in

დიდი პრობლემების გადაწყვეტა და თანამონაწილეობითი დიზაინი – ინტერვიუ ალეხანდრო არავენასთან

ფოტო : Manuel Albornoz

13 და 14 ივნისს ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალმა, თბილისის არქიტექტურის ბიენალესთან თანამშრომლობით, უმასპინძლა პრიცკერის პრემიის ლაურეატ ჩილელ არქიტექტორს, ალეხანდრო არავენას.

ალეხანდრო არავენასა და მისი არქიტექტურული ოფისის, Elemental-ის (რომელსაც თავად do-tank-ს, ანუ „ტაქტიკურ ცენტრს“ უწოდებს) საერთაშორისო ცნობადობა უკავშირდება მათ მიერ განხორციელებულ სოციალური საცხოვრისის პროექტებს ბარაკის ტიპის დასახლებებსა თუ მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებული არეალებისთვის.

ვილა ვერდეს დასახლება კონსტიტუსიონში. ფოტო: Elemental

სტანდარტული მიდგომისგან განსხვავებით, რომელიც სოციალურ საცხოვრებელს სახელდახელო, მცირე ზომის დროებით თავშესაფრად განიხილავს, Elemental-მა შეცვალა მოცემულობა და კითხვა ასეთი ფორმულირებით დასვა: შეიძლება თუ არა, საცხოვრებელი, რომლის აშენებასაც სახელმწიფო სუბსიდიით ახლა გავწვდებით, გადავცეთ ოჯახებს არა „სახლზე ნაკლების“, არამედ – „უკეთესი სახლის ნახევრის“ სახით?

საცხოვრებელი სახლის მოდელი ვილა ვერდეს დასახლებისთვის კონსტიტუსიონში. ფოტო – Christian Martinez.

2004 წელს, Elemental-მა ჩილეს ქალაქ იკიკეში, კინტა მონროის დასახლებისთვის შეიმუშავა საცხოვრებელი ერთეულის მოდელი, რომლის საერთო ფართობის ნახევარი დასრულებული გადაეცემა ოჯახებს, ხოლო მეორე ნახევარს ისინი ეტაპობრივად, საჭიროებისა და სურვილისამებრ ავსებენ მათთვის ხელმისაწვდომი მასალით. საცხოვრებლისა და მშენებლობის ამ მოდელმა შესაძლებელი გახადა სახელმწიფო სუბსიდიითა და მაცხოვრებლების მცირე თანამონაწილეობით მიწის ნაკვეთების შესყიდვაც და ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილებაც მოკლე ვადაში. დროთა განმავლობაში სახლების ღირებულებამ იმატა – არქიტექტურულმა გადაწყვეტამ შექმნა ეკონომიკური სარგებელი რეგიონებისა და ოჯახებისთვის. 2016 წლის პრიცკერის პრემიის ჟიურის განცხადებაში ხაზგასმით არის გამოყოფილი საბინაო პროექტების ფარგლებში Elemental-ის დადებითი როლი საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ZEG ფესტივალზე გამართულ საუბრებში არავენამ სწორედ არქიტექტორის როლის ახლებურ ხედვაზე, თანამონაწილეობით დიზაინსა და კითხვების სწორად დასმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფესტივალის პირველ დღეს, მისი და მწერალ სიუზენ მორისონის დიალოგი სახელწოდებით „დიდი პრობლემების გადაწყვეტა: არქიტექტორის გაკვეთილები“ შეეხო Elemental-ის სოციალურ საცხოვრებლებსა და მათ მიმდინარე ფართომასშტაბიან რეაბილიტაციის პროექტს ჩილეში, ასევე – იმ გამოწვევებს, რომლებსაც პოლიტიკური კონტექსტი და კრიმინალური სიტუაცია წარმოქმნის ქალაქების დაგეგმვისა და ტრანსფორმაციის პროცესში.

ფესტივალის მეორე დღეს არავენა ესაუბრა მწერალ და რედაქტორ ლუსინდა ბრედენს ჩილეს სამხრეთით მოსახლე მაპუჩეს ხალხთან მუშაობის გამოცდილებაზე – მეხსიერებაზე, მემკვიდრეობასა და მედიაციაზე ისტორიულად დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ალეხანდრო არავენასთან, რომელიც ამ საუბრის შემდეგ ჩაიწერა.

