2025 წლის 18 ოქტომბერს, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისი” XIX საერთაშორისო კონკურსის „არქიტექტურული პრემია 2025“-ის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლებს. ეს ღონისძიება, რომელიც ჟურნალ „სტილისა“ და საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება, უკვე წლებია მნიშვნელოვან როლს ასრულებს არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კონკურსი 2006 წლიდან არსებობს და ამ დროის განმავლობაში უკვე 8000-მდე ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი. მრავალი მონაწილისთვის ეს პლატფორმა აღმოჩნდა პირველი ნაბიჯი პროფესიული გზის განვითარებისა და შემოქმედებითი მიღწევების აღიარებისკენ. კონკურსის ისტორიის მანძილზე 100-ზე მეტმა კომპანიამ დაუჭირა მხარი პროექტს, რითაც არქიტექტორებისა და ინვესტორების თანამშრომლობა კიდევ უფრო მტკიცე და შედეგიანი გახდა.
„არქიტექტურული პრემია 2025“-ის ნომინაციები მოიცავს ფართო სპექტრს — ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებიდან და მრავალბინიანი კომპლექსებიდან, საზოგადოებრივი ნაგებობებისა და ინტერიერებიდან, რესტავრაციისა და ლანდშაფტის არქიტექტურამდე. ასევე წარმოდგენილი იქნება სტუდენტური და ქალაქგეგმარებითი პროექტები, ავეჯის დიზაინი და არქიტექტურული ჩანაფიქრები.
ნამუშევრები სპეციალური კოდირებული სისტემით ფასდება: ჟიურის თითოეული წევრი ფარული კენჭისყრით, 10-ბალიანი შკალით აფასებს კონკურსის ვებგვერდზე განთავსებულ პროექტებს. ამას გარდა, საკუთარი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა საზოგადოებასაც ეძლევა. თითოეულ ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო ნამუშევრები სწორედ 18 ოქტომბერს, საზეიმო ცერემონიაზე გამოცხადდება.
„არქიტექტურული პრემია 2025“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არქიტექტურა საქართველოში არა მხოლოდ პროფესიული მიღწევების სფეროა, არამედ კულტურული დიალოგის, ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმა.