in

პირველად საქართველოში თბილისში ლანდშაფტის ფესტივალი გაიმართება

12-14 ივნისს თბილისში პირველად ჩატარდება თბილისის ლანდშაფტის ფესტივალი (TLF 2026) — ღონისძიება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ლანდშაფტის არქიტექტურას, ურბანულ გარემოს, ეკოლოგიას, ბაღების კულტურას, განათლებასა და თანამედროვე დიზაინს. ფესტივალის ორგანიზატორია ლანდშაფტის ასოციაცია და მისი მთავარი მიზანია საქართველოში ლანდშაფტის არქიტექტურისა და მწვანე სივრცეების კულტურის პოპულარიზაცია, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა.

ფესტივალი პეტრიაშვილის ქუჩაზე გაიმართება და სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო, პროფესიულ და კულტურულ აქტივობას უმასპინძლებს. პროგრამა მოიცავს გამოფენებს, საჯარო ლექციებს, პრეზენტაციებს, პროფესიულ შეხვედრებსა და დისკუსიებს, რომლებიც ლანდშაფტის არქიტექტურის თანამედროვე გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს შეეხება.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ღირებულება საერთაშორისო გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაა. ფესტივალს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები შეუერთდებიან, რომელთა შორის არიან ლანდშაფტის არქიტექტორები, მკვლევრები, ბაღების დიზაინერები და მედიის წარმომადგენლები.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე პრაქტიკული აქტივობები. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ლანდშაფტის დიზაინის თანამედროვე მიდგომებს, ურბანული მწვანე სივრცეების დაგეგმვის პრინციპებს, ეკოლოგიური გარემოს შექმნის პრაქტიკას და იმ ტენდენციებს, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვან ქალაქებში გამოიყენება. ამავდროულად, ღონისძიება ქმნის პლატფორმას პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ქალაქის გარემო, ბუნება და დიზაინი აინტერესებს.

ღონისძიების პერიოდში ორგანიზებულ ვორქშოფებს გაუძღვებიან ლანდშაფტის არქიტექტორი – გვანცა ხელაძე, აგრო ინჟინერი- თამაზ დუნდუა და ბიოლოგი – ვასილ გაბუნია.

დღეს, როდესაც ქალაქებში მწვანე სივრცეების მნიშვნელობა სულ უფრო აქტუალური ხდება, მსგავსი ფესტივალები განსაკუთრებულ როლს იძენს. ისინი არა მხოლოდ პროფესიული საზოგადოების შეკრების ადგილი ხდება, არამედ საზოგადოებაში ქმნის ცნობიერებას იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლანდშაფტის არქიტექტურა თანამედროვე ცხოვრების ხარისხისთვის. სწორედ ამიტომ თბილისის ლანდშაფტის ფესტივალი შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდეს საქართველოში ამ სფეროს განვითარების, საერთაშორისო კავშირების გაძლიერებისა და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით.

გარე სივრცის დათვალიერება თავისუფალია, ხოლო ვორქშოფებზე დასწრება ფასიანია და საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.

დეტალური ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომია ლანდშაფტის ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე

ალიანს ჯგუფსა და GROHE-ს შორის, სტრატეგიული მემორანდუმი გაფორმდა