თანამედროვე არქიტექტურის სამყაროში დევიდ ჩიპერფილდი იმ პროფესიონალთა შორისაა, რომელთა ნამუშევრები არ ცდილობს ყურადღების მიპყრობას ხმაურიანი ფორმებითა და ვიზუალური ეფექტებით, მაგრამ სწორედ ამ “სიჩუმით” ახერხებს ძლიერი არქიტექტურული პოზიციის ფორმირებას. “პრიცკერის” პრემიის მქონე ბრიტანელი არქიტექტორი პროფესიული კარიერის განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც ავტორი, რომელიც არქიტექტურას აღიქვამს არა ინდივიდუალური ჟესტის, არამედ კულტურული და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ნაწილად.
ჩიპერფილდის არქიტექტურული ფილოსოფია ეფუძნება იმ იდეას, რომ შენობა უნდა იყოს არა ავტორის ეგოს გამოხატვა, არამედ ადგილისა და საზოგადოების გაგრძელება. მისი მიდგომა ხშირად აღიქმება როგორც პასუხი ე.წ. „სტარქიტექტურის“ ეპოქას— იმ არქიტექტორებს, რომლებიც ფორმალურ ექსპერიმენტს პრიორიტეტად აყენებენ. როგორც თავად ჩიპერფილდი აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია ისეთი შენობების შექმნა, რომლებიც ადამიანებს უყვარდებათ და რომლებიც დროის განმავლობაში ინარჩუნებს ღირსებას, ვიდრე ის, რომ არქიტექტურულ საზოგადოებას საკუთარი გენიოსობა დაუმტკიცოს.
ჩიპერფილდის შემოქმედების შეფასება ყველაზე სწორად მისი დასრულებული შენობების შესწავლით ხდება. თითოეული მათგანი განსხვავებულ კულტურულ, ისტორიულ და ურბანულ გარემოშია შექმნილი, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე არქიტექტურულ პოზიციას ავლენს: არქიტექტურა უნდა ემსახურებოდეს ადგილს, საზოგადოებას და დროს. სწორედ ამ ლოგიკით შევარჩიეთ მისი ათი პროექტი, რომლებიც ყველაზე მკაფიოდ აჩვენებს მის პროფესიულ ხედვას.
Neues Museum, ბერლინი (2009)

Neues Museum-ის რეკონსტრუქცია ჩიპერფილდის კარიერის საკვანძო პროექტად ითვლება და ხშირად სახელდება როგორც თანამედროვე რესტავრაციის ეტალონი. მისი სტრატეგია არ ყოფილა ისტორიული შენობის „ახალივით“ აღდგენა — პირიქით, არქიტექტორმა მიზანმიმართულად დატოვა ომის კვალი, ხოლო ახალი ელემენტები მკაფიო თანამედროვე ენით დაამატა. სწორედ ეს ფრთხილი დიალოგი ძველსა და ახალს შორის ქმნის სივრცეს, სადაც არქიტექტურა მეხსიერების მატარებლად იქცევა.
James-Simon-Galerie, ბერლინი (2018)

მუზეუმის კუნძულზე აშენებული ეს შენობა წარმოადგენს ერთგვარ „კარიბჭეს“ კულტურული კომპლექსისთვის. კლასიკური კოლონადების თანამედროვე ინტერპრეტაცია და მკაცრი გეომეტრია აჩვენებს ჩიპერფილდის უნარს, ისტორიული გარემოსთვის შექმნას ახალი არქიტექტურა, რომელიც არც იმიტაციაა და არც აგრესიული კონტრასტი — არამედ არსებულის მშვიდი, ცივილური გაგრძელება.
Hepworth Wakefield, ბრიტანეთი (2011)

ბეტონის მონოლითური მოცულობებით შექმნილი ეს გალერეა ხშირად განიხილება როგორც „სკულპტურული არქიტექტურა სკულპტურისთვის“. შენობის მასშტაბი და რიტმი პასუხობს მდინარის ლანდშაფტს, ხოლო ინტერიერში ბუნებრივი განათების კონტროლი ქმნის იდეალურ საგამოფენო გარემოს. პროექტი კარგად აჩვენებს ჩიპერფილდის ინტერესს მასალისა და სივრცის მიმართ.
Museo Jumex, მეხიკო (2013)

Museo Jumex-ში ჩიპერფილდმა შექმნა მუზეუმი, რომელიც ერთდროულად არის ურბანული ობიექტი და დახვეწილი საგამოფენო სივრცე. მისი დამახასიათებელი “კბილანას” ფორმის სახურავი უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას, ხოლო ტრავერტინის ფასადი შენობას მშვიდ და კლასიკურ ხასიათს ანიჭებს. პროექტი წარმოადგენს მისი „კულტურული ინსტიტუციის არქიტექტურის“ ერთ-ერთ ყველაზე სუფთა მაგალითს.
Turner Contemporary, ბრიტანეთი (2011)

