იმისათვის, რომ არქიტექტურულმა პროექტმა ყურადღება მიიპყროს, აუცილებელია მისი იდეა მკაფიოდ და ეფექტურად იყოს წარმოდგენილი. დღეს, უსასრულო ტექნოლოგიური შესაძლებლობების პირობებში, ყველას შეუძლია საკუთარი იდეა ფურცელზე დახაზული კონცეფციიდან სამგანზომილებიან ციფრულ გამოსახულებად აქციოს. თუმცა, ყველა ასეთ გამოსახულებას არ აქვს უნარი, მოახდინოს დაუვიწყარი შთაბეჭდილება და გვამოგზაუროს სივრცეში. არქიტექტურული 3D ვიზუალიზაცია არა მხოლოდ ესთეტიკური დამატებაა პროექტისთვის, არამედ პირველ რიგში, ძირითადი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი არქიტექტორს, დამკვეთსა და საბოლოო მომხმარებელს შორის.
ტექნიკური ნახაზები, გეგმები და სქემები ხშირად რთულად აღსაქმელია არაპროფესიონალისთვის, ხოლო ვიზუალიზაცია საშუალებას გვაძლევს, მომავალი სივრცე წინასწარ „გავაცოცხლოთ“, შევიგრძნოთ მასშტაბი, განათება, მასალების ფაქტურა და ატმოსფერო. თავის მხრივ, ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება 3D ვიზუალიზაციას კიდევ უფრო დინამიურსა და მრავალფეროვანს ხდის, მაგრამ ვერც ერთი ტექნიკური უნარი ვერ ანაცვლებს მხატვრულ ხედვას, ფოტოგრაფიულ აზროვნებასა და სივრცის ემოციური ხასიათის სწორად გადმოცემას, რათა გამოსახულება იყოს მაქსიმალურად რეალისტური და დასამახსოვრებელი.
ამის ნათელი მაგალითია 3D არტისტის, ანნა ნუცუბიძის შემოქმედება. მისი გამოცდილება აერთიანებს არქიტექტურულ განათლებას, ფოტოგრაფიულ ხედვასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ბავშვობის ასაკიდან სივრცეებისადმი ინტერესმა და ვიზუალური ხელოვნებისადმი სიყვარულმა იგი არქიტექტურის სფერომდე მიიყვანა, სადაც საბოლოოდ აღმოაჩინა საკუთარი გზა.
ინტერვიუში ანა გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, პროფესიულ გამოწვევებსა და ხედვას არქიტექტურული ვიზუალიზაციის შესახებ: როგორ იქცა სამი განზომილება მისთვის იდეების გამოხატვის მთავარ ენად, რა მნიშვნელობა აქვს რეალიზმსა და ემოციურ ეფექტს ვიზუალის შექმნის პროცესში და როგორ ცვლის ინდუსტრიას ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის ინტერაქტიული პლატფორმები და ხელოვნური ინტელექტი. ეს არის საუბარი არა მხოლოდ პროფესიაზე, არამედ ხედვაზე, მუდმივ განვითარებასა და სივრცის გაცოცხლების ხელოვნებაზე.

ანნა, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როგორ დაიწყო თქვენი კარიერა არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში?
ჩემი ინტერესი ამ სფეროს მიმართ ბავშვობიდან მოდის. მახსოვს, ჯერ კიდევ პატარა ასაკში მაინტერესებდა შიდა სივრცეების ფერადი გეგმარებები, ჩემთვის ვფიქრობდი ხოლმე, როდესაც ვუყურებდი ასეთ გეგმას, თუ რას გავაკეთებდი ამა თუ იმ სივრცეში. შემდეგ ამ გატაცებამ ბუნებრივად მიმიყვანა სამხატვრო სკოლაში, მოგვიანებით კი არქიტექტურის ფაკულტეტზე, სადაც ბაკალავრის ხარისხი ავიღე.
სწავლისა და პრაქტიკის პროცესში ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა ვიზუალური მხარე — ვიზუალების შექმნა, იქნებოდა ეს ნახატი თუ ფოტო. ფოტოგრაფია ყოველთვის ჩემი ჰობი იყო, რაც კომპოზიციისა და განათების აღქმის განვითარებაში დამეხმარა. საბოლოოდ, მივხვდი, რომ ჩემთვის იდეალური სფერო სწორედ არქიტექტურისა და ამ მხატვრული ხედვის გაერთიანება იყო. ასე მივედი 3D ვიზუალიზაციამდე, სადაც შემიძლია ჩემი არქიტექტურული განათლება და ფოტოგრაფიული ხედვა ერთმანეთს შევუთანხმო.


