი გუგუნავას პროექტი წყნეთში

წყნეთში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 220 მ² ფართობის მქონე სახლი არქიტექტორ-დიზაინერ გიორგი გუგუნავას კიდევ ერთი პროექტია. სახლი ძველი აშენებულია (დაახლოებით 90-იანი წლების ბოლოს), ამიტომ სრულად განახლებას საჭიროებდა. საპროექტო დავალებაც სივრცის გეგმარების შეცვლას და ინტერიერის თავიდან მოწყობას გულისხმობდა.

სახლის ტეხილი და ოვალური ფორმებიდან გამომდინარე, არ იყო მარტივი მისი გადაგეგმარება. არსებული გეგმარების მიხედვით, სივრცეების ერთმანეთთან კავშირი არ იყო ისე გამართულად გადაწყვეტილი, როგორც ეს დამკვეთს სურდა. ამიტომ მისი შესწორება მოგვიწია. აგრეთვე, დამკვეთს უნდოდა სტილისტურად მთლიანად განახლებულიყო ინტერიერი”, — აღნიშნავს გიორგი გუგუნავა.

რემონტის მიმდინარეობისას, პირველ რიგში, სახლის რამდენიმე კედლის დემონტაჟი განხორციელდა. სივრცეები და დონეები კი ერთმანეთთან დაკავშირებით სწორად გადანაწილდა.

სახლი აშენებულია დახრილ რელიეფზე, ხოლო შემოსასვლელი ქუჩის ზედა მხრიდან არის განთავსებული. შემოსვლისთანავე გვხვდება ოვალური ფორმის დერეფანი, რომელიც გეგმარებისას არ შეცვლილა. აქედან ასევე ოვალური კიბით ხდება საერთო და საძილე სივრცეებში გადანაწილება. კიბის ერთი მარშით პირველ სართულზე ჩავდივართ, სადაც მცირე ზომის შესავლელია მოწყობილი, რომელიც გეგმარებითი ცვლილების დროს დაპატარავდა და რამდენიმე საფეხურით საერთო ოთახს დაუკავშირდა.

ახალი პროექტით საერთო ოთახი და სამზარეულო ერთმანეთს დაუკავშირდა, მათ შორის არსებული კედელი მოიშალა და მის ნაცვლად მოძრავი, ოდნავ დაბურული მინის კარი მოეწყო. ვინაიდან სახლის მთავარი ოთახები ჩრდილოეთით არის განლაგებული, სივრცის უმეტესი ნაწილი თეთრ ფერში შეიღება, გარკვეული კედლები კი დაშპონილი MDF-ით მოპირკეთდა, რამაც შედარებით დაათბო სახლი.

საერთო ოთახში, რომელშიც ვრცელი მოსასვენებელი ზონაა მოწყობილი, არსებული ოვალური კედლები გასწორდა, მხოლოდ შენარჩუნდა გარე კედელი, რომელიც ტერასის მხარეს მდებარეობს. ოთახში დომინანტ როლს ასრულებს მასიური ტახტი, რომელიც ფიჭვის ხეებით სავსე ეზოს გადაჰყურებს, მის უკან ყრუ კედლის მაგივრად კი მასიური წიგნების კარადა მოეწყო, რომელიც ფუნქციური სათავსოს გარდა, საინტერესო დეკორატიული ელემენტი გახდა. წიგნების კარადას ორგანულად შეერწყა საერთო ოთახის კედლის ნაწილი, რომელიც სამზარეულოსკენ გრძელდება და მუხისფერი დაშპონილი MDF-ით არის მოპირკეთებული.

ასევე, ოთახში დაპროექტებულია ბუხარი, რომელიც ზედმეტად გადატვირთული ფორმებით ხასიათდებოდა. რემონტის მიმდინარეობისას კი მაქსიმალურად სადა სახე მიიღო და ნეოლითით მოპირკეთდა. კონტრასტის სახით კარადებსა და მაგიდაზე შავი ფერია შემოტანილი. განსაკუთრებული ყურადღება კი სანათებსა და ჭაღზე მახვილდება, რომლებიც გამორჩეულ ელფერს სძენს ოთახს.