ზღვისპირა ქალაქში მდებარე Turner Contemporary გამორჩეულია არა ფორმალური ექსპრესიულობით, არამედ სინათლისა და ჰორიზონტის კონტროლით. შენობის ფრაგმენტირებული მოცულობები პასუხობს სანაპიროს ურბანულ მასშტაბს, ხოლო ჩრდილოეთის განათებაზე ორიენტირებული გალერეები იდეალურ პირობებს ქმნის ხელოვნებისთვის.
The Bryant Tower, აშშ (2018)

ნიუ-იორკში, ბრაიანტ პარკის პირდაპირ მდებარე The Bryant Tower დევიდ ჩიპერფილდის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ურბანული პროექტია აშშ-ში. შენობა გამოირჩევა მკაცრი, რიტმული ფასადით, რომელიც შესრულებულია წინასწარ ჩამოსხმული ქვის პანელებითა და ღრმად ჩასმული ფანჯრებით. მოცულობა მკაფიო და შეკავებულია, რაც მას ქალაქის მკაცრ გეომეტრიაში ბუნებრივად ინტეგრირებულ ობიექტად აქცევს. The Bryant ნათლად აჩვენებს ჩიპერფილდის მთავარ პრინციპს — შექმნას თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც კონტექსტს პატივს სცემს და ძალას ფორმალური ექსტრავაგანტულობის გარეშე ავლენს.
Saint Louis Art Museum Expansion, აშშ (2013)

ამ გაფართოებაში არქიტექტორმა მიზანმიმართულად შეამცირა ახალი მოცულობის ვიზუალური გავლენა ისტორიულ შენობაზე. ახალი სივრცეების დიდი ნაწილი მიწის ქვეშაა მოთავსებული, ხოლო ზედაპირზე მხოლოდ მშვიდი ქვის პავილიონები ჩანს. ეს მიდგომა აჩვენებს მის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს — არქიტექტურა უნდა ემსახურებოდეს კონტექსტს და არ უნდა უწევდეს მას კონკურენციას.
City of Justice, ბარსელონა (completed 2009)

ეს მასშტაბური ადმინისტრაციული კომპლექსი აჩვენებს ჩიპერფილდის უნარს, შეასრულოს ურბანული მასშტაბი პროექტები. სხვადასხვა ფერის კერამიკული ფასადები ქმნის თითოეული შენობის იდენტობას, თუმცა მთლიანობაში კომპლექსი მკაცრად ორგანიზებული ურბანული ქსოვილია — რაც ფუნქციურობასა და ნავიგაციას ამარტივებს.
Amorepacific Headquarters, სეული (2017)

სეულში მდებარე ეს კორპორაციული შენობა წარმოადგენს გიგანტურ, იდეალურად პროპორციულ კუბს, რომელშიც სამი უზარმაზარი ღია ეზოა ამოჭრილი. ეს “სიცარიელეები” იძლევა სინათლის წყაროს, ვენტილაციას და სოციალურ სივრცეებს. პროექტი აჩვენებს ჩიპერფილდის ინტერესს „არქიტექტურული წესრიგის“ მიმართ — სადაც გეომეტრია და სივრცე განსაზღვრავს გამოცდილებას.
Procuratie Vecchie Restoration, ვენეცია (2022)

ვენეციის წმინდა მარკოს მოედანზე მდებარე ისტორიული კომპლექსის რეკონსტრუქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩიპერფილდის განსაკუთრებულ უნარს ისტორიულ არქიტექტურასთან მუშაობაში. მისი მიდგომა ეფუძნება ფრთხილ ინტერვენციას, ავთენტური სტრუქტურის პატივისცემას და თანამედროვე ფუნქციის ინტეგრაციას ისე, რომ შენობის ისტორიული იდენტობა სრულად შენარჩუნდეს.
აღსანიშნავია, რომ სილქ დეველოპმენტი ბათუმსა და ქობულეთს შორის მდებარე 15.4 ჰექტარი ფართობის ბობოყვათი-ბობო ბიჩის ტერიტორიას სიცოცხლით სავსე, მრავალფუნქციურ ზღვისპირა სივრცედ გარდაქმნის. პროექტის გენერალურ გეგმაზე საქართველოში პირველად, სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივით, სწორედ დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტურული სტუდია David Chipperfield Architects-ი იმუშავებს, რასაც პროექტი საერთაშორისო მასშტაბისა და ხარისხის სრულიად ახალ ნიშნულზე აჰყავს.