როდის გადაწყვიტეთ 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით განვითარება და რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?
გადამწყვეტი მომენტი 2017 წელს დადგა, როდესაც „ერასმუსის“ გაცვლითი პროგრამით ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. იქ სადიპლომო ნამუშევარზე — პოლონეთის ერთ-ერთ დასახლებაში საცხენოსნო კომპლექსის პროექტზე ვმუშაობდი.
მოხდა ისე, რომ ჩემს ჯგუფში ძირითადად მაგისტრატურის სტუდენტები იყვნენ, მე კი ჯერ კიდევ მესამე კურსზე ვიყავი. მათ ჩემზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ და ვაკვირდებოდი, როგორ წარადგენდნენ საკუთარ პროექტებს თავბრუდამხვევი ვიზუალიზაციებით. მქონდა სრული შემოქმედებითი თავისუფლება, მაგრამ მივხვდი, რომ მხოლოდ ტექნიკური ნახაზებით პროფესორს ჩემი ჩანაფიქრის სულს ვერ გავაცნობდი. ძალიან მინდოდა მეც ისეთივე შთამბეჭდავად წარმომეჩინა საკუთარი ნამუშევარი, როგორც ამას სხვები აკეთებდნენ.
მაშინ მხოლოდ Photoshop-ის მცირე ცოდნა მქონდა. თუმცა, Youtube-ის გაკვეთილების, Archicad-ისა და სხვა დამხმარე პროგრამების გამოყენებით, შევძელი შემექმნა ჩემი პირველი, საკმაოდ ჰაეროვანი და ეფექტური ვიზუალიზაცია. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა — პროექტმა პროფესორისა და ჯგუფელების დიდი მოწონება დაიმსახურა და უმაღლესი ქულაც ავიღე. ამ წარმატებამ უდიდესი მოტივაცია მომცა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლა და მუშაობა არქიტექტორ-დიზაინერად გავაგრძელე, მაგრამ ვიზუალიზაციების კეთება არასდროს შემიწყვეტია. უფრო სერიოზული და პროფესიული ეტაპი კი მაშინ დაიწყო, როცა გადავწყვიტე ამ მიმართულებას სიღრმისეულად გავყოლოდი და render.camp-ის კურსი გავიარე. ამან ჩემი უნარები ახალ საფეხურზე აიყვანა და მას შემდეგ მუდმივი სწავლისა და განვითარების პროცესში ვარ.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი პროფესიის მქონე ადამიანის მიერ შექმნილი ვიზუალის როლი პროექტის აღქმის პროცესში?
ვფიქრობ, ვიზუალიზაცია არის ერთგვარი ხიდი და უნივერსალური ენა არქიტექტორსა და დამკვეთს შორის. ხშირად ადამიანებს უჭირთ ორგანზომილებიანი ნახაზების აღქმა, სივრცის მასშტაბისა თუ სინათლის წარმოდგენა. ჩემი, როგორც 3D არტისტის მიზანია, ეს ტექნიკური ინფორმაცია ვაქციო გასაგებ, ხელშესახებ რეალობად. ვიზუალიზაცია დამკვეთს აძლევს საშუალებას, იმოგზაუროს მომავალში და დაინახოს მომავალი სახლი თუ ოფისი ისეთი, როგორიც ის რეალობაში იქნება, რაც გადაწყვეტილების მიღებას ბევრად ამარტივებს.

