in

„არქლაინი“ — კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების მწარმოებელი ქართული კომპანია

„არქლაინი“ კარ-ფანჯრებისა და საფასადე სისტემების მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც უკვე 3 წელია, რაც ბაზარზე ამ სახელით პოზიციონირებს. კომპანიის ფილოსოფია უმაღლესი სტანდარტების დანერგვაზე, ამ სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის უსაფრთხო, კომფორტული პროდუქტის შეთავაზებაზე დგას.

ჩვენ „არქლაინის“ კომერციულ დირექტორს, მარიამ ჯაფარიძეს ვესაუბრეთ, რათა, სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად, გაგვეგო, თუ როგორ დაარსდა და განვითარდა კომპანია.

როგორ ჩაეყარა საფუძველი კომპანიას? რა იყო შთაგონება და როგორ აქციეთ ჩანაფიქრი რეალობად?

ყველა სხვა ორგანიზებული ბიზნესის მსგავსად, ჩვენი კომპანიის დაარსებაც ღრმა ანალიზისა და კვლევის შედეგად გადაწყდა. უპირველესად, შევისწავლეთ ბაზარი: დავადგინეთ, რა პერსპექტივები ჰქონდა საქართველოში შემინვით მიმართულებას და ორი საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ: 1. ბაზრის 100%-ით დაკმაყოფილება ვერ ხერხდებოდა; 2. საქართველოში არ არსებობდა განვითარებული, სათანადოდ აღჭურვილი წარმოების მიმართულება და ალუმინის თანამედროვე სისტემები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა კომპანია, რომელსაც ამ საკითხებს სრულად მოაწესრიგებდა. მიზანი განვახორციელეთ: დღეს „არქლაინი“ ის კომპანიაა, რომელიც საწარმოო სიმძლავრითა და მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო ურთიერთობით გამოირჩევა, რისი წყალობითაც მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ქვეყანაში თანამედროვე სისტემებს ნერგავს. „არქლაინში“ მომხმარებელს უმაღლეს ხარისხსა და თანამედროვე შემინვით სისტემებს სთავაზობს. საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული დანადგარებით, რომელთა საშუალებითაც ნებისმიერი პროფილის დამუშავება და საბოლოო პროდუქტის მილიმეტრების სიზუსტით დამზადებაა შესაძლებელი.

დღევანდელი სახელით კომპანია 3 წელია საქმიანობს, მანამდე კი „ჯეო-გლასის“ სახელით იყო ცნობილი. კომპანიის საწარმოო მიმართულებების გაფართოების შედეგად, ახალი ბრენდი — „არქლაინი“ ჩამოყალიბდა.

ა არის ბრენდის მთავარ კონცეფცია, ხედვა და ფილოსოფია?

 „არქლაინის“ მთავარი მიზანია შემინვით სისტემებში უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მომხმარებლის უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის პროდუქტის ტექნიკურად სწორად წარმოება უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც, სხვადასხვა გზით ვცდილობთ ადამიანების ინფორმირებას, რათა სწორად შეძლონ იმის განსაზღვრა, თუ რა სჭირდებათ. გარდა ამისა, თანამედროვე სისტემების ათვისებაში სხვა მწარმოებლებსაც ვეხმარებით.

რატომ შეარჩიეთ სახელი „არქლაინი“?

ვინაიდან შემინვითი სისტემები თანამედროვე არქიტექტურის მამოძრავებელი ძალაა, ჩვენი პროდუქტი კი ადამიანების ცნობიერების ამაღლებას, ინჟინრების გადამზადებას, თანამედროვე არქიტექტურის მუდმივ კვლევასა და შესაბამისი სისტემების საქართველოში დანერგვას უკავშირდება, სახელწოდებაზე ფიქრისას, სრულ არქიტექტურულ ხაზთან მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე, არჩევანი „არქლაინზე“ შევაჩერეთ. ესაა არქიტექტურისთვის მნიშვნელოვანი, სასიცოცხლო ხაზი, როგორც უსაფრთხოების, ასევე დიზაინის მიმართულებით.

რა ტიპის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

„არქლაინი“ პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ: ალუმინის კარ-ფანჯრებს, გასაგორებელ და საფასადე სისტემებს, კომპოზიტურ პანელებს, ისეთ თანამედროვე და ინოვაციურ პროდუქტებს, როგორებიცაა ე. წ. Pivot კარი, ტერასის ჩასაკეცი ფანჯარა და ა. შ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენს პარტნიორებს შორის არაერთი წამყვანი კომპანიაა: „ASAS“-ი, გერმანული მექანიზმების მწარმოებელი „SIEGENIA“, „GUARDIAN“-ი და სხვა.

როგორ არგებთ თქვენს პროდუქტს ქართველი მომხმარებლის გემოვნებასა და საჭიროებებს?

ჩვენი საწარმოო სიმძლავრიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. დღეს საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია დიდი ვიტრაჟები, გასაგორებელი და თანამედროვე სისტემები. მინდა აღვნიშნო, რომ არქიტექტორები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა ე. წ.  PIVOT კარი, ჩასაკეცი ტერასის გასაგორებელი კარი და ა. შ. მომხმარებელს სურს, თანამედროვე პროდუქტი მოარგოს საკუთარ სახლებსა თუ ოფისებს, რასაც „არქლაინი“ მარტივად ახორციელებს.

როგორ შეაფასებდით ქართულ ბაზარს? ძირითადად რა გამოწვევებს აწყდებით?

პირველი და უმთავრესი გამოწვევა მომხმარებლის ცნობიერების დონეა, რომლის ამაღლებაზეც ვზრუნავთ. არსებობს უამრავი მნიშვნელოვანი დეტალი, რომლებიც კარ-ფანჯრის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ. ესენია: ბრენდი, ტექნიკური მახასიათებლები, პროექტის ადგილმდებარეობა, ქარის დატვირთვა, წნევა და ა. შ. რა თქმა უნდა, ეს ინჟინრის კომპეტენციაა და რთულია, მომხმარებელი საკითხში სრულყოფილად ერკვეოდეს, თუმცა, ვფიქრობთ, ამ თემების შესახებ მცირედი მაინც უნდა იცოდეს, რათა პროდუქტის შერჩევისას სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: გიორგი ბელქანია

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

„ვილეროი & ბოხის“ და რუსუდან ფეტვიაშვილის თანამშრომლობით ახალი ნამუშევარი შეიქმნა

Petraia House — ადგილობრივი არქიტექტურის რეინტერპრეტაცია