– პირველ რიგში, თბილისის შთაბეჭდილებაზე მინდა გკითხოთ. როგორც გუშინდელი საუბრისას აღნიშნეთ, ქართველ არქიტექტორებთან ერთად პატარა ტური გქონდათ თბილისში და თბილისური მიშენებების ნახვაც მოახერხეთ. საინტერესოა, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ხედავთ ამ ფენომენს? ერთი შეხედვით, ეს შემთხვევა და თქვენი პრაქტიკა, მშენებლობაში მაცხოვრებლების მონაწილეობის თვალსაზრისით, ურთიერთსაპირისპირო პროცესებს ასახავს.

ზოგადად, მაცხოვრებლების მშენებლობის პროცესში ჩართვას პრაგმატული საფუძველი აქვს. ფაქტია, რომ ინდივიდუალური ჩარევები აუცილებლად მოხდება, ჩვენი სურვილისგან დამოუკიდებლად. გამოდის, რომ ჩვენ დასრულებულ პროდუქტს კი არ ვქმნით, პრობლემის გადაწყვეტას ვსახავთ. იმ პირობებში კი, როცა ეს გადაწყვეტა მრავალრიცხოვანი მოსახლეობისთვის, სწრაფად და შეზღუდული რესურსებით უნდა განხორციელდეს, ინდივიდუალური სამშენებლო რესურსის, როგორც ფაქტორის, გვერდის ავლით შედეგს უბრალოდ ვერ მივაღწევთ.

ეს არაა სურვილი, ან იდეოლოგიური მოსაზრება – უბრალოდ, ფაქტია. ჩვენს სამუშაო არეალებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ საცხოვრებლად ათვისებული ფართის დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, თავად მაცხოვრებლების მიერ იქმნება. ამავდროულად, საყურადღებოა, რომ ასეთ ინდივიდუალური ქმედებებს, თუნდაც ისინი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ იყოს მიმართული, საერთო სარგებელი ყოველთვის ვერ მოაქვს. მივხვდით, რომ როგორც სტიქიით დაზარალებულ ზონებში, აქაც – ბუნებრივი პროცესებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად, ჩვენი ამოცანების სასარგებლოდ უნდა გვეცადა მათი მიმართვა.

მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში სოციალური საცხოვრებლების პროექტებს თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ისინი დროთა განმავლობაში მაცხოვრებლების ძალისხმევით ძირფესვიანად არის გარდაქმნილი. ვიფიქრეთ, რომ გონივრული იქნებოდა, თუ ამ რესურსს დასაწყისიდანვე ჩავრთავდით გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ამოცანების თავიდანვე სწორად გადანაწილებით, შეიძლება რეალური შანსი გაგვიჩნდეს, რომ, მაგალითად, მილიონიანი ქალაქი ავაშენოთ ერთ კვირაში ერთ ოჯახზე გამოყოფილ ათ ათას დოლარად. დღეს ჩვენ ამ მასშტაბის გამოწვევები გვაქვს და ამას ცალკეულად ვერც სახელმწიფო რესურსი გაუმკლავდება და ვერც – სამშენებლო ბაზარი.

– ანუ ინფორმაცია ნაშენი გარემოს სახით, წარმოდგენას გიქმნით ინდივიდუალურ სამშენებლო რესურსსა და შესაძლებლობებზე.

და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არსებულ გამოცდილებაზე დაკვირვებით ვხვდებით, რისი გაკეთება არ შეუძლიათ ცალკეულ მაცხოვრებლებს თუ ოჯახებს დამოუკიდებლად. ეს შეგვიძლია შევადაროთ, მაგალითად, ფეხბურთის თამაშს – თუ მოედანს კარგად დააკვირდები და თამაშის წესები იცი, გრძნობ, რომელ პოზიციაზე ხარ საჭირო. ხანდახან შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თამაშის წესებიც განსხვავდება იმისგან, რაც შენ გასწავლეს. მაგალითად, ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს არ ყოფილა ჩემი სპეციალობა, უნივერსიტეტში არ მისწავლია.

უფრო სწორად, უნივერსიტეტში რაც ვისწავლე, მხოლოდ ნაწილია იმ ცოდნისა და უნარების, რაც სხვადასხვა სპეციფიურ გამოწვევასთან და სფეროსთან შეხებამ წამოაყენა ჩვენ წინაშე. დროთა განმავლობაში უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის, როგორ გავუმკლავდებოდით ამ ახალ მოთხოვნებს ჩვენი განათლებისა და გამოცდილების მიმართ.

კვლევისას აღმოვაჩინეთ, რომ იქ, სადაც სოციალურ საცხოვრებელში ინდივიდუალური სამშენებლო ჩარევების ადგილი წინასწარ იყო განსაზღვრული – და ეს, ვფიქრობ, საქართველოსაც ეხება – ბევრის სწავლა შეიძლება არსებული გამოცდილებიდან. მაგალითად, აქ ჩვენ ვნახეთ მიშენებები და დანართები საცხოვრებელ კორპუსებზე, ასევე ვნახეთ გამზადებული ლითონის კონსტრუქციული ბადეები, რომლებიც ახალი მიშენებებისთვის „ემზადება“. ამათგან ნაწილი – წარმატებით არის განხორციელებული, ნაწილი კი სახიფათოა და დამატებით პრობლემებს ქმნის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბინაო პროექტებზე მუშაობისას ჩვენი ამოცანა იყო, დასრულებული სახით მიგვეწოდებინა შენობის ის ნაწილი, რომელსაც გამართულად და უსაფრთხოდ ადამიანი თავად ვერ ააშენებს  – ასევე შენობის ის ელემენტები, რომლებიც მომიჯნავე საცხოვრებელი ერთეულებისთვის საზიაროა და შესაძლოა გამხდარიყო კონფლიქტის მიზეზი.

კინტა მონროის უბნის საცხოვრებელი სახლის ინტერიერი. ფოტო: Cristobal Palma

ხოლო დანარჩენი, მეორე ნახევარი – შენობის ის ნაწილები, რომლებიც ოჯახებს შეუძლიათ თავიანთი ძალებით, სხვებთან შეუთანხმებლად მოაწყონ, ღიად დავტოვეთ. ჩვენი შეკითხვა, ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო, სწორად განგვესაზღვრა „ნახევარი“, ანუ შენობის ის მინიმუმი, რომელიც სახელმწიფო სუბსიდიით უნდა მოგვეცვა.

– დღევანდელი საუბრისას ახსენეთ ასეთი ფრაზა – more or less [„მეტნაკლებად“]. ერთი მხრივ, თქვენი პრაქტიკა, საცხოვრებლების პროექტები ასოცირდება სიზუსტესთან – არსებული შეზღუდვების, ადგილობრივად ხელმისაწვდომი სამშენებლო მასალის, კონტექსტის სრულყოფილ გააზრებასთან, რომელიც თითქოს გამოთვლითი სიზუსტით იძლევა პასუხს. ამ ორ ცნებას შორის მიმართებაზე მინდა გკითხოთ – ისინი პროექტის მასშტაბის მიხედვით იცვლება?

ვფიქრობ, ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს. უფრო მეტად, ალბათ – სხვადასხვა დროს იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, რაზეც თქვენ საუბრობთ – როცა საცხოვრებელი ერთეულის ზომას ვსაზღვრავთ იმის მიხედვით, ცარიელი სივრცეების შესავსებად რა სტანდარტული ზომის სამშენებლო მასალაა ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი – აქ სიზუსტე გვჭირდება, რომ სამომავლოდ მაცხოვრებლებს სივრცის მოწყობა გავუადვილოთ.

თუმცა, მაგალითად – რას მოუხერხებენ ისინი ამ სიცარიელეს – ოთახად აქცევენ, სამუშაოდ გამოიყენებენ თუ ეზოდ დატოვებენ – მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს. ეს მეტ-ნაკლებობა გამოყენებისას მოდის. უფრო მეტად კონცეფციაა, ვიდრე – მიდგომა.

 – თქვენს პრაქტიკაში ნარატიულ განზომილებას ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. თუმცა მას შემდეგ, რაც, მაგალითად, სოციალური საცხოვრებლის არაერთი პროექტი განახორციელეთ წარმატებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამბის თხრობის მნიშვნელობა შემცირდა? იმას ვგულისხმობ, რომ თქვენი პრაქტიკის მიმართ ნდობა დღეს ისედაც არსებობს და ადგილობრივი მთავრობების თუ მოსახლეობის მხრიდან თქვენთან მუშაობა ნაკლებად სარისკოა, ვიდრე დასაწყისში შეიძლება ყოფილიყო.

ვერ ვიტყოდი, რომ ასეა. დიახ, 2003 წელს ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი მიდგომა და ამ მიდგომამ გაამართლა. მაგრამ ჩვენც სულ რისკზე მივდივართ – გვინდა, რომ ყოველი ახალი პროექტით ჩვენი შესაძლებლობების საზღვრები მოვსინჯოთ და ეს მუდმივად რისკის პოზიციაში გვამყოფებს – არ გვაქვს გარანტია, რომ შედეგს მივიღებთ.

