in ,

რემ კულჰაასისა და OMA-ს ისტორია

Alliance Group
Alliance Group

იმ დროს, როდესაც არქიტექტურაში ტექნოლოგიებთან ერთად ინოვაციურმა მასალებმა დაიწყო დანერგვა და შეიქმნა იმ დროისათვის წარმოუდგენელი შესაძლებლობები, 1944 წელს როტერდამში ნოველისტ ანტონ კულჰაასის და სელინდ რუზენბურგის ოჯახში რემ კულჰაასი დაიბადა. მამის პროფესიიდან გამომდინარე, იგი ადრეული ასაკიდან შემოქმედებით გარემოში იზრდებოდა. ანტონ კულჰაასი კრიტიკოსი, სცენარისტი და ნოველისტი იყო, ბაბუა, დირკ როსენბურგი კი მოდერნისტი არქიტექტორი. რემ კულჰაასი თავიდან მამის ნაბიჯებს გაჰყვა და საკუთარი კარიერა როგორც მწერალმა და ჟურნალისტმა ისე დაიწყო. მას ადრეულ ასაკში რამდენიმე ფილმის სცენარიც აქვს დაწერილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არქიტექტორის ფორმირებაში ომის შემდგომი პერიოდი იყო – სიღარიბე და უსახლკარობა. არავის ეცალა ლამაზი არქიტექტურული ნაგებობებისთვის, ადამიანებს უბრალო თავშესაფარი სჭირდებოდათ. შესაბამისად, მის შემდგომ პროექტებში ძალიან დიდი როლი ენიჭება შენობის ფუნქციურ გამართულობასა და ადამიანებისთვის კომფორტულ გეგმარებას.

რემ კულჰაასის ჩანახატები (1980-1990):

კულჰაასი 1956 წელს ამსტერდამში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იმ დროს თანამედროვე ხელოვნება და კინო ფეხს იკიდებდა და ამსტერდამს ავან-გარდის ქალაქადაც მოიხსენიებდნენ. მან თავისი პირველი ფილმი “The White Slave” 1969 წელს მეგობრებთან ერთად გადაიღო. მისი ჟურნალისტური კარიერა Haagse Post-ით იწყება და როგორც თავად იხსენებს, ინტერვიუმ კონსტანტ ნიუვენჰუსთან, რომელიც იმ დროინდელი ჰოლანდიელი არქიტექტორი და მხატვარი იყო, მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ნიუვენჰუსი რევოლუციონისტების იმ ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომლებიც მარქსისტულ იდეებს იზიარებდნენ და მათი მიზანი საზოგადოებრივი სივრცეების მაქსიმალურად გაზრდა იყო, კონკრეტული შენობის დიზაინის გარდა, მთლიანი სიტუაციის და გარემოს შექმნა.

1968 წელს კულჰაასმა ლონდონში, Architecture Association school of architecture-ში ჩააბარა, სადაც კვლევის ობიექტად 1970 წელს ბერლინის კედელი აირჩია, ის აკვირდებოდა როგორ შეუძლია არქიტექტურულ ობიექტს გაყოს ადამიანები და ქალაქი ერთმანეთისგან და შექმნას ინტრიგა, თუ რა იმალება მეორე მხარეს. მისი შენობების დიზაინი ხშირად ისეა მოწყობილი, რომ მისი ბოლომდე აღქმის საშუალებას ერთი შეხედვით არ გვაძლევს და გვიტოვებს გამოცანას, რომ კიდევ უფრო დეტალურად დავათვალიეროთ შენობა. 1972 წელს კულჰაასმა კორნელის უნივერსიტეტში ჩააბარა და აკვირდებოდა ნიუ იორკის ცათამბჯენებს, რომლებიც გარედან თითქოს გავდნენ ერთმანეთს, მაგრამ მისთვის უფრო საინტერესო მათი გეგმარება იყო. სანამ კულჰაასი არქიტექტურაში საკუთარი შემდგომი პროექტებით გახდებოდა სახელგანთქმული, 1978 წელს ცნობადობა პროვოკაციული წიგნით – “Delirious New York” (“უთავბოლო ნიუ იორკი”) მოიპოვა.

1975 წელს IAUS-ში (Institute for Architecture & Urban Studies in New York) პიტერ აისენმანთან (Peter Eisenman) მკვლევარად მუშაობის დროს მან თავისი ცნობილი ოფისი OMA (Office for Metropolitan Architecture) დაარსა საკუთარ მეუღლესთან – მედელონ ვრისენდორფთან და მეგობრებთან – ელია და ზოი ზენგელისთან ერთად. დღეს ეს არის საერთაშორისო არქიტექტურული ოფისი, რომელიც ცნობილ არქიტექტორებს და ურბანისტებს მოიცავს. მათ აქვთ ოფისები როტერდამში, ნიუ-იორკში, ჰონგ კონგში, დოჰაში დუბაისა და სიდნეიში. ოფისს აქვს ასევე კვლევების და პუბლიკაციის სტუდია AMO.

