in

ტური გვინეტ პელტროუს მონტესიტოს სახლში

არქიტექტურულმა ბიურომ „Roman and Williams“ და დიზაინ სტუდიამ „Romanek“ გვინეტ პელტროუს ოცნებას, წყნარ და ხმაურისგან გარიდებულ ოჯახურ სახლზე, ხორცი შეასხა.

Banner M2
Banner M2

ამ სახლში მსახიობი მეუღლესთან – პროდიუსერ ბრედ ფელჩაკთან და ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. აქ ისეთი გარემოს შექმნა შესძლეს, რომ ოჯახთან ერთად სულიერად და ხორციელად დასვენებაა შესაძლებელი. სახლში ყოველი სანტიმეტრია გათვლილი და არქიტექტურულ-დიზაინერული დეტალები სიტყვა „ჰარმონიას“ სრულად განასახიერებს.

„ამ სახლის მთავარი ხიბლი მისი განათებაა, –  ამბობს პელტროუ. – პროექტზე მუშაობისას ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ჩვენი ცხოვრების წესზე, ოჯახის თითოეული წევრის პრეფერენციებზე და იმაზე, თუ რამდენად კომფორტულია ჩვენთვის დროის ერთად გატარება. ამიტომ ფოკუსირება სწორედ ჩვენს ურთიერთობებსა და ემოციებზე მოვახდინეთ“.

მონტესიტო გვინეტმა დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ სამსახიობო კარიერის დაწყებამდე შეიყვარა. მაშინ იგი კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა. „მე ყოველთვის მიზიდავდა ეს ადგილი, მაშინაც კი, როცა ლონდონში ვცხოვრობდით, ბავშვებთან ერთად არდადეგებზე აქ ჩამოვდიოდით, – იხსენებს გვინეტი. ეს სხვა ამერიკულ დასასვენებელ ადგილებს შორის ნამდვილი საგანძურია“. ის აქ 2015 წელს კვლავ ჩამოვიდა და ნგრევისთვის განწირული სახლი აღმოაჩინა, რომელიც ძალიან ლამაზ ადგილზე იყო. „მან ფილმი „რუხი ბაღები“ გამახსენა, სადაც ტერიტორიაზე მრავალი პატარა ცხოველი და უამრავი მწერი ბინადრობდა, – ყვება პელტროუ. მე ეს ადგილი შემიყვარდა და ნაკვეთი შევიძინე“. ამ მომენტიდან მსახიობის ცხოვრების ახალი თავი, სახელწოდებით „საკუთარი სახლის მშენებლობა ნულიდან“ დაიწყო. ეს არ იყო მარტივი „თავი“, ვინაიდან როგორც ცნობილია, ნებისმიერი მშენებლობის დროს მილიონი დაუგეგმავი ტექნიკური მომენტი იჩენს ხოლმე თავს. ეს პროცესი არც მორალურად არღმოჩნდა ადვილი.

დახმარება გვინეტმა მის ძველ ნაცნობებს რობინ სტანდეფერსა და სტივენ ალეშას სთხოვა “Roman and Williams“-ის ბიუროდან, რომლებმაც უკვე დააპროექტეს  მსახიობის ლოფტი ნიუ-იორკში, სავაჭრო ნიშნის „Goop“-ის  პოპ-აპ-ბუტიკი და ასევე მისი პირველი ბუტიკი ლოს-ანჯელესში. „რობინმა და სტივენმა შეძლეს და ტრაიბეკში ჩემი ძალიან სპეციფიკური ლოფტის სივრცე ელეგანტურ ბინად გადააქციეს. მათ ხელმეორედ სწორედ ასეთი ჯადოქრული ოსტატობის გამო მივმართე, – ამბობს პელტროუ. როდესაც მონტესიტოს პროექტი დავიწყეთ, ბავშვები პატარები იყვნენ, მე და ბრედი კი ჯერ კიდევ დაუქორწინებელი, ამიტომ სივრცის ისეთ მომავალზე გათვლა ხდებოდა, რომელიც ჯერ არ არსებობდა“.

სახლის მისეულ ხედვას პელტროუ ასე აღწერს: „ტიპური ფრანგული ბინის ინტერიერი ძველი ბეღელის კედლებში. აუცილებლად მაღალი ჭერით, ვრცელი სივრცით და ბევრი ბუნებრივი განათებით, სადაც მომავალში მცირედი ცვლილებების შეტანაცაა შესაძლებელი“. არქიტექტორებმა პარიზული ბინის სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას სოფლის ტრადიციული შენობების ბრუტალობა მოხერხებულად შეუსაბამეს. მათ დამკვეთს სხვადასხვა ზომის აგურით აშენებული ერთსართულიანი მაღალი სახლი შესთავაზეს, რომელსაც სიძველის იერიც დაჰკრავდა და მზის ელემენტების მსგავსი თანამედროვე ტექნიკის სიკეთეებიც ჰქონდა.

