in

არქიტექტურის მწვერვალი – “პრიცკერის პრემია”

“სიმტკიცე, აღტაცება, მოხერხებულობა” – ეს მედლის მეორე მხარეს ამოტვიფრული სიტყვებია. მედალი ბრინჯაოსია, თუმცა მისი მფლობელისთვის მსოფლიო აღიარებისა და უსაზღვრო შესაძლებლობების მომცემი. ატლანტაში აშენებული სასტუმრო „ჰაიატის“ არქიტექტურით შთაგონებული პრიცკერების ოჯახმა 1979 წელს დააწესა ჯილდო, რომელიც „არქიტექტორების ნობელის პრემიად” და ამ სფეროს უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა.

ჯეი და სინდი პრიცკერები (Jay and Cindy Pritzker)                                                 ტომ და მარგო პრიცკერები (Margot & Tom Pritzker)

პრიცკერების განმარტებით, “ჰაიატის” სასტუმრო პირველი იყო იმ არქიტექტურულ ნაგებობებს შორის, რომელსაც ვრცელი ატრიუმი და შუშის ლიფტები ჰქონდა. არქიტექტორების ასეთმა გადაწყვეტილებამ სტუმრებში უდიდესი მოწონება და დადებითი ემოციები გამოიწვია. პრიცკერების ოჯახის უფროსმა მაშინვე დაინახა პროექტირებისა და მშენებლობის მნიშვნელობა და მისი ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების ძალა. ოჯახი ნომინაციის დაწესებას რამდენიმე წელი ფიქრობდა და სიხარულით დათანხმდა ვაშინგტონის ხელოვნების ნაციონალური გალერეის დირექტორს, ჯეი კარტერ ბრაუნს, ასეთი პრემიის დაწესებაზე.

ჰაიატ რეჯენსი ატლანტა  (“Hyatt regency Atlanta”)

დღეს პრიცკერის პრემია ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდოა მსოფლიოში. მისი დამაარსებლები, სასტუმრო ჰაიატის ქსელის მფლობელები, ჯეი და სინდი პრიცკერები არიან. პრემიის მიღება მფლობელისთვის არქიტექტურულ საზოგადოებაში ახალი სტატუსის მინიჭებას ნიშნავს.

ფილიპ ჯონსონი (Philip Johnson) პრიცკერის პრემიის პირველი ნომინანტი

1979 წელს პრემიის იდეით ანთებულმა პრიცკერებმა პირველი ლაურეატი, „ინტერნაციონალური სტილის“ ფუძემდებელი, ამერიკელი ფილიპ ჯონსონი დააჯილდოვეს. მეუღლეებს სჯეროდათ, რომ პრემია არქიტექტურას არა მხოლოდ პოპულარულს გახდიდა, არამედ თვით ოსტატებისთვისაც შთაგონების ძლიერი წყარო იქნებოდა.

პრიცკერის პრემია ენიჭებათ ცოცხალ არქიტექტორებს, რომლებმაც თავის შემოქმედებაში საფუძველი ჩაუყარეს რაღაც ახალს, ინოვაციურს და ადამიანებისთვის მნიშვნელოვანს. მათი ნამუშევრები ფასდება ამ დარგის დამოუკიდებელი წამყვანი ექსპერტების მიერ, ამიტომაც ლაურეატები, როგორც წესი, გამოირჩევიან განსაკუთრებული ნიჭითა და პროფესიონალიზმით.

ნომინანტების შესარჩევად, პრემიის წარმომადგენლები უგზავნიან წერილებს არქიტექტურულ წრეებში ავტორიტეტულ ადამიანებს. მათ სთხოვენ გამოთქვან საკუთარი აზრი, ვინ არის თანამედროვე ოსტატებს შორის ღირსეული, ვინც შეიძლება ამ პრემიაზე წარდგეს, ან ვინ არის ახალგაზრდა არქიტექტორებს შორის ისეთი, რომელზეც დაკვირვება ღირს. ჟიურის წევრები ინკოგნიტოდ ჩამოდიან ქალაქებში, სადაც ნომინანტების არქირტექტურაა წარმოდგენილი და ცოცხლად სწავლობენ ნაგებობებს გარემოსთან კონტექსტში.

პრემიის გადაცემა ყოველ წელს, როგორც წესი, მაისის თვეში ხდება არქიტექტურულად ღირებულ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ღონისძიებას მხოლოდ მოსაწვევებით ესწრებიან როგორც საერთაშორისო სტუმრები, ასევე სტუმრები მასპინძელი ქვეყნიდან. პრიზის გადაცემა ჯეი და სინდი პრიცკერების შვილის, ტომ პრიცკერის მიერ ხდება.

პრიცკერის 5 ნომინანტი ქალი: ივონ ფარელი და შელი მაკ ნამარა (Yvonne Farrell and Shelley McNamara), ზაჰა ჰადიდი (Zaha Hadid), კაზუიო სეჯიმა ( Kazuyo Sejima), კარმე პიგემი Carme Pigem. 

ჩვენ, ერთ-ერთ რუბრიკაში, უკვე გაგაცანით  „დეკონსტრუქცივიზმის დედოფლის“ ზაჰა ჰადიდის შემოქმედება. ის პირველი ქალი არქიტექტორი იყო ისტორიაში, რომელმაც 2004 წელს ეს პრიზი სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟში მიიღო. ჯილდო შედგება 100 000 დოლარიანი ფულადი გრანტისგან, ოფიციალური სერთიფიკატისგან ლაურეატის სტატუსის შესახებ და ბრინჯაოს მედლისგან. რა თქმა უნდა, პრიზი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც მისი სტატუსი, რომელიც არა მხოლოდ ახალ დამკვეთებს, არამედ მეტ შემოქმედებით თავისუფლებასაც იძლევა.

2020 წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სტანდარტული ცერემონიის მაგივრად, შეიქმნა ვიდეორგოლი პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო. ეს უნიკალური სიტუაცია ორგანიზატორებმა გამოიყენეს და ონლაინ მაყურებლების განუსაზღვრელი რაოდენობა მოიწვიეს.

ჩვენს მომდევნო რუბრიკებში წარმოგიდგენთ 10 ლეგენდარულ არქიტექტორს, რომლებმაც პრიცკერის პრემიის მიღება შეძლეს და ამავე დროს მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს არქიტექტორთა სიაშიც შევიდნენ.

3 რჩევა იმისთვის, რომ Wifi ინტერნეტი სახლის ყველა ნაწილში თანაბრად იჭერდეს

რემ კულჰაასისა და OMA-ს ისტორია