თქვენი გამოცდილებით, ვიზუალის შექმნის პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია საბოლოო ემოციური ეფექტის წინასწარ გათვალისწინება? როგორ გარდაქმნით ტექნიკურ ნახაზს ისეთ ვიზუალებად, რომლებიც მომავალ მომხმარებელს სივრცის ატმოსფეროს აგრძნობინებს?
ემოციური ეფექტის განსაზღვრა უმთავრესია — ვიზუალიზაცია არ უნდა იყოს მხოლოდ მშრალი ინფორმაცია. ჩემი მუშაობის მეთოდი რეალური ფოტოების, ანუ „რეფერენსების“ დეტალურ ანალიზს ეფუძნება. ვაკვირდები, რა კონკრეტული ფაქტორები ხდის სივრცეს „ცოცხალს“ და რეალურს.
ტექნიკური ნახაზის ატმოსფერულ ვიზუალად გარდაქმნისას სწორედ ამ დაკვირვების შედეგებს ვიყენებ. რეალური გარემოდან აღებული დეტალების — განათების ბუნებრიობისა და მასალების ფაქტურის გადმოტანით ვახერხებ, რომ მაყურებელმა ზუსტად ის ემოცია იგრძნოს, რასაც რეალური სივრცე აღძრავდა.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ვიზუალური მხარე მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საბოლოო რეალურ შედეგს და როგორ ინარჩუნებთ ბალანსს ესთეტიკასა და რეალისტურ მოლოდინებს შორის?
რეალობასთან შესაბამისობა ჩემთვის პრინციპული საკითხია — არქიტექტურა და გამოყენებული მასალები ვიზუალში ზუსტად ისეთი უნდა იყოს, როგორიც რეალობაში იქნება. ეს დამკვეთს იმედგაცრუებისგან იცავს.
თუმცა, მარკეტინგული მიზნებისთვის, ზოგჯერ საჭიროა გარემოს ოდნავ „შელამაზება“, რათა სურათი უფრო ესთეტიკური იყოს. ეს ცვლილებები არასდროს არის ფუნდამენტური, მხოლოდ მსუბუქი, კოსმეტიკური ჩარევაა. მაგალითად, შემიძლია ვიზუალურად „მოვაწესრიგო“ მიმდებარე ტერიტორია, გზის საფარი ან ეზო, რათა მაყურებელმა ყურადღება მთლიანად მთავარ ობიექტზე გაამახვილოს და ხელი არ შეეშალოს გარემოს დროებითი ხარვეზების აღქმაში.

თქვენი გამოცდილებით, რა განსხვავებებია ქართულ და უცხოურ ბაზრებს შორის არქიტექტურული ვიზუალიზაციის მოთხოვნებისა და სტანდარტების კუთხით? რა შეგვიძლია ვისწავლოთ საერთაშორისო პრაქტიკიდან?
ეს სფერო წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. როდესაც 10 წლის წინ ამ საქმეს ვიწყებდი, არქიტექტურული ვიზუალიზაციის გლობალური ბაზრის ღირებულება სტატისტიკურად დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 5.7 მილიარდამდეა გაზრდილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2005 წელს ეს ინდუსტრია, ფაქტობრივად, არც არსებობდა, ნათელია, რომ საქმე გვაქვს არა ნიშურ მიმართულებასთან, არამედ უკვე ჩამოყალიბებულ, გლობალურ ინდუსტრიასთან.
სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ საქართველოც ფეხდაფეხ მიჰყვება ამ გლობალურ ტენდენციას. ადგილობრივი დეველოპერული და არქიტექტურული კომპანიები დღეს უკვე სრულად აცნობიერებენ ვიზუალიზაციის ძალასა და აუცილებლობას. ქართულ ბაზარზეც შეიცვალა დამოკიდებულება — ეს აღარ აღიქმება მხოლოდ დამატებით ხარჯად, არამედ განიხილება როგორც პროექტის წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი აქტივი.
რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას — რადგან ტექნიკური და ვიზუალური ხარისხით ქართული პროექტები უკვე თამამად უწევენ კონკურენციას უცხოურს, ჩვენი მიზანი ახლა ტექნოლოგიური სიახლეების მუდმივი ათვისება და მსოფლიო სტანდარტების შენარჩუნება უნდა იყოს.

მზარდი ტექნოლოგიების ეპოქაში, როგორ გესახებათ არქიტექტურული ვიზუალიზაციის განვითარება უახლოეს წლებში?
ჩვენს სფეროში განვითარების შეჩერების უფლება არ გაქვს, რადგან ტექნოლოგიები წამიერად იცვლება და გაჩერება მომენტალურად ჩამორჩენას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, გადაგვედგა შემდეგი ნაბიჯი და დავაარსეთ კომპანია Unreal Studio.
ჩვენი მიზანია, ქართულ ბაზარს სრულიად ახალი სიტყვა შევთავაზოთ არქიტექტურული ინტერაქტიული აპლიკაციების სახით. თუ აქამდე სტანდარტი სტატიკური რენდერი იყო, ახლა ჩვენ ვიყენებთ Unreal Engine-ს, რათა შევქმნათ ცოცხალი, მართვადი გარემო. ეს არ არის უბრალოდ ვირტუალური ტური — ეს არის სრულფასოვანი სისტემა, სადაც მომხმარებელს შეუძლია რეალურ დროში შეარჩიოს სასურველი ბინა, დაათვალიეროს პროექტი ყველა კუთხიდან, „იმოგზაუროს“ ეზოსა თუ სადარბაზოში და სრულად აღიქვას გარემო ჯერ კიდევ აშენებამდე.
გვჯერა, რომ მომავალი სწორედ ასეთ იმერსიულ გამოცდილებაშია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის მეშვეობით ეს ინოვაცია საქართველოშიც ხელმისაწვდომი ხდება.

რას ფიქრობთ ხელოვნური ინტელექტის როლზე არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში – თქვენთვის AI დამხამრე ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებლობებს აფართოებს თუ დიზაინის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი საფრთხე?
არ მინდა, რომ დამწყებ ვიზუალიზატორებს ან ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის შეეშინდეთ. დღევანდელი მოცემულობით, ის საუკეთესო დამხმარე პარტნიორია. პირადად მე, ის ძალიან მეხმარება რუტინული საქმეების აჩქარებაში, რაც მეტ დროს მიტოვებს შემოქმედებისთვის, თუმცა ვერ მცვლის.
განსაკუთრებით კი ჩვენს ახალ მიმართულებაში — ინტერაქტიულ აპლიკაციებში, AI ჯერჯერობით კიდევ უფრო ნაკლებად არის ჩართული. იქ, სადაც საჭიროა კომპლექსური სისტემების აწყობა და ლოგიკა, ადამიანის ჩართულობა გადამწყვეტია.
რა იქნება შორეულ მომავალში, რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს ინდუსტრია იმდენად მზარდი და მასშტაბურია, რომ კვალიფიციურ პროფესიონალებზე მოთხოვნაც სულ უფრო იზრდება.

რომელი პროექტი გახდა თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი? რა ხდის მას განსაკუთრებულს როგორც პროფესიული, ისე ემოციური თვალსაზრისით?
ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, მაინც „ლისი ტრიოსთვის“ შექმნილი პირველი სრულფასოვანი არქიტექტურული ვიდეო ანიმაცია იყო, რომელიც Unreal Engine-ში ავაწყვე.
ემოციურად ეს იყო სრულიად ახალი შეგრძნება — როდესაც ჩემი შექმნილი ვიზუალიზაცია გასცდა სტატიკურ კადრს და დინამიკაში გაცოცხლდა. პროფესიული კუთხით კი ეს იყო უდიდესი გამოწვევა და გარდატეხა, რადგან მივხვდი, რომ ამით ჩემი პროფესია სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. ამ პროექტმა დამანახა ის მომავალი, რომელსაც ახლა ჩვენს კომპანიაში ვქმნით.
რას ურჩევდით ახალგაზრდა კოლეგებსა და დამწყებ პროფესიონალებს – რა უნარებია საჭირო და რომელი დეტალებია გადამწყვეტი რეალისტური ვიზუალის შესაქმნელად?
ჩემი მთავარი რჩევა იქნება შემდეგი: ნუ ეცდებით მხოლოდ პროგრამის შესწავლას, ისწავლეთ ხედვა! პროგრამა მხოლოდ ინსტრუმენტია, როგორც მხატვრისთვის ფუნჯი. მთავარია იცოდეთ, რისი დახატვა გსურთ.
ამიტომ, დამწყებებს ვურჩევდი, პარალელურად გაერკვიონ ფოტოგრაფიაში, კომპოზიციასა და ფერების თეორიაში. როდესაც იცი, როგორ მუშაობს რეალური კამერა და სინათლე, რენდერშიც იგივე პრინციპებს იყენებ.
რაც შეეხება რეალისტურ ვიზუალს — გადამწყვეტი დეტალი არის დაკვირვება და არასრულყოფილება. რეალურ სამყაროში არ არსებობს იდეალურად სწორი კუთხეები ან აბსოლუტურად სუფთა ზედაპირები. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ ქაოსის შემოტანის: ოდნავ არეული ბალიში, მტვრის ნაწილაკები შუქზე, ანარეკლის დეფორმაცია — სწორედ ეს წვრილმანი „არაიდეალურობები“ აჯერებს მაყურებელს, რომ ის რეალურ სივრცეს უყურებს და არა ციფრულ სურათს.





