ბინა, რომელიც ანჯაფარიძის ქუჩაზე მდებარეობს, ელენე მარგველაშვილმა დააპროექტა. სივრცის ფართობი 90 კვადრატული მეტრია და მასში ფუნქციურობა, სიმშვიდე და კლასიკური ელეგანტურობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. პროექტზე მუშაობისას დიზაინერმა სრულად აიღო პასუხისმგებლობა როგორც ინტერიერის კონცეფციაზე, ისე სარემონტო პროცესებზე, რომლებიც დამკვეთების საქართველოში არყოფნის პირობებში წარმატებით და ზუსტად განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ გეგმარების ცვლილება შეუძლებელი იყო, რადგან ელენე მარგველაშვილმა ობიექტი უკვე გადატიხრულ მდგომარეობაში ჩაიბარა, პროექტის ავტორმა ინტერიერი ნათელი ფერების, ბუნებრივი მასალებისა და არამოჭარბებული კლასიკური დეტალების მეშვეობით გარდაქმნა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სივრცე ყოფილიყო ფუნქციური, კომფორტული და დამღლელი ვიზუალური ელემენტებისგან თავისუფალი. პროექტის მთავარ ფორმალურ აქცენტად თაღები იქცა — არქიტექტურული ელემენტები, რომლებსაც დიზაინერი მარადიულ ფორმად მიიჩნევს. ამ ფორმებმა მკაცრ ხაზებს სიმყუდროვე შემატა და ინტერიერს არქიტექტურული სიღრმე მიანიჭა.
“არსებობს ფორმები, უფრო სწორად, მარადიული ფორმები, რომლებიც უბრალო გეომეტრიულ ფიგურებზე ბევრად მეტია. თაღი ჩემთვის მხოლოდ კედელში დატოვებული ღიობი და კონსტრუქციული გადაწყვეტა არ არის, ეს ფორმა კოლექტიური მეხსიერების, სილამაზისა და უნივერსალური არქიტექტურული ენის სინთეზია. ამ ერთი შეხედვით უბრალო რკალებმა მკაცრი და სწორი ხაზები დაარბილა, ინტერიერს კი სირბილე და შინაარსი შეჰმატა,” – ელენე მარგველაშვილი
ბინის განლაგება მოიცავს დიდ სტუდიოს სივრცეს, ორ საძინებელს, სააბაზანოსა და ორ აივანს. დაგეგმარებისას მნიშვნელოვანი იყო ოჯახის წევრთა ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება, მათ შორის სტუმრად მოსული შვილებისთვის კომფორტის უზრუნველყოფა. ეს ასახულია სასადილო ზონის მოწყობასა და სათავსოების ინტეგრირებაში.
“მინდოდა, ინტერიერი, პირველ რიგში, ფუნქციური, ერგონომიულად გამართული და არა-დამღლელი ყოფილიყო და ვფიქრობ, საბოლოოდ, ასეც გამოვიდა. იქედან გამომდინარე, რომ დიდი ხანი საქართველოში არ ვცხოვრობდი, პატარა სივრცის შეგრძნება ჩემთვის უცხო არაა. განსაკუთრებით პარიზული ბინების გეგმარება და სივიწროვე მგონია ამ უნარების გამომუშავების მიზეზი და რაც ყველაზე მეტად მაკლია თანამედროვე თბილისურ სივრცეებში, ვრცელი ფანჯრებია, ეს უფრო იტალიის და ესპანეთის გავლენაა,” – ელენე მარგველაშვილი
განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო სამზარეულოს – აქ სამუშაო ზედაპირების, განათებისა და მასალების არჩევანი სწორედ პრაქტიკული გამოყენებიდან და ესთეტიკის ჰარმონიზაციიდან გამომდინარეობს. განსაკუთრებულ ვიზუალურ ხასიათს ქმნის ლალისფერი ტონი, რომელიც სამზარეულოს ზონაში ფოკუსურ ელემენტად გვევლინება.
ინტერიერში ყურადღებას იქცევს თუში ოსტატის მიერ ხელნაკეთი ხის ავეჯი — მუხის სასადილო მაგიდა, თაღოვანი კარები და სხვა ხის ელემენტები, რომლებიც დიზაინერის ესკიზებით შეიქმნა. ასევე სპეციალურად ამ პროექტისთვის ელენე მარგველაშვილმა დააპროექტა დივანი და საწოლები, რომლებშიც გამოყენებულია ბუნებრივი ქსოვილები.
მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ბინაში იზოლირებული შემოსასვლელი ზონის არ არსებობა, რაც ინტერიერში ვიზუალურ ხმაურს ქმნიდა.თუმცა, ელენემ ღირებულად შეაფასა ამ დეტალის გავლენა საერთო აღქმაზე და მიიღო გადაწყვეტილება, კედლის სიგრძე დაეგრძელებინა 30 სანტიმეტრით, რამაც შექმნა სუფთა ვიზუალური ზღვარი.
ასევე საინტერესოა სააბაზანოს პრობლემის გადაწყვეტა. პროექტის ავტორის თანახმად, არასასურველი ფორმიდან გამომდინარე, სივრცე ვაგონის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად დიზაინერმა გამოიყენა დიდი ფორმატის (120/60) ფილები, ხოლო მოპირდაპირე მხარეს კედელი მცირე ზომის ფილებით მოპირკეთდა. ამ ხერხის საშუალებით სივრცე ვიზუალურად გაიზარდა. ამას გარდა, ფართის სიმცირიდან გამომდინარე, აბაზანაში არ გვხვდება სარეცხის მანქანა. დიზაინერმა ის შემოსასვლელის კარადაში მოათავსა, რაც საკმაოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
ელენე მარგველაშვილის მიერ შექმნილი ინტერიერი გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ბინაში შეიქმნას სადა, მაგრამ გამორჩეულად დახვეწილი გარემო ბუნებრივი მასალების, სტრუქტურული ელეგანტურობისა და კლასიკური ფორმების მეშვეობით.
პროექტის ავტორი: ელენე მარგველაშვილი
დიზაინ სტუდია: Nespole Interiors
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე