ინტერიერის დიზაინი მრავალ ცალკეულ, მაგრამ ამავდროულად ურთიერთდაკავშირებულ ელემენტს მოიცავს: ბუნებრივი სინათლე და ხელოვნური განათება, მრავალფეროვანი მასალების ფაქტურა და ფერები, სივრცული კომპოზიციის ფუნქციური და ესთეტიკური გადაწყვეტა, სივრცის კონტექსტი და იდენტობა… ყველა ელემენტის დაბალანსებულ ერთიანობაში მოქცევა ნამდვილი გამოწვევაა, რადგან თითოეულ მათგანს შესწევს ძალა, მოახდინოს გავლენა სხვა ელემენტებზე და გარდაქმნას სივრცე. ამიტომ, ინტერიერის დიზაინერის მთავარ ამოცანას ამ ელემენტებს შორის წონასწორობის აღმოჩენა წარმოადგენს.
მაგალითად, იმისთვის, რომ საკუთარ სივრცეში თავი ვიგრძნოთ ისე, როგორც სახლში, მნიშვნელოვანია, რომ ინტერიერის ყოველი ელემენტი ჩვენს პიროვნებასთან თანხვედრაში იყოს და ასახავდეს არა მხოლოდ ჩვენს გემოვნებას, არამედ ცხოვრების სტილს. ხოლო იმისთვის, რომ ოფისში მუშაობა პროდუქტიულიც და სასიამოვნოც იყოს, გვჭირდება მყუდრო და მშვიდი გარემო, რომელიც დაღლილობის ნაცვლად, ენერგიით აგვავსებს.
თეო გობეჯიშვილი და სოფო წივილაძე პარტნიორები არიან – თითოეულის ინდივიდუალური ხედვა ჰარმონიულად და ბუნებრივად შეერწყა ერთმანეთს, რაც of a Home Studio-ს შექმნის საფუძველი გახდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ მიერ შესრულებულ პროექტებშიც ნათლად იკითხება ბალანსი მრავალი თვალსაზრისით. სოფოს და თეოს ნამუშევრებში ყოველი ელემენტი ერთიმეორესთვის იდეალური დამატებაა – დეტალები ერთმანეთს ავსებს და პიროვნულობის განცდას ტოვებს, რაც ნებისმიერ სივრცეს სახლად აქცევს. სწორედ ასეთი მიდგომა გახდა სტუდიის დიზაინ-ფილოსოფია, რაზეც დამფუძნებლები ინტერვიუში ვრცლად გვიამბობენ.
თეო და სოფო, როგორ გაგიჩნდათ ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ და როდის დარწმუნდით, რომ ამ სფეროში მოღვაწეობა გსურდათ?
თეო: არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართ ჩემი ინტერესი ბავშობიდან მომყვება, რაც დიდწილად ჩემი ოჯახის დამსახურებაა. მამაჩემი არქიტექტორი იყო, ფაქტობრივად, მის სახელოსნოში გავიზარდე, შემოქმედი ადამიანების გარემოცვაში. ასეთმა გარემომ ჩამომიყალიბა ამ სფეროს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული. სოფოსგან განსხვავებით, ხატვის ნიჭით არასოდეს გამოვირჩეოდი, რის გამოც თავს ვიკავებდი ამ პროფესიის არჩევისგან. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უნივერსიტეტში სხვადასხვა პროფესიის დაუფლება ვცადე, თუმცა უშედეგოდ – ვერსად ვპოულობდი საკუთარ თავს. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე, ბედი არქიტექტურის ფაკულტეტზე მეცადა, რამაც გაამართლა. სწორედ ამან განაპირობა ჩემი პირველი ნაბიჯები დიზაინის სფეროში.
სოფო: ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემი მომავალი ხელოვნების სფეროსთან იქნებოდა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი მრავალფეროვან მიმართულებებს აერთიანებს, ჩემთვის მაგალითი გახდა ადამიანი, რომელმაც ინტერიერის დიზაინში წარმატებით მოახერხა საკუთარი თავის რეალიზება. მისმა პროფესიულმა გზამ დამარწმუნა, რომ ეს სფერო არა მხოლოდ მაინტერესებდა, არამედ ჩემთვის შინაგანადაც ძალიან ახლობელი იყო. სწორედ ამ რწმენამ გადამაწყვეტინა, სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ბავშვობის სიყვარული ჩემს პროფესიად მექცია.
გაგვიზიარეთ თქვენი მოღვაწეობის შესახებ სტუდიის დაფუძნებამდე – რამ ჩამოაყალიბა თქვენი, როგორც ინტერიერის დიზაინერის, ხედვა?