რემ კულჰაასის პროექტები მათი უკონტექსტობით გამოირჩევა. ის ამბობს, რომ მსგავსება არაფერ შუაშია შენობის სიტუაციურობასთან და ძალიან ხშირად კონტექსტი საერთოდ არ არსებობს. ეს იდეა ძალიან კარგად ჩანს მის შემოქმედებაში, რადგან მის პროექტებს, სადაც არ უნდა მდებარეობდნენ ისინი, ალბათ ერთნაირი გავლენა აქვთ. 2004 წელს აშენებული სიეტლის ბიბლიოთეკა (The Seattle central library), რომლის პროექტირებისას პრიორიტეტი იყო ფუნქციურობა და როგორც არქიტექტორი ამბობს, ნებისმიერ სხვა ადგილას ეს შენობა იგივენაირ ეფექტს მოახდენდა. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია შენობის ინტერიერის და გეგმარების სწორი ფორმირება, ვიდრე ექსტერიერი და ვიზუალი.

შთამბეჭდავი ეფექტის მისაღებად კულჰაასი ხშირად იყენებს პროექტებში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ მასალებს – როგორც იაფს, ასევე  ძვირადღირებულ დეტალებს. 2005 წლის პროექტში Musica Da Casa ინტერიერში ფანერასთან ერთად გამოყენებული აქვს მოოქროვილი ფურცლები. ასეთი მიდგომა მას ძალიან განასხვავებს ტრადიციული მოდერნისტი არქიტექტორებისგან. Musica Da Casa-ს პროექტში დახურული და ღია სივრცეების კონტრასტსაც ვხვდებით – გარედან შენობა დახურული ჩანს, ინტერიერში კი ფანჯრების და სხვადასხვა კუთხეების გამოყენებით უფრო გაშლილი სივრცის განცდა იქმნება.

ფუნქციურობა იყო ასევე უმნიშვნელოვანესი კულჰაასის 2012 წლის პროექტში – CCTV-ის შენობა პეკინში (Beijing’s CCTV Building). ეს შენობა “ახალი” ჩინეთის სიმბოლოდაც იქცა. 10 წლის მშენებლობის შემდეგ, შენობა 2012 წელს დასრულდა. ფორმიდან გამომდინარე, მისი ვიზუალი სხვადასხვა კუთხიდან იცვლება. სახელმწიფო სატელევიზიო შტაბის შენობა ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრის საოფისე ფართს მოიცავს.

Maison a Bordeaux კულჰაასის ერთ-ერთი პირველი წარმატებული პროექტია, ამ სახლმა ფაქტობრივად გადააფასა შიდა სივრცის გეგმარებასთან არსებული მიდგომები. სახლი მდებარეობს ბორდოში, საფრანგეთში, პატარა კონცხის მსგავს ბორცვზე და ქალაქს გადაჰყურებს. კლიენტს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების პირი იყო და ეტლით გადაადგილდებოდა, განსხვავებული დიზაინის “რთული” სახლი სურდა. კულჰაასმა გარედან მას საკმაოდ მარტივი მოცულობა შესთავაზა, რომელიც შიგნიდან ძალიან ინოვაციური და რთული იყო. სახლის ბირთვს კი მოძრავი იატაკი წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც მეპატრონეს გადაადგილება სრულებით არ ეზღუდებოდა.

OMA-ს კიდევ ერთი პროექტი De Rotterdam – სამი კოლოსალური კოშკისგან შემდგარი შენობაა, რომლებიც კუთხოვან, ასიმეტრიულ სილუეტს ქმნიან. ეს “ვერტიკალური ქალაქი” პორტისთვის შეიქმნა და მრავალფუნქციური შენობა მოიცავს მაღაზიებს, ოფისებს, ბინებს და სასტუმროს.

Fondazione Prada OMA-ს სტუდიის ტანსაცმლის ბრენდ პრადასთან კიდევ ერთი თანამშრომლობის შედეგია მილანში. ოფისმა ძველი დისტილაციური ქარხანა გადააკეთა ფართო კულტურულ კომპლექსად, რომელშიც შედის გალერეები, კინოთეატრი, ბიბლიოთეკა და კაფე. შენობის ნაწილი მოპირკეთებულია 24 კარატიანი მოოქროვილი ფურცლებით.

2015 წელს მოსკოვში ძველ რესტორან Vremena Goda-ს რეკონსტრუქცია გაუკეთდა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად – Garage Museum of Contemporary Art-ად გადაკეთდა. ეს არის არქიტექტორის რადიკალური რეკონსტრუქცია საბჭოთა პერიოდის ბრუტალისტური შენობის, რომელიც მოსკოვის გორკის პარკის ცენტრში მდებარეობს. შენობას აქვს მეტალის მოპირკეთება და ასევე შენარჩუნებულია ძველი ბეტონის სტრუქტურა, ასევე დატოვებულია შესასვლელში არსებული მაღალი კარის ღიობი, საიდანაც შენობაში ავტობუსები შედიოდნენ.

 

 

არქიტექტურის მწვერვალი – “პრიცკერის პრემია”

ბინა ალექსიძის ქუჩაზე – Tinatin-ის დიზაინით