in

Arris – ახალი ქართული არქიტექტურურისა და ინტერიერის დიზაინის კომპანია საინტერესო ხედვით

არქიტექტურული სტუდია “Arris” სამი ქართველი მეგობრის მიერ დაარსებული კომპანიაა. მარიამ ჩეკურიშვილი, მარი გოგესაშვილი და მარიამ მოსეშვილი პირველად ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში შეხვდნენ. მათი ერთობლივი ისტორიაც სწორედ აქედან დაიწყო. კარიერული გზა მარტივი არ ყოფილა. კომპანიის დაფუძნებამდე ბევრი სირთულე გამოიარეს. განსაკუთრებით დიდი იყო იმედგაცრუება მაშინ, როდესაც პირველ საერთო პროექტზე თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ, დამკვეთმა ისინი ანაზღაურების გარეშე დატოვა. თუმცა, გუნდის წევრები არ დანებდნენ და ამით უფრო დიდი მოტივაცია გაუჩნდათ.

როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, საერთო პროექტებზე მუშაობის გამოცდილებამ ისინი დაარწმუნა, რომ შეუძლიათ ერთმანეთისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და  საინტერესო იდეების განხორციელება. შედეგად კი დიდი ხნის ოცნება აიხდინეს და 2022 წელს საკუთარი კომპანია დააარსეს. Arris-ის უკეთ გასაცნობად Homeis.ge დღეს მის დამაარსებლებს გაესაუბრა:

გვიამბეთ თქვენი კომპანიის პირველი ნაბიჯების შესახებ. რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ დღევანდელ დღემდე?

როდესაც გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა, წავაწყდით ბევრ სირთულეს. პირველ რიგში, ძნელი იყო სტაბილური კლიენტის პოვნა, სამსახურების შემდეგ გვიწევდა საკუთარ პროექტებზე მუშაობა, რომ წინ წავსულიყავით. იმ ეტაპზე ერთ-ერთ ჩვენგანს სამსახურიდან წამოსვლა მოუწია, რადგან კომპანიის დაარსება მეტ ძალისხმევასა და დროს მოითხოვდა. ასევე რთული იყო, როდესაც ერთ-ერთმა ჩეხურმა კომპანიამ დაგვიკვეთა პროექტი, რომელზეც დისტანციურად გვიწევდა მუშაობა და უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ამ ყველაფერს თავს გავართმევდით და საბოლოოდ, დიდი მონდომებისა და შრომის შედეგად, მართლაც მივიღეთ სასურველი შედეგი.

საკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ სახელის შერჩევაზე. ის უნდა ყოფილიყო მარტივი, ჟღერადი და დასამახსოვრებელი, თუმცა, ამასთანავე, შინაარსობრივად დაკავშირებული ჩვენს საქმიანობასთან. ბევრი ფიქრისა და ძიების შედეგად კი “Arris“-ზე შევჯერდით. ეს არის არქიტექტურის სფეროში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც ორი ზედაპირის თანაკვეთას ნიშნავს. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი გრაფიკული დიზაინერები – მეკო ჭიკაძე და მაშო ნარტყოშვილი,  რომლებსაც მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ ასეთი ფერადი და საინტერესო ბრენდინგით ზუსტად გამოხატეს ჩვენი თავი.

ვისაუბროთ თქვენს პროექტებზე. ბუნებრივია, თქვენთვის ყველა ნამუშევარი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, არის ისეთებიც, რომლებსაც განსაკუთრებით გამოყოფდით.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შესრულებული პროექტები საკმაოდ მრავალფეროვანია. გვიმუშავია როგორც საცხოვრებელ, ასევე საზოგადოებრივ სივრცეებზე, რომელთაგან გამოვყოფდით Aquilia Health-ის სარეაბილიტაციო კლინიკას ჩინეთში.

ამ პროექტზე მუშაობა განსაკუთრებულად საინტერესო იყო თავისი მიმართულებიდან გამომდინარე. დამკვეთის მოთხოვნა იყო, შეგვექმნა ინოვაციური, ფუტურისტული გარემო ჩინური ტრადიციული ელემენტებით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ინტერიერში ბამბუკის გამოყენება, რომელიც ჩინურ კულტურასა და საინტერესო დეტალს შემოიტანდა ჩვენს სივრცეში.

ასევე ვიმუშავეთ ევროპაბეთის სათაო ოფისისა და რამდენიმე ფილიალის ინტერიერის დიზაინზე.

რაც შეეხება საცხოვრებელ სივრცეებს, გამოვყოფდით წყნეთის კერძო სახლის პროექტს და ერთ-ერთი ბინის ინტერიერს თბილისში.

როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა სახელწერო სტილი და როგორია ის?

ჩვენი ბრენდის ინსპირაცია იაპონური ესთეტიკისა და სკანდინავიური მინიმალიზმის გაერთიანებაა. ინტერიერში ვიყენებთ ნათელ ფერებს მშვიდი და მყუდრო გარემოს შესაქმნელად. უპირატესობას ვანიჭებთ ბუნებრივ მასალებს, როგორიცაა ხე, ქვა, მეტალი. ავეჯის შერჩევისას კი იმ პრინციპით ვხელმძღვანელობთ, რომ ფუნქცია და დიზაინი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ასევე ჩვენთვის სივრცის მოწყობისას ძალიან მნიშვნელოვანია გამწვანება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

პროექტზე მუშაობისას ყოველთვის ვცდილობდით დამკვეთისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი დიზაინის ავეჯი, რომელიც თავისი ფუნქციითა თუ ვიზუალით უფრო საინტერესოს გახდიდა გარემოს. შესაბამისად, ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ პროდუქტის დიზაინზე, როგორც ცალკე მიმართულებაზე და ამ მიმართულებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიასთან.

Facebook: ARRIS / Architecture & Design 

Instagram: arris.architecture.design

www.arris.ge

ტური გვინეტ პელტროუს მონტესიტოს სახლში

დასასვენებელი სახლი ახალ ზელანდიაში