სამზარეულო კონტრასტული ინტერიერით ხასიათდება, რაც თეთრი კერამოგრანიტის ფილებით და შავი სამზარეულოს ავეჯით მიიღწევა, რომელსაც აბალანსებს მცირე დოზით გამოყენებული ხის ელემენტები. აღსანიშნავია, რომ ოთახი სრულად არის ათვისებული და ტევადი სათავსოებით არის დაკომპლექტებული, რაც მის ფუნქციონალურობას უზრუნველყოფს.

სასადილო ზონა სამზარეულოსგან გამიჯნულია, თუმცა ამავდროულად მის გაგრძელებას წარმოადგენს, რადგან ოდნავ დაბურული, სასრიალო ვიტრაჟით არის გამოყოფილი. სასადილოდან ტერასაზე გასვლაა შესაძლებელი. სასადილოს კედლებში და ჭერში, მაქსიმალური ბუნებრივი შუქის მისაღებად, დიდი ვიტრაჟებია ჩამონტაჟებული, რაც საერთო ინტერიერს საინტერესო ხასიათს სძენს. სივრცე  მასიური მაგიდით და მომრგვალებული ფორმის სკამებით არის დაკომპლექტებული.

მეორე სართული ძირითადად საძილე ოთახებს ეთმობა, რომელთა გეგმარება მცირედით შეიცვალა — საძილე ოთახებში არსებული ოვალური კედლები მოსწორდა და მთავარ საძინებელში ინდივიდუალური სააბაზანო და საგარდერობო სივრცეები დაპროექტდა, რის გამოც ოთახი უფრო ფუნქციური გახდა. მთავარ საძინებელში ასევე ყურადღებას იქცევს ტელევიზორის კარადა, რომელიც საწოლსა და საგარდერობო ზონას ერთგვარად ერთმანეთისგან მიჯნავს.

სააბაზანოსა და გარდერობში შესასვლელი კედელი დაშპონილი MDF-ით არის მოპირკეთებული, თავად აბაზანაში კი  კერამოგრანიტის ფილებია გამოყენებული.

რთული კონფიგურაციის ნაგებობიდან გამომდინარე, პროექტში მნიშვნელოვანი იყო სივრცის ფუნქციონალურად გამართვა და მისი სწორი გეგმარება, რასაც პროექტის ავტორმა, გიორგი გუგუნავამ საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი. გარდა ამისა, დიზაინერის გადაწყვეტილებით, სახლის ინტერიერმა მაცხოვრებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, მიმზიდველი, დახვეწილი და საინტერესო სახე მიიღო და სახასიათო ელემენტებით გამორჩეული ადგილი დაიკავა არქიტექტორის შემოქმედებაში.

პროექტის ავტორი: გიორგი გუგუნავა  

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Gua Studio

გამოყენებული მასალები

სამზარეულო:  Record cucine, Neolith (ლაზიერი), Barazza (Design Atelier)

კედლის მოპირკეთება: Oikos

იატაკი: Fiandre (Belle Maison), Appianimosaci (Design avenue)

პლინტუსები: Profilitec  (Motif)

ელექტრობა: Bticino (Motif)

განათება: Martinelli luce, Nemo, Iguzzini, Supermodular (Opera design)

ავეჯი: Poliform Bristol, Porada — (Archideagroup),  Pianca, Lignea italia, Ormedesign, Alf dafre, Tomasella (ავეჯის სახლი Valentini)

ფარდები (Archideagroup)                                                                                                         

სააბაზანო: Antonio Lupi, Dornbracht, Villeroy&Boch (Belle Maison)

ფარული კარები: Barausse (Design Atelier)

რადიატორები: Zehnder (Belle Maison) 

შიდა სასრიალო ვიტრაჟები: Rimadesio (Belle Maison)

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რატომ უნდა ავირჩიოთ Wavin-ის კანალიზაციის მილები?

მინიმალისტური სახლი პორტუგალიაში