სოფო: ჩემი მოღვაწეობის პირველი ეტაპი სტუდენტობას უკავშირდება. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, ინტერიერის დიზაინის მიმართულება. მალევე დავიწყე მუშაობა ჩემი პროფესიით კომპანიაში, რომელიც ესთეტიკურად ძალიან ახლოს იყო ჩემთან. მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება, ხოლო პარალელურად მუდმივად ვცდილობდი, მათ შორის კერძო პროექტებზე მუშაობით, ჩემი ინდივიდუალური ხედვა ჩამომეყალიბებინა. სწორედ ამ პროცესმა მომცა საკმარისი ცოდნა და თავდაჯერება, რომ დამეფუძნებინა საკუთარი სტუდია და გამეგრძელებინა გზა დამოუკიდებლად.
თეო: პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებაში, პირველ რიგში, დიდი როლი ითამაშა ხელოვნებისადმი ბავშობიდან სიყვარულმა. დროთა განმალობაში ეს ინტერესი კიდევ უფრო გაღრმავდა, როგორც ცოდნის დაგროვებით, ისე პრაქტიკული გამოცდილებით. მუშაობამ სხვადასხვა კომპანიაში განსხვავებულ პროექტებზე, სიახლეებთან მუდმივმა შეხებამ და მრავალფეროვანმა გამოცდილებამ საბოლოოდ თავდაჯერებულობა და გამბედაობა შემმატა. სწორედ ამ პროცესმა დამარწმუნა, რომ დამოუკიდებლადაც შემეძლო ამ საქმიანობის დაწყება და საკუთარი გზის გაკვლევა ინტერიერის დიზაინის სფეროში.
როდის გადაიკვეთა თქვენი გზები? რამ განაპირობა თქვენი პარტნიორობა და როგორ მიხვედით of a Home Studio-ს შექმნის გადაწყვეტილებამდე?
ჩვენ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გავიცანით, ჯგუფელები ვიყავით და მალევე დავახლოვდით. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ჩვენი ხედვა ემთხვეოდა როგორც ესთეტიკურ, ასევე პრაქტიკულ საკითხებში. ეს ჰარმონია და საერთო ღირებულებები გახდა ჩვენი პარტნიორობის საფუძველი. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ერთად მუშაობა ბუნებრივად და ეფექტურად გამოგვდიოდა, ამიტომ მიზნად დავისახეთ საერთო სტუდიის შექმნა – ასე ჩამოყალიბდა of a Home Studio.
რა ძირითადი იდეა უდევს საფუძვლად თქვენს სტუდიას – რა პრინციპები და ღირებულებები განსაზღვრავს თქვენს მიდგომას პროექტებისადმი?
„The Elements of a Home“ ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენი ხედვის ფილოსოფიას – დიზაინში თითოეულ ელემენტს აქვს მნიშვნელობა. სივრცე, რომელიც მრავალი პატარა თუ დიდი ელემენტისგან შედგება, ასახავს ადამიანის იდენტობას, მის ღირებულებებსა და ცხოვრების სტილს. სწორედ ამ იდეიდან დაიბადა ჩვენი სტუდიის სახელიც და ძირითადი პრინციპებიც.
აქედან გამომდინარე, თითოეულ პროექტს ვუდგებით როგორც უნიკალურს. ჩვენთვის გადამწყვეტია დიალოგი დამკვეთთან და მისთვის პერსონალიზირებული, ჰარმონიული გარემოს შექმნა გააზრებული ელემენტების საშუალებით.
of a Home Studio-ს მიერ შექმნილი სივრცეები ყოველთვის მდიდარია დეტალებით, მაგრამ ამავდროულად, ლაკონური და მშვიდია. როგორ ახერხებთ ამ თბილი ესთეტიკისა და ჰარმონიის მიღწევას თქვენს ნამუშევრებში?
ჰარმონია ჩვენთვის იბადება პროპორციების, განათების, მასალისა და დიზაინის ელემენტების სწორ ბალანსში. თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება ტექნიკურ გათვლასა და კონცეფციასთან შესაბამისობას. საბოლოოდ, სწორედ სიმარტივე ქმნის მშვიდ და თბილ ესთეტიკას, რომელიც ჩვენი სტუდიის ხელწერად იქცა.
რა ფაქტორები თამაშობს გადამწყვეტ როლს პროექტის კონცეფციის შემუშავების ეტაპზე?
პროექტის კონცეფციის შემუშავების ეტაპზე გადამწყვეტ როლს თამაშობს სივრცის ფუნქციურობა, დამკვეთის საჭიროებები და ცხოვრების სტილი. პროცესს ვიწყებთ დეტალური ანალიზით – როგორ გამოიყენება სივრცე ყოველდღიურობაში, როგორ მოძრაობენ ადამიანები სივრცეში, რა ტექნიკა ან ავეჯი იქნება აუცილებელი და რა სამომავლო საჭიროებები შეიძლება გაჩნდეს. თითოეული ელემენტი გააზრებულად არის შერჩეული და სივრცეში თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა აქვს. ეს საშუალებას გვაძლევს, პროექტი დაგეგმილ და ფუნქციურად გამართულ გარემოდ გადავაქციოთ.
დამატებით, მნიშვნელოვანია ვიზუალური ესთეტიკა: თითოეული გადაწყვეტილება უნდა იყოს ჰარმონიული ფერთა პალიტრის, მასალებისა და დეტალების გათვალისწინებით. ტექნიკური მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია – პროპორციები, შუქის განლაგება, მასალები და კონცეფციასთან შესაბამისობა ქმნის საფუძველს, რომ საბოლოო ინტერიერი იყოს როგორც ესთეტიკური, ასევე პრაქტიკულად გამართული. თითოეული ნაბიჯი – კონცეფციიდან საბოლოო ნამუშევრამდე – განისაზღვრება სიზუსტით, რაც ჩვენი სტილის და Of a Home Studio-ს ხედვის ხელწერად იქცა.
როგორ ინარჩუნებთ ბალანსს დამკვეთის მოთხოვნასა და სტუდიის ხელწერას შორის? რა არის ის ძირითადი დიზაინ-პრინციპები, რასაც არასდროს შეცვლით დამკვეთთან ურთიერთობის პროცესში?
ბალანსს დამკვეთის მოთხოვნასა და ჩვენი სტუდიის ხელწერას შორის ვინარჩუნებთ ღია დიალოგით და დეტალური კონსულტაციებით. თითოეული პროექტი იწყება დამკვეთის საჭიროებებისა და ცხოვრების სტილის გაცნობით. ამ ინფორმაციის საფუძველზე ვქმნით კონცეფციას, რომელიც ასახავს როგორც მათ სურვილებს, ასევე Of a Home Studio-ს ხედვასა და ფასეულობებს.
ჩვენთვის არასდროს იცვლება რამდენიმე ძირითადი პრინციპი: სივრცის ფუნქციურობა, ჰარმონია დეტალებსა და მასალებს შორის, პროპორციული განლაგება და დროის მიმართ მდგრადი გადაწყვეტილებები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სივრცე იყოს პერსონალიზირებული, თბილი და იდენტობის გამომხატველი.
სად ეძებთ შთაგონებას თქვენი პროექტებისთვის ყველაზე ხშირად? და რა ტიპის სამუშაოს მოიცავს თქვენი შემოქმედებითი პროცესი მთლიანობაში?
შთაგონებას ვპოულობთ არქიტექტურასა და ყოველდღიურ გარემოში არსებულ სივრცეებში, ასევე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებში და დეტალებში, რომლებიც ადამიანებს მუდმივად გვაკავშირებს.
ჩვენი პროექტები მოიცავს გეგმარებას, მასალების შერჩევას, დეტალების დიზაინსა და ტექნიკურ განხორციელებას, რაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ სივრცეები, რომლებიც ამცირებს სტრესს, უზრუნველყოფს კომფორტს და ასახავს დამკვეთის პირად სტილს.
თქვენი გამოცდილებით, რა არის ინტერიერის დიზაინერის მთავარი გამოწვევა ზოგადად და კონკრეტულად საქართველოში? როგორ უმკლავდებით თქვენ ამ გამოწვევას?
ინტერიერის დიზაინერისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უნიკალური, ინდივიდუალური სივრცეების შექმნა. განსაკუთრებით რთულია ეს საქართველოში, სადაც მასალებისა და რესურსების არჩევანი შეზღუდულია, რაც ქმნის დამატებით დაბრკოლებებს შემოქმედებითი გადაწყვეტილებების განხორციელებისთვის.
საზღვრის მიღმა ხშირად გვიწევს გასვლა და ვხედავთ, თუ როგორი მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ დიზაინერებს ამ სფეროში. გამოცდილებას ვაერთიანებთ ადგილობრივ რესურსებთან და უცხოურ ბრენდებთან აქტიური თანამშრომლობის გზით, რაც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ ფუნქციური, ესთეტიკური და ინდივიდუალურად მორგებული ინტერიერები, რომლებიც პასუხობს პროექტის მაღალ მოთხოვნებს.
დაბოლოს, გვიამბეთ of a Home Studio-ს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე – რას ისახავთ მიზნად სტუდიის ზრდისა და განვითარების კუთხით?
ამჟამად Of a Home Studio მუშაობს რამდენიმე საცხოვრებელ და კომერციულ პროექტზე, ხოლო დასრულებული პროექტების სია მუდმივად იზრდება. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია და გამოხატავს ჩვენს უნიკალურ ხელწერას.
სამომავლოდ ჩვენი მიზანია სტუდიის გაფართოება და განვითარება, როგორც დიზაინის ხარისხის შენარჩუნებით, ასევე ახალი მიმართულებების კვლევით. გვინდა შევქმნათ სივრცეები, რომლებიც დროს გაუძლებს, რის შედეგადაც ჩვენი ინდივიდუალური ხედვა და ხელწერა საქართველოსა და საერთაშორისო სივრცეში კიდევ უფრო ცნობილი გახდება.






