„სახლი თავისი პატრონის როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ანარეკლი უნდა იყოს. -ამბობს რობინ სტანდეფერი. – საფუძვლად გვინეტის ანთროპოლოგიური მონაცემები – მისი სიმაღლე, აღნაგობა, სილამაზე და მისი ჭეშმარიტებისა და სისუფთავისკენ სწრაფვა ავიღეთ. საბოლოოდ კი დიასახლისის მსგავსად დახვეწილი, მაღალი და ამავე დროს მომრგვალებული ფორმების მქონე სახლი გამოვიდა“. არქიტექტორები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ადგილზე მხოლოდ ნატურალური მასალებისგან აშენებული შენობის აღმართვა შეიძლებოდა, რომელიც ირგვლივ არსებული ბუნების სილამაზეს ხაზს გაუსვამდა. მათ ნატურალური ქვა  არა მხოლოდ ნაგებობაში, არამედ მოპირკეთებაშიც გამოიყენეს. მაგალითად, ონიქსისგან დამზადებული მისაღების ბარი და ასევე მეთვრამეტე საუკუნის მარმარილოს ბუხარი.

განსაკუთრებულ ყურადღებას სახლის სპა იმსახურებს. აქ არქიტექტორების ფორმასთან, პროპორციებთან, მასალებთან, ფერთან და ფაქტურებთან მუშაობის ნიჭი ბრწყინვალედ ჩანს. „ეს სპა ძველებურ აბანოებს მოგვაგონებს, ის უბრალოდ ღია მწვანე ფერის ფილით არის მოპირკეთებული“. – ამბობს სტანდეფერი.

ავეჯი და ინტერიერის დიზაინი გვინეტ პელტროუს სისუსტეა. თავიდან საკუთარი სახლის გამშვენებას თავად აპირებდა. „ვფიქრობდი, რომ უბრალოდ კარგ ავეჯს შევიძედი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მშენებლობის პროცესში მივხვდი, რომ სახლში ძალიან ბევრი ნიუანსია, იმდენად ბევრი რამეა საყურადღებო, რომ გადავწყვიტე პროფესიონალისთვის მიმემართა. დიზაინერ ბრიჯიტ რომანეკთან 20 წელზე მეტია ვმეგობრობ, – იხსენებს პელტროუ, – მას ჩემი პროექტის აღება შევთავაზე, თანაც ჩემი დიზაინერული უნარების დახვეწას შევძლებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ძალიან გამახალისებდა“. რომანეკმა ოპოზიტებთან მუშაობა გადაწყვიტა: მყარი და რბილი, გლუვი და უსწორმასწორო, ახალი და ძველი – ამ მიდგომის წყალობით მან სწორედ ის ნივთები შეკრიბა, რომლებიც ახალ სახლში უზადოდ ჩაეწერა“.

ბევრი ნივთი თავად პელტროუმ აირჩია. მაგალითად, მას ძალიან მოსწონდა ლიდსი ადელმანის სანათები და მას მისაღებისთვის ინსტალაციის შექმნა სთხოვა. „ასეთი საინტერესო ნივთები მშვიდ სივრცეში პანკ-როკ მორთულობას მახსენებს“, – ხსნის გვინეტი. ჯიმი ცივიკის ჰამაკი კი დიასახლისთან ერთად ლოს-ანჯელესის წინა სახლიდან გადმობარგდა და ინტერიერში საკმაოდ ორგანულადაც ჩაეწერა. თითქოს, ის ყოველთვის აქ იყო.

„ნებისმიერ დიდ საქმეში იჩენს ხოლმე თავს მოულოდნელი, უსიამოვნო მომენტები. თავში ყოველთვის მთლიანი სურათი უნდა გვქონდეს და ყველაფერი გამოვა, – ამბობს გვინეტ პელტროუ. – ამ სახლმა სიმშვიდე და მადლიერება მასწავლა. ის ჩემი სრული ანარეკლია და ეს არის უმთავრესი“.

#Homeisინსპირაცია: დეკორატიული ბუხრის გამოყენების 8 მაგალითი

Arris – ახალი ქართული არქიტექტურურისა და ინტერიერის დიზაინის კომპანია საინტერესო ხედვით