შეიცვალა ალბათ ის, რომ დღეს არსებობს ეჭვი ჩვენს სასარგებლოდ.

მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს უკვე ვიცით, რომ ბევრ კომპლექსურ ამოცანას შევეჭიდეთ; პირველ რიგში, ვაჩვენეთ, რომ მათი გადაწყვეტა შესაძლებელია, შემდეგ კი მოვახერხეთ ამ გადაწყვეტის განხორციელება კანონმდებლობისა და ბიუჯეტის ფარგლებში, ისე რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო და მოიწონა ის. ეს გავაკეთეთ, მაგალითად, სოციალური საცხოვრებლის შემთხვევაში, ცუნამის შემდეგ სანაპიროს აღდგენის შემთხვევაში, მაპუჩეს ხალხთან ერთად. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც თითქმის არასდროს არ ვიწყებთ ნაცნობი მოცემულობით, სადაც შეგვიძლია უკვე კარგად დაცდილი მიდგომა გამოვიყენოთ.

შენობების შემთხვევაშიც კი ასეა. როცა, მაგალითად, ყატარში მუზეუმის კონკურსში ვმონაწილეობდით, გვკითხეს, გვქონია თუ არა მუზეუმზე მუშაობის გამოცდილება. არა. აქაც გავრისკეთ. გვქონდა თუ არა ნამუშევარი ცათამბრჯენზე, როცა შვეიცარიაში ბანკის შენობისთვის კონკურსში ვმონაწილეობდით? – არა. ვცდილობთ, ისეთი სფეროები მოვსინჯოთ, სადაც წარმატება გარანტირებული არ არის, რადგან ამის გამოცდილება არ გვაქვს.

კონსტიტუსიონის სანაპიროს რეაბილიტაციის პროექტი. Elemental. წყარო: landezine.com

ერთადერთი, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ დასაწყისში, არის ის, რომ გულმოდგინედ ვისწავლით ყველა შეზღუდვას, გარემო ფაქტორს, ყველა წინაპირობას, მოთხოვნასა თუ მოლოდინს, რაც პროექტის გარშემო არსებობს და ბევრს ვიმუშავებთ, რათა, სულ მცირე, გამართული საპროექტო წინადადება წარმოვადგინოთ. არასდროს არც ერთ მხარეს არ ვპირდებით ისეთ რამეს, რაც შეიძლება ვერ შევასრულოთ.

ალეხანდრო არავენა და მაპუჩეს ასოციაციის პრეზიდენტი ხუან მილა ლონგკო-ჩეს სათემო ცენტრის პროექტის წარდგენისას. წყარო: theclinic.cl

– და ბოლოს, მინდა კიდევ ერთ მომენტს დავუბრუნდეთ დღევანდელი საუბრიდან: თქვენ აღნიშნეთ, რომ როცა პროექტში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან ურთიერთობა ჩიხში შედის, მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ, რომ პროცესში დარჩენის ვალდებულება არ გაქვთ. ეს თავისუფლება გამოცდილებამ მოიტანა?

ამ გადმოსახედიდან, მეჩვენება, რომ ასეც დავიწყეთ. ჩემთვის ყოველთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ყველა მხარეს ცოდნოდა, რომ საქმეში, რომელსაც ერთად ვაკეთებთ, ჩემი სურვილით ვარ. ასე რომ არ იყოს, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ფინანსური მოგება ან რაიმე სხვა სახის მოტივაცია გვამოძრავებს. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში სარგებლის მოტანა შეგვიძლია ადამიანებისთვის, მაგრამ თუ თავად ისინი ასე არ თვლიან – ჩვენი მონაწილეობა ზედმეტია. გადარწმუნება ან დავალდებულება უსარგებლო მგონია.

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ესაა საქმესთან ჯანსაღი დამოკიდებულება და ამას დღეს უფრო შეგნებულად ვუფრთხილდებით. ჩვენი გუნდი შეძლებისდაგვარად პატარაა. არ გვინდა ისე გავფართოვდეთ, რომ ოფისის შენახვამ ზომაზე მეტი ვალდებულების აღება გვაიძულოს. ჯერჯერობით ჩვენი შემადგენლობა გვაძლევს საშუალებას, ერთი მხრივ, კომპლექსურ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, მეორე მხრივ კი – თავისუფლება შევინარჩუნოთ.

თბილისი იზრდება! პირველი თვითმყოფადი უბანი – „თბილისის აკრები“ კამპანიას იწყებს